“გზის ხელოვნურად გადაკეტვის” საფუძვლით “ტაბულას” ჟურნალისტი დააჯარიმეს

2025 წლის 14 თებერვალს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გზის გადაკეტვას ედავებიანტაბულას” ჟურნალისტს, ბექა ჯიქურაშვილსაც

“ტაბულას” ცნობით, ჯიქურაშვილს ეკეთა პრესის მოწმობა და სამუშაო მოვალეობას ასრულებდა. 

“გზის ხელოვნურად გადაკეტვის” საფუძვლით “სტუდია მონიტორის” ჟურნალისტი ნინო შუბითიძე დააჯარიმეს


2025 წლის 17 თებერვალს, შსს-მ “სტუდია მონიტორის” ჟურნალისტი ნინო შუბითიძე დააჯარიმა 5000 ლარით გზის “უკანონოდ გადაკეტვის” საფუძვლით. ჟურნალისტმა შსს-ში წარადგინა მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ საპროტესტო აქციაზე ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. მოგვიანებით, მას ეს ჯარიმა მოუხსნეს. აღსანიშნავია, რომ უმრავლეს შემთხვევაში, წარდგენილი მტკიცებულებების მიუხედავად შსს ჯარიმებს არ აუქმებს.

“გზის ხელოვნურად გადაკეტვის” საფუძვლით “სტუდია მონიტორის” ჟურნალისტი ნინო წვერავა დააჯარიმეს

2025 წლის 17 თებერვალს, შსს-მ “სტუდია მონიტორის” ჟურნალისტი ნინო წვერავა გზის “ხელოვნურად გადაკეტვის” საფუძვლით 5000 ლარით დააჯარიმა. ჟურნალისტმა შსს-ში წარადგინა მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ საპროტესტო აქციაზე ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. მოგვიანებით, მას ეს ჯარიმა მოუხსნეს. აღსანიშნავია, რომ უმრავლეს შემთხვევაში, წარდგენილი მტკიცებულებების მიუხედავად შსს ჯარიმებს არ აუქმებს.

“გზის ხელოვნურად გადაკეტვის” საფუძვლით “ფორმულას” თანამშრომელი დააჯარიმეს

ტელეკომპანია “ფორმულას” კიდევ ერთ ჟურნალისტსა და ტელეწამყვანს ირაკლი ტაბლიაშვილს 2025 წლის 24 თებერვალს „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავებიან. ის 5 000 ლარით დააჯარიმეს. ჟურნალისტმა ჯარიმა გაასაჩივრა, თუმცა საქმის განხილვისა, თუ შედეგების შესახებ მისთვის არ უცნობებიათ.

„ქართულმა ოცნებამ“ პროევროპული პროტესტების კონტექსტში გაზარდა ჯარიმების ოდენობა, რომლებიც 28 ნოემბრის შემდეგ დაიწყო. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, გზის უკანონო გადაკეტვისთვის ჯარიმა ათჯერ გაიზარდა – 500 ლარიდან 5 000 ლარამდე.

“გზის ხელოვნურად გადაკეტვის” საფუძვლით “რადიო თბილისის” ჟურნალისტი დააჯარიმეს

“რადიო თბილისის” ჟურნალისტი მერაბ მერკვილაძე ორჯერ, 10 000 ლარით დააჯარიმეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას 18 და 19 მარტს “გზის ხელოვნურად გადაკეტვას” ედავება. ჟურნალისტმა ჯარიმა გაასაჩივრა. საქმე ამ დრომდე არ არის განხილული.

„ქართულმა ოცნებამ“ პროევროპული პროტესტების კონტექსტში გაზარდა ჯარიმების ოდენობა, რომლებიც 28 ნოემბრის შემდეგ დაიწყო. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, გზის უკანონო გადაკეტვისთვის ჯარიმა ათჯერ გაიზარდა – 500 ლარიდან 5 000 ლარამდე.

“გზის ხელოვნურად გადაკეტვის” საფუძვლით “ამერიკის ხმის” ჟურნალისტი დააჯარიმეს 

2025 წლის 25 მარტს, გამოცემა “ამერიკის ხმის” კორესპონდენტი საქართველოში, ნინო დალაქიშვილი, გზის გადაკეტვის საფუძვლით, 5000 ლარით დააჯარიმეს.

ნინო დალაქიშვილსაც, სხვა ჟურნალისტების მსგავსად, გზის “ხელოვნურად გადაკეტვას” ედავებიან იმ მომენტში, როდესაც ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა – პირდაპირ ეთერში მაუწყებლობდა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან.

“გზის ხელოვნურად გადაკეტვის” საფუძვლით ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი დააჯარიმეს

2025 წლის 10 აპრილს, მოსამართლე ნინო ენუქიძემ “გზის ხელოვნურად გადაკეტვის საფუძვლით 5000 ლარით დააჯარიმა ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი. მასაც, სხვა ჟურნალისტების მსგავსად რუსთაველის გამზირის გადაკეტვას ედავებიან. ფოტოგრაფი ამ დროს პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. 

გოგა ჩანადირი სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა, რომ მას არა მხოლოდ ეს აქცია, არამედ თითქმის არც ერთი არ გამოუტოვებია, და სხვადასხვა ფორმით აშუქებდა. ის გამოწერილ ჯარიმას უსამართლოდ მიიჩნევს.

“გზის ხელოვნურად გადაკეტვის” საფუძვლით “ფორმულას” ჟურნალისტი ელისო ჯარიაშვილი დააჯარიმეს

2025 წლის 10 აპრილს, ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს ელისო ჯარიშვილს აცნობეს, რომ გზის „უკანონოდ გადაკეტვის საფუძვლით“ 5000 ლარით არის დაჯარიმებული. შსს-მ მას გზის 12 მარტს გადაკეტვას ედავება, რა დროსაც ჟურნალისტი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

“გადაკეტილ რუსთაველზე ინტერვიუს ჩაწერისთვის მაჯარიმებენ” – დაწერა ელისო ჯარიაშვილმა.

“ნეტგაზეთის” ჟურნალისტს შსს “გზის ხელოვნურად გადაკეტვას” ედავება

“ნეტგაზეთის” ჟურნალისტმა ქეთი ხუციშვილმა CMIS მისი დაჯარიმების შესახებ ი მიაწოდა ინფორმაცია. შსს-მ “გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის” ქეთი ხუციშვილი 2025 წლის 13 ივნისს დააჯარიმა. ჟურნალისტმა ჯარიმა გაასაჩივრა.

ქეთი ხუციშვილი დაჯარიმების მომენტისთვის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

CMIS აღწერს “გზის ხელოვნურად გადაკეტვის” საფუძვლით დაჯარიმებული და ადმინისტრაციული წესით დაკავებული ჟურნალისტების შემთხვევებს.

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი “პუბლიკის” ჟურნალისტს სასამართლო პროცესზე ფოტოების გადაღების აკრძალვით დაემუქრა 

2025 წლის 11 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი, რომელიც აქციაზე დაკავებულ 8 პირის საქმეს განიხილავს, ონლაინ გამოცემა “პუბლიკის” ჟურნალისტს მინდია გაბაძეს დაემუქრა, რომ შემდეგ პროცესზე ფოტოების გადაღების უფლებას აღარ მისცემს. როგორც ჟურნალისტი აცხადებს, მოსამართლემ ეს მას პირადად უთხრა: “მაშინ მომძახა, როცა პროცესის დასრულება გამოაცხადა, მე კი ხმაურის გარეშე ვაგრძელებდი ფოტოების გადაღებას”, – დაწერა ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში.

მინდია გაბაძე ერთ-ერთია იმ ჟურნალისტებიდან, რომელიც ესწრება “სინდისის პატიმრების” თითქმის ყველა სასამართლოს და აღწერს პროცესზე განვითარებულ მოვლენებს. სოციალურ ქსელში სასამართლო პროცესებზე მის მიერ გადაღებული არაერთი ემოციური ფოტო და ვიდეო მასალა იძებნება, მათ შორის, სინდისის პატიმრების მოწოდებების ამსახველი ვიზუალიზაციები.

ბოლო პერიოდში, სასამართლო სისტემა მნიშვნელოვნად ზღუდავს მედიის საქმიანობას სასამართლო პროცესების გაშუქებასთან დაკავშირებით. 2025 წლის 22 მაისიდან 11 ივნისამდე პერიოდში, თბილისის საქალაქო სასამართლოში დაფიქსირდა ოთხი შემთხვევა (22, 23, 29 და 30 მაისს), როდესაც შენობაში არ შეუშვეს ფოტო/ვიდეო კამერებით აღჭურვილი რეპორტიორები. 10 ივნისს კი სხდომა მედიისთვის, მათ შორის მათთვისაც, ვისაც გადაღების უფლება ჰქონდა, სრულად დახურეს. ყველა შემთხვევა მაღალი საჯარო ინტერესის იმ პროცესებზე მოხდა, რომელთაც პოლიტიკურ საქმეებად მიიჩნევენ.

“მედიის ადვოკატირების კოალიცია” აცხადებს, რომ აღნიშნული ქმედებები სახიფათო პრეცედენტს ქმნის და ცხადყოფს “ქართული ოცნების” მიზანმიმართულ შემზღუდველ პოლიტიკას მედიასთან.

“სასამართლო პროცესებზე მედიის დაშვების აკრძალვა არა მხოლოდ ჟურნალისტების უფლებების დარღვევაა, არამედ მთელი საზოგადოების ინფორმირებულობის უფლების ხელყოფაც. ამ ქმედებებით “ქართული ოცნება” ცდილობს მოქალაქეებს ჩამოართვას ინფორმაცია მნიშვნელოვან სასამართლო გადაწყვეტილებებზე და შეზღუდოს მათი ანგარიშვალდებულების მოთხოვნის შესაძლებლობა”, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.