„მონიტორის“ დისკრედიტაციის მორიგი მცდელობა „ქართული ოცნების“ წევრებისა და პროსამთავრობო მედიის მხრიდან

საგამოძიებო მედია „მონიტორის“ მიერ გამოქვეყნებულ  ჟურნალისტურ გამოძიებას ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენის – ვანო ჩხარტიშვილის მხრიდან მადისკრედიტებელი განცხადებები მოჰყვა, რაც პროსახელისუფლებო მედიამ კამპანიურად გაავრცელა. 

საქმე ეხება 25 სექტემბერს “მონიტორის” მიერ მომზადებულ მასალას ესტონელ ბიზნესმენზე, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში მიმდინარეობდა გამოძიება და სასამართლო პროცესები. მისი შინდისში არსებული ქონება მანამდე იყო დაყადაღებული, სანამ მიწის დიდ ნაწილს ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი იყიდდა. ამავე გამოძიებაში საუბარია, შინდისში მიმდინარე მშენებლობაზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ოჯახს ეკუთვნის.

ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ, ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა გაავრცელა წერილი, სადაც „დაკვეთილ სიუჟეტსა“ და მისი დისკრედიტაციის მცდელობაზე საუბრობს. მისივე თქმით, სიუჟეტი “კონსპირაციებზეა” აგებული.

„იმედი მაქვს, აღნიშნული საკითხით დაინტერესდება ობიექტური მედია, დასვამს ობიექტურ კითხვებს, გააკეთებს ობიექტურ ანალიზს და საზოგადოება არ დარჩება სტუდია „მონიტორის“ მიერ მომზადებული მიკერძოებული და დეზინფორმაციული ინფორმაციის პირისპირ“, – განაცხადა ვანო ჩხარტიშვილმა.

ვანო ჩხარტიშვილის განცხადება ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა და „პოსტვ-იმ“ ჯამში 9-ჯერ გაავრცელეს. აქედან, წერილი 5-ჯერ გამოქვეყნდა ტელეკომპანია „იმედის“ ფეისბუკგვერდზე, 2-ჯერ  „რუსთავი 2“-ის და 2-ჯერ  „პოსტვ-ის“ მიერ.

განცხადების გამოქვეყნებით არ დასრულებულა “მონიტორის” წინაღმდეგ კამპანიური შეტევა. 

“იმედმა” და “პოსტვ”-იმ ვრცელი სიუჟეტები მიუძღვნეს “მონიტორის” მიერ გამოქვეყნებულ გამოძიებას. ხოლო, მოგვიანებით ამ სიუჟეტიდან ამოჭრილი ნაწყვეტები სოციალურ ქსელებში გაავრცელეს. მონიტორინგის შედეგად დგინდება, რომ “იმედმა” “პოსტივიმ” და “რუსთავი 2-მა” საგამოძიებო მედიის წინააღმდეგ სამ დღეში 14 მასალა გაავრცელა.

“იმედი” “სტუდია „მონიტორს” უცხოურ გრანტებზე დამოკიდებული ორგანიზაციას” უწოდებს.

სიუჟეტებში კომენტარს აკეთებს ირაკლი კობახიძე და “მონიტორს” “უცხოურ აგენტურაში” ადანაშაულებს. 

შალვა პაპუაშვილმა კი, თქვა რომ “სტუდია მონიტორი იმ ჯგუფის წევრია, რომელიც ზოგადად საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს”.

“სიკეთეზე წერა მათ არ შეუძლიათ, ბინძური დაკვეთების კეთება ურჩევნიათ”  ასე აღწერს პოსტვ “მონიტორის” საგამოძიებო საქმიანობას და “მონიტორის” სიუჟეტს “მორიგ Fake-ს უწოდებს”.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დამოუკიდებელი საგამოძიებო გუნდი “მონიტორი” “ქართული ოცნების” მაღალი თანამდებობის პირებისა თუ მათთან დაახლოებული მედიის მხრიდან კოორდინირებული დისკრედიტაციის კამპანიის სამიზნე ხდება. 

“მონიტორის” Facebook-ის დაბლოკვას მედიის დისკრედიტაციის კამპანია მოჰყვა

2026 წლის 3 აგვისტოს, საგამოძიებო მედია “მონიტორის” YouTube-ს დაბლოკვას, “ქართული ოცნებისა” წევრებისა და პროსამთავრობო მედიების  მხრიდან, მედიის დისკრედიტაციის კამპანია მოჰყვა. 

“Facebook-მა სტუდია მონიტორის პროპაგანდისტული გვერდი წაშალა” – ამ წარწერით გამოაქვეყნა ქარდი სოციალურ ქსელში პროსამთავრობო, რუსული დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთის მიერ დასანქცირებულმა ტელეკომპანია “იმედმა”. 

“ქართული ოცნების” დეპუტატმა, ნინო წილოსანმა, “იმედის” ქარდი თავის გვერდზე გადააშიარა და “მონიტორის” დაბლოკვა ჩათვალა “სამართლიან ქცევად”: “სამწუხაროდ, წლებია, „სტუდია მონიტორი“ თავს დამოუკიდებელ მედიად ასაღებს, სინამდვილეში კი ძირითადად სიცრუისა და პოლიტიკური მანიპულაციის გამავრცელებელია… ვინც ფაქტების ნაცვლად სიცრუესა და მანიპულაციას ირჩევს, საზოგადოებას სწორედ ის აძლევს ყველაზე მეტ საფუძველს, მისი სანდოობის შესახებ კითხვები დასვას. ამჯერად ამ კითხვებზე პასუხი თავად ფეისბუქმა გასცა – „სტუდია მონიტორის“ გვერდი სოციალური ქსელიდან წაიშალა, – დაწერა ნინო წილოსანმა, რომლის შესახებ ასევე აქვს საგამოძიებო მასალა მომზადებული “მონიტორს”. 

ნინო წილოსანის ეს პოსტი უკანვე წაიღო და ახალ ამბად აქცია “იმედინიუსმა”, ასევე, იგივე სტატუსი, უცვლელად, ახალ ამბად გაავრცელეს “იმედთან” ერთად დასანქცირებულმა, პროსამთავრობო ტელეკომპანია“POSTV”-იმ და პროსამთავრობო  “რუსთავი 2”-მა.

ევროპარლამენტის რეზოლუციის შემდეგ პრო-სამთავრობო მედიაში მზია ამაღლობელის დისკრედიტაციის ნარატივი გრძელდება

ევროპარლამენტმა 12 მარტს მიიღო რეზოლუცია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, ჟურნალისტ მზია ამაღლობელისა და სხვა დაკავებული პირების დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებისკენ.

დოკუმენტი ასევე საუბრობს ოპოზიციისა და აქტივისტების დევნაზე, მოუწოდებს ხელისუფლებას გააუქმოს შემზღუდავი კანონები და უზრუნველყოს დაკავებული პირების მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობისა და კანონმდებლობის ბოროტად გამოყენების ბრალდებების დამოუკიდებელი გამოძიება.

რეზოლუციის მიღების შემდეგ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გამოაქვეყნა მასალა, სადაც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი მოხსენიებულია როგორც „პოლიციელზე მოძალადე“. აღნიშნული ფორმულირება წარმოადგენს მის მიმართ დისკრედიტაციის ნარატივის გაგრძელებას, რომელიც პრო-სამთავრობო რიტორიკაში მზია ამაღლობელის დაკავების შემდეგ აქტიურად ვრცელდება.

პროსამთავრობო ტელევიზია „რუსთავი 2“ საგამოძიებო სტუდია „აი ფაქტის“ დისკრედიტაციას ახდენს

პროსამთავრობო ტელევიზია „რუსთავი 2“-მა, საგამოძიებო სტუდია „აი ფაქტის“ შესახებ დეზინფორმაციული სიუჟეტი მოამზადა, რომელშიც მედიასაშუალება უცხოური ქვეყნების სპეცსამსახურებთან თანამშრომლობასა და საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებაში დაადანაშაულა.  

“რუსთავი 2-ის” სიუჟეტი სახელწოდებით “საინფორმაციო იერიში ქვეყნის წინააღმდეგ”,  ბრიტანეთის მთავრობის მიერ პროსამთავრობო ტელევიზიების დასანქცირებას ეხებოდა. სიუჟეტის მთავარი ნარატივი იყო, რომ „უცხო ძალებისთვის საქართველოში მთავარი იარაღი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიები არიან, რომლებიც ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან წინასწარ შემუშავებული სქემით მოქმედებენ“. ამის მაგალითად „რუსთავი 2-ს“ მოჰყავს „აი ფაქტის“ საგამოძიებო მასალა ყულევის ტერმინალში რუსული ნავთობით დატვირთლი ტანკერების შემოსვლაზე.

„ერთ-ერთი იარაღი უცხო ძალების ხელში მედიაპლატფორმა „აი ფაქტიც“ გახდა, რომელმაც წინასწარ დაწერა, რომ ლონდონი ყულევის ტერმინალში შემავალ ტანკერებს დაასანქცირებდა. ინფორმაცია ჯერ „აი ფაქტმა“ გამოაქვეყნა, შემდეგ კი გაერთიანებულმა სამეფომ ორი გემი სანქცირებულთა სიაში შეიყვანა“, – ამბობს წამყვანი და შემდეგ აზუსტებს, რომ ეს არის სქემის ნაწილი. „უცხოური სპეცსამსახურები კარგად იყენებენ აპრობირებულ მეთოდებს და ანალიტიკურ ორგანიზაციებში ქართველების აქტოვობებსაც სწორედ სხვა ქვეყნის დაზვერვა განსაზღვრავს“, – ამბობს ერთ-ერთი წამყვანი სიუჟეტის წარდგენისას. [სიუჟეტის ტაიმკოდი: 20:28 – 26:40]„აი ფაქტის“ დამფუძნებლის, ნინო ბაქრაძის განმარტებით, ამგვარი დეზინფორმაციული სიუჟეტი მხოლოდ იმის დასტურია, რამდენად აღელვებს „ქართულ ოცნებას“ ამ სტუდიის მიერ საქართველოს პორტებში რუსული ტანკერების შესახებ მომზადებული გამოძიებები.

“ქართული ოცნება” და  მისი მხარდამჭერი მედიები დამოუკიდებელი გამოცემა “პუბლიკის” დისკრედიტაციას ახდენენ  

“ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, და თბილისის მერი, კახი კალაძე, გამოცემა “პუბლიკისთვის” ევროკავშირის პრიზის მინიჭების ფაქტისა და გამოცემის დისკრედიტაციას ცდილობენ. მათ ნარატივს იმეორებენ “ქართული ოცნების” მხარდამჭერი მედიები, მათ შორის ტელეკომპანია “იმედი”, “რუსთავი 2”  და POSTV”. 

ჟურნალისტური კონკურსის – “ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში” გამარჯვებულები, ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში, 2026 წლის 6 თებერვალს  გამოავლინა. ექვსი საკონკურსო ნომინაციიდან, სამ კატეგორიაში (საუკეთესო ფოტო, საუკეთესო ბლოგი და საუკეთესო სიუჟეტი) ონლაინ გამოცემა “პუბლიკის” ჟურნალისტებმა გაიმარჯვეს. მათი მასალები პროევროპული პროტესტის პერიოდში მომხდარ სხვადასხვა უფლებადარღვევას აღწერდა. 

დაჯილდოების ცერემონიისა და ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, პროპაგანდისტულმა POSTV-იმ “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძესა და თბილისის მერს, კახა კალაძეს ჰკითხეს – რა გზავნილი იყო ევროკავშირის მხრიდან “პუბლიკის” დაჯილდოება პროტესტის შესახებ მომზადებული მასალებისთვის. “პუბლიკისთვის“ ჯილდოს გადაცემა არის იმის გაგრძელება, რაც ვიხილეთ ამაღლობელის შემთხვევაში, როდესაც ადამიანი დაჯილდოვდა პოლიციელის შეურაცხყოფისთვის – ეს არის ის დაბალი სტანდარტი, რომლითაც მოქმედებს ევროპული ბიუროკრატია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ შეკითხვის პასუხად.  კახა კალაძემ კი კიდევ ერთხელ გაიმეორა “ქართული ოცნების” ანტიდასავლური გზავნილი, რომ “ქვეყანაში ძალადობრივ ჯგუფებს გარედან ახალისებენ”. 

“ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში – მედიის ჯილდო თუ ძალადობის წახალისება?!” – იმავე დღეს ამ სათაურით გამოაქვეყნა ახალი ამბავი პროსამთავრობო, პროპაგანდისტულმა “იმედმა”. რეალურად, რას აჯილდოვებს ევროკავშირი საქართველოში – ჟურნალისტიკას თუ სახელმწიფოსა და მის ინსტიტუტებზე განხორციელებულ ძალადობას?- ამ კითხვას სვამს მასალაში “იმედი”.