ჟურნალისტების მუშაობაში ხელშეშლის შემთხვევები თბილისის საარჩევნო უბნებზე

2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში  საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. საპარლამენტო არჩევნების გაშუქების პროცესში, მთელი საქართველოს მასშტაბით, ჟურნალისტებისთვის არასახარბიელო სამუშაო გარემო იყო შექმნილი. დაფიქსირდა ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის მრავალი შემთხვევა, მათ შორის, შეურაცხყოფის, ფიზიკური ანგარიშსწორების, ტექნიკის დაზიანების და თავისუფლების დროებით აღკვეთის შემთხვევებიც. 

თბილისის საარჩევნო უბნებზე ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის შემთხვევები:  

  • ონლაინგამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტებს მინდია გაბაძეს და შაკო ბრეგაძეს თბილისში, გლდანის რაიონში, 59-ე საარჩევნო უბანთან უცნობმა პირებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. გამოცემის მიერ გადაღებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ საარჩევნო უბანთან მობილიზებული პირები ჟურნალისტს აგინებენ და შეურაცხმყოფელ ჟესტებს უჩვენებენ მხოლოდ იმის გამო, რომ ის მათ გადაღებას ცდილობს და იქ ყოფნის მიზეზებს ეკითხება;

  • გლდანის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე შეურაცხყოფის ადრესატი გახდა “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი თამუნა ჩქარეული. დაუდგენელი პირებიდან ერთ-ერთმა მათგანმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია;

  • “TV პირველის” ოპერატორს პაატა ხაჩიძეს თბილისში, ისნის ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან კერძო პირები ზურგიდან დაესხნენ თავს.  შემთხვევა მოხდა მაშინ, როდესაც გადამღები ჯგუფი ცდილობდა გაერკვია რა მიზნით იყვნენ შეკრებილი უცნობი პირები უბნების სიახლოვეს.თავდასხმის შედეგად დაზიანდა ტელევიზიის ტექნიკა. ვიდეომასალაში, რომელიც რედაქციამ გაავრცელა, ჩანს, რომ კამერის ნაწილები ძირს არის მიმოფანტული;

  • ტელეკომპანია “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფი – ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი და ოპერატორი დავით ბადაგაძე,  ასევე “TV პირველის” გადამღებ ჯგუფი – ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი და ოპერატორი პაპუნა ხაჩიძე, 38-ე საარჩევნო უბნიდან გააძევეს. მოგვიანებით, როდესაც საარჩევნო უბანთან მობილიზებულ მოქალაქეებს კითხვებს უსვამდნენ, მოქალაქემ მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფიზიკურად შეეხებაც სცადა;

  • ისნის მე-9 საარჩევნო უბანზე დაუპირისპირდნენ „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს. ჟურნალისტ ნუცა ბახუტაშვილის თქმით, მას და მის ოპერატორს, გიგა აღდგომელაშვილს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა;

  • ნეტგაზეთის“ ჟურნალისტს, რაფო მესხიძეს თბილისში, მე-9 ოლქის მე-3 უბანზე „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებულმა პირებმა ტელეფონი წაართვეს;

  • გლდანში, მე-60 საარჩევნო უბანზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს მთავარი არხის“ ჟურნალისტს, ნინა მაჩაბელს და ოპერატორს, გიორგი ჩანტლაძეს;

  • გლდანის მე-60 საარჩევნო უბანთან მუშაობის დროს ხელი შეეშალა „TV პირველის“ გადამღებ ჯგუფსაც, მაკა ანდრონიკაშვილსა და გიორგი შეწირულს. ჟურნალისტის თქმით, მათ უბნიდან გაძევებით ემუქრებოდნენ, ხელშეშლის პროცესში კი ჩართულნი იყვნენ როგორც საოლქო კომისიის წარმომადგენლები, ისე „ქართული ოცნების“ დამკვირვებლები;

  • სხვადასხვა საარჩევნო უბანზე პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს „OC მედიას“ 6 წარმომადგენელს: ჰერმინე ვირაბიანს, რაფიგ შაბაზოვს, თეკლა ჩხაიძეს, ზეინაბ ისგანდაროვას, აითან ფარადოვას. კიდევ ერთი წარმომადგენლის, ქრისტინა კვაჭანტირაძის მშობლებს კი, როგორც ჟურნალისტი ამბობს, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა, გიორგი მგელაძემ დაურეკა და მოსთხოვა, რომ ქრისტინას გადაღებულ ვიდეოში ადამიანების სახეები დაეფარა. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტის მამა ერთ-ერთი საარჩევნო უბნის თავმჯდომარე იყო.

 ტელეკომპანია “ფორმულა” სასამართლომ მეოთხედ დააჯარიმა

2024 წლის 13 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, ტელეკომპანია “ფორმულა” 5 ათასი ლარით დააჯარიმა ოპოზიციური პარტია „გახარია საქართველოსთვის“ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის სტატუსის მინიჭებისა და ეთერში პარტიის ვიდეორგოლის განთავსების გამო.  

სასამართლომ ეს გადაწყვეტილება კომუნიკაციების კომისიის ოქმის საფუძველზე მიიღო. კომისიამ ტელეკომპანიას ოქმი 10 ოქტომბერს შეუდგინა.

“საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, მაუწყებელი უფლებამოსილია კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად აღიაროს ის პოლიტიკური პარტია, რომელიც არჩევნების წელს ჩატარებული კვლევების მიხედვით, ამომრჩეველთა არანაკლებ 4%-ის მხარდაჭერით სარგებლობს. ტელეკომპანია “ფორმულამ” Edison Research-ის კვლევით იხელმძღვანელა, სადაც პარტიას “გახარია საქართველოსთვის” 4%-ზე მეტი მხარდაჭერა ჰქონდა. მარეგულირებელმა კომისიამ ტელეკომპანიას კვლევის შედეგების შემოწმება  მოსთხოვა.

“მარეგულირებელმა ფაქტობრივად დაგვავალა, რომ Edison Research-ის კვლევის აუდიტირება და მისი შემოწმება მოგვეხდინა. ჩვენ, ცხადია, ვენდობით Edison-ის მონაცემებს და ვერ ვხედავთ ვერანაირ საჭიროებას, რომ მათი მონაცემები გადამოწმდეს”, – ამბობს “რადიო თავისუფლებასთან” ტელეკომპანიის დირექტორი ზუკა გუმბარიძე.

როგორც კომისიის განცხადებიდან იკითხება, ტელეკომპანია სამართალდამრღვევად სწორედ ამ დოკუმენტაციის წარუდგენლობის გამო სცნეს.

ორგანიზაცია “მედიაომბუდსმენის” განცხადებით, Edison Research-ის კვლევის აუდიტს, რასაც კომუნიკაციების კომისია მოითხოვს მაუწყებლისგან, კანონი არ ითვალისწინებს. “კომუნიკაციების კომისიისა და თბილისის საქალაქო საამართლოს მიერ კრიტიკული მედიის უსაფუძვლოდ დასჯა მედიის რეგულირების პროცესში ხელისუფლების ინტერესის გატარების კიდევ ერთი მაგალიათია”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

“აღნიშნული გადაწყვეტილება მორიგი დასტურია სისტემური მიკერძოებისა, რომელიც საფრთხეს უქმნის პოლიტიკურ პლურალიზმს და წინასაარჩევნოდ მედიის დასჯის მცდელობას წარმოადგენს”, – წერს განცხადებაში “მედიის ადვოკატირების კოალიცია”

ბოლო ორ თვეში, ეს არის ტელეკომპანიის დაჯარიმების მეოთხე შემთხვევა. წინა სამ შემთხვევაში “ფორმულა” მმართველი პარტიის სარეკლამო რგოლის არგანთავსების გამო დააჯარიმეს.

სამი ცენტრალური მაუწყებელი სასამართლომ მესამედ დააჯარიმა მმართველი პარტიის საარჩევნო რეკლამის ეთერში არგაშვების გამო

2024 წლის 11 ოქტომბერს, ტელევიზიები “ფორმულა”, “TV პირველი” და “მთავარი არხი” საქალაქო სასამართლომ 5-5 ათასი ლარით დააჯარიმა მმართველი პარტიის საარჩევნო რეკლამის ეთერში არ გაშვების გამო. ეს მაუწყებლებისთვის, ბოლო ორ თვეში, ერთი და იმავე მიზეზით დაკისრებული მესამე ჯარიმაა და გადასახდელი თანხა, თითოეული ტელევიზიისთვის, უკვე 15 000 ლარს შეადგენს.

მმართველი პარტია “ქართული ოცნება” ამ ტელევიზიებისგან ითხოვს ეთერში გაუშვან მისი პოლიტიკური რეკლამა – “არა ომს, აირჩიე მშვიდობა”.

5 ოქტომბერს ტელეკომპანიებმა გაავრცელეს განცხადება, რომელშიც განმარტებული იყო, რატომ არ აპირებდნენ რეკლამის განთავსებას ეთერში:  

“მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებისგან დაკისრებული დაუსრულებელი ჯარიმები კრიტიკული არხებისთვის მძიმე ტვირთია, ჩვენ მაინც არ ვაპირებთ, თუნდაც ირიბად, ხელი შევუწყოთ „ქართული ოცნების“ რუსულ პროპაგანდას და უკრაინელი ხალხის დაცინვას. ჩვენ სრულად ვიზიარებთ ევროკავშირის ელჩის შეფასებას, რომ ეს არის „აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და შემზარავი“ კამპანია და, შესაბამისად, უარს ვამბობთ ამ ვიდეორგოლების ეთერში განთავსებაზე”, – ნათქვამი იყო ტელევიზიების განცხადებაში.

მიუხედავად ამ განცხადებისა, 9 ოქტომბერს, კომუნიკაციების კომისიამ ტელევიზიები სამართალდამრღვევებად ცნო და ოქმები შეუდგინა. კომისია განცხადებაში უთითებს, რომ “ვიდეორგოლი არ შეიცავს არც ომის პროპაგანდას და არც ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ მოწოდებას, რაზეც მაუწყებლები ამახვილებენ ყურადღებას”. 

ორგანიზაციები “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ და „საქართველოს ევროპული ორბიტა“ მაუწყებლებს სოლიდარობას უცხადებენ და „ქართული ოცნების“ მიერ მაუწყებლებისთვის იმ საარჩევნო რგოლის ეთერში გაშვების დავალდებულებას, რომელშიც „უკრაინელი ხალხის ტრაგედია სპეკულაციურად, საარჩევნო მიზნებისთვის არის გამოყენებული“, კრიტიკულად აფასებენ.

ტელევიზიებს მხარდაჭერა გამოუცხადა “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც”. 

მომხდარზე განცხადება გაავრცელა “მედიის ადვოკატირების კოალიციამ”. “ეს სადამსჯელო ზომები არა მხოლოდ არღვევს მედიის დამოუკიდებლობას, არამედ აძლიერებს პროპაგანდისტულ ნარატივს, რომელიც შეესაბამება მმართველი პარტიის დღის წესრიგს”, – ნათქვამია განცხადებაში

“TV პირველს” სასამართლომ ყოფილი საჯარო მოხელისთვის 10 000 ლარის გადახდა დააკისრა

2024 წლის 11 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, „TV პირველსა“ და მის ჟურნალისტს, სოფიკო ნიაურს, 10 000 ლარის გადახდა დააკისრა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძისთვის. ყოფილი საჯარო  მოხელე ტელეკომპანიას ცილისწამებისთვის უჩიოდა

საუბარია სიუჟეტზე, რომელიც ეთერში 2024 წლის 3 თებერვალს გავიდა. ჟურნალისტური მასალა, სახელწოდებით “დაკავებების სერია ქოლ-ცენტრებზე” ეხებოდა თაღლითური ქოლ-ცენტრების მოწყობისა და ორგანიზების ბრალდებით დაკავებულებს.

ჟურნალისტი ჩართვაში საუბრობს დაკავებულებზე და კითხულობს  დაადებენ თუ არა ისინი ხელს საქმის მთავარ ფიგურანტს, რომელიც დგას ამ ქოლ-ცენტრების უკან: “რომელმაც დააფუძნა ეს კომპანიები და მიანდო კომპანიების მის ნდობით აღჭურვილ პირებს. საუბარია ყოფილ შს მინისტრზე, ალექსანდრე ჭიკაიძეზე” – ამბობს ჟურნალისტი.

მოსარჩელე ამ ინფორმაციის უარყოფას და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა.

 “TV პირველის” იურისტი, თორნიკე მიგინეიშვილი გამოცემა “მედიაჩეკერთან” ამბობს, რომ ტელეკომპანია სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მას სააპელაციო სასამართლოში  გაასაჩივრებენ.

სასამართლო დავას – „ალექსანდრე ჭიკაიძე „ტელეკომპანია პირველისა“ და სოფო ნიაურის წინააღმდეგ“ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ ე.წ. SLAPP საქმედ მიიჩნევს.

SLAPP სარჩელები მედიის წინააღმდეგ, პრობლემურად მიაჩნია “მედიის ადვოკატირების კოალიციას”

შეგახსენებთ, ეს არ არის პირველი ასეთი სარჩელი ამ ტელეკომპანიის წინააღმდეგ. “TV პირველს” ასევე საჯარო მოხელის, თბილისის მერის სასარგებლოდ უკვე აქვს დაკისრებული 15 000 ლარის გადახდა და ტელეკომპანია უკვე ანგარიშების დაყადაღების მოლოდინშია.

სამი ტელევიზია, სასამართლომ, მმართველი პარტიის სადაო პოლიტიკური რეკლამის არგაშვების გამო, ორჯერ დააჯარიმა

2024 წლის სექტემბერში, მმართველი პარტიის საარჩევნო რეკლამის ეთერიდან ამოღების გამო, ტელევიზიები: “მთავარი არხი”, “TV პირველი” და “ფორმულა” სასამართლომ ორჯერ დააჯარიმა.  

პირველი ჯარიმა, 5 000 ლარის ოდენობით, ტელეკომპანიებს “TV პირველსა” და “ფორმულას” 16 სექტემბერს დააკისრეს, “მთავარ არხს” კი 13 სექტემბერს. მეორედ, იგივე მიზეზით, სამივე ტელეკომპანია 19 სექტემბერს დაჯარიმდა, ასევე, 5 000 ლარით.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკურ რეკლამაში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები ჩანან და პარალელურად ისმის ფრაზა: „უთხარი არა საზოგადოების მორალურ გადაგვარებას და აირჩიე ტრადიციული ფასეულობები“. ტელევიზიებმა ვიდეო-რგოლი თავდაპირველად ეთერში განათავსეს, თუმცა, რამდენიმე დღეში კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის მიზეზით ბადიდან ამიღეს. ტელეკომპანიებს მიაჩნიათ, რომ ამ კონკრეტული რეკლამის განთავსება შესაძლოა „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სიძულვილის ენის გავრცელების აკრძალვას, ან „რეკლამის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ წესებს ეწინააღმდეგებოდეს.

ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” მიიჩნევს, რომ სასამართლომ მაუწყებლები უსამართლოდ დააჯარიმა. ეს ორგანიზაცია ერთ-ერთია, რომელიც ამ რეკლამაში არაეთიკურადაა წარმოჩენილი.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა” წერს, რომ “არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ქართული ოცნების საარჩევნო ვიდეოში გამოყენება მიზნად ისახავს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წინააღმდეგ მმართველი პარტიის მიერ კოორდინირებული და დაგეგმილი კამპანიის გაგრძელებას და სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეპუტაციის შელახვას. ხოლო “კომუნიკაციების კომისიისა და სასამართლოს გადაწყვეტილებები ფინანსურ დარტყმას აყენებს კრიტიკულ მედიას”.

ქართულ-სომხური გამოცემის რედაქტორს საქართველოში შესვლის უფლება არ მისცეს

2024 წლის 17 სექტემბერს, საქართველოში შესვლის უფლება არ მისცეს და აეროპორტიდან სტამბულში გააბრუნეს ქართულ-სომხური გამოცემის, Aliq Media-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი არსენ ხარატიანი. ხარატიანი თბილისში ლუქსემბურგიდან ბრუნდებოდა და მომდევნო დღეს სომხეთში უნდა წასულიყო. უარის მიზეზი ხარატიანისთვის არ აუხსნიათ. 

„ალიქ მედია“ არის საქართველოში მოქმედი სომხურენოვანი მედია პლატფორმა, რომელიც 2015 წლიდან ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და საზოგადოებრივ მოვლენებს სომხურ ენაზე აშუქებს. გამოცემა გამოირჩევა საქართველოს ხელისუფლებისადმი კრიტიკული სტატიებით.

არსენ ხარატიანი საქართველოში რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა. იგი ფიქრობს, რომ მიზეზი, რის გამოც ის ქვეყანაში არ შეუშვეს, პოლიტიკურია.

„ეჭვი არ მეპარება, რომ ეს უარი, ანუ დეპორტაცია, პოლიტიკურია, რაც საბოლოო ჯამში ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას ან ეშინია ჩემნაირი ადამიანების, ან ჰყავთ პატრონები მოსკოვიდან ან ბაქოდან, რომლებიც ეუბნებიან, რომ „გაწმინდონ სივრცე“ არჩევნებამდე“, – დაწერა ხარატიანმა ფეისბუქის გვერდზე.

არსენ ხარატიანი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამ შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე, 11 სექტემბერსაც შეაყოვნეს. მაშინ უარის თქმის საფუძველში მითითებული იყო, რომ “არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს”.

“მედიის ადვოკატირების კოალიციაში” საგანგაშოდ მიიჩნევენ ჟურნალისტების ქვეყანაში არ შეშვებას:

“ეს შემაშფოთებელი ტენდენცია, რომელიც მხოლოდ ამ კვირაში ორჯერ დაფიქსირდა, ხაზს უსვამს მედიის თავისუფლების შეზღუდვისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის საქმიანობის შეფერხების შემაშფოთებელ მდგომარეობას ქვეყანაში”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, წინა დღეს, 16 სექტემბერს, საქართველოში შესვლის უფლება არ მისცეს ბელარუს ჟურნალისტსა და აქტივისტს, ანდრეი მიალეშკას.

“მთავარი არხის” ჟურნალისტს კრიტიკული შეკითხვის გამო თბილისის მერმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

2024 წლის 22 აგვისტოს, ქალაქ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, კრიტიკული შეკითხვის პასუხად, ტელეკომპანია “მთავარი არხის” ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. 

ჟურნალისტის შეკითხვა შეეხებოდა 20 აგვისტოს, დედაქალაქის მერის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ძვირადღირებული ავტომობილის ფოტოს. ჟურნალისტმა მერს ჰკითხა, როდის შეიძინა ეს ავტომობილი და რა გადაიხადა მასში, რადგან ავტოსალონების ინფორმაციით, მისი ღირებულება 500 000 ევროა.

“500 000 ევრო რისი ღირებულება? … ეგ ბრიყვებისთვის, თქვენისთანა ბრიყვებისთვის შეიძლება 500 000 ღირდეს ასეთი ავტომობილი… შეურაცხყოფაზე არ გადავდივარ, რეალობაზე ვსაუბრობ. რაც შეეხება ჩემს ავტომობილებს, რომელიც ჩემი საკუთრებაა, ყველა არის დეკლარაციაში მითითებული”, – ასე პასუხობს ქალაქის მერი  ჟურნალისტს.  

ჟურნალისტიკის რეპლიკაზე, რომ აღნიშნული ავტომობილი დეკლარაციაში მითითებული არ არის, კალაძემ უპასუხა: 

“მაშინ არ ყოფილა ჩემი… თქვენ ვინ გეკითხებათ, ვისია ავტომობილი? რაში გაინტერესებთ? ვინ გეკითხებათ? ხომ ხედავთ, რა დღეში ხართ და რა მდგომარეობაში იმყოფებით. თქვენს საქმეს მიხედეთ”.

თბილისში დაკავებულ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა მიუსაჯეს

2024 წლის 4 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, აზერბაიჯანული გამოცემის Azel.tv-ის მთავარ რედაქტორს, აფგან სადიგოვს, სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა მიუსაჯა.

აფგან სადიგოვი  3 აგვისტოს დააკავეს. მისი დაკავების შესახებ ვიდეოჩანაწერი სოციალურ ქსელში მისმა მეუღლემ სევინჩ სადიგოვამ გაავრცელა. ვიდეოში ჩანს, რომ სადიგოვის დაკავებას მისი არასრულწლოვანი შვილებიც ესწრებოდნენ.

“მიდის მიზანმიმართული დევნა, როგორც დამოუკიდებელ ჟურნალისტზე, რომელიც ამხელს იქ არსებულ პოლიტიკურ ვითარებას და იქ არსებულ მდგომარეობას”, – განაცხადა დაკავებულის ადვოკატმა დიმიტრი ნოზაძემ.

2024 წლის 17 ივლისს აფგან სადიგოვს ქართველმა სამართალდამცველებმა საქართველოს დატოვების უფლება არ მისცეს. საზღვრის კვეთის აკრძალვის შემდეგ, 23 ივლისს სადიგოვმა და მისმა მეუღლემ საქართველოში საფრანგეთის საელჩოში განაცხადი შეიტანეს და საფრანგეთში გადაყვანა მოითხოვეს.

„განცხადება შევიტანეთ, იქნებ დაგვეხმარონ მესამე ქვეყანაში გასვლაში. გამოვიდა ადამიანი საელჩოდან, ვუთხარით რატომ ვართ მოსული, მივეცით წერილი, რომელშიც წერია, რომ საქართველოში ყოფნა ჩვენთვის უსაფრთხო აღარაა და დაგვეხმარონ რომელიმე მესამე ქვეყანაში წასვლაში”, – ამბობდა სადიგოვი “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში.

აფგან სადიგოვი საქართველოში საცხოვრებლად 2023 წლის დეკემბერში ჩამოვიდა, ცოლთან და ორ შვილთან ერთად. ის თავს ყოფილ პოლიტპატიმრად მიიჩნევს, რადგან აზერბაიჯანში ორჯერ იყო დაპატიმრებული, 2016 და 2020 წელს. 

ჟურნალისტის დაკავებას გამოეხმაურა მედიის ადვოკატირების კოალიცია და ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.

“მედიის ადვოკატირების კოალიცია გმობს საქართველოს ხელისუფლების მიერ აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის დაპატიმრებასა და აზერბაიჯანში მის მოსალოდნელ ექსტრადიციას”, – ნათქვამია განცხადებაში.  

“TV პირველი” წინააღმდეგ აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართეს

2024 წლის 26 ივლისს თბილისის მერმა, კახა კალაძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა, დავით ფაცაციამ, რომელიც პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის სიძეა, “ტელეკომპანია პირველის” წინააღმდეგ აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართეს.

ორივე ოფიციალური პირი ტელეკომპანიისგან სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას, თანხის ჩარიცხვას ითხოვს. საუბარია 30 ათას ლარზე.

დავით ფაცაციას სარჩელი საქალაქო სასამართლომ 2023 წლის მაისში ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ტელევიზიას გავრცელებული ინფორმაციის უარყოფასთან ერთად, 15 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურებაც დააკისრა.

Ხოლო 2022 წელს სასამართლოს სამივე ინსტანციამ გაამტყუნა “ტელეკომპანია პირველის” ჟურნალისტი, თბილისის მერის, კახა კალაძის, საჩივრის საფუძველზე და ეთერში გასულ ინფორმაციის უარყოფა და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად ასევე 15 000 ლარი დააკისრა.

“ვართ მოლოდინის რეჟიმში. ველით თბილისის მერის, კახი კალაძის მოთხოვნის საფუძველზე, ტელევიზიის ანგარიშების და ქონების დაყადაღებას”, – წერს ნოდარ მელაძე 26 ივლისს სოციალურ მედიაში გავრცელებულ პოსტში.

“TV მონიტორინგის” გადამღებ ჯგუფს კერძო პირები დაესხნენ თავს

2024 წლის 25 ივლისს, შიდა ქართლის ადგილობრივი ტელევიზიის “TV მონიტორინგის” ჟურნალისტებს ბექა პირველსა და შოთა სადაღაშვილს, დიდუბის ავტოსადგურში მძღოლები დაესხნენ თავს.

თავდასხმის საბაბი გახდა სიუჟეტი, რომელიც “TV მონიტორინგის” ეთერში 23 ივლისს გავიდა. რეპორტაჟში გორი – თბილისისა და თბილისი – გორის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსებში არსებული არასახარბიელო ვითარებაა აღწერილი. სავარაუდოდ, აღნიშნულმა გამოიწვია მძღოლების უკმაყოფილება.

თავდამსხმელებმა ჟურნალისტებს მგზავრობის საშუალება არ მისცეს. ისინი ჟურნალისტებს ჯერ სიტყვიერად, შემდგომ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. 

ბექა პირველს მიღებული აქვს მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის თავის არეში, ხოლო შოთა სადაღაშვილს ხელი აქვს ნაღრძობი. დაზარალებულებს სამედიცინო დახმარება დასჭირდათ.

“ბილეთები ავიღეთ, ავდიოდით მარშუტკაში, ამ დროს მძღოლმა დაგვიძახა, გვიცნო სავარაუდოდ, თქვენ არაკაცები ხართო, კაცურ საქციელში იჭრებითო, რატომ აკეთებთ ეგეთ რაღაცებსო… შემდეგ აღარ წაგიყვანოთო, ფული დაგვიბრუნა და აღარ მიმყავხართ აქედანო. საშინელი ენით გვაგინებდა. ჩანთები რომ ჩამოგვიყარა მაგის გადაღება დავიწყე, გადაღება დავიწყე თუ არა, იმ წამს ხუთი კაცი დაგვესია, ვინ სად გვირტყამდა, ახლაც ვერ ვიაზრებ, მარტო ის მახსოვს, რომ შუაში მომიმწყვდიეს და თავში მირტყამდნენ გამეტებით, წიხლებს და ხელებს, ყველაფერს…. სავარაუდოდ, მეუბნებიან, რომ ჰემატომაა თავის ტვინის”, – ყვება ბექა პირველი. 

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა. “მედიაჩეკერის” ინფორმაციით, უწყებამ ინციდენტში მონაწილე პირები გამოკითხვაზე დაიბარა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დაგმო თავდასხმა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს “TV მონიტორინგის” ჟურნალისტებზე თავდასხმის სასწრაფოდ გამოძიებისკენ მოუწოდა.

“დემოკრატიულ საზოგადოებაში დაუშვებელია ჟურნალისტების დევნა და მათზე ანგარიშსწორება ჟურნალისტურ  ნამუშევრებში გამოთქმული კრიტიკული შეფასებების გამო. ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა საქართველოს კანონმდებლობით სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებას წარმოადგენს”, – ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.