პარლამენტმა “ფორმულას” ჟურნალისტს ნინი ბალანჩივაძეს აკრედიტაცია 6 თვით შეუჩერა

ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტს ნინი ბალანჩივაძეს საქართველოს პარლამენტის აკრედიტაცია 6 თვით შეუჩერდა. 

ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პარლამენტი ჟურნალისტს მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის მე-15 მუხლის, მეორე პუნქტის ქვეპუნქტის დარღვევას ედავება. რაც გულისხმობს, „საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ”.

ტელეკომპანიისთვის გაგზავნილ განმარტებით წერილში საუბარია 2026 წლის 23 ივნისს „ახალი ფორმულაში“ გასულ სიუჟეტზე.

საკანონმდებლო ორგანოში მედიისთვის წესების გამკაცრება 2023 წლის თებერვლიდან დაიწყო. პარლამენტში შემოიღეს უსაფრთხოების რამდენიმე ზომა, რა დროსაც, პარლამენტში არააკრედიტებულ ჟურნალისტებს შესვლა ეკრძალებათ. ასევე, შესაძლებელი გახდა ჟურნალისტისთვის აკრედიტაციის შეჩერება, დეპუტატის მოთხოვნის საფუძველზე. 2026 წლის 1 იანვრიდან კი  ერთჯერადი სპეციალური აკრედიტაციის გაცემის ახალი წესი ამოქმედდა, რამაც ასევე დამატებითი ბარიერები შეუქმნა ჟურნალისტებს. ყველა ეს ზომა, ჟურნალისტების წინააღმდეგ, არაერთხელ გამოიყენეს.

კომუნიკაციების კომისიამ “ტვ პირველი” 2500 ლარით დააჯარიმა

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 25 ივნისს “TV პირველი” დააჯარიმა. უწყება ტელეკომპანიას ედავება მაუწყებლობის შესახებ” კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევას, რომლითაც 2 500 ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული. კომისია ტელევიზიას აჯარიმებს ისეთი ტერმინების გამოყენებისთვის როგორებიცაა: „ოლიგარქი”, „ივანიშვილის რეჟიმი”, „არარსებული დანაშაული”, „ოცნების გამოძიება”, „ცრუ მოწმე” და სხვ.

ტელევიზიის დაჯარიმების პირველი შემთხვევა იყო 21 მაისს, ტელეკომპანია “ფორმულას” მიმართ გამოყენებული 2 500 ლარიანი სანქცია. 

ტელევიზიების დაჯარიმებას “მედიის ადვოკატირების კოალიციაც” გამოეხმაურა:

”კომუნიკაციების კომისია საბოლოოდ ყალიბდება ცენზურის გამტარებელ ორგანოდ. კომისია აგრძელებს რეპრესიული კანონმდებლობის აღსრულებას” – წერია განცხადებაში.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონით, 2 500 ლარით დაჯარიმების შემდეგ კომისია უფლებამოსილია დამრღვევს, მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში, დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 1%-ისა, მაგრამ არანაკლებ 5 000 ლარისა, ან დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის მოქმედების შესაჩერებლად/ ავტორიზაციის შესაჩერებლად.

პროკურატურამ “ფორმულას” ჟურნალისტი დავით ქაშიშვილი გამოკითხვაზე დაიბარა

პროკურატურამ გამოკითხვაზე დაიბარა ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი და ტელეწამყვანი დავით ქაშიაშვილი. მისი გამოკითხვაზე დაბარება “ფორმულას” წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს უკავშირდება.

2026 წლის 16 ივნისს თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში ცრუ დასმენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი კინორეჟისორის, გიორგი (გოგა) ხაინდრავას, ინტერესების დამცველი ადვოკატების განცხადება ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ ხაინდრავას მიმართ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით. 

გავრცელებული ინფორმაციით, პროკურატურა ცრუ დასმენას “ფორმულას” წყაროს ედავება.

“პუბლიკის” ფოტორეპორტიორს პარლამენტმა ერთჯერადი სპეციალური აკრედიტაცია არ მისცა

ონლაინ მედია “პუბლიკის” ფოტორეპორტიორს მინდია გაბაძეს პარლამენტმა ერთჯერადი სპეციალური აკრედიტაცია არ მისცა. 

პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე 2026 წლის 16 ივნისს გაგზავნილ შესაბამისი განაცხადში „პუბლიკა“ მოითხოვდა ფოტორეპორტიორ მინდია გაბაძისთვის ერთჯერადი სპეციალური აკრედიტაციის გაცემას 22-26 ივნისის პერიოდში, რათა მას პარლამენტში ირაკლი კობახიძის ანგარიშის წარდგენის გაშუქება შეძლებოდა.

ერთი თვით ადრე, 21 მაისს „პუბლიკის“ 4 რეპორტიორს, მათ შორის მინდია გაბაძეს პარლამენტმა ერთწლიანი აკრედიტაციაც გააუქმა. მაშინ მიზეზად ის დასახელდა, რომ ზედიზედ 10 კვირის განმავლობაში „პუბლიკის“ აკრედიტებული ჟურნალისტები საკანონმდებლო ორგანოში არ მისულან.

იგივე მიზეზით აკრედიტაცია გაუუქმა “მონიტორის” 5 ჟურნალსიტსაც.

საკანონმდებლო ორგანოში მედიისთვის წესების გამკაცრება 2023 წლის თებერვლიდან დაიწყო. პარლამენტში შემოიღეს უსაფრთხოების რამდენიმე ზომა, რა დროსაც, პარლამენტში არააკრედიტებულ ჟურნალისტებს შესვლა ეკრძალებათ. ასევე, შესაძლებელი გახდა ჟურნალისტისთვის აკრედიტაციის შეჩერება, დეპუტატის მოთხოვნის საფუძველზე. 2026 წლის 1 იანვრიდან კი  ერთჯერადი სპეციალური აკრედიტაციის გაცემის ახალი წესი ამოქმედდა, რამაც ასევე დამატებითი ბარიერები შეუქმნა ჟურნალისტებს. ყველა ეს ზომა, ჟურნალისტების წინააღმდეგ, არაერთხელ გამოიყენეს.

პარლამენტი ცვლის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის არჩევის წესს  

საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებს. ერთ-ერთი საკითხი შეეხება პარლამენტის რეგლამენტის იმ მუხლს, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვის არჩევის წესს არეგულირებს. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, თუ სამეურვეო საბჭოში ვაკანსია გამოცხადდება, რომელი სუბიექტის კვოტით არჩეულ წევრზეც გამოცხადდა ვაკანსია, ის სუბიექტი პირდაპირ შეარჩევს სასურველ ერთ კანდიდატურას და პარლამენტს განსახილველად წარუდგენს.

“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო 11 წევრისგან შედგება. პარლამენტი მეურვეებს ირჩევს: ორს სახალხო დამცველის წარდგინებით, სამს საპარლამენტო უმრავლესობის წარდგინებით, სამს საპარლამენტო ოპოზიციის წარდგინებით და სამს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით.

მოქმედი რეგლამენტით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის (მეურვის) კანდიდატურა ღია კონკურსით შეირჩევა. კონკურსს აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე. იქმნება 9-წევრიანი კომისია, რომელიც შეარჩევს კანდიდატებს, წარდუგენს უფლებამოსილ სუბიექტებს, შერჩეული კანდიდატებიდან კი სუბიექტები შეარჩევენ პარლამენტისთვის წარსადგენ კანდიდატურებს.  პაპუაშვილი ამბობს, რომ  ეს რეგულაცია აბსურდულია, რადგან საკანონმდებლო ორგანო საკუთარ პროცედურებს გარე ჩარევების გარეშე ვერ ადგენს. ამიტომ, საზმაუს მეურვის არჩევის პროცედურა საპარლამენტო დემოკრატიის მთავარ პრინციპთან – საპარლამენტო სუვერენიტეტთან უნდა დაახლოვდეს. 

“შემოთავაზება არის ასეთი: იყოს პროცედურა, რომ თუკი არის ვაკანსია, რომელიც სუბიექტის კვოტის ფარგლებშიც არის ეს ვაკანსია, იმ სუბიექტმა თავად, როგორც უნდა, ისე შეარჩიოს [კანდიდატურა]. შეუძლია, კონკურსი ჩაატაროს, რაც უნდა, ის ქნას,  უმრავლესობა იქნება, ოპოზიცია, სახალხო დამცველი თუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა. მაგრამ პარლამენტთან ურთიერთობაში ამ სუბიექტმა წარმოუდგინოს პარლამენტს ერთი კანდიდატურა. თქვას, რომ აგერ არის ვაკანსია, მე მაქვს უფლება კანდიდატის დასახელების, ვასახელებ ამ კანდიდატს და არა სხვების მიერ შერჩეული კანდიდატებიდან  სამს და კიდე შენ აირჩიე იმ სამიდან რომელი იყოს”, – განაცხადა  პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, წარდგენილ კანდიდატურას დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი შეაფასებს და შემდეგ კანდიდატურა პლენარულ სხდომაზე კენჭისსაყრელად წარდგება. პარლამენტი რეგლამენტში შესატანი ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას და მიმდინარე სასესიო კვირაში მიღებას გეგმავს.
 
“მედიის ადვოკატირების კოალიციის” შეფასებით, ეს ცვლილებები ქმნის დამატებით რისკებს მედიის თავისუფლების, გამჭვირვალობისა და ინსტიტუციური დამოუკიდებლობისთვის. “ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო ამცირებს გამჭვირვალობას და აძლიერებს გავლენების რისკს საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რომელიც უკვე წლებია „ქართული ოცნების“ ზეგავლენის ქვეშ იმყოფება და რომლის ხელმძღვანელობა დამოუკიდებელ და პროფესიონალ ჟურნალისტებს დევნის”, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტში მედიისთვის აკრედიტაციის წესები გამკაცრდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბრძანებით, პარლამენტში აკრედიტაციის სისტემაში ცვლილებები შევიდა. ცვლილების თანახმად, პარლამენტის აკრედიტაციის წესების განმეორებით დარღვევის შემთხვევაში ცალკეულ ჟურნალისტებს აკრედიტაცია ერთ წლამდე ვადით შეუჩერდებათ.  ასევე, დარღვევის სიმძიმის და სიხშირის გათვალისწინებით, შესაძლებელი იქნება, რომ აკრედიტაცია ერთ წლამდე ვადით გაუუქმდეს მთლიანად მედიასაშუალებას.

ამ ცვლილებების გამართლება, შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტის გამოცდილების გაზიარების სურვილით ახსნა. პარლამენტში მედიისთვის წესების შესაძლო გამკაცრებაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ, თავდაპირველად, 14 მაისს განაცხადა. მისი ეს განცხადება, მაშინ, ევროპარლამენტის მიერ პროსამთავრობო, ბრიტანეთის მიერ რუსული დეზინფორმაციის გავრცელებისთვის დასანქცირებული “იმედისთვის” აკრედიტაციის შეჩერებას მოჰყვა.

„დღეს საქართველოს პარლამენტში აკრედიტაციის წესების დარღვევისთვის არის პირველ ჯერზე ერთი თვე აკრედიტაციის შეჩერება, განმეორების შემთხვევაში არის ექვსი თვე. ვნახეთ, რომ ევროპარლამენტში ერთწლიანი შეჩერებაც არსებობს. ამიტომ, დავაახლოებთ საქართველოს პარლამენტის აკრედიტაციის სისტემას ევროპარლამენტის სისტემასთან”, – განაცხადა პაპუაშვილმა. 

აქამდე, საქართველოს პარლამენტში აკრედიტაციის წესების დარღვევისთვის მხოლოდ ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოიყენებოდა სანქცია. პაპუაშვილი ამბობს, რომ ევროპარლამენტი სანქციას მედიის წინააღმდეგაც იყენებს, ამიტომ, “ამ გამოცდილებასაც გაიზიარებენ” და შესაძლებელი გახდება, მედიას გაუუქმდეს აკრედიტაცია ერთი წლით. 

“მედიის ადვოკატირების კოალიცია” ცვლილებებს აფასებს, როგორც მედიისთვის მუშაობაში ხელშეშლას. “ევროპარლამენტის რეგულაციების დანერგვის საფარქვეშ პარლამენტი აგრძელებს დამოუკიდებელი მედიისთვის საქმიანობის გართულებას საკანონმდებლო ორგანოში. მედიის აკრედიტაციის მექანიზმები პარლამენტში უკვე არაერთხელ იქნა გამოყენებული დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, რაც ქმნის საფუძვლიან ეჭვს, რომ ახალი რეგულაციები კიდევ უფრო გააძლიერებს მედიის მიმართ შერჩევითი და დამსჯელი მიდგომების გამოყენების საფრთხეს”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

საკანონმდებლო ორგანოში მედიისთვის წესების გამკაცრება 2023 წლის თებერვლიდან დაიწყო. პარლამენტში შემოიღეს უსაფრთხოების რამდენიმე ზომა, რა დროსაც, პარლამენტში არააკრედიტებულ ჟურნალისტებს შესვლა ეკრძალებათ. ასევე, შესაძლებელი გახდა ჟურნალისტისთვის აკრედიტაციის შეჩერება, დეპუტატის მოთხოვნის საფუძველზე. 2026 წლის 1 იანვრიდან კი  ერთჯერადი სპეციალური აკრედიტაციის გაცემის ახალი წესი ამოქმედდა, რამაც ასევე დამატებითი ბარიერები შეუქმნა ჟურნალისტებს. ყველა ეს ზომა, ჟურნალისტების წინააღმდეგ, არაერთხელ გამოიყენეს.

ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელთა ძალადობის ამსახველი კადრები გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს

ჟურნალისტები გიორგი ახალკაცი (“ქართლის ამბები”) და ლადო ბიჭაშვილი (ტელეკომპანია “ფორმულა”), რომელთაც შიდა ქართლში, გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეზე ძალადობის ფაქტი გადაიღეს, პროკურატურაში, გამოკითხვაზე დაიბარეს. ჟურნალისტებმა, საგამოძიებო უწყებაში, რამდენიმე საათი გაატარეს. 

27 მაისს, გორში, კომბინატის დასახლებაში, ათამდე პოლიციელი დაკავებისას სასტიკად გაუსწორდა ორ ადგილობრივ მოქალაქეს. ჟურნალისტებმა ცემის კადრები საცხოვრებელი სახლის ფანჯრიდან გადაიღეს, ისინი, სრულიად შემთხვევით შეესწრენ მომხდარს. ვიდეომასალის საჯარო ქსელებში გავრცელებას, დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი მოჰყვა და სამართალდამცავი უწყება იძულებული გახდა, მომხდარზე გამოძიება დაეწყო.

პროკურატურამ გამოძიება პოლიციელების მხრიდან, ძალადობით, უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების მუხლით დაიწყო. 28 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ მომხდარზე ექვსი სამართალდამცველი დააკავეს. 

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია “ფორმულა” 2 500 ლარით დააჯარიმა

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, ტელეკომპანია “ფორმულას” „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევა დაუდგინა და სანქციის სახით, 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. 

საქმის წარმოება კომისიაში თავად უწყების მიერ ჩატარებული აპრილის თვის მედია მონიტორინგის საფუძველზე დაიწყო. კომუნიკაციების კომისიამ ჩათვალა, რომ „ფორმულამ“ მაუწყებლობის შესახებ კანონში ახლად შეტანილი ის მუხლები დაარღვია, რომლებიც შინაარსთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს. კერძოდ, 54-ე მუხლის პირველი, მეოთხე და მეხუთე პუნქტები. კომუნიკაციების კომისიამ “ფორმულა” დააჯარიმა ახალი ამბების პროგრამებში   გამოყენებული ისეთი სიტყვებისთვის, როგორიცაა „ქართული ოცნების მთავრობის მეთაური“, „ივანიშვილის რეჟიმი“, „რეჟიმის პროკურატურა“, „ოცნების პრემიერი“ და სხვა მსგავსი.  ასევე, პრობლემურად მიიჩნია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების შესახებ სიუჟეტის ეთერში გაშვება ჯანდაცვის სამინისტროს კომენტარის გარეშე და ეს ბალანსის დაცვის მოთხოვნის დარღვევად ჩათვალა.

“გამომდინარე იქიდან, რომ ტელეკომპანია „ფორმულას“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი ხასიათის დარღვევისთვის წერილობითი გაფრთხილება უკვე მიღებული ჰქონდა, კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებელს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მინიმალური – 2500 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა”, – ვკითხულობთ კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში. წერილობითი გაფრთხილება “ფორმულამ”, სხვა ტელეკომპანიებთან ერთად, 8 აპრილს მიიღო. იმ შემთხვევაშიც, კომკომი, არხს იდენტურ საკითხებს ედავებოდა.

“თვალსაჩინოა ცენზურის ნორმალიზებისა და სარედაქციო საქმეებში ჩარევის მცდელობა”, – ასე აფასებს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ამ ფაქტს და ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს ამ ტენდენციის გამო.

“სტუდია მონიტორსა” და “პუბლიკას” პარლამენტმა აკრედიტაცია ვადაზე ადრე გაუუქმა

ონლაინ გამოცემებს: „პუბლიკასა“ და „მონიტორს“, საქართველოს პარლამენტმა ვადამდე გაუუქმა აკრედიტაცია, რომელიც ერთი წლის ვადით იყო გაცემული. პარლამენტის აპარატის უფროსის, კახა ოქროჯანაშვილის 21 მაისის ბრძანებებში, რომლებიც მედიებმა მიიღეს, აკრედიტაციის გაუქმების საფუძვლად მითითებულია მიმდინარე სასესიო პერიოდში (05.02.2026 – 17.04.2026), ზედიზედ ათი კვირის განმავლობაში,  აკრედიტებული მედიასაშუალების ჟურნალისტების არყოფნა პარლამენტში. „პუბლიკასაც“ და “მონიტორსაც” პარლამენტში აკრედიტებული ოთხ-ოთხი ჟურნალისტი ჰყავდათ. 

პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გამოცემა “პუბლიკას”  განუცხადეს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ამ მუხლის მითითებით პარლამენტში ჟურნალისტებს აკრედიტაცია ვადაზე ადრე გაუუქმდათ. აღნიშნული წესი 2023 წლიდანაა ძალაში. “მონიტორი”გეგმავს პარლამენტის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს.

შეგახსენებთ, სტუდია “მონიტორის” არააკრედიტირებულ ჟურნალისტს პარლამენტში პრობლემები შეუქმნეს ერთჯერადი საშვის მიღების დროსაც. „მონიტორის“ ჟურნალისტმა მარიკა დუდუნიამ 17 და 19 თებერვალს ორჯერ მიმართა საქართველოს პარლამენტს ერთჯერადი სპეციალური საშვის მოთხოვნით, თუმცა პარლამენტმა მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მომხდარს აფასებს, როგორც განზრახვას დამოუკიდებელ მედიასაშუალებაში მომუშავე ჟურნალისტებს შეეზღუდოთ წვდომა საჯარო ინფორმაციასა და საჯარო სივრცეებზე და შეეშალოთ ხელი პროფესიული მოვალეობის შესრულებაში. “ყოველივე ეს აზარალებს საქართველოს მოსახლეობას, ტოვებს რა მათ სანდო და გადამოწმებული ინფორმაციის გარეშე მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე”, – ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.

შსს-ში საჯარო კომუნიკაციის მონიტორინგისთვის ახალი სამმართველოს შექმნა იგეგმება

სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი სამმართველო შეიქმნება, რომლის ფუნქცია საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის მონიტორინგი იქნება.

მდინარაძის თქმით, სამმართველო ნებისმიერი ტიპის საჯარო კომუნიკაციას დააკვირდება, მათ შორის ისეთ განცხადებებს, რომლებიც, ხელისუფლების შეფასებით, შეიცავს სიძულვილის ენას, შუღლის გაღვივებას, ღირსების შელახვას ან სხვა მსგავსი ხასიათის კომუნიკაციას.

მისივე განცხადებით, სამმართველო პროაქტიულ რეჟიმში იმოქმედებს და რეაგირება მხოლოდ მოქალაქის საჩივარზე არ იქნება დამოკიდებული. უწყება თავად განახორციელებს მონიტორინგს, სამართლებრივ შეფასებას და, საჭიროების შემთხვევაში, მასალებს სასამართლოში გადააგზავნის.

მდინარაძემ განაცხადა, რომ ახალი მექანიზმის მიზანი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა არ არის. მისი თქმით, „კრიტიკის გამო არავინ არავის დაადებს ადმინისტრაციულ სახდელს“, თუმცა იმ შემთხვევებში, როდესაც კომუნიკაცია შეურაცხმყოფელ ან შუღლის გამაღვივებელ ხასიათს მიიღებს, სასამართლომ შესაძლოა ადმინისტრაციული პატიმრობაც გამოიყენოს.

ახალი სამმართველოს შექმნის ინიციატივა განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ფონზე, როდესაც ბოლო პერიოდში საქართველოში საჯარო გამოხატვის, მათ შორის სოციალური ქსელებში გამოქვეყნებული პოსტების გამო, პირების ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არაერთი შემთხვევა ფიქსირდება.მდინარაძის განცხადების საპასუხოდ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ ონიანმა განაცხადა, რომ დაანონსებული მექანიზმი „ერთგვარი ცენზურის მექანიზმად გვევლინება, და, მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ საზოგადოებაში ინტერესთა ბალანსთან“.