ომბუდსმენის წარმომადგენლის ოქმის მიხედვით, დენის კულანინი არასათანადო პირობებში იმყოფება

13 მარტს გავრცელდა ინფორმაცია სახალხო დამცველის წარმომადგენლის მიერ შედგენილი ოქმის შესახებ, რომლის მიხედვითაც მსჯავრდებული დენის კულანინი N8 პენიტენციურ დაწესებულებაში არასათანადო და ანტისანიტარიულ პირობებში იმყოფება. 7 მარტით დათარიღებულ ოქმში აღნიშნულია, რომ საკანში არის ტარაკნები, ტუალეტი მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო საწოლის ბალიშები „უბინძურესია“.

ოქმის თანახმად, კულანინი 8 თებერვალს საკნიდან კარცერში გადაიყვანეს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. მისი განცხადებით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში იგი საწოლის გარეშე იყო განთავსებული და არ ჰქონდა ხელმისაწვდომობა ელემენტარულ ჰიგიენურ პირობებზე, მათ შორის საშხაპესა და კბილის მოვლის საშუალებებზე. ასევე აღნიშნულია, რომ მას გარკვეული დროის განმავლობაში არ მიეცა შესაძლებლობა დაკავშირებოდა ადვოკატს ან სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელს.

ოქმში ასევე მითითებულია, რომ 3 მარტიდან კულანინი ე.წ. საკარანტინე საკანში იმყოფება, სადაც, მისი თქმით, კვლავ მძიმე სანიტარული პირობებია და არ აქვს წვდომა პირად ნივთებსა და დოკუმენტებზე.

10 მარტს გავრცელებული ინფორმაციის, აქტივისტები ზურაბ მენთეშაშვილი და დენის კულანინი კარცერში გადაიყვანეს, სადაც, მათი განცხადებით, არაადამიანურ პირობებში იმყოფებოდნენ. პენიტენციური სამსახური, 11 მარტს გავრცელებულ განცხადებაში, კულანინის შიმშილობასთან დაკავშირებულ ბრალდებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსჯავრდებული ჩვეულებრივ იღებს როგორც დაწესებულების მიერ მიწოდებულ, ასევე დაწესებულების ტერიტორიაზე შეძენილ საკვებს. უწყება არ გამოხმაურებია ომბუდსმენის წარმომადგენლის მიერ აღწერილ პირობებს.

დენის კულანინი 2025 წლის 28 მარტს რუსთაველის გამზირზე შსს-ს ავტომობილის დაზიანების ბრალდებით დააკავეს და მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

აქციის დასრულების შემდეგ პარლამენტთან მოქალაქესა და პროტესტის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

12 მარტს, აქციის დასრულების შემდეგ, პირველი სკოლის მიმდებარე მიწისქვეშა გადასასვლელთან, მოქალაქესა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, უცნობმა პირმა, რომელიც, თვითმხილველების თქმით, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, საქართველოს დროშით მდგომ აქციის მონაწილე გოგოს მიმართ აგრესიული სიტყვიერი მიმართვები გამოიყენა.

როგორც სოციალურ ქსელში ლევან ჯობავა წერს, მას შემდეგ რაც აღნიშნული პირი გარშემო მყოფთა ყურადღების ცენტრში მოექცა, იგი პოლიციის კორდონის მიმართულებით გადაადგილდა. მისი თქმით, მოქალაქე სამართალდამცავებმა ადგილზე არ დააკავეს და პოლიციელებთან ერთად ტერიტორია მშვიდად დატოვა.

პარლამენტთან საპროტესტო აქციის მონაწილეებს ჩხრეკენ

12 მარტს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპოლიციო ძალების განსაკუთრებული მობილიზებაა და სამართალდამცავები საპროტესტო აქციის მონაწილეებს ამოწმებენ.

ფოტოგრაფი გიორგი მოსიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პოლიცია ჩხრეკს ყველა იმ პირს, ვისაც ჩანთა აქვს. პროტესტის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ სამართალდამცავები მათ ყოველგვარი კონკრეტული საფუძვლისა და განმარტების გარეშე ამოწმებენ და ჩანთებში კარვებს ეძებენ, რათა აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მათი შეტანა ვერ შეძლონ.

პარლამენტთან აქტივისტ დარეჯან ცხვიტარიას კარავს ცეცხლი გაუჩნდა

აქტივისტი დარეჯან ცხვიტარია, რომელიც პროტესტის ნიშნად პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კარავში ათევდა ღამეებს, აცხადებს,  რომ 12 მარტს, ღამით, მისი კარავი დაიწვა.

მისი თქმით, დაახლოებით ღამის 3 საათზე მოესმა უცნობი ადამიანის ხმა, რომელიც ყვიროდა, რომ რაღაც იწვოდა, რის შემდეგაც გარეთ გამოსულმა ნახა, რომ კარავს ცეცხლი ეკიდა. ცხვიტარია ვარაუდობს, რომ კარვის დაწვა კარვების ასაღებად განხორციელდა. მისი თქმით, ხანძრის შემდეგ კარვიდან  მისი პირადი ნივთებიც წაიღეს.

მისივე განცხადებით, შემთხვევის შემდეგ ადგილზე მივიდნენ სამართალდამცავები და ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლები გამოიძახეს. ცხვიტარიას თქმით, პოლიციამ მას ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა, ტელეფონი ხელიდან გამოსტაცა და ძალის გამოყენებით გაიყვანა კარვის ტერიტორიიდან. მიუხედავად ამისა, იგი აცხადებს, რომ პროტესტის გაგრძელებას აპირებს.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

კარცერში მოთავსებული ზურაბ მენთეშაშვილი და დენის კულანინი არასათანადო პირობებზე მიუთითებენ

10 მარტს, გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული აქტივისტები ზურაბ მენთეშაშვილი და დენის კულანინი კარცერში გადაიყვანეს, სადაც, მათი თქმით, არაადამიანურ პირობებში იმყოფებიან.

ზურაბ მენთეშაშვილის ადვოკატის, ჯანო ჭკადუას განცხადებით, მენთეშაშვილი კარცერში იმყოფება მძიმე პირობებში: არ აქვს პირველადი მოხმარების საგნები, მათ შორის პირსახოცი, კბილის ჯაგრისი და ჰიგიენური საშუალებები, ასევე არ აქვს შესაძლებლობა, დაასუფთაოს საკანი. ადვოკატის თქმით, საკანში არის სიბინძურე და ტარაკნები. მისი განცხადებით, მენთეშაშვილი ვარაუდობს, რომ კარცერში გადაყვანა შესაძლოა უკავშირდებოდეს მის მიერ გამოცხადებულ შიმშილობას, რადგან ადმინისტრაციამ რამდენჯერმე სთხოვა შიმშილობის შეწყვეტა.

დენის კულანინის განცხადებით, 3 მარტს იგი და ზურაბ მენთეშაშვილი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გადაიყვანეს კარცერში. მისი თქმით, მათ ჩამოართვეს პირადი ნივთები, მათ შორის სასამართლო პროცესებისთვის საჭირო დოკუმენტები და პირადი წერილები, ასევე აუკრძალეს ტელეფონის გამოყენება, სეირნობა და ბანაობა. კულანინი აღნიშნავს, რომ საკანში არის ტარაკნები, არ მუშაობს ვენტილაცია და მათ არ აქვთ პირველადი მოხმარების საგნები. მისი თქმით, მათ ასევე არ ეძლევათ შესაძლებლობა შეიძინონ ჰიგიენური საშუალებები და სხვა საჭირო ნივთები. 6 მარტით დათარიღებულ წერილში კულანინი წერს, რომ ის და ზურაბ მენთეშაშვილი კარცერში გადაყვანის შემდეგ შიმშილობენ და ითხოვენ სახალხო დამცველის (ომბუდსმენის) მათთან მისვლას. მისი თქმით, ისინი კარცერში ყოფნის მიზეზის განმარტებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ იზოლირებულნი არიან როგორც ადვოკატებისგან, ისე საზოგადოებისგან.

პენიტენციურმა სამსახურმა გავრცელებული ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ ზურაბ მენთეშაშვილი და დენის კულანინი კარცერში არ იმყოფებიან და ისინი განთავსებული არიან ე.წ. საკარანტინე (შიდა კლასიფიკაციის) საკნებში. უწყების განმარტებით, აღნიშნული განთავსება განხორციელდა პენიტენციური კოდექსისა და დაწესებულების შიდა წესების შესაბამისად. პენიტენციურმა სამსახურმა ასევე გაავრცელა ვიდეომასალა, რომელიც, მათი თქმით, ასახავს მოშიმშილე ბრალდებულების მიერ საკვების მიღების კადრებს და რომელიც საზოგადოების ინფორმირების მიზნით გასაჯაროვდა.

დენის კულანინი შსს-ს ავტომობილის დაზიანების საქმეზე არის მსჯავრდებული. იგი საქართველოში მცხოვრები, წარმოშობით რუსი აქტივისტია, რომელიც 2025 წლის 28 მარტს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პოლიციის მანქანის მინის დაზიანების ბრალდებით დააკავეს, მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.ზურაბ მენთეშაშვილი სისხლის სამართლის წესით არის დაკავებული საავტომობილი გზის ორჯერ გადაკეტვის ბრალდებით.  აღნიშნული ბრალდება ეფუძნება 2025 წლის 16 ოქტომბერს მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც შეკრებისა და მანიფესტაციის დროს ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვის ან გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნის განმეორებით ჩადენა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს.

„ქართული ოცნება” რუსული კანონის აღსრულებასაც აუდიტის სამსახურს ავალებს

9 მარტს, „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში წარადგინა საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც ე.წ. “რუსული კანონის” („უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“) კანონის აღსრულება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეცემა.

განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ აუდიტის სამსახური უკვე ახორციელებს „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტისა“(ე.წ. FARA) და “გრანტების შესახებ” კანონის მონიტორინგსა და აღსრულებას, რის გამოც მიზანშეწონილად მიიჩნევა, რომ ამავე უწყებამ განახორციელოს აღნიშნული კანონის შესრულებაც.

ცვლილებების ავტორები არიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე.

ე.წ. „რუსული კანონი“, რომელიც პირველად 2023 წელს იქნა ინიცირებული, დასავლური დაფინანსების მქონე სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის სპეციალურ რეესტრში რეგისტრაციას ითვალისწინებს და კრიტიკოსების მიერ „რუსულ კანონად“ მოიხსენიება მისი მსგავსების გამო რუსეთში მოქმედ „უცხოეთის აგენტების“ კანონთან. კანონპროექტს საქართველოში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები და საერთაშორისო კრიტიკა მოჰყვა, რის შემდეგაც 2023 წელს მისი მიღება შეაჩერა. თუმცა 2024 წლის აპრილში პარტიამ პროექტი ხელახლა წარადგინა პარლამენტში და 2024 წლის 28 მაისს, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ, საბოლოოდ მიიღო.კანონი ავალდებულებს უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციებს ყოველწლიურად წარადგინონ ფინანსური დეკლარაციები და ითვალისწინებს სანქციებს მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში.

აღნიშნული კანონი იქცა საფუძვლად შემდგომი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებების სერიისთვის, რომელიც მიმართულია ქვეყანაში კრიტიკული აზრის ჩახშობისა და სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის საქმიანობის შეზღუდვისკენ.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გიორგი მინდაძის 5-წლიანი განაჩენი ძალაში დატოვა

9 მარტს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა გიორგი მინდაძის მიმართ გამოტანილი 5-წლიანი თავისუფლების აღკვეთის განაჩენი. გადაწყვეტილება მოსამართლე თეა ლეონიძემ მიიღო.

გამოძიების მიხედვით, გიორგი მინდაძეს ბრალი ედებოდა 29 ნოემბერს გამართულ პროევროპულ აქციაზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) თანამშრომლის მიმართულებით პიროტექნიკის სროლაში, რის შედეგადაც, ბრალდების ვერსიით, სამართალდამცველმა ფეხის არეში დამწვრობა მიიღო. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით არის აღძრული, რაც სამართალდამცველზე თავდასხმას გულისხმობს.

მინდაძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო გალუსტაშვილმა, 2025 წლის 3 ივლისს მიუსაჯა.დაცვის მხარის განცხადებით, საქმეში ერთ-ერთ ძირითად მტკიცებულებას წარმოადგენს სოციალური ქსელიდან აღებული შვიდწამიანი ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ჩანს პირი, რომელიც ფეიერვერკს ისვრის, თუმცა კადრი უწყვეტი არ არის და პირის იდენტიფიცირება რთულია. ასევე, დაცვის მხარე მიუთითებს დაზარალებულის ჩვენებაში არსებულ შეუსაბამობებზე: მისი თქმით, დაზიანება 29 ნოემბერს მიიღო, თუმცა სასწრაფო სამედიცინო დახმარება 1 დეკემბერს გამოიძახა, რაც ადვოკატის შეფასებით აჩენს კითხვას, უკავშირდება თუ არა აღნიშნული დაზიანება სწორედ 29 ნოემბრის მოვლენებს.

ტროტუარზე დგომის საქმეზე საბა გელაშვილს 4 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

9 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ საბა გელაშვილს ტროტუარზე დგომასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ საქმეზე 4 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას 18 დეკემბერს მოქალაქეებისთვის ტროტუარზე გადაადგილებაში ხელის შეშლას ედავებოდა.

საბა გელაშვილი, სტუდენტობისას გადაცემა “წიგნების თაროს” ჩემპიონი იყო. გადაცემა აღნიშნულ გადაწყვეტილებას განცხადებით გამოეხმაურა და საბა გელაშვილის დაკავება გააკრიტიკა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ტროტუარზე დგომის გამო ადამიანების დაპატიმრება „ფარსის გაგრძელებაა“ და ორგანიზაციამ სოლიდარობა გამოუცხადა გელაშვილს და სხვა დაკავებულ ახალგაზრდებს.

ტროტუარზე პროტესტის გამო, მოქალაქეების წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართულმა ოცნებამ”, 2025  წლის 12 დეკემბერს,  თავისუფლების შემზღუდველი მორიგი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილება მიიღო. ცვლილებები დაჩქარებული წესით, 3 დღეში განიხილეს. ამ ცვლილებებით, ფაქტობრივად, პროტესტი ტროტუარზეც აიკრძალა. პირველ შემთხვევაში გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით (ორგანიზატორისთვის – 20 დღემდე), ხოლო განმეორებით შემთხვევაში შესაძლებელია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება.  “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” შეფასებით: “ტროტუარზე დგომის გამო პირის პატიმრობა, თუნდაც ადმინისტრაციული წესით, რომ არაფერი ვთქვათ სისხლისსამართლებრივ სასჯელზე, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს ვერც საქართველოს კონსტიტუციით და ვერც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტებით უზრუნველყოფილ შეკრების თავისუფლების სტანდარტებიდან გამომდინარე”.  „ტროტუარის საქმეებთან“ დაკავშირებული ადმინისტრაციული ნორმები ამჟამად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული. სარჩელით მოთხოვნილია შესაბამისი რეგულაციების არაკონსტიტუციურად ცნობა, რომლებიც ტროტუარზე ან გზაზე დგომის გამო მოქალაქეების დაჯარიმებას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.

პროტესტის მონაწილეებს, მაგდა მამუკაშვილსა და მაკო ქაფიანიძეს 5000-5000 ლარის ჯარიმა დააკისრეს

9 მარტს, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ საპროტესტო აქციის მონაწილეებს, მაგდა მამუკაშვილსა და მაკო ქაფიანიძეს, 5 000-5 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ 31 იანვარს გამართული საპროტესტო აქციის დროს საავტომობილო გზის “ხელოვნურად გადაკეტვას” ედავებოდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მათ მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობა არ იქნა გამოყენებული, რაც იმ გარემოებით განიმარტა, რომ ორივე მათგანს 12 წლამდე ასაკის შვილი ჰყავს.

2025 წლის 16 ოქტომბერს „ქართული ოცნებამ” მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში, რომლებიც მნიშვნელოვნად ზღუდავს დემონსტრანტების მიერ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის ფორმებს. ცვლილებების მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174¹ მუხლს დაემატა მე-10 ნაწილი, რომლის მიხედვითაც შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილე რიგი ქმედებების ჩადენის შემთხვევაში უალტერნატივოდ ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება. ასეთ ქმედებებს შორისაა, მათ შორის, სახის ნიღბით ან სხვა საშუალებით დაფარვა, ცრემლმდენი ან სხვა მსგავსი ნივთიერებების ქონა, ტრანსპორტის ან ქვეითთა გადაადგილებისთვის განზრახ დაბრკოლების შექმნა, დროებითი კონსტრუქციის მოწყობა ან ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვა.

აღნიშნული მუხლის დარღვევა ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია – 20 დღემდე ვადით. ამავე ცვლილებებით სისხლის სამართლის კოდექსშიც შევიდა ცვლილებები, რომლის თანახმადაც  ზემოთ აღწერილი ქმედებების განმეორებით, ერთი წლის განმავლობაში ხელმეორედ დარღვევის შემთხვევაში ქმედება სისხლის სამართლის წესით დაისჯება.

საპროტესტო  აქციიდან დაბრუნებისას შსს-მ  დავით ჩხეიძე ნარკო ტესტირებაზე გადაიყვანა, პაატა ალავერდაშვილი კი ადმინისტრაციული წესით  დააკავა

9 მარტს ღამით, საპროტესტო აქციების მონაწილე დავით ჩხეიძე პოლიციამ თაბუკაშვილის პოლიციის განყოფილებაში ნარკო ტესტირების მიზნით გადაიყვანა. ჩხეიძის განცხადებით, იგი აქციიდან ავტომობილით ბრუნდებოდა ოჯახთან ერთად, როდესაც პატრულის რამდენიმე ეკიპაჟმა გააჩერა. თავდაპირველად ის ალკოტესტით შემოწმდა, რომელმაც უარყოფითი შედეგი აჩვენა. მოგვიანებით, პოლიციამ ადგილზე ნარკოტესტიც ჩაუტარა და განაცხადა, რომ შედეგი დადებითი იყო, რის შემდეგაც ჩხეიძე დამატებითი შემოწმებისთვის განყოფილებაში გადაიყვანეს.  

ჩატარებული დეტალური კვლევებით ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება არ დადასტურდა, რის საფუძველზეც ჩხეიძემ განყოფილება დატოვა, თუმცა აღებული ბიოლოგიური ნიმუშები დამატებით ექსპერტიზაზე გადაიგზავნა. რამდენიმე დღეში ცნობილი გახდა, რომ ექსპერტიზამ თანახმად, დავით ჩხეიძეს არ დაუდასტურდა ნარკოტიკული საშუალების კვალი. 

დავით ჩხეიძე მრავალწლიანი გამოცდილების მქონე დიპლომატია. 2025 წლის თებერვალში მან საჯარო სამსახური  დატოვა და მას შემდეგ მონაწილეობს პროევროპულ საპროტესტო აქციებში. ადრე იგი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში მუშაობდა და ფლობდა დიპლომატიურ პასპორტსაც.

ჩხეიძის განცხადებით, ავტომობილში მასთან ერთად იმყოფებოდა საპროტესტო აქციების კიდევ ერთი მონაწილე, პაატა ალავერდაშვილი. მისი თქმით, სამართალდამცავებმა ალავერდაშვილი მოულოდნელად ჩამოსვეს მანქანიდან და ადგილზე დააკავეს პოლიციელის შეურაცხყოფის ბრალდებით. პაატა ალავერდაშვილი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას პოლიციელის სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავება. იგი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე დააკავეს. აღნიშნული მუხლი სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას გულისხმობს და ითვალისწინებს ჯარიმას 2 000-დან 5 000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით. ადვოკატის, თეო ზაქარაშვილის განცხადებით, დაკავების შემდეგ პოლიციის განყოფილებაში ალავერდაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მისი თქმით, ფიზიკური ძალადობის ფაქტი არ დაფიქსირებულა და დაკავებული თავს კარგად გრძნობს.