კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია “ფორმულა” 2 500 ლარით დააჯარიმა

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, ტელეკომპანია “ფორმულას” „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევა დაუდგინა და სანქციის სახით, 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

საქმის წარმოება კომისიაში თავად უწყების მიერ ჩატარებული აპრილის თვის მედია მონიტორინგის საფუძველზე დაიწყო. კომუნიკაციების კომისიამ ჩათვალა, რომ „ფორმულამ“ მაუწყებლობის შესახებ კანონში ახლად შეტანილი ის მუხლები დაარღვია, რომლებიც შინაარსთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს. კერძოდ, 54-ე მუხლის პირველი, მეოთხე და მეხუთე პუნქტები. კომუნიკაციების კომისიამ “ფორმულა” დააჯარიმა ახალი ამბების პროგრამებში   გამოყენებული ისეთი სიტყვებისთვის, როგორიცაა „ქართული ოცნების მთავრობის მეთაური“, „ივანიშვილის რეჟიმი“, „რეჟიმის პროკურატურა“, „ოცნების პრემიერი“ და სხვა მსგავსი.  ასევე, პრობლემურად მიიჩნია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების შესახებ სიუჟეტის ეთერში გაშვება ჯანდაცვის სამინისტროს კომენტარის გარეშე და ეს ბალანსის დაცვის მოთხოვნის დარღვევად ჩათვალა.

“გამომდინარე იქიდან, რომ ტელეკომპანია „ფორმულას“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი ხასიათის დარღვევისთვის წერილობითი გაფრთხილება უკვე მიღებული ჰქონდა, კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებელს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მინიმალური – 2500 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა”, – ვკითხულობთ კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში. წერილობითი გაფრთხილება “ფორმულამ”, სხვა ტელეკომპანიებთან ერთად, 8 აპრილს მიიღო. იმ შემთხვევაშიც, კომკომი, არხს იდენტურ საკითხებს ედავებოდა.

“თვალსაჩინოა ცენზურის ნორმალიზებისა და სარედაქციო საქმეებში ჩარევის მცდელობა”, – ასე აფასებს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ამ ფაქტს და ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს ამ ტენდენციის გამო.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს მორიგი სანქცია დააკისრეს და ხელფასი დაუქვითეს

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, ტექნიკისა და ტექნოლოგიების ოპერატორების ჯგუფის სტუდიის ოპერატორს გივი ჩიმაკაძეს მორიგი სანქცია დააკისრა. დირექტორის ბრძანებით, გივი ჩიმაკაძეს მაისის თვის შრომითი ანაზღაურებიდან 30% დაექვითება.  

ბრძანების თანახმად, ადმინისტრაციამ არ მიიღო ოპერატორის მიერ წარდგენილი საავადმყოფო ფურცელი, ე.წ. ბიულეტენი, გაცემული თბილისის ბოჭორიშვილის კლინიკის მიერ 2026 წლის 15 აპრილს. ბრძანებაში უარის მიზეზად  დასახელებულია ის, რომ ბიულეტენში მითითებულ პერიოდში (15 – 20 აპრილი), ჩიმაკაძე სხვა დამსაქმებლის სასარგებლოდ მუშაობდა.

“ეს ის სამსახური იყო, რომლიდანაც სიგნალს  საზოგადოებრივი მაუწყებელი ღებულობდა ისევ და ისევ ბიულეტენზე გასული ოპერატორის თანამონაწილეობით”, – წერს ჩიმაკაძის კოლეგა გიგა კიტია, რომელიც, ასევე არაერთხელ არის დასანქცირებული.

მეორე სანქციაა ეს გივი ჩიმაკაძისთვისაც. ამავე წლის 11 თებერვალს, გივი ჩიმაკაძეს სოციალურ ქსელში განცხადების გავრცელების გამო საყვედურიგამოუცხადა.

პირველი არხის ადმინისტრაციამ, არხის სარედაქციო პოლიტიკისადმი კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების მიმართ რეპრესიული პოლიტიკის გატარება ერთი წლის წინ დაიწყო. ამ პერიოდში, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რეპრესიები 30-მდე თანამშრომელს შეეხო.

შსს-ში საჯარო კომუნიკაციის მონიტორინგისთვის ახალი სამმართველოს შექმნა იგეგმება

სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი სამმართველო შეიქმნება, რომლის ფუნქცია საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის მონიტორინგი იქნება.

მდინარაძის თქმით, სამმართველო ნებისმიერი ტიპის საჯარო კომუნიკაციას დააკვირდება, მათ შორის ისეთ განცხადებებს, რომლებიც, ხელისუფლების შეფასებით, შეიცავს სიძულვილის ენას, შუღლის გაღვივებას, ღირსების შელახვას ან სხვა მსგავსი ხასიათის კომუნიკაციას.

მისივე განცხადებით, სამმართველო პროაქტიულ რეჟიმში იმოქმედებს და რეაგირება მხოლოდ მოქალაქის საჩივარზე არ იქნება დამოკიდებული. უწყება თავად განახორციელებს მონიტორინგს, სამართლებრივ შეფასებას და, საჭიროების შემთხვევაში, მასალებს სასამართლოში გადააგზავნის.

მდინარაძემ განაცხადა, რომ ახალი მექანიზმის მიზანი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა არ არის. მისი თქმით, „კრიტიკის გამო არავინ არავის დაადებს ადმინისტრაციულ სახდელს“, თუმცა იმ შემთხვევებში, როდესაც კომუნიკაცია შეურაცხმყოფელ ან შუღლის გამაღვივებელ ხასიათს მიიღებს, სასამართლომ შესაძლოა ადმინისტრაციული პატიმრობაც გამოიყენოს.

ახალი სამმართველოს შექმნის ინიციატივა განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ფონზე, როდესაც ბოლო პერიოდში საქართველოში საჯარო გამოხატვის, მათ შორის სოციალური ქსელებში გამოქვეყნებული პოსტების გამო, პირების ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არაერთი შემთხვევა ფიქსირდება.მდინარაძის განცხადების საპასუხოდ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ ონიანმა განაცხადა, რომ დაანონსებული მექანიზმი „ერთგვარი ცენზურის მექანიზმად გვევლინება, და, მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ საზოგადოებაში ინტერესთა ბალანსთან“.

თბილისის საქალაქო სასამართლომ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლებული ჟურნალისტის ნინო ზაუტაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე ელიაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ არხიდან გათავისუფლებული ჟურნალისტისა და წამყვანის, ნინო ზაუტაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა.

ზაუტაშვილის ადვოკატის, გიორგი იასაშვილის განცხადებით, ისინი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობასა და მისი შესაბამის პოზიციაზე აღდგენას ითხოვდნენ.

„საქმეს რომ ბოლომდე მივიყვან, ეს ვიცი და არც დრო და არც ენერგია არ დამენანება ამისთვის. ზუსტად ვიცი, რომ მართალი ვარ და მოსამართლემაც იცოდა, რომ ჩემსკენ იყო სიმართლე. ამ საშინლად მძიმე დროში, როცა ძალიან ბევრი უსამართლო გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ერთადერთ და უპირველეს ამოცანად რჩება მართლმსაჯულების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა“, – განაცხადა ნინო ზაუტაშვილმა „მედიაჩეკერთან“ საუბრისას.

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „მოამბის“ ყოფილი წამყვანის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის სარჩელიც, რომლითაც ის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას ითხოვდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაცემა „რეალური სივრცის“ წამყვანი ნინო ზაუტაშვილი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად სამსახურიდან 2025 წლის 11 აპრილს გაათავისუფლა.

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ დახურული გადაცემის “რეალური სივრცის” თანამშრომლების საჩივარი

20 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლიანა კაჟაშვილმა არ დააკმაყოფილა გგადაცემა „რეალური სივრცის“ ყოფილი თანამშრომლების საჩივარი.

გადაცემა „რეალური სივრცე“ საზოგადოებრივ მაუწყებელზე 2025 წლის 5 მაისამდე გადიოდა. არხის მენეჯმენტმა მაშინ მიიღო გადაცემის დახურვის გადაწყვეტილება. „რეალური სივრცის“ თანამშრომლებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს სასამართლოში უჩივლეს.

20 აპრილს გამოცხადებული გადაწყვეტილება ქეთევან კაპანაძის, იოსებ კაციტაძის, თამარ მშვენიერაძის, ომარ წოწორიასა და ტუხა კვინიკაძის ტელევიზიიდან გათავისუფლების საქმეს ეხებოდა. ისინი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობასა და 2022 წლის 30 დეკემბრის უვადო შრომითი ხელშეკრულებების პირობებით, გადაცემა „რეალური სივრცის“ შესაბამის პოზიციებზე აღდგენას მოითხოვენ.

2024 წლის ნოემბრიდან, პროევროპული პროტესტის დაწყების შემდეგ, აქციის მონაწილეები სატელევიზიო ეთერის გახსნასაც ითხოვდნენ. მოთხოვნას შეუერთდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებიც. არხის სარედაქციო პოლიტიკას ღიად აკრიტიკებდა გადაცემა „რეალური სივრცის“ გუნდიც.

2025 წლის 11 აპრილს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა „რეალური სივრცის“ წამყვანი ნინო ზაუტაშვილი და „მოამბის“ წამყვანი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი. 1 მაისიდან დაიხურა გადაცემა „რეალური სივრცე“, ხოლო გუნდის იმ წევრებს, რომლებმაც ახალ შეთავაზებებზე უარი თქვეს, ხელშეკრულებები შეუწყდათ.

“TV პირველი” პროსახელისუფლებო “იმედს” დეზინფორმაციის გავრცელებაში ამხელს 

“TV პირველი” აცხადებს, რომ ტელეკომპანია “იმედმა” 16 აპრილს, საინფორმაციო გამოშვება “ქრონიკაში”,  TV პირველის  შესახებ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა. 

ტელეკომპანიის განცხადებით, არ შეესაბამება სიმართლეს გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს “TV პირველს” პარტია “ქართული ოცნების” მთავრობაში მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაციის გავრცელება ვინმე ბლაჟვიჩმა დაავალა. “TV პირველი” აღნიშნავს, რომ ეს ინფორმაცია არის “ტყუილი და დეზინფორმაცია” და არ ეფუძნება ფაქტობრივ გარემოებებს.

ტელეკომპანიის განცხადებით, მასალის მომზადებისას “იმედის” ჟურნალისტი საპასუხო კომენტარის მისაღებად არხს არ დაკავშირებია, რაც მათი შეფასებით “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევას წარმოადგენს.  “TV პირველი” მოითხოვს დეზინფორმაციის გავრცელების შეწყვეტას და საკუთარი პოზიციის სრულად გაშუქებას იმავე საინფორმაციო გამოშვებაში. ამასთან, ტელეკომპანია  კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მოუწოდებს, მომხდარზე დაუყოვნებლის მოახდინოს რეაგირება.  არხის შეფასებით, მსგავსი ყალბი ინფორმაციის გავრცელება  დამოუკიდებელი მედიის დისკრედიტაციის მცდელობას ემსახურება.

კომუნიკაციების კომისიამ ოთხი ტელეკომპანია  წერილობით გააფრთხილა

კომუნიკაციების კომისიამ ოთხი ტელეკომპანია, მათ შორის, ორი პროსამთავრობო არხიც, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო, წერილობით გააფრთხილა. საუბარია ხელისუფლებისადმი კრიტიკულ არხებზე – „ფორმულა“ და  „TV პირველი“ და ასევე, პროსამთავრობო მაუწყებლებზე –  POSTV  და „იმედი“. კომუნიკაციების კომისიამ ტელევიზიები იმ მუხლების დარღვევის გამო გააფრთხილა,  რომლებიც შინაარსობრივი რეგულირების საკითხებს შეეხება. 

ComCom-ის ინფორმაციით, საკითხი დღის წესრიგი მის მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგის საფუძველზე დადგა. ტელევიზიებს ედავებოდნენ ისეთ საკითხებს, რაც ეხება – მიუკერძოებლობას, ბალანსს, პირადი დამოკიდებულების/მოსაზრების საფუძველზე გაშუქებას და ფაქტის ჯეროვან სიზუსტეს.   მაგალითად, კომისიამ მიიჩნია, რომ ფრაზების: „ოცნების პროკურატურა“, „ოცნების პარლამენტი“, „ივანიშვილის პრემიერ-მინისტრი“, „რაჟდენ კუპრაშვილის უწყება“, „ოცნების მთავრობის წევრებთან“, „სასამართლო კლანი“, და სხვ. გამოყენებით „ფორმულამ“ ახალი ამბების პროგრამაში საკითხი მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე გააშუქა, რითაც კანონი დაარღვია.


ComCom-ის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტმა მონიტორინგის დროს ყველაზე მეტი შესაძლო დარღვევა სწორედ დამოუკიდებელ  არხებს – „ფორმულას“ და ”TV პირველს” “აღმოუჩინა”, “ფორმულას” – 20, “TV პირველს” კი – 18, ყველაზე ცოტა კი, პროსამთავრობო, რუსული დეზინფორმაციის გავრცელებისთვის დასანქცირებულ “იმედსა” (4 დარღვევა) და “POSTV”-ს (7).


კომუნიკაციების კომისია ამჯერად მხოლოდ წერილობითი გაფრთხილებით იმ მოტივით შემოიფარგლა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ამ ტელევიზიების მიმართ მსგავსი ხასიათის დარღვევისთვის სანქცია გამოყენებული არ ყოფილა.

შეგახსენებთ, მარტის დასაწყისში, პროსამთავრობო “იმედისა” და “POSTV”-ის დასანქცირების შემდეგ, ComCom-მა გაავრცელა მუქარის შემცველი განცხადება, რომ ის მარტიდან მაუწყებლების შინაარსის მონიტორინგს დაიწყებდა. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში, გასულ წელს „ქართულმა ოცნებამ“  რეპრესიული ცვლილებები მიიღო. ეს ცვლილებები მაუწყებლების შინაარსის რეგულირებას უკავშირდება.

“ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე კვლავ თავს ესხმის და რეაგირებით ემუქრება დამოუკიდებელ ონლაინ გამოცემებს 

2026 წლის 2 აპრილს, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა,  ონლაინ გამოცემები: “რადიო თავისუფლება”, „ტაბულა“, პუბლიკა“ და „ნეტგაზეთი“ “უცხოური დაფინანსების მქონე პარტიულ პროპაგანდისტული ჯგუფებად” მოიხსენია, დაადანაშაულა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდის საქმიანობაში ჩარევაში და რეაგირებით დაემუქრა.


“ვხედავთ ჩვენ, რომ, მაგალითად, უცხოური დაფინანსების მქონე პარტიული პროპაგანდისტული ჯგუფები, „რადიო თავისუფლება“, „ტაბულა“, პირდაპირ ერევა სინოდის საქმიანობაში, პირდაპირ დაწყებული აქვთ კამპანია კონკრეტული სასულიერო პირების წინააღმდეგ, დაწყებული „რადიო თავისუფლებას“ და „ტაბულას“ და სხვა ონლაინგამოცემებს: „პუბლიკას“, „ნეტგაზეთსა“ და ა.შ. აქვთ პირდაპირი საარჩევნო კამპანია სხვადასხვა სასულიერო პირის სასარგებლოდ თუ საწინააღმდეგოდ. ყველაფერს ამას ვაკვირდებით და ამაზე იქნება სათანადო რეაქცია“, – განაცხადა პაპუაშვილმა. მისი ეს განცხადება მხოლოდ იმას მოჰყვა, რომ  საქართველოს კათალოკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ, მედია ინტერესდება და აშუქებს ახალი პატრიარქის არჩევის საკითხებს.

“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” პაპუაშვილს შეახსენებს, რომ მედიის როლი და მოვალეობა ქვეყანაში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვანი საკითხის გაშუქებაა. “ახალი პატრიარქის არჩევა ასეთ საკითხთა რიგშია და მედია საქართველოში ახლა აკეთებს ზუსტად იმას, რასაც უნდა აკეთებდეს – იძიებს ინფორმაციასა და კომენტარებს ამ საკითხის გარშემო და თავის აუდიტორიას უზიარებს”, – ნათქვამია ქარტიის განცხადებაში. ქარტია უმაღლესი თანამდებობის პირებს მოუწოდებს, შეწყვიტონ მედიასაშუალებებისა და ჟურნალისტების შევიწროება და დაშინება, კრიტიკული ხმების ჩახშობის მიზნით, და მისცენ მედიას საშუალება, სრულფასოვნად შეიტანოს წვლილი საზოგადოებრივი დისკურსის ფორმირებაში.

პროსამთავრობო “POSTV”-ის დირექტორი შალვა რამიშვილი, ჟურნალისტ ვიკა ბუკიას დისკრედიტაციას ცდილობს

რუსული პროპაგანდის გავრცელების გამო ბრიტანეთისგან სანქცირებული, პროსამთავრობო “POSTV”-ის დირექტორი და საავტორო გადაცემის წამყვანი შალვა რამიშვილი, “TV პირველის” ჟურნალისტის, ვიკა ბუკიას დაკნინებას ცდილობს გეოგრაფიული ნიშნით.  

“პროვინციიდან წამოსული გოგონა”, “აგრესიული პროვინციელი”, – ასე მოიხსენიებს რამიშვილი ვიკა ბუკიას და იქვე ახსენებს მის დას, ასევე ჟურნალისტ სოფო ბუკიას, JAMnews-ის რედაქტორს, როგორც ასევე პროვინციელს.

ვიკა ბუკია წარმოშობით სამეგრელოდან არის. რამიშვილს ეს მიაჩნია დამაკნინებლად და  სწორედ ამ ნიშნით შეურაცხყოფს ჟურნალისტს. ასევე, თავადვე ამტკიცებს, რომ ამას მიზანმიმართულად აკეთებს:

“შენ წარმოადგენ ჟუუუურნალისტთა (ამ სიტყვასაც სპეციალურად წარმოთქვამს ამგვარი კონოტაციით) კლასს, რომელსაც მე დაბადებიდან ვებრძოდი. შენ გებრძვით არა როგორც პროვინციელ ვიკა ბუკიას, არამედ ჟუუურნალისტთა კლასის წარმომადგენლებს, კრებსით ინგა გრიგოლიას, ნოდარ მელაძეს, რომ თქვენს ავტორიტეტს, თუ გაქვთ, დედა ეტიროს”, – ღიად ამბობს პროპაგანდისტი რამიშვილი. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც “POSTV” და მასთან დაკავშირებული პირები დამოუკიდებელი და კრიტიკული ჟურნალისტების შეურაცხყოფას და დისკრედიტაციას ცდილობენ. 4 მარტს, ასევე შალვა რამიშვილმა, გამომძიებელი ჟურნალისტის ქეთი თუთბერიძის დამცირება სცადა მისადმი სექსისტური ეპითეტის გამოყენებით

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი რეჟისორი გოგა ხაინდარავა სამართალდამცავებს  მიმართავს დაინტერესდნენ  ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში მის შესახებ გასული სიუჟეტით

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი რეჟისორი გოგა ხაინდარავა საქართველოს პროკურატურას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს, დაინტერესდნენ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში მის შესახებ გასული სიუჟეტით.

საუბარია მასალაზე, რომელიც „ფორმულას“ ეთერში 2026 წლის  17 იანვარს გავიდა. მასში ნათქვამია, რომ 2016-2017 წლებში გოგა ხაინდრავას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, საქართველოში  ინდოეთისა და პაკისტანის მოქალაქეები შემოჰყავდა.

„სიუჟეტში გაჟღერებული იყო, რომ მე, სუს-თან შეთანხმებით, წინასწარი განზრახვით ჩავიდინე უმძიმესი დანაშაული. ეს ჩემთვის სახელმწიფოს ღალატის ტოლფასი დანაშაულია. ქვეყნის ღალატია, როცა ქრთამის სანაცვლოდ ქვეყნის ტერიტორიაზე არალეგალურად შემოგყავს პოტენციური დამნაშავეები. ამიტომ, გარდა იმისა, რომ სარჩელი შევიტანე სასამართლოში, მივმართავ პროკურატურას და ვთხოვ, ჩაატაროს გამოძიება საკითხზე, რათა დადგენილი იყოს, ვინ არის დამნაშავე, მე, სუს-ი, საზღვრის დაცვის პოლიცია თუ შპს „სიცრუის ფორმულა“,- განაცხადა ხაინდრავამ პრესკონფერენციაზე.

მიმდინარე წლის იანვარში, ამ სიუჟეტის გასვლის შემდეგ, გოგა ხაინდრავამ დაანონსა, რომ ის  „ფორმულას“  სასამართლოს მიმართავდა. .აღსანიშნავია, რომ სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ, გადაცემის წამყვანმა დავით ქაშიაშვილმა  მუქარის შემცველი შეტყობინება მიიღო მისთვის უცნობი პირისგან. მუქარის ავტორი ჟურნალისტს სწერდა: “პატარა ქალაქია თბილისი…. თავს გაუფრთხილდი ჯიგარო”. დავით ქაშიაშვილმა აღნიშნულის შესახებ თავად განაცხადა გადაცემის პირდაპირ ეთერში და ამ გზით საქმის კურსში ჩააყენა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.