თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა “მოამბის” ყოფილი წამყვანის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის სარჩელი

2025 წლის 10 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მეია მელქაძემ არ დააკმაყოფილა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ყოფილი თანამშრომლის, გადაცემა “მოამბის” წამყვანის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის სარჩელი.  ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა სასამართლოში მისი სამსახურიდან გათავისუფლება გაასაჩივრა. იგი გათავისფულების ბრძანების გაუქმებას, სამსახურში აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვდა. განაჩენის დასაბუთებული ნაწილის ჩაბარების შემდეგ, მოსარჩელე მხარე,  საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი გადაცემა “რეალური სივრცის” წამყვან, ჟურნალისტ ნინო ზაუტაშვილთან ერთად საზოგადოებრივი მაუწყებლიდან 2025 წლის 11 აპრილს გაათავისუფლეს. გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად დისციპლინური მოკვლევა დაუსახელეს. ორივე ჟურნალისტი ჩართულია მოძრაობაში “საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები”, რომელიც აკრიტიკებს მაუწყებლის მენეჯმენტის გადაწყვეტილებებს, მის სარედაქციო პოლიტიკას და საუბრობს პოლიტიკურ გავლენებზე მაუწყებელში.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაათავისუფლა “რეალური სივრცის” კიდევ ერთი თანამშრომელი

”საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველების” (GPB Guardians) ინფორმაციით, საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველმა არხმა” სამსახურიდან გაათავისუფლა “რეალური სივრცის” კიდევ ერთი თანამშრომელი მერი შიხაშვილი. GPB Guardians-ი წერს, რომ  შიხიაშვილი დეკრეტული შვებულებიდან დაბრუნებისთანავე გაათავისუფლეს. 

“საზოგადოებრივი მაუწყებლი” პრო-ევროპული აქციების მიმდინარეობის პარალელურად, მენეჯმენტის მიმართ კრიტიკულად განწყობილ თანამშრომლებს სამსახურიდან ათავისუფლებს მათ ნაწილს სხვადასხვა სახის დისციპლინური სანქციაც დაეკისრა.

2025 წელს, “საზოგადოებრივმა მაუწყებელმა”, კრიტიკული პოზიციის გამოხატვის გამო, არაერთ თანამშრომელს დააკისრა დისციპლინური სანქცია ან გაანთავისუფლა სამსახურიდან. მათ შორის არიან გადაცემა “რეალური სივრცის” წამყვანი და ავტორი, ნინო ზაუტაშვილი და გადაცემა “მოამბის” წამყვანი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი.

“საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” გიგა კიტიას ხელფასი საჯარო გამოსვლისთვის დაუქვითა

2025 წლის 26 აგვისტოს, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მემონტაჟე-ოპერატორი, გიგა კიტია, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე გამოსვლის გამო, არხისთვის “რეპუტაციული ზიანის” მიყენებაში დაადანაშაულა და სექტემბრის თვის ხელფასიდან 30 პროცენტი დაუქვითა.

“საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” გიგა კიტია გააფრთხილა, რომ თუ 12 თვის განმავლობაში, ანალოგიური ან სხვა სახის დარღვევას დაუდგენენ, სამსახურიდან გაათავისუფლებენ.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მემონტაჟე-ოპერატორს საყვედური აპრილშიც გამოუცხადა

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კრიტიკული ჟურნალისტები არხიდან 2025 წლის აპრილში გაათავისუფლა.

ორი პროექტის შემდეგ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ერთი რუბრიკაც დახურა

2025 წლის 30 ივლისს ცნობილი გახდა, რომ შემოდგომის სეზონიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე აღარ გავა აღარც რუბრიკა “ადამიანები ისტორიიდან”. რუბრიკის წამყვანმა, დიმიტრი სილაქაძემ, უარი თქვა შეთავაზებაზე გადასულიყო სხვა გადაცემაში და არხის დატოვება გადაწყვიტა. დიმიტრი სილაქაძე ქვეყანაში მიმდინარე პროევროპული პროტესტის მონაწილე და მხარდამჭერია და მათ შორისაა, ვინც აკრიტიკებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკას.

„ეს ჩემი ბოლო გადაცემა იყო საზოგადოებრივ მაუწყებელზე… ვუსურვო ჩვენს მსმენელს წარმატებები. ასევე, ჩვენს ქვეყანას გამთლიანება, გაძლიერება, სამართლიანი ქვეყნის ჩამოყალიბება და ყველაფერი კარგი, რაც შეიძლება ადამიანმა საკუთარ ქვეყანას უსურვო“, – ამ სიტყვებით დაემშვიდობა წამყვანი მაყურებელს სეზონის ბოლო, 29 ივლისის გადაცემაში. 

მისი რუბრიკა „ადამიანები ისტორიიდან“ ჯერ გადაცემა „ამ შაბათ-კვირას“ ეთერით გადაიცემოდა, 2024 წლიდან კი საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოში, გადაცემა „შუადღის პიკის საათში“ გადაინაცვლა.

ბოლო ერთ კვირაში ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც მენეჯმენტი აჩერებს მიმდინარე პროექტსა თუ რუბრიკას: 1-ლი აგვისტოდან ეთერში აღარ გავა გადაცემა “ამ შაბათ-კვირას” და შეწყდება ჟურნალისტ ია ანთაძის საავტორო პროექტიც – სტატისების სერია სახელწოდებით – “საინტერესო ადამიანები”. “ამ შაბათ-კვირის”  ყველა სხვა წევრმაც (7-მა ჟურნალისტმა) და ია ანთაძემაც არხი დატოვეს. გადაცემის გუნდმა ასევე  უარი თქვა შეთავაზებაზე გადანაწილებულიყვნენ ტელევიზიისა და რადიოს სხვადასხვა გადაცემებში.უფრო ადრე, მაისში საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დახურა ყველაზე ცნობადი, სოციალური გადაცემა “რეალური სივრცე” და მის წამყვანთან ნინო ზაუტაშვილთან შეწყვიტა შრომითი ხელშეკრულება.

არხის სარედაქციო პოლიტიკის მიმართ კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლება ან მათთვის დისციპინური სანქციების დაკისრება საზოგადოებრივ მაუწყებელზე პროევროპული პროტესტის პარალელურად დაიწყო. ამ დრომდე საზოგადოებრივი მაუწყებლიდან დისციპლინარული წარმოების საშუალებით სამსახურიდან დაითხოვეს ან დისციპლინარული სანქცია დააკისრეს 20-ზე მეტ თანამშრომელს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობამ კიდევ ორი  პროექტი დახურა და სამსახურიდან გაათავისუფლა შვიდი ჟურნალისტი

2025 წლის 25 ივლისს, ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ხურავს გადაცემას “ამ შაბათ-კვირას“. არხის მენეჯმენტმა გადაცემის გუნდს – პროდუსერებს, ჟურნალისტებსა და გადაცემის წამყვანებს სხვა გადაცემებში გადასვლა შესთავაზა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, აცნობა, რომ მათთან თანამშრომლობა შეწყდებოდა.

ეს თანამშრომლები არიან: გადაცემის აღმასრულებელი პროდიუსერები -თამარ ჭინჭარაული და  მარიამ ფირცხალავა , პროდუსერი ნია ბარაბაძე, ჟურნალისტი ანა აბაკელია და გადაცემის წამყვანები – ლიკა ევგენიძე და გიორგი შარვაშიძე.

მაუწყებლის დირექტორის, თინა ბერძენიშვილის მიერ გადაცემის გუნდის წევრებისთვის გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ  გადაცემას საპროექტო ვადა 1 აგვისტოს ეწურება და მისი გაგრძელება აღარ იგეგმება, რადგან მაუწყებელს აღარ აქვს ამ გადაცემის საჭიროება: „ახალი სატელევიზიო სეზონიდან, განახლებული საეთერო ბადის შუადღის ზოლი დაეთმობა ახალ პროექტს, რომელიც კვირის ყველა დღეს მოიცავს. შესაბამისად ცალკე და დამატებით მხოლოდ შაბათ-კვირისთვის გადაცემის საჭიროება აღარ იკვეთება“.

სხვა გადაცემებში გადასვლაზე ექვსივე თანამშრომელმა უარი თქვა. შესაბამისად, 1 აგვისტოდან ისინი სამსახურიდან გათავისუფლდნენ. ექვსივე ჟურნალისტი „საზოგადოებრივი მაუწყბლის მცველებში“ არიან და უკვე რვა თვეა მაუწყებლის მიკერძოებულ სარედაქციო პოლიტიკას აკრიტიკებენ.

ამავე დღეს ცნობილი გახდა, რომ პირველმა არხმა დახურა ჟურნალისტ ია ანთაძის პროექტიც „საინტერესო ადამიანები“. „რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან მას ჩემი არჩევანის, ჩემი პასუხისმგებლობის ბუნებრივ შედეგად აღვიქვამ“, – დაწერა ია ანთაძემ სოციალურ ქსელში.

არხის სარედაქციო პოლიტიკის მიმართ კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლება ან მათთვის დისციპინური სანქციების დაკისრება საზოგადოებრივ მაუწყებელზე პროევროპული პროტესტის პარალელურად დაიწყო. ამ დრომდე საზოგადოებრივი მაუწყებლიდან დისციპლინარული წარმოების საშუალებით სამსახურიდან დაითხოვეს, ან დისციპლინარული სანქცია დააკისრეს 13 თანამშრომელს.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კიდევ სამ თანამშრომელს დააკისრა დისციპლინური სანქცია

2025 წლის 17 აპრილს, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის მენეჯმენტმა, დისციპლინური სანქციები დააკისრა მაუწყებლის კიდევ სამ თანამშრომელს, რომლებიც აკრიტიკებენ არხის ხელისუფლებისადმი მიკერძოებულ სარედაქციო პოლიტიკას. ეს თანამშრომლები არიან: გადაცემა”რეალური სივრცის” რედაქტორი ტუხა კვინიკაძე, “შაბათ-კვირის შოუს” აღმასრულებელი პროდიუსერი თამარ ჭინჭარაული და “შაბათ-კვირის შოუს” კორესპონდენტი ანა აბაკელია. ბრძანებებს, რომელიც არხის თანამშრომლებმა მიიღეს, მაუწყებლის დირექტორი, თინათინ ბერძენიშვილი აწერს ხელს.

არხის მენეჯმენტმა თანამშრომლებს დარღვევად ჩაუთვალა “საჯარო სივრცეში გავრცელებული განცხადებებით მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ეჭვქვეშ დაყენება და ამის შედეგად, დამსაქმებლისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენება”. ბრძანებაში აღნიშნულია, რომ მისი მოქმედების ვადა ერთი წელია. თუ ამ დროის განმავლობაში  თანამშრომლები არხის კრიტიკას გააგრძელებნ, მათ სამსახურიდან გათავისუფლება ემუქრებათ.

მსგავსი სანქცია საზოგადოებრივ მაუწყებელში უკვე 7 ჟურნალისტს გამოუცხადეს. 11 აპრილს საყვედური  მიიღეს რეალური სივრცის“ ჟურნალისტმა თამარ მშვენიერაძემ  და წამყვანმა იოსებ კაციტაძემ. ასევე, არხის პულტის რეჟისორმა და შეთავსებით სპორტული გადაცემის რეჟისორმა კახაბერ მელიქიძემ და ბრენდინგისა და პრომოციის ჯგუფის რეჟისორმა ირმა ჩუბინიძემ. ამავე დღეს, არხის ორი წამყვანი სახე, ჟურნალისტები ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი კი სამსახურიდან გაათავისუფლეს

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დისციპლინური სანქციები დააკისრა ოთხ თანამშრომელს, რომლებიც არხის მიმართ კრიტიკით გამოირჩევიან

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის მენეჯმენტმა, დისციპლინური სანქციები დააკისრა მაუწყებლის ოთხ თანამშრომელს, რომლებიც აკრიტიკებენ არხის ხელისუფლებისადმი მიკერძოებულ სარედაქციო პოლიტიკას. 

ეს თანამშრომლები არიან: გადაცემა „რეალური სივრცის“ ჟურნალისტი თამარ მშვენიერაძე და წამყვანი იოსებ კაციტაძე. პულტის რეჟისორი და შეთავსებით სპორტული არხის რეჟისორი, კახაბერ მელიქიძე და ბრენდინგისა და პრომოციის ჯგუფის რეჟისორი, ირმა ჩუბინიძე.

დოკუმენტი, რომელშიც სანქციაზეა საუბარი, იოსებ კაციტაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ამ დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მას ედავებიან „საჯარო სივრცეში გავრცელებული განცხადებებით მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის ეჭვქვეშ დაყენებას და ამის შედეგად დამსაქმებელისთვის რეპუტაზიული ზიანის მიყენებას”. თუ კაციტაძე მომდევნო 12 თვის განმავლობაში მსგავსს კიდევ ჩაიდენს, მას სამსახურიდან გაათავისუფლებენ. სავარაუდოა, რომ სამსახურიდან გათავისუფლება, კრიტიკის გაგრძელების შემთხვევაში, ელის დანარჩენ სამ თანამშრომელსაც.

იოსებ კაციტაძე, თამარ მშვენიერაძე და ირმა ჩუბინიძე არიან მოძრაობა “საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველების” წევრები და ბოლო თვეებია საუბრობენ არხზე არსებულ პოლიტიკურ გავლენებზე. კახაბერ მელიქიძემ 2025 წლის 3 თებერვალს სამეურვეო საბჭოს სხდომაზე საჯაროდ განაცხადა, რომ არხის მენეჯმენტი მის სარედაქციო საქმიანობაში ერეოდა და მატჩების მიმდინარეობისას თანამდებობის პირების ეთერში არაერთხელ ჩვენებას სთხოვდა. 

დღეს, 11 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა არხის წამყვანი სახეები, ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი, რომლებიც ასევე აკრიტიკებდნენ არხის სარედაქციო პოლიტიკას.  

საზოგადოებრივი მაუწყებლიდან კრიტიკული ჟურნალისტები – ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი გაათავისუფლეს 

2025 წლის 11 აპრილს, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხიდან გაათავისუფლეს წამყვანი სახეები, ჟურნალისტები: ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი. გათავისუფლების საფუძვლად ჟურნალისტებს დისციპლინური მოკვლევა დაუსახელეს.

“მოკვლევის დოკუმენტის მიხედვით, დღეს დირექტორთა საბჭომ იმსჯელა და მიღო გადაწყვეტილება, რომ მე გავეთავისუფლებინე სამასახურიდან”, – ამბობს ივანოვ-ჩიქოვანი.

“დისციპლინური მოკვლევა ახსენეს, რის საფუძველზეც გამიშვეს სამსახურიდან, ოღონდ დისციპლინური მოკვლევის შედეგები ჩემთვის არავის არ გაუცნია”, – ამბობს ნინო ზაუტაშვილი.

ორივე ჟურნალისტი ბოლო რამდენიმე თვეა აკრიტიკებს არხის “ქართული ოცნების” მიმართ მიკერძოებულ სარედაქციო პოლიტიკას. ასევე, ორივე მათგანი ჩართულია მოძრაობაში “საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები”, რომელიც აკრიტიკებს მაუწყებლის მენეჯმენტის გადაწყვეტილებებსა და სარედაქციო პოლიტიკას და საუბრობს პოლიტიკურ გავლენებზე მაუწყებელში.

გათავისუფლებული ჟურნალისტები  აკრიტიკებდნენ არხის სამეურვეო საბჭოსაც, რომლის  ერთ-ერთ ბოლო სხდომაზე თავმჯდომარემ თქვა, რომ პროკურატურა მათი საქმიანობით უნდა დაინტერესდეს. პარალელურად  “ქართული ოცნების” მიმართ ლოიალურმა მედიებმა ჟურნალისტების მადისკრედიტირებელი ინფორმაცია გაავრცელეს, თითქოს ისინი “უკანონო შემოსავლების” მიღებაში არიან შემჩნეული. 

ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი საინფორმაციო გამოშვება “მოამბის” წამყვანი იყო. ნინო ზაუტაშვილს კი ჰქონდა საავტორო გადაცემა “რეალური სივრცე”. 2025 წლის 4 თებერვლიდან, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს 18:00 საათიანი “მოამბე” აღარ მიჰყავდა. ამ გადაწყვეტილების მიზეზად მას უთხრეს, რომ პროდუსერს აღარ სურდა მასთან მუშაობა. რაც შეეხება ნინო ზაუტაშვილის გადაცემას “რეალური სივრცე”, რომელიც ფოკუსირებული იყო სოციალურ თემებზე და გამოირჩეოდა “ქართული ოცნების” მიმართ  კრიტიკული პოზიციით, ბოლო პერიოდში ის მხოლოდ რადიოეთერით გადიოდა, მიზეზად ჟურნალისტს ტელევიზიის ახალ შენობაში გადასვლის სამუშაოებსა და შესაბამისი სტუდიის არარსებობას უსახელებდნენ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, რომელიც არხის პოლიტიკას აკრიტიკებდა, ეთერს ჩამოაშორეს

2025 წლის 23 მარტს ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, დილის გადაცემის თანამშრომელი ანი ჯობავა, რომელიც 7 წელია ტელეარხზე მუშაობს, ეთერს ჩამოაშორეს. ამის შესახებ ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში დაწერა.

ჟურნალისტი ამ გადაწყვეტილებას არხისადმი მის კრიტიკულ სარედაქციო პოლიტიკას უკავშირებს.

“სალამი, მე ანი ვარ ჯობავა, პირველი არხის დილის გადაცემის ჟურნალისტი, რომელსაც არ დაუძახეს… ჯერ თათბირებს ჩამომაშორეს, მერე კომუნიკაციას და ასე ვიყავი თვენახევარზე მეტი”, – წერს ჯობავა სოციალურ ქსელში. 

ანა ჯობავა ერთ-ერთი იმ ჟურნალისტთაგანია, ვინც ხელი მოაწერა თანამშრომლების ნაწილის განცხადებას, რომელშიც გმობენ და აპროტესტებენ ძალადობას თანამოქალაქეებისა და კოლეგების მიმართ და მოითხოვენ, მათი ტელევიზიის ეთერები დაეთმოს საზოგადოებრივი აზრის გახმიანებას და საჯარო დისკუსიებს.

ანა ჯობავას მსგავსად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობამ, ეთერიდან ჩახსნა საინფორმაციო გამოშვების წამყვანი ვასილ-ივანოვ ჩიქოვანიც, რომელიც ასევე აკრიტიკებს მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკას.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა თანამშრომელი, რომელიც არხის პოლიტიკას აკრიტიკებდა

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა  შრომითი კონტრაქტი არ გაუგრძელა რადიო გადაცემების – „შუადღის პიკისა“ და „საღამოს პიკის“ პროდიუსერის ასისტენტს, ანა მეტრეველს, –  თანამშრომელს, რომელიც არხის სარედაქციო პოლიტიკას აკრიტიკებდა.

ანა მეტრეველი „პუბლიკასთან“ საუბარში ამბობს, რომ მენეჯმენტმა გადაწყვეტილება მთავარ პროდიუსერთან შეთანხმების გარეშე მიიღო. ის ამ გადაწყვეტილებას მის ბოლოდროინდელ აქტიურობას  უკავშირებს. ანა მეტრეველი არის ორგანიზაცია “საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველების” წევრი. ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა გაერთიანება, რომელიც  საზოგადოებრივი მაუწყებლის პრინციპების დასაცავად იბრძვის.

ხელშეკრულების არგაგრძელების ოფიციალურ მიზეზად ანა მეტრეველს ხარჯთა ოპტიმიზაცია დაუსახელეს. ანამ გაასაჯაროა მისი ხელფასი, რომელიც ხელზე 490 ლარს შეადგენდა. 

ბოლო პერიოდში, ეს საზოგადოებრივ მაუწყებელში მომხდარი უკვე მეორე მსგავსი შემთხვევაა. შეგახსენებთ, 2025 წლის 4 თებერვალს, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, 18 საათიანი მოამბის წამყვანს,  ჟურნალისტს ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს, დროებით შეუჩერა გადაცემის წაყვანის უფლება. ჟურნალისტი ასევე აკრიტიკებდა არხის სარედაქციო პოლიტიკას.