“TV პირველის” გადამღებ ჯგუფს ოთარ ფარცხალაძის დაცვამ მუშაობაში ხელი შეუშალა

17 ოქტომბერს, ტელეკომპანია „პირველის“ გადამღებ ჯგუფს ოთარ ფარცხალაძის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაცვის თანამშრომლებმა გადაადგილების საშუალება არ მისცეს და საქმიანობაში ხელი შეუშალეს.

მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, ჟურნალისტი ცდილობდა გადაეღო ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის სახლთან მიმდინარე ვითარება, თუმცა ადგილზე მყოფი დაცვა ჟურნალისტს წინ გადაუდგა, სახლთან მიახლოების შესაძლებლობა არ მისცა, რა დროსაც გადაღების შესაძლებლობა შეუზღუდა.

იმავე დღეს, საქართველოს პროკურატურამ ბრიფინგი გამართა, სადაც მოქმედმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, რომ ჩხრეკა ჩატარდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილისა და ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის საცხოვრებელ სახლებში. პროკურატურას არ დაუკონკრეტებია, რომელი მუხლებით მიმდინარეობს გამოძიება, უკავშირდება თუ არა საქმე ახალ გამოძიებას და იგეგმება თუ არა ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავება.

საპატრიარქო „TV პირველს“ და „ფორმულას“ მომდევნო საეკლესიო დღესასწაულებზე არ დაუშვებს 

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა განაცხადა, რომ 14 ოქტომბერს, შიდა წესების დარღვევის გამო, ტელეკომპანიების „TV პირველის“ და „ფორმულას“ გადამღები ჯგუფები მომდევნო საეკლესიო დღესასწაულებზე აკრედიტაციას ვერ მიიღებენ.

“დღეს, 14 ოქტომბერს, სვეტიცხოველის ტაძრის ეზოში ჟურნალისტური საქმიანობის საბაბით, შიგა განაწესის დარღვევისათვის, არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, პრესისთვის გამოყოფილი სივრცის თვითნებურად დატოვებისათვის, TV პირველის და TV ფორმულას გადამღები ჯგუფები მომდევნო საეკლესიო დღესასწაულებზე აკრედიტაციას ვერ მიიღებენ”. – ნათქვამია განცხადებაში.

საპატრიარქომ 2022 წლიდან მედიისთვის დამატებითი რეგულაციები დააწესა. ჟურნალისტებს საეკლესიო ღონისძიებების გასაშუქებლად სპეციალური აკრედიტაციის მიღება სჭირდებათ, ხოლო, მუშაობა მხოლოდ  მედიისთვის სპეციალურად განსაზღვრულ ზონებში შეუძლიათ.

კომუნიკაციების კომისიამ მედიის მიმართ ახალი რეგულაციების  აღსრულება დაიწყო

2025 წლის 9 ოქტომბერს, კომუნიკაციების კომისიამ ტელემაუწყებლები „ფორმულა“ და „ფორმულა მულტიმედია“, ასევე რადიომაუწყებლები „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა“, „რადიო-ტვ ნორი“ და „სისტემა გამა“ წერილობით გააფრთხილა და მათ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო უცხოური ძალისგან დაფინანსების მიღების შეწყვეტა დაავალა.

კომისიის განცხადებით: „გამომდინარე იქიდან, რომ მაუწყებლებს ზემოაღნიშნული დაფინანსება მიღებული აქვთ მას შემდეგ, რაც კანონში შევიდა ცვლილება და აიკრძალა უცხოური ძალისგან დაფინანსება, ხოლო დაფინანსება ვერ ჯდება კანონით განსაზღვრულ გამონაკლის შემთხვევებში (კომერციული რეკლამა, ტელეშოპინგი, სპონსორობა ან პროდუქტის განთავსება პროგრამაში)”, კომისიამ მაუწყებლები კანონდამრღვევებად მიიჩნია.
ეს არის კანონის აღსრულების პირველი პრეცედენტი, რომელიც ეხება მაუწყებლობის შესახებ კანონში შესულ ახალი რეგულაციას, რომელიც 2025 წლის 1 აპრილიდან კრძალავს უცხოური ძალისგან მაუწყებლის პირდაპირ ან არაპირდაპირ დაფინანსებას. ცვლილებებმა მიღების დღიდან გამოიწვია საჯარო დისკუსია და კრიტიკა, კერძოდ, შეფასებები იმის შესახებ, რომ ახალი ნორმა შესაძლოა გახდეს ინსტრუმენტი დამოუკიდებელი მედიის ფინანსური და სარედაქციო თავისუფლების შესაზღუდად. სხდომის მიმდინარეობისას რადიომაუწყებელთა წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ აღნიშნული დაფინანსების გარეშე მათ შესაძლოა მაუწყებლობის შეჩერება მოუწიოთ.

შსს-ს განცხადება საფრთხეს უქმნის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას

5 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 4 ოქტომბრის შეკრება „მიზნად ხელისუფლების დამხობას ისახავდა“ და „მალევე მიიღო კანონსაწინააღმდეგო ხასიათი“, რის შემდეგაც სამინისტრომ „პროპორციული ზომები“ მიიღო. უწყების თქმით, „გუშინდელი მოვლენებიდან გამომდინარე“, 5 ოქტომბრიდან ნებისმიერი შეკრება ჩაითვლება „დამხობის მცდელობის გაგრძელებად“ და სამინისტრო მიიღებს შესაბამის ზომებს „საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად“. ფაქტობრივად, ეს ნიშნავს, რომ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეები შესაძლოა სამართლებრივ დევნას დაექვემდებარონ მხოლოდ შეკრებაში მონაწილეობის გამო. განცხადება გავრცელდა 4 ოქტომბრის აქციის ხუთი ორგანიზატორის დაკავების შემდეგ და მოქალაქეთა და პარტია „ფედერალისტების“ მიერ ახალი აქციის დაანონსებამდე რამდენიმე საათით ადრე.

მსგავსი რიტორიკა საფრთხეს უქმნის როგორც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, ისე მედიის თავისუფლებას. სამინისტროს მიერ გამოყენებული ფორმულირებები ქმნის ბუნდოვან სამართლებრივ ჩარჩოს, რომლის პირობებშიც ჟურნალისტების მიერ პროტესტის გაშუქება ან კრიტიკული პოზიციის გაჟღერება შეიძლება აღქმული იყოს „დამხობის მცდელობის“ მხარდაჭერად.   ასეთი განცხადება ქმნის მსუსხავ ეფექტს (chilling effect) და  არღვევს მედიის საქმიანობას და საზოგადოების მიერ ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების უფლებას, რაც ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ასევე საერთაშორისო კონვენციებით გარანტირებულ ძირითად უფლებებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა “მოამბის” ყოფილი წამყვანის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის სარჩელი

2025 წლის 10 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მეია მელქაძემ არ დააკმაყოფილა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ყოფილი თანამშრომლის, გადაცემა “მოამბის” წამყვანის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის სარჩელი.  ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა სასამართლოში მისი სამსახურიდან გათავისუფლება გაასაჩივრა. იგი გათავისფულების ბრძანების გაუქმებას, სამსახურში აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვდა. განაჩენის დასაბუთებული ნაწილის ჩაბარების შემდეგ, მოსარჩელე მხარე,  საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი გადაცემა “რეალური სივრცის” წამყვან, ჟურნალისტ ნინო ზაუტაშვილთან ერთად საზოგადოებრივი მაუწყებლიდან 2025 წლის 11 აპრილს გაათავისუფლეს. გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად დისციპლინური მოკვლევა დაუსახელეს. ორივე ჟურნალისტი ჩართულია მოძრაობაში “საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები”, რომელიც აკრიტიკებს მაუწყებლის მენეჯმენტის გადაწყვეტილებებს, მის სარედაქციო პოლიტიკას და საუბრობს პოლიტიკურ გავლენებზე მაუწყებელში.

სახელისუფლებო ტელევიზია POSTV ჟურნალისტ თეა ადეიშვილს “ნაცების პროპაგანდისტად” მოიხსენიებს

2025 წლის 5 ოქტომბერს, პროპაგანდისტულმა ტელევიზია POSTV-მ “TV პირველის” ჟურნალისტი – თეა ადეიშვილი – “ნაცების პროპაგანდისტად” მოიხსენია.   “მე ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამებრძოლის შთამომავალი ვარ” – თეა ადეიშვილის მიერ, საარჩევნო ეთერში ნახსენები ეს ფრაზა, POTSV-ს კონტექსტის გარეშე აქვს დატანილი ქარდზე, თეა ადეიშვილის რეგალიად კი უწერია – “ნაცების პროპაგანდისტი თეა ადეიშვილი”.

კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიები და ჟურნალისტები, ბოლო პერიოდში, POSTV-ს დისკრედიტაციის სამიზნეები არაერთხელ გახდნენ.პროპაგანდისტული, “ქართული ოცნების” ხელისუფლებასთან აფილირებული  POSTV აგრძელებს “ქართული ოცნების” მაღალი საჯარო პირების მხრიდან დამოუკიდებელი მედიის დისკრედიტაციის მანკიერ ტენდენციას.

სახელისუფლებო ტელევიზია POSTV აგრძელებს დამოუკიდებელი მედიების დისკრედიტაციას

2025 წლის 5 ოქტომბერს, “ქართულ ოცნებასთან” აფილირებულმა, პროპაგანდისტულმა ტელევიზიამ POSTV, დამოუკიდებელი ონლაინ მედიები –  “ნეტგაზეთი”, “პუბლიკა” და “ტაბულა” და ტელევიზიები “TV პირველი” და “ფორმულა”, “ნაცმოძრაობის პროპაგანდისტულ მედიებად” მოიხსენია. პროპაგანდისტულმა POSTV-მ აღნიშნული მედიები წინა დღეს, 4 ოქტომბერს, საპროტესტო აქციაზე დაშავებული პოლიციელის შესახებ ინფორმაციის მიჩქმალვაში დაადანაშაულა. 

ვიზუალურ მასალაზე (ქარდზე), რომელიც POSTV-მ  გაავრცელა, დატანილია ამ მედიასაშუალებების ლოგოები და შემდეგი ტექსტი –  “უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი პოლიციელის, გიორგი ბარბაქაძის შესახებ, ნაცმოძრაობის პროპაგანდისტულ მედიას ამ დრომდე ერთი შეკითხვაც კი არ დაუსვამს”. 

“პუბლიკას” რედაქტორი, ზურა ვარდიაშვილი ამ ფაქტს  სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ პროპაგანდისტული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ გამოეხმაურებოდა, რომ არა ბოლო დღეების კოორდინირებული თავდასხმები. მან თქვა, რომ სინამდვილეში დაშავებული პოლიციელის თემაზე არაერთი მასალა აქვს გამოცემას მომზადებული და ყველა მასალის ლინკი მისივე განცხადებას კომენტარებშიც დაურთო.

“ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, “TV პირველს” “ხაზარაძის ტელევიზიად” მოიხსენიებს

2025 წლის 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს (რომელსაც პროდასავლური ოპოზიციის დიდმა ნაწილმა და საზოგადოებამ ბოიკოტი გამოუცხადა), “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, სასაცილო და კურიოზული უწოდა “TV პირველის” მიერ საარჩევნო უბნებიდან გავრცელებულ რამდენიმე ინფორმაციას და ტელეკომპანია “ხაზარაძის ტელევიზიად” მოიხსენია.

“დღეს მთელი დღეა, ხაზარაძის ტელევიზია “TV პირველი” ცდილობს, რომ სკანდალები ააგოროს, თუმცა  მე მგონი საკუთარ თავს დასაცინად იქმნიან”, – ამბობს შალვა პაპუაშვილი სპეციალურ ბრიფინგზე და შემდეგ ჩამოთვლის “TV პირველის” რამდენიმე სიუჟეტს საარჩევნო უბნიდან, რომლებიც, მისი აზრით, მხოლოდ სასაცილოა ამ მასალებს შორის არის სუფრა საარჩევნო უბანზე და სავარაუდო მოსყიდვის ფაქტი. “არ ვიცი ახლა თუ ხაზარაძე აშიმშილებს თავის ჟურნალისტებს”, – ამბობს პაპუაშვილი და ამატებს, რომ არაფერია იმაში უცნაური, ვინმე თუ ზრუნავს საარჩევნო ადმინისტრაციის კვებაზე. და, შემდეგი სიუჟეტის (სავარაუდო მოსყიდვის ფაქტის) განხილვის შემდეგ ისევ ამბობს: “აი, ასეთ დონზე დაეცა ხაზარაძე, რომ არათუ ჟრნალისტურ ეთიკას გადააბიჯებინა მისი ტელევიზიის ყველა წევრს, არამედ, საერთოდ უკვე სასაცილო კურიოზები არის” (ტაიმკოდი 5:52 – 8:16).

შეგახსენებთ, 4 ოქომბერს არაერთი დამოუკიდებელი მედია გახდა შალვა პაპუაშვილის თავდასხმის სამიზნე, საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელების გამო. მათ შორის, TOK2regions, “პუბლიკა”. და ზოგადად, ბოლო პერიოდში, შალვა პაპუაშვილის მხრიდან მედიებზე თავდასხმა და მათი დისკრედიტაცია მანკიერ ტენდენციად იქცა. 

“ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, ისევ ესხმის თავს დამოუკიდებელ გამოცემა “პუბლიკას”

2025 წლის 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს (რომელსაც პროდასავლური ოპოზიციის დიდმა ნაწილმა და საზოგადოებამ ბოიკოტი გამოუცხადა), “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, დამოუკიდებელი გამოცემა “პუბლიკა” “უცხოეთიდან დაფინანსებულ, პროპაგანდისტულ” მედიად მოიხსენია და დეზინფორმაციის გავრცელების კოორდინირებულ ქმედებაში დაადანაშაულა. 

შალვა პაპუაშვილი  “პუბლიკას” ერთ-ერთ ოპოზიციონერ აქტივისტზე მომხდარი თავდასხმის შესახებ გავრცელებული მასალის გამო დაესხა თავს. (არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, თბილისში, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდა წევრს, იგორ ნარმანიას, რამდენიმე ადამიანი დაესხა თავს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენა). “პუბლიკა”, უცხოეთიდან დაფინანსებული პროპაგანდისტული მედია, რომელიც ავრცელებს ყალბ ინფორმაციას იგორ ნარმანიასთან დაკავშირებით”(ტაიმკოდი: 3:55 – 4:37)  – ამ ტექსტით, შალვა პაპუაშვილი “პუბლიკას” ჩამოთვლის იმ აქტორებს შორის, რომლებიც “კოორდინირებულად მოქმედებენ და დეზინფორმაციას ავრცელებენ, რითაც ერევიან ქართულ არჩევნებში”. 

გამოცემა “პუბლიკამ” შალვა პაპუაშვილის მორიგი თავდასხმა მათ მიმართ სიძულვილისა და ძალადობის წახალისებად შეაფასა. “ერთხელ უკვე გამოვეხმაურეთ შალვა პაპუაშვილის თავდასხმას და კვლავ ვახსენებთ: ,,პუბლიკა” ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის საპროტესტო აქციებს, ანონსებს და ა.შ შალვა პაპუაშვილი ცდილობს ზეწოლას ჩვენს სარედაქციო დამოუკიდებლობაზე, ახალისებს ჩვენ მიმართ სიძულვილს და ძალადობას. ჩვენი გამოცემის, რომელიმე ჟურნალისტს რამე თუ მოუვა, პასუხისმგებელი იქნება პაპუაშვილი”, – ამ პოსტით უპასუხა შალვა პაპუაშვილს გამოცემის რედაქტორმა ლიკა ზაკაშვილმა.

ბოლო პერიოდში “პუბლიკა”  არაერთხელ გახდა შალვა პაპუაშვილის თავდასხმის სამიზნე. მაგალითად, 2025 წლის 19 მაისს, პაპუაშვილი “პუბლიკას” თავს დაესხა დეპუტატ მარიამ ლაშხზე გავრცელებული ინფორმაციის გამო. უფრო ადრე, 1-ელ თებერვალს კი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის მოწოდებაში დაადანაშაულა აქციის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთვის. 

“ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, TOK2Region-ს “დეზინფორმაციის გამავრცელებელი პარტიული მედია” უწოდა

2025 წლის 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს (რომელსაც პროდასავლური ოპოზიციის დიდმა ნაწილმა და საზოგადოებამ ბოიკოტი გამოუცხადა), “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, დამოუკიდებელი სტუდია TOK2region დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა და “პარტიულ მედიად” მოიხსენია. პაპუაშვილის განცხადება მოჰყვა TOK2region-ის მიერ  ახალციხის მე-4 საარჩევნო უბნიდან გავრცელებულ ვიდეომასალას, რომელშიც ჩანს ორი ამომრჩეველი ერთ საარჩევნო კაბინაში.

“ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ სინამდვილეში ერთ-ერთ ამომრჩეველს მხედველობის პრობლემების გამო მეორის დახმარება სჭირდებოდა. “ახალციხე, მე-4 უბანი, სადაც ასევე პარტიული მედიის მიერ გავრცელდა დეზინფორმაცია თითქოს ადგილი ჰქონდა ხმის მიცემის კონტროლს. სინამდვილეში საქმე ეხებოდა ამომრჩეველს, რომელსაც აქვს დაქვეითებული მხედველობა, მან ითხოვა დახმარება და გაუწიეს დახმარება ბიულეტენის შევსებისას” , – ამბობს შალვა პაპუაშვილი, ფონად ეკრანზე ჩანს TOK2region-ის კადრი, რომელსაც დიდი ასოებით აწერია FAKE [ტაიმკოდი: 1:11 -1:41].

პაპუაშვილის განცხადების შემდეგ, TOK2region-მა გამოაქვეყნა სრული ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, რომ ამომრჩეველს დახმარება არ უთხოვია, პირიქით, მას შემდეგ, რაც უბნის კომიიის თავმჯდომარემ შენიშნა, რომ მედია ამ ფაქტს იღებდა, მან ამომრჩევლებს შენიშვნა მისცა. “დეზინფორმაციაა, ის ბრალდება რასაც ჩვენი მედიის შესახებ თავად შალვა პაპუაშვილი ავრცელებს, როცა დამოუკიდებელ რედაქციას ,,პარტიულ მედიას“ უწოდებს და ბრალს სდებს იმ ტექსტის გავრცელებაში, რაც TOK2region-ს არსად გაუვრცელებია, რასაც ჩვენი რედაქცია განიხილავს  მორიგ თავდასხმად”, – ნათქვამია TOK2region-ის განცხადებაში.

შალვა პაპუაშვილის მხრიდან დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმა და მათი დისკრედიტაცია, უკვე დიდი ხანია მანკიერ ტენდენციად იქცა. CMIS ინციდენტების არქივში “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან მედიაზე თავდასხმის 10-მდე მეტი შემთხვევა იძებნება. დამოუკიდებელი და კრიტიკული მედია, შალვა პაპუაშვილის მხრიდან, 4 ოქტომბერსაც განსაკუთრებული სამიზნე იყო.