“TV პირველის” ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ

2025 წლის 26 აპრილს, “TV პირველის” ეთერში მაკა ანდრონიკაშვილის ჟურნალისტური გამოძიება გავიდა ლევან ალექსიძის ქუჩაზე სავარაუდოდ, კორუფციული გზით მოპოვებული სამშენებლო ნებართვის შესახებ. 

გადაღებაზე მისულ ჯგუფს – მაკა ანდრონიკაშვილს და მის ოპერატორს, საქმის მთავარი ფიგურანტი თამაზ ხარაიძემსიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა.

„აჭარა თაიმსის“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აქტივისტები დაუპირისპირდნენ

2025 წლის 20 მარტს, ქალაქ ბათუმში  “აჭარა თაიმსის” დირექტორს –  სულხან მესხიძეს და საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „გამომძიებელი რეპორტიორის“ ჟურნალისტს, ლია ტოკლიკიშვილს, რომლებიც სამშენებლო უსაფრთხოების საკითხების გაშუქებას ცდილობდნენ, “ქართული ოცნების” აქტივისტები დაუპირისპირდნენ.

„ოცნების ქალაქში“ ვიყავი გადაღებაზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის საგამოძიებო ჯგუფთან ერთად. ჩვენი ადგილზე მისვლის შემდგომ, რამდენიმე პირი მოვიდა, რომლებმაც გადაღების შეწყვეტა ითხოვეს, დაიწყეს ჩვენი ხელშეშლა. ეს გამოიხატებოდა იმაში, რომ სიტყვიერად გვიპირისპირდებოდნენ, მათ შორის ხელითაც იწეოდნენ. ხელის კვრით ცდილობდნენ ადგილიდან ჩვენს გაძევებას. გვიშლიდნენ, რომ კადრები არ გადაგვეღო” – განაცხადა სულხან მესხიძემ “ბათუმელებთან” საუბრისას.

შემთხვევას გამოეხმაურა “მედიის ადვოკატირების კოალიცია” “მედიაზე განხორციელებული ეს თავდასხმები არის “ქართული ოცნების” მიერ გატარებული პოლიტიკის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს კრიტიკული აზრის ჩახშობას და ინფორმაციის თავისუფალი გავრცელების შეზღუდვას. რეჟიმის მიერ მედიის წინააღმდეგ მიმართული მტრული რიტორიკა და სამართალდამცავი ორგანოების უმოქმედობა ქმნის გარემოს, სადაც ჟურნალისტებზე ძალადობა დაუსჯელი რჩება” – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბათუმში “ოცნების ქალაქში” მედიის წარმომადგენლებს პროფესიული მოვალეობის განხორციელებაში “ქართული ოცნების” აქტივისტები და მათთან დაახლოებული პირების უკანონოდ ხელს უშლიან.

გამოცემა “მთის ამბების” რედაქტორს, გელა მთივლიშვილს თავს დაესხნენ

2025 წლის 15 მარტს “მთის ამბების” დამფუძნებელმა და რედაქტორმა გელა მთივლიშვილმა სოციალურ ქსელში  დაწერა, რომ მას და მის თანხმლებ პირს პოლიციელიები თავს დაესხნენ

„თბილისში ვბრუნდებოდით, რა დროსაც უკან თეთრი ფერის პიკაპი აგვედევნა სახელმწიფო ნომრით BJ-573-BB. რადგან საავარიო სიტუაციას გვიქმნიდა, მანქანა გავაჩერეთ. პიკაპიდან შსს-ს შეიარაღებული თანამშრომელი და მისი თანმხლები პირი გადმოხტნენ. შეიარაღებული თანამშრომელი ყვიროდა, რატომ არ გავატარე, იგინებოდა და მემუქრებოდა. როდესაც ინციდენტის გადაღება ვცადე, ის თავს დამესხა, სამჯერ დამარტყა და ტელეფონის წართმევას ცდილობდა. თავდასხმის ამსახველი ვიდეო თვითმხილველებმა გადაიღეს. შეიარაღებული პირი ვიდეოს წაშლას მათგანაც ითხოვდა“ – აცხადებს გელა მთივლიშვილი.

სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გელა მთივლიშვილი “ქართული ოცნების” მხრიდან თავდასხმის სამიზნე ხდება.

“აჭარა თაიმსის” რედაქტორისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლა სცადეს

2025 წლის 27 თებერვალს “აჭარა თაიმსის” რედაქტორი სულხან მესხიძე ქ. ბათუმში, “ოცნების ქალაქის” უბანში, დიდთოვლობის გამო ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში სახურავის ჩამონგრევას აშუქებდა პირდაპირ ეთერში. მას შორიდან მუქარის შეძახილებით უცნობი პირი მიახლოვდა და გადაღების ხელის შეშლას ცდილობდა. ამ დროს ჟურნალისტს სხვა მოქალაქე გამოესარჩლა, მოძალადე უცნობი პირი უკან გაბრუნდა და მიიმალა. 

სულხან მესხიძემ, მიუხედავად ინციდენტისა არ შეუწყვეტია პირდაპირი ეთერი და მოქალაქეს მადლობა გადაუხადა დახმარებისთვის.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც “აჭარა თაიმს” პროფესიული მოვალეობის განხორციელებაში ხელის შეშლას ჰქონდა ადგილი

ინციდენტს მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოეხმაურა.

“TOKTV”-ს ჟურნალისტს ახალციხის მერმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა 

2025 წლის 27 თებერვალს ახალციხის მერმა ირაკლი ლაზარიშვილმა “TOKTV”-ს ჟურნალისტს მიშო დარბაიძეს კრიტიკული კითხვების გამო მავნებელი უწოდა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატები 2024 წელს განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებს განიხილავდნენ. ჟურნალისტის კითხვები პირდაპირი წესით (არასაჯაროდ) განხორციელებულ შესყიდვებს ეხებოდა, რამაც მერის გაღიზიანება გამოიწყია, მან დარბაიძეს “ჭორაობაში” დასდო ბრალი და მისი დისკრედიტაცია სცადა.

ინციდენტს მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოეხმაურა.

“აჭარა თაიმსის” და “ბათუმელების” ჟურნალისტებს მუშაობაში ხელი შეუშალეს

2025 წლის 15 თებერვალს, ქალაქ ბათუმში ახალი უბნის, “ოცნების ქალაქის” სამშენებლო ტერიტორიაზე ტრაგედია მოხდა, ადგილობრივმა მოსახლეობამ წლით სავსე თხრილში ჩავარდნილი ორი მცირეწლოვანი ბავშვი იპოვა, რომლებსაც რამდენიმე საათი ეძებდნენ. არასრულწლოვანთა გადარჩენა სამწუხაროდ ვერ მოხერხდა.

ტრაგედიის ადგილზე მოსახლეობამ მოიყარა თავი და სამშენებლო ტერიტორიაზე უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით კითხვებს, მათ შორის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ფინანსთა მინისტრს ჯაბა ფუტკარაძეს, უსვამდა. მიმდინარე მოვლენებს მედიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ინტერვიუს ჩაწერის დროს, ჯაბა ფუტკარაძემ ჟურნალისტებს ტრაგედიით სპეკულირებაში დასდო ბრალი. შემთხვევის ადგილზე მისული მოსახლეობის ნაწილიც, რომელიც სავარაუდოდ “ქართული ოცნების” მიერ იყო კოორდინირებული, აგრესიულად გამოირჩეოდა “აჭარა თაიმსის” და “ბათუმელების” ჟურნალისტების მიმართ, მათ ალყაში მოაქციეს ფინანსთა მინისტრი და მედიის წარმომადგენლებს მასთან კითხვების დასასმელად მიახლოების შესაძლებლობას არ აძლევდნენ და პროფესიული მოვალეობის განხორციელებაში უკანონოდ უშლიდნენ ხელს.

“TV პირველის” გადამღებ ჯგუფს მუშაობაში ხელი შეუშალეს და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

2025 წლის 1 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციით, დმანისში, “TV პირველის” ჟურნალისტს, თამთა დოლენჯაშვილს და ოპერატორს გიორგი მოსიაშვილს მუშაობაში ხელი შეუშალეს და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ დმანისის საკრებულოს თანამშრომლები.

“TV პირველის” მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, მედიის წარმომადგენლებს როგორ ემუქრებიან – “გადი ახლა, მოშორდი აქედან. მერე მიგამტვრევენ ცხვირ-პირს და დაიწყებთ წუწუნს” რის შემდეგაც ხელით ეხებიან ოპერატორს და აგრძელებენ აგრესიულად მიმართვას და ყვირილს. 

“TV პირველის” ინფორმაციით მედიის წინააღმდეგ აგრესიით გამოირჩეოდა მმართველი პარტიის აქტიური მხარდამჭერი ზურაბ ოკმელაშვილი. მასთან ერთად იმყოფებოდნენ დმანისის საკრებულოს თანამშრომლები, დმანისის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე, დმანისის სპორტ-სკოლის მწვრთნელი და დმანისის საკრებულოს თავმჯდომარის მძღოლი.  

“ნოდარ მელაძის შაბათში” სიუჟეტი ეხებოდა RMG GOLD-ის ყოფილი ხელმძღვანელის კობა მენაბდიშვილის და მასთან ერთად დაკავებული ზურაბ ოკმელაშვილის შეწყალებით პატიმრობიდან გათავისუფლებას.

“TV პირველის” ინფორმაციით, ისინი დმანისის ყოფილი მერის მკვლელობის მცდელობისთვის იყვნენ დაკავებული. განაჩენის გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში კი, “ქართული ოცნების” მიერ დანიშნულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ისინი სხვებთან ერთად შეიწყალა.

2 თებერვლის აქციაზე მედიის 13 წარმომადგენელს შეუშალეს ხელი პროფესიული მოვალეობის შესრულებაში

2025 წლის 2 თებერვალს „თბილისი მოლთან“ გამართულ მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა მედიის 11 წარმომადგენელს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში უკანონოდ შეუშალეს ხელი.

ჟურნალისტების ნაწილი ფიზიკურად დაშავდა.

  • აქციაზე დაშავდა TV პირველის ოპერატორი ნიკო კოკაია. ის პოლიციის მიერ აქციის ერთ-ერთი მონაწილის დაკავების კადრებს იღებდა, როდესაც ფიზიკურად დაზიანდა. შედეგად, მას კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა. კვლევებით დადგინდა, რომ ნიკო კოკაიამ აქციაზე მიღებული დაზიანების შედეგად ტვინის შერყევა მიიღო.
  • მედია „აპრილის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ პოლიციელმა ხელი ჰკრა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეუშალა მათ თანამშრომელს, ნატა ურიდიას. ვიდეოში ისმის ჟურნალისტის ხმა, რომელიც ნიღბიან პოლიციელს ეუბნება, რომ ჟურნალისტია.
  • აქციის მონაწილეების დაკავების დროს პოლიციამ პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა მედია „აპრილის“ კიდევ ერთ წარმომადგენელს, ვახო ქარელს. მას და ნატა ურიდიას პოლიციელებმა ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. ამ ეპიზოდშიც პოლიციელმა ნატა ურიდიას ხელი ჰკრა.
  • პოლიციელი „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტ გელა ბოჩიკაშვილს დაემუქრა. მედიამ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ისმის, როგორ ეუბნება ნიღბიანი პოლიციელი ჟურნალისტს: „გაწიე ახლა ეგ კამერა, თორემ გაგიტეხავ თავს.“
  • „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა, დეა მამისეიშვილმა, გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ აყენებს პოლიციელი მას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.
  • „რადიო მარნეულის“ ჟურნალისტი ვლადიმერ ჩხიტუნიძე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაკავებას იღებდა, როცა ის გდდ-ის თანამშრომლებმა შეაჩერეს და ძალის გამოყენებით ტროტუარზე გადაიყვანეს.
  • პოლიციელებმა შეურაცხყოფა მიაყენეს და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ TV პირველის გადამღებ ჯგუფს. ტელეკომპანიის გავრცელებული ინფორმაციით, მათ სამაუწყებლო ტექნიკაც დაუზიანეს.
  • TV პირველის ინფორმაციით, მათ ჟურნალისტს, ხატია სამხარაძეს, თავს დაესხა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) უფროსის მოადგილე, მირზა კეზევაძე. მედიის ცნობით, მირზა კეზევაძემ ჟურნალისტს ტელეფონი წაართვა და დაუზიანა.
  • TV პირველის ცნობით, გდდ-ის წევრები  ცდილობდნენ „ფორმულას“ ჟურნალისტ გიორგი კვიჟინაძისთვის მიკროფონის წართმევას და პროფესიულ მოვალეობაში ხელის შეშლას.
  • TV პირველის ინფორმაციით, პოლიციელებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და მუშაობაში ხელი შეუშალეს “TV პირველის” ჟურნალისტს დიანა ჩირგაძესა და მის ოპერატორს. 
  • ნიღბიანმა პოლიციელმა პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალაგურია ნიუსის“ წარმომადგენელს აკაკი სიხარულიძეს. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ჰკრავს ნიღბიანი პოლიციელი კამერას ხელს.
  • პოლიცია გადაღებაში ხელს უშლიდა “მედიაჩეკერის” ჟურნალისტ ნინია კაკაბაძესაც. მას პოლიციელებმა ხელიც ჰკრეს.

“თბილისი მოლის” მიმდებარედ მშვიდობიანი საპროტესტო აქციის გაშუქების დროს, მედიის წარმომადგენლების დაშავებას გამოეხმაურა მედიის ადვოკატირების კოალიცია.

“ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული პირები  ჟურნალისტ გიგა ბენიას დისკრედიტაციას ცდილობენ და ემუქრებიან

2025 წლის 23 იანვარს “BM.ge”-ის ჟურნალისტმა გიგა ბენიამ “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული პირების ლაშა ბასლანძის და გია აბაშიძის პოსტები გამოაქვეყნა, სადაც მას საჯაროდ, არაეთიკური შინაარსის ლექსიკით შეურაცხყოფენ და ემუქრებიან.

გიგა ბენია თავის სტატუსში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახალხო დამცველს რეაგირებისკენ მოუწოდებს. “ღია მუქარაზე გადმოვიდნენ” – წერს ბენია.

აღნიშნულ ფაქტს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც გამოეხმაურა და ორივე უწყებას დაუყონლებლივ რეაგირებისკენ მოუწოდა.

“TV პირველის” ჟურნალისტს ნანუკა ქაჯაიას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

2024 წლის 24 დეკემბერს, “TV პირველის” ჟურნალისტს ნანუკა ქაჯაიას თბილისის  მერიის ორგანიზებულ საშობაო სოფელში, გადაღების დროს, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ჟურნალისტის მიმართ აგრესიულად განწყობილი პირი “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული ნიკოლოზ მელიქიშვილი აღმოჩნდა. 

ნანუკა ქაჯაიასთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა, ფიზიკურად, იმავე ღონისძიებაზე მყოფმა სხვა დაუდგენელმა პირებმაც სცადეს