საკანონმდებლო ცვლილებები ზრდის მარეგულირებლის კონტროლის მექანიზმებს მაუწყებლებზე

2025 წლის 12 ივნისს, ერთპარტიულმა პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომლითაც ცვლილებები შევიდა, მათ შორის მაუწყებელთა შესახებ კანონში და კომუნიკაციების კომისიას მიენიჭა უფლებამოსილება მაუწყებლების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია ბანკებისგან სასამართლოს გზით გამოითხოვოს. აღნიშნულის შესახებ, ახალი თავი დაემატა „ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსს“.

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადებით, მარეგულირებლისთვის მსგავსი უფლებამოსილების მინიჭების აუცილებლობა საერთოდ არ არსებობს. მეტიც, დამატებითი უფლებები სცილდება ზოგადად უწყების მანდატს. კომისიისთვის საბანკო კონფიდენციალურობის დარღვევის შესაძლებლობის მინიჭება მედიაზე ფინანსური ზეწოლისა და შანტაჟის ახალი იარაღია”.

თავდაპირველად, კანონში “მაუწყებლობის შესახებ” ცვლილებები “ქართული ოცნების” პარლამენტმა 2025 წლის 1 აპრილს მიიღო.

ცვლილების თანახმად სრულად აიკრძალა მაუწყებლების უცხოური დაფინანსება, მნიშვნელოვნად გაიზარდა მარეგულირებელი ორგანოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოილება, კერძოდ  ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობა რეგულირების სფეროში მოექცა. 

  • კანონში შესული ცვლილებების თანახმად იკრძალება ე.წ. “უცხოური ძალისგან” მაუწყებლის მიერ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება და უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა, გარდა რეკლამისა ან პროდუქტის განთავსებისა.
  • ცვლილების თანახმად მაუწყებლებს ეკრძალებათ სოციალური რეკლამის განთავსების სანაცვლოდ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება.

კანონის თანახმად, უცხოურ ძალად განიხილება: ა) უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი; ბ) ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე; გ) იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე არ არის დაფუძნებული; დ) ისეთი ორგანიზაციული ერთეული ან პირთა სხვა სახის ისეთი გაერთიანება, რომელიც უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზეა დაფუძნებული.

  • ცვლილებით  შემოდის ასევე დეტალური რეგულაციები,  ტელე და რადიო მაუწყებლობის სტანდარტებთან დაკავშირებით, ფაქტის ჯეროვანი სიზუსტის და პასუხის უფლების შესახებ. აგრეთვე ემატება რეგულაციები ფაქტის სამართლიანობის და მიუკერძოებლობის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, ფარული მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვების და გადაცემის, შეიარაღებული დაპირისპირების, უბედური შემთხვევის და სხვა საგანგებო ვითარების გაშუქების და არასრულწლოვან პირთა დაცვის ცალკეული საკითხების შესახებ.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” აცხადებს, რომ აღნიშნული კანონები საფრთხეს უქმნის კრიტიკულად განწყობილი დამოუკიდებელი მედიის არსებობას.

ამ კანონებთან ერთად საქართველოში 2024 წლიდან მოქმედებს კანონი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”, იგივე “რუსული კანონი”, რომელიც გასულ წელს “ქართულმა ოცნებამ” ფართო საზოგადოებრივი წინააღმდეგობის და საერთაშორისო კრიტიკის მიუხედავად მიიღო და რომელიც მიზნად ისახავს იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების “უცხოური ძალის” ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად რეგისტრაციას, რომელთა შემოსავლების 20% უცხოური ორგანიზაციებიდან არის მიღებული. 


თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ სხდომა დახურა მედიის იმ წარმომადგენლებისთვისაც, რომლებსაც გადაღების უფლება ჰქონდათ

2025 წლის 10 ივნისს, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა პროევროპული აქციების დროს დაკავებული 11 პირის სხდომა დახურა და დარბაზიდან მედიის წარმომადგენლები ახსნა-განმარტების გარეშე გაუშვა. აღსანიშნავია, რომ სხდომა დაატოვებინეს მედიის იმ წარმომადგენლებს, რომლებსაც გადაღების უფლება ჰქონდათ. 

ონლაინ გამოცემა “პუბლიკა” წერს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება მოჰყვა დარბაზიდან გაკეთებულ კომენტარს, რომლის თანახმადაც, პროცესის მსვლელობის მანძილზე, პროცესის მონაწილეებს საჭმლის მიღების საშუალება არ ჰქონდათ. მიუხედავად ჟურნალისტების მოთხოვნისა, მოსამართლემ მხოლოდ გადაწყვეტილება გამოაცხადა, განმარტების გარეშე.

ბოლო პერიოდში სასამართლო დაუსაბუთებელ დაბრკოლებებს უქმნის მედიას პროფესიული მოვალეობის შესრულებაში. 

ჟურნალისტებს სასამართლოში პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ხელი შეუშალეს

2025 წლის 9 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში, პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს “TV პირველის” და “პუბლიკის ჟურნალისტებს.

“პუბლიკის” ჟურნლისტს ნათია ამირანაშვილს, ნიკა კაციას საქმეზე გამოკითხვაზე მოწმის სახით დაბარებული პოლიციელი გიორგი როსოფიძე ფიზიკურად დაუპირისპირდა და კითხვის დასმის შესაძლებლობას არ აძლევდა.

ონლაინ გამოცემა „პუბლიკის“ მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ პოლიციელი ჟურნალისტ ნათია ამირანაშვილისთვის მიკროფონის წართმევას ცდილობს, პოლიციის ე.წ. თანმხლები პირები კი მას ძალით აჩერებენ და კითხვის დასმის საშუალებას არ აძლევენ. “TV პირველის” ჟურნალისტმა, ნანუკა ქაჯაიამ, გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ უშლის ხელს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში მას მანდატურის სამსახურის წარმომადგენელი.

შსს-მ “პუბლიკის” ჟურნალისტის საჩივარი არ დააკმაყოფილა და ჯარიმა ძალაში დატოვა

2025 წლის 6 ივნისს შსს-მ არ დააკმაყოფილა “პუბლიკის” ჟურნალისტის საჩივარი, რომელიც ჟურნალისტის 5,000 ლარით დაჯარიმებას უკავშირდებოდა — დაჯარიმების საფუძველი რუსთაველის გამზირის გადაკეტვა იყო. 

ბასტი მგალობლიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2025 წლის თებერვალში დააჯარიმა. ჟურნალისტმა უწყებას წარუდგინა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდა, რომ ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და აშუქებდა პროევროპულ საპროტესტო აქციას, რომელიც ქვეყნის მთავარ გამზირზე 2024 წლის ნოემბერში დაიწყო და დღემდე უწყვეტად გრძელდება. მგალობლიშვილის მიერ ჯარიმის გამოწერის დღეს გადაღებული ვიდეო-მასალა ადასტურებს, რომ ის ასრულებდა პროფესიულ მოვალეობას. გარდა ამისა, გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ჟურნალისტს ეკეთა პრესის ნიშანი. თუმცა, ეს გარემოება შსს-სთვის იმის დასადასტურებლად, რომ ჟურნალისტი პროფესიულ საქმიანობას ასრულებდა, საკმარისი არ აღმოჩნდა. ამის საპირისპიროდ, სხვა საქმეზე, შსს-ს წარმომადგენელი განმარტავს, რომ ჟურნალისტ მარიამ ქვაშბაიას, გზის გადაკეტვის საფუძვლით დაჯარიმების საფუძველი ის გახდა, რომ იგი არ ატარებდა შესაბამის პრესის ნიშანს, რაც დაადასტურებდა მის მიერ პროფესიული საქმიანობის შესრულების ფაქტს. 

შსს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქუჩაში ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობა გახდა დასჯადი. მედიისთვის გამოცხადებული საკანონმდებლო თუ ფიზიკური ომის ფონზე, ეს არის ძალიან საშიში პრაქტიკა – შსს მისაზღვრავდეს სად ვიმუშაო და როგორ, რას მიიჩნევს ჟურნალისტიკად და რას – არა. შსს-ს თანამშრომლებიც ადრე თუ გვიან საკუთარ ტყავზე იგრძნობენ, რატომ არის საშიში მედიისთვის ძირის გამოთხრა”  – დაწერა ბასტი მგალობლიშვილმა.

2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მედიის დაახლოებით 36 წარმომადგენელია პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაჯარიმებული. საქმეების უმრავლესობა ამ ეტაპზე განხილვის პროცესშია. ამ დროისთვის, სასამართლომ ორი ჟურნალისტი სამართალდამრღვევად ცნო და მათ ადმინისტრაციული ჯარიმა დააკისრა.

სახელმწიფო კომპანია “საქრუსენეგროს” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული ბიზნესმენის ნათესავი  “TV პირველის” ჟურნალისტებს საჯაროდ ემუქრება

2025 წლის 7 ივნისს, “TV პირველის” ჟურნალისტებს, თამთა დოლენჯაშვილსა და ნოდარ მელაძეს, “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული ბიზნესმენის ნათესავი, რომელიც ამავდროულად სახელმწიფო კომპანიაშია დასაქმებული, საჯაროდ დაემუქრა.

„ნოდარ მელაძე, თავს მოგაგლეჯ (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) და დაგაყოლებ თამთა დოლენჯაშვილს,“ — დაწერა სოციალურ ქსელში თეა გადაბაძემ, რომელიც “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული ბიზნესმენის, ნოშრევან ნამორაძის, ცოლის დაა.

თამთა დოლენჯაშვილის მიერ მომზადებული საგამოძიებო რეპორტაჟი, სახელმწიფო კომპანია “საქრუსენერგოში” სავარაუდოდ ნეპოტიზმის ნიშნით მაღალანაზღაურებად თანამდებობებზე დასაქმებულ პირებს ეხებოდა. “TV პირველის” ცნობით, ერთ-ერთი ასეთი პირია თეა გადაბაძე, რომელიც, ჟურნალისტური გამოძიების თანახმად,  “საქრუსენერგოში” სამეთვალყურეო საბჭოს წევრად არის დასაქმებული.

კომუნიკაციების კომისიამ „ქართული ოცნების“ საჩივრები „TV პირველის“, „ფორმულასა“ და „მთავარი არხის“ წინააღმდეგ განსახილველად მიიღო

2025 წლის 5 ივნისს, კომუნიკაციების კომისიამ „TV პირველის“, „ფორმულასა“ და „მთავარი არხის“ წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ საჩივრები განსახილველად დაუშვა და მათ არსებითად 19 ივნისს განიხილავს.

2 ივნისს, ტელეკომპანიებმა „ფორმულა“ და „TV პირველი“ განცხადება გაავრცელეს, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მათ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში უჩივლა.

ტელეკომპანია „ფორმულას“ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი მაუწყებლობის შესახებ კანონის იმ ნორმების დარღვევას ედავება, რომელიც მმართველმა პარტიამ 1 აპრილს მიიღო. ოცნებამ კომისიას 1 ივნისს მიმართა, როდესაც  კომისიას მაუწყებლის დასანქცირების უფლებამოსილება მიენიჭა. 

“საჩივრის მიხედვით, ცენზურას უნდა დაექვემდებაროს ტერმინები, რომლებიც ხაზს უსვამს ქართული ოცნების პარლამენტის, თანამდებობის პირებისა თუ ინსტიტუტების არალეგიტიმურობასა და პოლიტიკურ მიკერძოებას” – ნათქვამია ტელეკომპანია “ფორმულას” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ქართული ოცნება“ ტელეკომპანია „ფორმულას“ უჩივის ისეთი ტერმინების გამოყენების გამო, როგორებიცაა: „რეჟიმის პატიმრები“, „რეჟიმის სასამართლო“, „არალეგიტიმური პარლამენტი“, „ე.წ. პარლამენტი“ და სხვა.

„TV პირველის“ ინფორმაციით, მათ წინააღმდეგ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 14-გვერდიანი საჩივარია შეტანილი, სადაც ჩამოთვლილია სიტყვები და ტერმინები, რომლებიც მედიის მიერ სხვადასხვა საინფორმაციო გამოშვებაში იყო გამოყენებული.

“მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებები “ქართულმა ოცნებამ” 2025 წლის 1 აპრილს მიიღო. ცვლილების თანახმად, მნიშვნელოვნად გაიზარდა მარეგულირებელი ორგანოს, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, უფლებამოილება, ასევე სრულად აიკრძალა მაუწყებლების უცხოური დაფინანსება

მედიაში არსებულ მდგომარეობას განცხადებით გამოეხმაურა მედიის ადვოკატირების კოალიცია – „ქართული ოცნების“ მიერ ბოლო პერიოდში ინიცირებული და მიღებული რეპრესიული კანონმდებლობა მიზანმიმართულად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და საზოგადოების წვდომას ალტერნატიულ აზრსა და ინფორმაციაზე” – ნათქვამია განცხადებაში

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები “TV პირველის” ოპერატორს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

2025 წლის 3 ივნისს, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ  “TV პირველის” ოპერატორს, სერგი ბარამიძეს.

ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ოპერატორი კადრებს იღებს, რა დროსაც მასთან მიდის, სავარაუდოდ, დეპარტამენტის დაცვის თანამშრომელი და ცდილობს, ძალის გამოყენებით გაიყვანოს ადგილიდან.  უნდა აღინიშნოს, რომ “TV პირველის” გადამღები ჯგუფი არა გდდ-ს ბაზაზე, არამედ გარე პერიმეტრზე იმყოფებოდა.  ჟურნალისტ ნანუკა ქაჯაიას თქმით, ოპერატორზე თავდასხმა მოჰყვა კითხვას, რომელიც გდდ-ის ხელმძღვანელ ზვიად ხარაზიშვილს, იგივე “ხარებას” შეეხებოდა. “TV პირველის” გადამღები ჯგუფი ცდილობდა გაერკვია, ეხებოდა თუ არა ზვიად ხარაზიშვილს საკადრო ცვლილებები, რომლებიც შსს-ში ახალი მინისტრის – გელა გელაძის მისვლის შემდეგ მიმდინარეობს.

შსს-მ „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტი, ნინო ბაიდაური, 5,000 ლარით დააჯარიმა

2025 წლის 4 ივნისს, ონლაინ გამოცემა „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტინინო ბაიდაური შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5,000 ლარით დააჯარიმა. მას 21 მარტს რუსთაველის გამზირის გადაკეტვას ედავებიან.

ჟურნალისტმა აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა და თან დაურთო შსს-სგან გამოგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინება:

„თქვენ დაჯარიმდით 174-ე პრიმა მუხლის მეხუთე ნაწილით. თარიღი: 21/03/2025. ადგილი: თბილისი, რუსთაველის გამზირი, პარლამენტის შენობის მიმდებარედ.“

საჯაროდ გავრცელებულ წყაროებზე დაყრდნობით, მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრი (CMIS) 2024 წლის 28 ნოემბრიდან აღრიცხავს  პროევროპული პროტესტის გაშუქებისას გზის გადაკეტვის საფუძველზე ჟურნალისტების დაჯარიმების შემთხვევებს, რომელთა შესახებაც საჯაროდ მოიპოვება ინფორმაცია.

შსს-მ მედია 64-ის წარმომადგენელი 5 000 ლარით დააჯარიმა

2025 წლის 2 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ დააკმაყოფილა საჩივარი და 64-ის გრაფიკული დიზაინერი, ბექა ბერიძე, 5 000 ლარით დააჯარიმა

მედიის ცნობით, ბექა ბერიძეს შსს გზის გადაკეტვას ედავება – 2025 წლის 11 თებერვალს. ბერიძემ უწყების მიერ დაკისრებული ჯარიმა გაასაჩივრა, თუმცა შსს-მ საჩივარი არ დააკმაყოფილა. 64-ის წარმომადგენელი აღნიშნულ გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრა.

“TV პირველის” ჟურნალისტს, თამთა დოლენჯაშვილს, “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი  ფიზიკურად შეეხო

2025 წლის 31 მაისს, “TV პირველის” გადაცემა “ მელაძის შაბათის”  ეთერში გავიდა თამთა დოლენჯაშვილის ჟურნალისტური გამოძიება პარტია “ქართული ოცნების” ყოფილი წევრების ფიქტიური დასაქმების შესახებ მაღალანაზღაურებად პოზიციებზე სხვადსახვა სახელმწიფო კომპანიებში.  ჟურნალისტი ერთ-ერთ ასეთ პირს, ლუკა კურტანიძეს, “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატს საქართველოს პარლამენტის შენობაში შეხვდა და კითხვების დასმა სცადა, თუმცა მისი მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა