2025 წლის 7 მაისს, თბილისში, მოსამართლეთა კონფერენცია გაიმართა, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ გარდა, არც ერთი მედიის წარმომადგენელი არ დაუშვეს. TV პირველის ინფორმაციით, ჟურნალისტ მარიამ გაფრინდაშვილსა და მის ოპერატორს ეზოში შესვლის პრობლემაც შეუქმნეს.
მარიამ გაფრინდაშვილის თქმით, ჟურნალისტებს მოსამართლეებისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა სასამართლოს ეზოშიც არ ეძლეოდათ, რადგან მოსამართლეთა უმრავლესობა დაცვის თანხლებით გადაადგილდებოდა და იყენებდა არა ცენტრალურ შესასვლელს, არამედ შენობაში შედიოდა სარდაფიდან ან სამზარეულოს მხრიდან.
მოსამართლეთა ყრილობა „პარაგრაფ თბილისში“ გაიმართა — სასტუმროში, რომელიც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას ეკუთვნის.
2025 წლის 7 მაისს, “ქართული ოცნების” ყრილობაზე ონლაინ-მედიას შეეზღუდა მუშაობა. მიზეზად დასახელდა დასასწრები ადგილების შეზღუდული რაოდენობა.
პარტიის პრესსამსახურმა, მოუწოდა მედიის წარმომადგენლებს ეხელმძღვანელათ პირდაპირი ტრანსილაციით. “ქართული ოცნების” ყრილობაზე პარტიის ახალ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს.
საჯარო სხდომების დამოუკიდებელი მედიისთვის დახურვა ზოგადი ტენდენციაა და ამ მეთოდს “ქართული ოცნებამ” წარსულშიც არაერთხელ მიმართა.
2025 წლის 1 მაისს “TV პირველის” ოპერატორი Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო 3000 ლარით დააჯარიმეს.
8 აპრილს “TV პირველის” ოპერატორს ლაშა ჯიოშვილს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის საფუძველზე.
“მოქალაქე ლაშა ჯიოშვილმა მიმდინარე წლის 6 აპრილს, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეორგოლი, სადაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას და აღნიშნულ ვიდეოზე დადებული ტექსტი, სადაც თქვენ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებთ ასევე შიგან საქმეთა სამინისტროს, ეს არის საქმის მასალები, ეს უნდა შევიტანოთ სასამართლოში“, – უთხრა ჯიოშვილს პოლიციამ.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც “TV პირველის” ოპერატორი პოლიციის მხრიდან დევნის ობიექტი გახდა. 19 თებერვალს, გვიან ღამით, სამოქალაქო ტანსაცმლიანმა, ნიღბიანმა ადამიანებმა ავტომანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს და გაიტაცეს. ის ადმინისტრაციული წესით დააკავეს და მას პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.
2025 წლის 29 აპრილს, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე დასწრებით მიზნით, არსებული წესის თანახმად, საბჭოს წერილობით მიმართეს ნინო ზაუტაშვილმა, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა, გიგა კიტიამ და გიორგი იასაშვილმა. თუმცა სამეურვეო საბჭომ, ზემოთ ხსენებული პირები სხდომაზე არ დაუშვა. აღნიშნულის შესახებ პოსტი ნინო ზაუტაშვილმა დაწერა.
შეგახსენებთ, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველი არხიდან” მიმდინარე წლის 11 აპრილს გაათავიუსფლეს. ჟურნალისტები საკუთარი ეთერებიდან მკაფიოდ გამოხატავდნენ პროტესტს “ქართული ოცნების” პოლიტიკის მიმართ, მხარს უჭერდნენ პროევროპულ პროტესტს და განსაკუთრებული სოლიდარობა გამოუცხადეს “ბათუმელების” და “ნეტგაზეთის” თანადამფუძნებელის მზია ამაღლობელს.
გიგა კიტიამ კი, საზოგადოებრივი მაუწყელბლის სარედაქციო პოლიტიკის კრიტიკისთვის წერილობითი გაფრთხილება 2025 წლის 17 აპრილს მიიღო.
2025 წლის 30 აპრილს ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტებმა ელისო ჯარიაშვილმა და თათა ფორაქიშვილმა საქართველოს პარლამენტის აკრედიტაციის ერთი თვით შეჩერების შესახებ შეტყობინებები მიიღეს.
ორივე შემთხვევაში, ჟურნალისტები “ქართული ოცნების” დეპუტატებისგან კრიტიკულ კითხვებზე პასუხების მიღებას ცდილობდნენ, რაც საკანონმდებლო ორგანოს ადმინისტრაციამ “საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის” დარღვევად მიიჩნია. თათა ფორაქაშვილს აკრედიტაცია “ქართული ოცნების” დეპუტატის ნინო წილოსანის მოთხოვნის საფუძველზე შეუზღუდეს, ელისო ჯარიაშვილს კი, “ქართული ოცნების” დეპუტატის არჩილ გორდულაძის.
2025 წლის 28 აპრილს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.
შეგახსენებთ, მზია ამაღლობელი მიმდინარე წლის 11 იანვარს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, ხოლო რამდენიმე საათში, 12 იანვარს, სისიხლის სამართლის წესით.
მზია ამაღლობელის სახელით “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს საჩივრით მიმართა.
2025 წლის 6 აპრილს ჟურნალისტი ირინა მაკარიძე გაზეთ „ქრონიკა+“-ის და საინფორმაციო სააგენტო “cnews”-თვის მუშაობდა შოთა რუსთაველის გამზირზე, მიმდინარე მოვლენებს აშუქებდა, თუმცა “გზის უკანონოდ” გადაკეტვის გამო პოლიციამ 5 000 ლარით დააჯარიმა.
ჟურნალისტი ჯარის გასაჩივრებას გეგმავს.
2025 წლის 12 აპრილს, “გზის უკანონოდ” გადაკეტვის გამო საინფორმაციო სააგენტო “ტაბულას” ჟურნალისტი – ლუკა კაციტაძე 5 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრეს.
ონლაინ გამოცემა წერს, რომ ლუკა კაციტაძე 12 აპრილს შოთა რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ჟურნალისტებს უსაფუძვლოდ აჯარიმებენ.
“მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრს” ათეულობით ასეთი შემთხვევა აქვს აღწერილი.
2025 წლის 24 აპრილს ონლაინ გამოცემა “პუბლიკას” რეპორტიორი მინდია გაბაძეს სასამართლოს სხდომა დაატოვებინეს.
მოსამართლე დავით თეთრაულმა ჟურნალისტს სასამართლო სხდომიდან კითხვის დასმის გამო გააძევა. მინდია გაბაძე ბიზნესმენ გიორგი ჩხეიძის სასამართლო პროცესს აშუქებდა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც მინდია გაბაძეს პროფესიული მოვალეობის დროს საქმიანობაში ხელი შეუშალეს, მეტიც მას დაუდგენელი პირები რუსთაველის გამზირზე ფიზიკურად გაუსწორდნენ, იქვე მდგომ პოლიციას კი რეგირება არ მოუხდენია.
ასევე, ტენდენციური ხასიათი აქვს სასამართლო პროცესებიდან ჟურნალისტების ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გაძევებას.
2025 წლის 26 აპრილს, “TV პირველის” ეთერში მაკა ანდრონიკაშვილის ჟურნალისტური გამოძიება გავიდა ლევან ალექსიძის ქუჩაზე სავარაუდოდ, კორუფციული გზით მოპოვებული სამშენებლო ნებართვის შესახებ.
გადაღებაზე მისულ ჯგუფს – მაკა ანდრონიკაშვილს და მის ოპერატორს, საქმის მთავარი ფიგურანტი თამაზ ხარაიძემსიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა.