ტელეკომპანია „ფორმულას“ჟურნალისტი ანამარია გელიტაშვილი, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს რუსთაველის გამზირზე „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ საფუძვლით ორჯერ, 10 000 ლარით დააჯარიმეს. ინფორმაცია დაჯარიმების შესახებ, ჟურნალისტს შსს-მ 2025 წლის 17 ივნისს აცნობა. მას ედავებიან გზის გადაკეტვას 6 მაისის აქციის დროს.
ჟურნალისტს შსს ედავება 2025 წლის 6 მაისის და 27 მარტის საპროტესტო აქციების დროს “გზის ხელოვნურად გადაკეტვას”. ანამარია გელიტაშვილის თქმით, ორივე შემთხვევაში ის ასრულებდა ჟურნალისტურ საქმიანობას და ამის დამადასტურებელი ვიდეომტკიცებულებებიც არსებობს. გასაჩივრების შემდგომ, ჟურნალისტს ერთი ჯარიმა გაუუქმეს. მეორე შესახებ კი, მისთვის არ შეუტყობინებიათ.
2025 წლის 18 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მარინა ფომაევამ, გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, საპროტესტო სტიკერის გაკვრისთვის სამართალდამრღვევად სცნო და 1000 ლარით დააჯარიმა. საუბარია სტიკერზე – “იფიცება საქართველო”, რომელიც მზია ამაღლობელმა 11 იანვარს პოლიციის დამხმარე სათავსოს შენობის კედელზე გააკრა. პოლიციის თანამშრომლებმა სტიკერი გაკვრისთანავე ააძრეს.
სტიკერის გაკვრაზე მზია ამაღლობელს უკვე აქვს ერთი ჯარიმა – 2025 წლის 18 მარტს, მოსამართლე სალიხ შაინიძემ მზია ამაღლობელი 2000 ლარით დააჯარიმა – პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის საფუძვლით. ამ ფაქტიდან მალევე, შსს-მ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ, ამავე ეპიზოდზე, ახალი ადმინისტრაციული საქმე დაიწყო – შენობის იერ-სახის დამახინჯების მოტივით. ამ საქმის გადაწყვეტილება გამოცხადდა 18 ივნისს.
მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს 2025 წლის 11-12 იანვრის ღამეს. თავდაპირველად იგი დააკავეს პოლიციის შენობაზე საპროტესტო სტიკერის გაკვრისთვის დაკავებიდან რამდენიმე საათში იგი გაათავისუფლეს ხელწერილის საფუძველზე. თუმცამალევე კვლავ დააკავეს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის, სილის გაწვნის ფაქტზე, უკვე სისხლის სამართლის წესით. მედიამენეჯერი ამ დრომდე პატიმრობაშია. ადგილობრივი და საერთაშორისოორგანიზაციები ამაღლობელს პოლიტპატიმრად მიიჩნევენ. სასამართლო პროცესის დროს არაერთი დარღვევა დაფიქსირდა.
2024 წლის 1 მაისს, ფოტოგრაფი ლუკა ღვინიაშვილი საპროტესტო აქციაზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მას სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი, დააკავეს. ლუკა ღვინიაშვილმა თქვა, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორში ორი დღე გაატარა.
“ათმა კაცმა გამათრია, სულ სახეში მირტყეს. პირდაპირ, მიზანი იყო რომ თავში მომხვედრილიყო. უკვე, რომ მცემეს და შემაგდეს კორდონის უკან, კიდე წავიდა ანგარიშსწორება, გინება, დამცირება” – უთხრა ღვინიაშვილმა მთავარ არხს.
2024 წლის 12 დეკემბერს, ფოტოგრაფი ლუკა ღვინიაშვილი დააკავეს თბილისში, ნაფარეულის ქუჩაზე. სასამართლომ მას შვიდდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა.
ლუკა ღვინიაშვილი მეგობრის სახლიდან საკუთარ სახლში ბრუნდებოდა. სადარბაზოდან გამოსულმა დაინახა დაბურულმინებიანი მანქანა, საიდანაც სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული აგრესიული პირები გადმოვიდნენ და მისკენ წავიდნენ. ღვინიაშვილი ამბობს, რომ ისინი ე.წ. ტიტუშკები ეგონა და გაიქცა. აღმოჩნდა, რომ ისინი შსს-ს თანამშრომლები იყვნენ, რომლებმაც ღვინიაშვილი დააკავეს.
მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ ფოტოგრაფი ლუკა ღვინიაშვილს ერთ კვირიანი პატიმრობა შეუფარდა. ფოტოგრაფს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან..
“შემთხვევის დროს არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ ჰქონდათ, რომ ისინი იყვნენ პოლიციის თანამშრომლები – არც მანქანა, არც უნიფორმა, არაფერი. არ უთხრეს, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და გაეკიდნენ ლუკას. მაშინ, როდესაც წინა დღეებში ვნახეთ მედიასაშუალებებში, რომ სამოქალაქო პირები დევნიდნენ და სცემდნენ ადამიანებს, ლუკას შეეშინდა და გაიქცა, მივიდა საპატრულო პოლიციის მანქანასთან და პოლიციელებს სთხოვდა, მიშველეთო”, – თქვა ადვოკატმა ეკა კობესაშვილმა.
2025 წლის 11 ივნისს ფრანგი ფოტოგრაფი მარილიზ ვინიო საქართველოში არ შემოუშვეს. იგი ვენიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრინდა. მისი ინფორმაციით, პასპორტში ჯერ ჩაურტყეს ბეჭედი, მაგრამ, შემდეგ საბუთები აღარ დაუბრუნეს და გამოკითხვაზე გადაიყვანეს. კითხვები მისი მარშრუტს შეეხებოდა. სამსაათიანი ლოდინის შემდეგ, მკაფიო განმარტების გარეშე, უარი უთხრეს ქვეყანაში შემოსვლაზე და მიზეზად დაუსახელეს “საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები”.
მარილიზ ვინიო გასულ წელს საქართველოს ორჯერ სტუმრობდა. მათ შორის იმ პერიოდში, როდესაც რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა. მის მიერ გადაღებული ფოტოები დაიბეჭდა The Eye of Photography-სა და Hot Mirror-ში , გამოიფინა თბილისის ფოტოფესტივალზე „ქოლგა“ და ასევე, მოხვდა რამდენიმე საერთაშორისო კონკურსზე.
“ვიცი, რომ პირველი ფოტოჟურნალისტი არ ვარ, ვისაც ეს დაემართა. გასულ ზამთარს ორჯერ ვესტუმრე საქართველოს. პირველად ერთი თვით, ოქტომბერ-ნოემბერში, გაყალბებულ საპარლამენტო არჩევნებამდე და შემდეგ სამი კვირით დეკემბერში. ამ დროს თითქმის ყოველ საღამოს დავდიოდი რუსთაველსა და პარლამენტთან. სოლოლაკში ჩემი სახლისკენ მიმავალი გზა ნიშნავდა, რომ შენობის უკან მდგარი პოლიციის პირდაპირ უნდა გამევლო. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობას ჯერ არ ჰქონდა დამონტაჟებული ჩინური ხელოვნური ინტელექტის მქონე სათვალთვალო კამერები, ვფიქრობ, „მომმნიშნეს“, – წერს იგი.
მარილიზ ვინიო არ არის პირველი, ვინც საზღვრიდან უკან გააბრუნეს. ბოლო ორ წელიწადში ქვეყანაში შესვლაზე 6 უცხოელს უთხრეს უარი.
დავით კეკენაძე, საერთაშორისო მედიაკორპორაციის, „ევრონიუსის“ ჟურნალისტი, თბილისის საქალაქო სასამართლომ 5000 ლარით დააჯარიმა. პოლიცია მას 3 იანვარს გამართულ პროევროპულ აქციაზე გზის გადაკეტვას ედავება.
„ქართულმა ოცნებამ“ ჯარიმების მოცულობა, 28 ნოემბრის შემდეგ დაწყებული პროევროპული აქციების ფონზე გაზარდა. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, ავტომობილის სავალი ნაწილის უკანონოდ გადაკეტისთვის ჯარიმა გაათმაგდა და 500 ლარის ნაცვლად 5000 ლარამდე გაიზარდა.
2025 წლის 4 იანვარს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გზის გადაკეტვას ედავებიან „მთავარი არხის“ ჟურნალისტ ალექსანდრე საჯაიასაც.
„ქართულმა ოცნებამ“ ჯარიმების მოცულობა, 28 ნოემბრის შემდეგ დაწყებული პროევროპული აქციების ფონზე გაზარდა. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, ავტომობილის სავალი ნაწილის უკანონოდ გადაკეტისთვის ჯარიმა გაათმაგდა და 500 ლარის ნაცვლად 5000 ლარამდე გაიზარდა.
“რადიო თავისუფლების” ჟურნალისტს ეკა ქევანიშვილს, პოლიცია გზის “ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავება რუსთაველის გამზირზე, 22 იანვარს. იმ დღეს, ქევანიშვილი ოპერატორთან ერთად ვიდეოს იღებდა.
“დოკუმენტაცია, რომ ის ნამდვილად “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტია და იმ დღეს რედაქციის დავალებას ასრულებდა, პოლიციაში უკვე წარადგინა. თუმცა, შეტყობინება, შეწყდა თუ არა მის წინააღმდეგ სამართალწარმოება, ჯერ არ მიუღია” – ნათქვამია “რადიო თავისუფლების” სტატიაში.
მედია “აპრილის” ფოტოკორესპონდენტს, ვახო ქარელს შსს „უკანონოდ გზის გადაკეტვას“ ედავება. შსს-ს წარმომადგენლის თქმით, “დადგენილი ფაქტია”, რომ ვახო ქარელი 26 იანვარს იმყოფებოდა რუსთაველის მოედანზე. ფოტორეპორტიორის რეპლიკას, რომ ნამდვილად იქნებოდა, რადგან ჟურნალისტია, შსს-ს წარმომადგენელმა ასე უპასუხა: “ეს თქვენ უნდა ამტკიცოთ, შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოთ, რის მიხედვითაც უკვე სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას”.
2025 წლის 4 თებერვალს სამართალდამცავი ორგანოებიდან დაუკავშირდნენ „ტაბულას“ ჟურნალისტს, ნიკოლოზ ჭირაქაძეს, და შეატყობინეს, რომ 17 იანვარს დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე ყოფნის დროს, მან „დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები“, რის გამოც მოუწევს სამართლებრივი პროცედურების გავლა. „ტაბულას“ ინფორმაციით, ჟურნალისტი რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.