გამოცემა „მთის ამბების”გადამღებ ჯგუფს  მუშაობის უფლება არ მისცეს და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ


ონლაინგამოცემა „მთის ამბების“ გადამღებ ჯგუფს ხადას ხეობაში, სოფელ წკერეში, მუშაობისას ხელიუკანონოდ შეუშალეს, ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ჟურნალისტები აიძულეს გადაღება შეეწყვიტათ და სოფელი დაეტოვებინათ.

შემთხვევა 1-ელ აპრილს მოხდა. გადამღები ჯგუფი ხეობაში მას შემდეგ ჩავიდა, რაც ცნობილი გახდა, რომ სოფელში, ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის გამო მიწა ჩამოწვა და ადგილობრივების რამდენიმე საფლავი ჩაიტანა.

გადამღები ჯგუფი სოფელში განვითარებული პროცესის გადასაღებად იმყოფებოდა. ჟურნალისტები ადგილზე მაშინ მივიდნენ,  როცა ჩამოშლილი სასაფლაოდან ახალგაზრდა კაცის ცხედრის გადასვენება უნდა დაწყებულიყო. ჟურნალისტებს გადაადგილების შესაძლებლობა არ მისცეს. გამოცემის ინფორმაციით, ჩინური კომპანიის წარმომადგენლები, ზედამხედველებთან და გზების დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, გადაღების შეწყვეტას დაჟინებით მოითხოვდნენ. კომპანიის დაქირავებული თანამშრომლები, ხელმძღვანელის მითითებით, გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად უშლიდნენ ხელს, არ აძლევდნენ დრონით მუშაობის შესაძლებლობას და ტექნიკის დამტვრევით ემუქრებოდნენ.

„მთის ამბების“ ინფორმაციით, შიდა ქართლის საოლქო პროკურატურამ  ჟურნალისტებზე თავდასხმის და მათთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. აღნიშნული მუხლი გულისხმობს ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას, რაც ჩადენილია ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

“ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” შეშფოთებას გამოთქვამს მომხდარის გამო. განცხადებაში აღნიშნულია, რომ თავდასხმა სისხლის სამართლის დანაშაულის აშკარა ნიშნებს შეიცავს. ქარტია პროკურატურას ამ შემთხვევის სწრაფად და ეფექტურად გამოიძიებისკენ მოუწოდებს, ხოლო შსს-ს ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფას თხოვს. 

ტელეკომპანია “ევრონიუს ჯორჯია” საქართველოს ამბებს აღარ გააშუქებს

ტელეკომპანია “ევრონიუს ჯორჯია” ფორმატს იცვლის და 2026 წლიდან აღარ გააშუქებს საქართველოს ამბებს. ოფიციალურ განცხადებაში, ტელეკომპანიამ  ეს გადაწყვეტილება ფინანსურ რესურებს დაუკავშირა.

„ფინანსური მდგომარეობის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ საქართველოში სატელევიზიო სარეკლამო ბაზარზე არსებული ტენდენციების გათვალისწინებით, ტელევიზიის მოქმედი სამაუწყებლო მოდელი ვერ უზრუნველყოფს საკმარისი ფინანსური რესურსის გენერირებას, ტელევიზიის საოპერაციო ხარჯების და Euronews SA-სთან გაფორმებული ფრანშიზის ხელშეკრულების მიხედვით შესასრულებელი ფინანსური ვალდებულების დასაფარად. ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, კომპანიის სტარტეგიული განვითარების ფარგლებში მიღებულია ტელევიზიის ახალ ფორმატზე გადასვლის გადაწყვეტილება”, – ნათქვამია განცხადებაში. 

ამავე განცხადების თანახმად, განახლებული მოდელის ფარგლებში მთავარი აქცენტი გაკეთდება ქართული აუდიტორიისთვის ადაპტირებულ საერთაშორისო კონტენტზე.

„ევრონიუს ჯორჯია“ საერთაშორისო არხმა „ევრონიუსმა“ და მისმა პარტნიორმა „სილქნეტმა“ 2019 წელს დააფუძნეს. „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბიზნესმენი გიორგი რამიშვილია. საქართველოში მაუწყებლობა ტელეკომპანიამ 2020 წელს დაიწყო. საქართველოში, ბოლო ორ წელიწადში, სხვადასხვა მიზეზით 7-მა მედიასაშუალებამ შეწყვიტა მუშაობა.

“ქართუ ბანკი” “TV პირველს” სასამართლოში უჩივის

„ქართუ ბანკი“, რომლის 35%-იან წილს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის შვილი, უტა ივანიშვილი, ფლობს “TV პირველს” ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის. მოსარჩელე მოითხოვს არხმა ბანკი არ მოიხსენიოს როგორც  “ივანიშვილის” ან “ოლიგარქის” ბანკი.

“TV პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის, განმარტებით,  რეპორტაჟი, რომლის გამოც ბანკი ჩივის, საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა და ეყრდნობოდა ევროპის სახალხო პარტიის (EPP) რეზოლუციას, რომლის ერთ-ერთი მოთხოვნაც იყო „ქართუ ბანკის“ საერთაშორისო გადახდის სისტემიდან – SWIFT-იდან გათიშვა. „ისინი მოითხოვენ, რომ ეს რეპორტაჟი არ იყოს განთავსებული ონლაინ პლატფორმებზე. როგორც ჩანს, ბანკისთვის ეს საკითხი პრობლემატურია და მოითხოვენ სასამართლოს გზით ისეთი ტერმინების აკრძალვას მედიაში, როგორიცაა „ივანიშვილის ბანკი“ ან „ოლიგარქის ბანკი“, – განაცხადა ნოდარ მელაძემ გამოცემა “ნეტგაზეთთან”. მისივე განცხადებით, „ქართუ ბანკი“ ითხოვს მხოლოდ სიუჟეტში გასული ფაქტების უარყოფას და არა ფულად კომპენსაციას.

“მედიის ადვოკატირების კოალიციის” შეფასებით, ეს სარჩელი სამოქალაქო ჩართულობის წინააღმდეგ სტრატეგიული სამართალწარმოების (SLAPP) მორიგ შემთხვევას წარმოადგენს: “აღნიშნული საქმე არის ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების” მიერ მედიაზე წარმოებული მიზნობრივი რეპრესიული პოლიტიკის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

“TV 25”-ის გადამღებ ჯგუფს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ხელი შეუშალეს

2024 წლის 14 მარტს, ბათუმში, ადგილობრივი მედიის, “TV 25”-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “ოცნების ქალაქში” ახლად აშენებული საცხოვრებელი კორპუსის გადასაღებად მისულ ”TV 25-ის” ჟურნალისტს, თეო ფუტკარაძეს და ოპერატორს, გერა კილაძეს, მშენებლობაზე დასაქმებულმა პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მასთან ერთად, დაცვის თანამშრომელი ოპერატორისთვის კამერის წართმევასაც შეეცადა.

ინციდენტს ასახავს “ტვ 25-ის” ეთერში გასული მასალა, აღნიშნულ საკითხს განცხადებით მედიის ადვოკატირების კოალიციაც გამოეხმაურა.

“კოალიცია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დროულად დაიწყოს აღნიშნული ინციდენტის გამოძიება, რომ მედიის წარმომადგენლებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო იქნეს უზრუნველყოფილი” – ნათქვამია განცხადებაში.