საპროტესტო აქციის გაშუქებისას დააკავეს “მედიაჩეკერის” ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე

2025 წლის 3 ნოემბერს, პოლიციამ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მედიაპლატფორმა „მედიაჩეკერის“ ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე დააკავა. იმ დღეს ჟურნალისტი აქციაზე პრესის მაიდენტიფიცირებელი ბეჯით იყო, იგი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. ნინია კაკაბაძე მაშინ დააკავეს, როდესაც სახლში ბრუნდებოდა. იგი თბილისში მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში გადაიყვანეს. ჟურნალისტი ჰყვება, რომ დიდი ხნის განმავლობაში არ აძლევდნენ მცირეწლოვან შვილთან დარეკვის შესაძლებლობას. დაკავებიდან რამდენიმე საათში ჟურნალისტი გაათავისუფლეს. ნინია კაკაბაძეს გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებიან. თბილისის საქალაქო სასამართლომ მის საქმეზე მსჯელობა 4 ნოემბერს დაიწყო, თუმცა, პროცესი 12 ნოემბრამდე გადადო. 

2025 წლის 19 ოქტომბრიდან, მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნების” პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო მორიგი რეპრესიული ცვლილებები , თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაში მონაწილოებისა და მათ შორის, მისი გაშუქებისთვის, მედიის 11 წარმომადგენელი დააკავეს.  უმეტესობის მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობა გამოიყენეს.

ნინია კაკაბაძის და სხვა ჟურნალისტების დაკავებას პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლის და კრიტიკული ხმების ჩახშობის მცდელობად მიიჩნევს. ქარტია მოითხოვს, დაუყოვნებლივ შეწყდეს ადმინისტრაციული საქმის წარმოება მისი მედიაპლატფორმის „მედიაჩეკერის“ ჟურნალისტის, ნინია კაკაბაძის, მიმართ და გაუქმდეს შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.

“TV პირველის” გადამღებ ჯგუფს ოთარ ფარცხალაძის დაცვამ მუშაობაში ხელი შეუშალა

17 ოქტომბერს, ტელეკომპანია „პირველის“ გადამღებ ჯგუფს ოთარ ფარცხალაძის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაცვის თანამშრომლებმა გადაადგილების საშუალება არ მისცეს და საქმიანობაში ხელი შეუშალეს.

მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, ჟურნალისტი ცდილობდა გადაეღო ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის სახლთან მიმდინარე ვითარება, თუმცა ადგილზე მყოფი დაცვა ჟურნალისტს წინ გადაუდგა, სახლთან მიახლოების შესაძლებლობა არ მისცა, რა დროსაც გადაღების შესაძლებლობა შეუზღუდა.

იმავე დღეს, საქართველოს პროკურატურამ ბრიფინგი გამართა, სადაც მოქმედმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, რომ ჩხრეკა ჩატარდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილისა და ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის საცხოვრებელ სახლებში. პროკურატურას არ დაუკონკრეტებია, რომელი მუხლებით მიმდინარეობს გამოძიება, უკავშირდება თუ არა საქმე ახალ გამოძიებას და იგეგმება თუ არა ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავება.

საპატრიარქო „TV პირველს“ და „ფორმულას“ მომდევნო საეკლესიო დღესასწაულებზე არ დაუშვებს 

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა განაცხადა, რომ 14 ოქტომბერს, შიდა წესების დარღვევის გამო, ტელეკომპანიების „TV პირველის“ და „ფორმულას“ გადამღები ჯგუფები მომდევნო საეკლესიო დღესასწაულებზე აკრედიტაციას ვერ მიიღებენ.

“დღეს, 14 ოქტომბერს, სვეტიცხოველის ტაძრის ეზოში ჟურნალისტური საქმიანობის საბაბით, შიგა განაწესის დარღვევისათვის, არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, პრესისთვის გამოყოფილი სივრცის თვითნებურად დატოვებისათვის, TV პირველის და TV ფორმულას გადამღები ჯგუფები მომდევნო საეკლესიო დღესასწაულებზე აკრედიტაციას ვერ მიიღებენ”. – ნათქვამია განცხადებაში.

საპატრიარქომ 2022 წლიდან მედიისთვის დამატებითი რეგულაციები დააწესა. ჟურნალისტებს საეკლესიო ღონისძიებების გასაშუქებლად სპეციალური აკრედიტაციის მიღება სჭირდებათ, ხოლო, მუშაობა მხოლოდ  მედიისთვის სპეციალურად განსაზღვრულ ზონებში შეუძლიათ.

შსს-ს განცხადება საფრთხეს უქმნის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას

5 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 4 ოქტომბრის შეკრება „მიზნად ხელისუფლების დამხობას ისახავდა“ და „მალევე მიიღო კანონსაწინააღმდეგო ხასიათი“, რის შემდეგაც სამინისტრომ „პროპორციული ზომები“ მიიღო. უწყების თქმით, „გუშინდელი მოვლენებიდან გამომდინარე“, 5 ოქტომბრიდან ნებისმიერი შეკრება ჩაითვლება „დამხობის მცდელობის გაგრძელებად“ და სამინისტრო მიიღებს შესაბამის ზომებს „საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად“. ფაქტობრივად, ეს ნიშნავს, რომ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეები შესაძლოა სამართლებრივ დევნას დაექვემდებარონ მხოლოდ შეკრებაში მონაწილეობის გამო. განცხადება გავრცელდა 4 ოქტომბრის აქციის ხუთი ორგანიზატორის დაკავების შემდეგ და მოქალაქეთა და პარტია „ფედერალისტების“ მიერ ახალი აქციის დაანონსებამდე რამდენიმე საათით ადრე.

მსგავსი რიტორიკა საფრთხეს უქმნის როგორც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, ისე მედიის თავისუფლებას. სამინისტროს მიერ გამოყენებული ფორმულირებები ქმნის ბუნდოვან სამართლებრივ ჩარჩოს, რომლის პირობებშიც ჟურნალისტების მიერ პროტესტის გაშუქება ან კრიტიკული პოზიციის გაჟღერება შეიძლება აღქმული იყოს „დამხობის მცდელობის“ მხარდაჭერად.   ასეთი განცხადება ქმნის მსუსხავ ეფექტს (chilling effect) და  არღვევს მედიის საქმიანობას და საზოგადოების მიერ ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების უფლებას, რაც ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ასევე საერთაშორისო კონვენციებით გარანტირებულ ძირითად უფლებებს.

4 ოქტომბრის აქციაზე “მაუწყებელმა” დრონი დაკარგა

2025 წლის 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის გაშუქებისას, საჰაერო გადაღების კამერა დაკარგა მედია “მაუწყებელმა”. გადაღების დროს მოულოდნელად დრონი გამოვიდა მწყობრიდან, მსგავსად სხვა მედიებისა”, – უთხრა „მაუწყებელის“ ჟურნალისტმა „მედიაჩეკერს.

ამ დღეს დრონებზე კონტროლი დაკარგეს “პროექტმა 64” და “ნეტგაზეთმაც”.

4 ოქტომბრის აქციაზე “ნეტგაზეთმა” დრონი დაკარგა

2025 წლის 4 ოქტობრის აქციაზე, გამოცემა „ნეტგაზეთმა” საჰაერო გადაღების კამერა დაკარგა. გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მათ დრონი რუსთაველის გამზირზე დაკარგეს. “ნეტგაზეთის”, ისევე როგორც სხვა მედიასაშუალებების დრონები, სავარაუდოდ, საგანგებოდ ჩამოაგდეს რუსთაველის გამზირზე, სადაც დემონტრაციის გადაღებას ვცდილობდით,” – ნათქვამია გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

ამავე დღეს დრონები დაკარგეს “პროექტმა 64” და “მაუწყებელმა”

“პროექტ 64”-ის გუნდმა, 4 ოქტომბრის აქციაზე, დრონზე კონტროლი დაკარგა

2025 წლის 4 ოქტომბრის აქციაზე, „პროექტმა 64”  საჰაერო გადაღების კამერა დაკარგა. “პროექტ 64”-ის დამფუძნებელი და ჟურნალისტი, გიორგი გოგუა, სოციალურ ქსელში წერს, რომ კამერა პარლამენტის მიმდებარედ იღებდა კადრებს, რა დროსაც, მოულოდნელად კამერამ უცნაურად დაიწყო ფრენა, მან კი კონტროლი დაკარგა.

“ვაკონტროლებდი მარტო კამერის მიმართულებას, მაგრამ დრონის ტრაექტორიას ვერ. ბოლო კადრი, სანამ სიგნალი დაიკარგა, არის სადღაც რუსთაველიდან მთაწმინდის მიმართულებით. ფრენის ისტორია რუკაზე მიჩვენებს, რომ დრონი აეროპორტისკენ გაფრინდა“. 

ამავე დღეს დრონებზე კონტროლი დაკარგეს მედიასაშუალებებმა “ნეტგაზეთი” და “მაუწყებელი”.

“სტუდია მონიტორის” ჟურნალისტს პოლიციამ მუშაობაში შეუშალა ხელი

2025 წლის 4 ოქტომბერს, თბილისში გამართულ მასშტაბურ საპროტესტო აქციაზე, “სტუდია მონიტორის” ჟურნალისტის, ქეთი თუთბერიძისთვის, კრიმინალური პოლიციის ორმა თანამშრომელმა მუშაობაში ხელშეშლა და ტელეფონის წართმევა სცადა.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ჟურნალისტი ცდილობდა მოქალაქეების დაკავების კადრები გადაეღო. “ორბელიანის მოედანთან სპეცრაზმი გაეკიდა ორ მოქალაქეს დასაჭერად, მათგან ერთ-ერთი ირაკლი წულაიაა. “ვიღებდი კადრებს და კრიმპოლის ორი თანამშრომელი მომვარდა ღრიალით, ხელზე მეჯაჯგურებოდნენ და ცდილობდნენ წაერთმიათ ტელეფონი,” –  წერს თუთბერიძე პოსტში

ახალციხის მე-6 უბანზე “სამხრეთის კარიბჭეს” ჟურნალისტს გადაღება შეუზღუდეს

2025 წლის 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს (რომელსაც პროდასავლური ოპოზიციის დიდმა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა) ახალციხის N6 საარჩევნო უბანზე, საუბნო კომისიის თავმჯდომარემ გამოცემა  „სამხრეთის კარიბჭეს“ ჟურნალისტს ნუკა სტეფნაძეს უბანზე გადაღება შეუზღუდა.

მან ჟურნალისტს განუცხადა, რომ მხოლოდ 10 წუთი შეეძლო გადაღება. გამოცემის ცნობით, კომისიის თავმჯდომარემ მხოლოდ მას შემდეგ მისცა ჟურნალისტს მუშაობის გაგრძელების საშუალება, რაც მას საოლქო კომისიიდან დაუკავშირდნენ და წესები განუმარტეს.

4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის გაშუქებისას ფოტოგრაფი მარიამ გიუნაშვილი დაშავდა

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ინფორმაციით, 2025 წლის 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის გაშუქებისას, დოკუმენტალისტმა ფოტოგრაფმა, მარიამ გიუნაშვილმა წიწაკის სპრეისგან დამწვრობა მიიღო. „სამი სხვადასხვა მხრიდან შემესხა [წიწაკის სპრეი], წინიდან ეგრევე სახეში და გვერდებიდან მთელ სხეულზე. ხელებზე და მკლავებზე მივიღე განსაკუთრებულად დამწვრობა”, – თქვა გიუნაშვილმა “მედიაჩეკერთან” საუბრისას.