“TV პირველის” გადამღებ ჯგუფს ოთარ ფარცხალაძის დაცვამ მუშაობაში ხელი შეუშალა

17 ოქტომბერს, ტელეკომპანია „პირველის“ გადამღებ ჯგუფს ოთარ ფარცხალაძის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაცვის თანამშრომლებმა გადაადგილების საშუალება არ მისცეს და საქმიანობაში ხელი შეუშალეს.

მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, ჟურნალისტი ცდილობდა გადაეღო ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის სახლთან მიმდინარე ვითარება, თუმცა ადგილზე მყოფი დაცვა ჟურნალისტს წინ გადაუდგა, სახლთან მიახლოების შესაძლებლობა არ მისცა, რა დროსაც გადაღების შესაძლებლობა შეუზღუდა.

იმავე დღეს, საქართველოს პროკურატურამ ბრიფინგი გამართა, სადაც მოქმედმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, რომ ჩხრეკა ჩატარდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილისა და ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის საცხოვრებელ სახლებში. პროკურატურას არ დაუკონკრეტებია, რომელი მუხლებით მიმდინარეობს გამოძიება, უკავშირდება თუ არა საქმე ახალ გამოძიებას და იგეგმება თუ არა ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავება.

საპატრიარქო „TV პირველს“ და „ფორმულას“ მომდევნო საეკლესიო დღესასწაულებზე არ დაუშვებს 

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა განაცხადა, რომ 14 ოქტომბერს, შიდა წესების დარღვევის გამო, ტელეკომპანიების „TV პირველის“ და „ფორმულას“ გადამღები ჯგუფები მომდევნო საეკლესიო დღესასწაულებზე აკრედიტაციას ვერ მიიღებენ.

“დღეს, 14 ოქტომბერს, სვეტიცხოველის ტაძრის ეზოში ჟურნალისტური საქმიანობის საბაბით, შიგა განაწესის დარღვევისათვის, არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, პრესისთვის გამოყოფილი სივრცის თვითნებურად დატოვებისათვის, TV პირველის და TV ფორმულას გადამღები ჯგუფები მომდევნო საეკლესიო დღესასწაულებზე აკრედიტაციას ვერ მიიღებენ”. – ნათქვამია განცხადებაში.

საპატრიარქომ 2022 წლიდან მედიისთვის დამატებითი რეგულაციები დააწესა. ჟურნალისტებს საეკლესიო ღონისძიებების გასაშუქებლად სპეციალური აკრედიტაციის მიღება სჭირდებათ, ხოლო, მუშაობა მხოლოდ  მედიისთვის სპეციალურად განსაზღვრულ ზონებში შეუძლიათ.

შსს-ს განცხადება საფრთხეს უქმნის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას

5 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 4 ოქტომბრის შეკრება „მიზნად ხელისუფლების დამხობას ისახავდა“ და „მალევე მიიღო კანონსაწინააღმდეგო ხასიათი“, რის შემდეგაც სამინისტრომ „პროპორციული ზომები“ მიიღო. უწყების თქმით, „გუშინდელი მოვლენებიდან გამომდინარე“, 5 ოქტომბრიდან ნებისმიერი შეკრება ჩაითვლება „დამხობის მცდელობის გაგრძელებად“ და სამინისტრო მიიღებს შესაბამის ზომებს „საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად“. ფაქტობრივად, ეს ნიშნავს, რომ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეები შესაძლოა სამართლებრივ დევნას დაექვემდებარონ მხოლოდ შეკრებაში მონაწილეობის გამო. განცხადება გავრცელდა 4 ოქტომბრის აქციის ხუთი ორგანიზატორის დაკავების შემდეგ და მოქალაქეთა და პარტია „ფედერალისტების“ მიერ ახალი აქციის დაანონსებამდე რამდენიმე საათით ადრე.

მსგავსი რიტორიკა საფრთხეს უქმნის როგორც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, ისე მედიის თავისუფლებას. სამინისტროს მიერ გამოყენებული ფორმულირებები ქმნის ბუნდოვან სამართლებრივ ჩარჩოს, რომლის პირობებშიც ჟურნალისტების მიერ პროტესტის გაშუქება ან კრიტიკული პოზიციის გაჟღერება შეიძლება აღქმული იყოს „დამხობის მცდელობის“ მხარდაჭერად.   ასეთი განცხადება ქმნის მსუსხავ ეფექტს (chilling effect) და  არღვევს მედიის საქმიანობას და საზოგადოების მიერ ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების უფლებას, რაც ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ასევე საერთაშორისო კონვენციებით გარანტირებულ ძირითად უფლებებს.

4 ოქტომბრის აქციაზე “მაუწყებელმა” დრონი დაკარგა

2025 წლის 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის გაშუქებისას, საჰაერო გადაღების კამერა დაკარგა მედია “მაუწყებელმა”. გადაღების დროს მოულოდნელად დრონი გამოვიდა მწყობრიდან, მსგავსად სხვა მედიებისა”, – უთხრა „მაუწყებელის“ ჟურნალისტმა „მედიაჩეკერს.

ამ დღეს დრონებზე კონტროლი დაკარგეს “პროექტმა 64” და “ნეტგაზეთმაც”.

4 ოქტომბრის აქციაზე “ნეტგაზეთმა” დრონი დაკარგა

2025 წლის 4 ოქტობრის აქციაზე, გამოცემა „ნეტგაზეთმა” საჰაერო გადაღების კამერა დაკარგა. გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მათ დრონი რუსთაველის გამზირზე დაკარგეს. “ნეტგაზეთის”, ისევე როგორც სხვა მედიასაშუალებების დრონები, სავარაუდოდ, საგანგებოდ ჩამოაგდეს რუსთაველის გამზირზე, სადაც დემონტრაციის გადაღებას ვცდილობდით,” – ნათქვამია გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

ამავე დღეს დრონები დაკარგეს “პროექტმა 64” და “მაუწყებელმა”

“პროექტ 64”-ის გუნდმა, 4 ოქტომბრის აქციაზე, დრონზე კონტროლი დაკარგა

2025 წლის 4 ოქტომბრის აქციაზე, „პროექტმა 64”  საჰაერო გადაღების კამერა დაკარგა. “პროექტ 64”-ის დამფუძნებელი და ჟურნალისტი, გიორგი გოგუა, სოციალურ ქსელში წერს, რომ კამერა პარლამენტის მიმდებარედ იღებდა კადრებს, რა დროსაც, მოულოდნელად კამერამ უცნაურად დაიწყო ფრენა, მან კი კონტროლი დაკარგა.

“ვაკონტროლებდი მარტო კამერის მიმართულებას, მაგრამ დრონის ტრაექტორიას ვერ. ბოლო კადრი, სანამ სიგნალი დაიკარგა, არის სადღაც რუსთაველიდან მთაწმინდის მიმართულებით. ფრენის ისტორია რუკაზე მიჩვენებს, რომ დრონი აეროპორტისკენ გაფრინდა“. 

ამავე დღეს დრონებზე კონტროლი დაკარგეს მედიასაშუალებებმა “ნეტგაზეთი” და “მაუწყებელი”.

“სტუდია მონიტორის” ჟურნალისტს პოლიციამ მუშაობაში შეუშალა ხელი

2025 წლის 4 ოქტომბერს, თბილისში გამართულ მასშტაბურ საპროტესტო აქციაზე, “სტუდია მონიტორის” ჟურნალისტის, ქეთი თუთბერიძისთვის, კრიმინალური პოლიციის ორმა თანამშრომელმა მუშაობაში ხელშეშლა და ტელეფონის წართმევა სცადა.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ჟურნალისტი ცდილობდა მოქალაქეების დაკავების კადრები გადაეღო. “ორბელიანის მოედანთან სპეცრაზმი გაეკიდა ორ მოქალაქეს დასაჭერად, მათგან ერთ-ერთი ირაკლი წულაიაა. “ვიღებდი კადრებს და კრიმპოლის ორი თანამშრომელი მომვარდა ღრიალით, ხელზე მეჯაჯგურებოდნენ და ცდილობდნენ წაერთმიათ ტელეფონი,” –  წერს თუთბერიძე პოსტში

ახალციხის მე-6 უბანზე “სამხრეთის კარიბჭეს” ჟურნალისტს გადაღება შეუზღუდეს

2025 წლის 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს (რომელსაც პროდასავლური ოპოზიციის დიდმა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა) ახალციხის N6 საარჩევნო უბანზე, საუბნო კომისიის თავმჯდომარემ გამოცემა  „სამხრეთის კარიბჭეს“ ჟურნალისტს ნუკა სტეფნაძეს უბანზე გადაღება შეუზღუდა.

მან ჟურნალისტს განუცხადა, რომ მხოლოდ 10 წუთი შეეძლო გადაღება. გამოცემის ცნობით, კომისიის თავმჯდომარემ მხოლოდ მას შემდეგ მისცა ჟურნალისტს მუშაობის გაგრძელების საშუალება, რაც მას საოლქო კომისიიდან დაუკავშირდნენ და წესები განუმარტეს.

4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის გაშუქებისას ფოტოგრაფი მარიამ გიუნაშვილი დაშავდა

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ინფორმაციით, 2025 წლის 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის გაშუქებისას, დოკუმენტალისტმა ფოტოგრაფმა, მარიამ გიუნაშვილმა წიწაკის სპრეისგან დამწვრობა მიიღო. „სამი სხვადასხვა მხრიდან შემესხა [წიწაკის სპრეი], წინიდან ეგრევე სახეში და გვერდებიდან მთელ სხეულზე. ხელებზე და მკლავებზე მივიღე განსაკუთრებულად დამწვრობა”, – თქვა გიუნაშვილმა “მედიაჩეკერთან” საუბრისას.

“პუბლიკის” ჟურნალისტს თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატური პოლიციის გამოძახებით დაემუქრა და ფიზიკური ანგარიშსწორება სცადა

2025 წლის 1-ელ ოქტომბერს, ონლაინ გამოცემა “პუბლიკის” ჟურნალიტს, მინდია გაბაძეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატური პოლიციის გამოძახებით დაემუქრა და მასზე ფიზიკური ანგარიშსწორება სცადა. მინდია გაბაძე სასამართლოში აქტივისტ გელა ხასაიას სასამართლო პროცესს აშუქებდა.

როგორც მინდა გაბაძე აღწერს: პროცესის დაწყებამდე მანდატურების სამსახურის უფროსი, დავით მატიაშვილი, მას დაემუქრა, რომ გადაღების შემთხვევაში, „პოლიციას  გამოიძახებდა და გვერდით ოთახში შეიყვანდა“. 
გაბაძე ამბობს, რომ სასამართლოს შენობაში მას არაფერი გადაუღია. მას შემდეგ, რაც მანდატურებმა პროცესის დასრულებისთანავე ძალის გამოყენებით დაიწყეს დამსწრეების და ჟურნალისტების გაყვანა შენობიდან, სასამართლოს  წყნარად და მშვიდად ტოვებდა. მიუხედავად ამისა, მისი თქმით, დავით მატიაშვილს სამჯერ ჰქონდა მცდელობა (ორჯერ შენობაში და ერთხელ ეზოში), რომ ფიზიკურად გასწორებოდა – “წიხლის ამორტყმით და ხელის ჩაბღაუჭებით”.

“კიდევ ორი შემთხვევა იყო, სხვა, ახალბედა მანდატურმა პირდაპირ კისერში ჩამავლო ხელი. ყოველ ჯერზე შოკისგან უმოძრაოდ ვიყავი და ჩემი რედაქტორი გლეჯდა ჩემს თავს მანდატურებს. მეხმარებოდნენ აქტივისტებიც”, – წერს ჟურნალისტი.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ხაზს უსვამს, რომ საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად, მედიას უკიდურესად შეეზღუდა სასამართლო პროცესების გაშუქების შესაძლებლობა. ორგანიზაციის შეფასებით, სასამართლოებში მედიას არ აქვს მინიმალური სამუშაო პირობებიც კი, ხოლო გარემო უკიდურესად მტრული და საფრთხის შემცველია. 

“ყოველ ჯერზე, როცა ჟურნალისტები სასამართლოში პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ, სერიოზული საფრთხე ექმნება მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. სასამართლოში მუშაობისას ჟურნალისტები რისკავენ თავისუფლებასაც, მაშინაც კი, როცა ისინი ძალადობისგან საკუთარი თავის ან კოლეგის დაცვას ცდილობენ. ჟურნალისტების მიმართ ამგვარი დამოკიდებულება მიზანმიმართული დევნის ყველა ნიშანს ატარებს”, – ნათქვამია ორგანზიაციის განცხადებაში.

“ქართული ოცნების” სასამართლო – უსამართლობის და ძალადობის ადგილი გახდა. ჟურნალისტების მიმართ ძალადობა  და სასტიკი ინციდენტები პროფესიული საქმიანობის თანმდევი გამოცდილებაა”, – წერს  “მედიის ადვოკატირების კოალიცია”.