პროკურატურამ „ფორმულასთან“ დაკავშირებულ საქმეზე ცრუ დასმენის მუხლით გამოძიება დაიწყო

2026 წლის 16 ივნისს თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში ცრუ დასმენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი კინორეჟისორის, გიორგი (გოგა) ხაინდრავას ინტერესების დამცველი ადვოკატების განცხადება ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ ხაინდრავას მიმართ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით. გავრცელებული ინფორმაციით, პროკურატურა ცრუ დასმენას “ფორმულას” წყაროს ედავება.

საქმე უკავშირდება „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტებს. 2026 წლის 17 იანვრის მასალაში საუბარი იყო, 2016-2017 წლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შესაძლო შეთანხმებით, საქართველოში ინდოეთისა და პაკისტანის მოქალაქეების შემოყვანაზე. ხაინდრავა სიუჟეტებში გავრცელებულ ინფორმაციას ცრუსა და ცილისმწამებლურს უწოდებს. მანამდე, 2026 წლის 19 მარტს, ხაინდრავამ „ფორმულას“ სასამართლოშიც უჩივლა და მორალური ზიანისთვის 10,000 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.  

პროკურატურის ცნობით, გიორგი ხაინდრავა საგამოძიებო ორგანოში მოწმის სახით უკვე გამოიკითხა. უწყების განცხადებით, საქმეზე ჩატარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, ხოლო შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებას მედიის დაშინებისა და გამომძიებელი ჟურნალისტების დასჯის მცდელობად აფასებს. ქარტიის განცხადებით, წყაროს კონფიდენციალობა ჟურნალისტის დაცული უფლება და ფუნდამენტური პროფესიული სტანდარტია, ხოლო ჟურნალისტის იძულება, წყარო გაამჟღავნოს, დაუშვებელია.

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი რეჟისორი გოგა ხაინდარავა სამართალდამცავებს  მიმართავს დაინტერესდნენ  ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში მის შესახებ გასული სიუჟეტით

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი რეჟისორი გოგა ხაინდარავა საქართველოს პროკურატურას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს, დაინტერესდნენ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში მის შესახებ გასული სიუჟეტით.

საუბარია მასალაზე, რომელიც „ფორმულას“ ეთერში 2026 წლის  17 იანვარს გავიდა. მასში ნათქვამია, რომ 2016-2017 წლებში გოგა ხაინდრავას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, საქართველოში  ინდოეთისა და პაკისტანის მოქალაქეები შემოჰყავდა.

„სიუჟეტში გაჟღერებული იყო, რომ მე, სუს-თან შეთანხმებით, წინასწარი განზრახვით ჩავიდინე უმძიმესი დანაშაული. ეს ჩემთვის სახელმწიფოს ღალატის ტოლფასი დანაშაულია. ქვეყნის ღალატია, როცა ქრთამის სანაცვლოდ ქვეყნის ტერიტორიაზე არალეგალურად შემოგყავს პოტენციური დამნაშავეები. ამიტომ, გარდა იმისა, რომ სარჩელი შევიტანე სასამართლოში, მივმართავ პროკურატურას და ვთხოვ, ჩაატაროს გამოძიება საკითხზე, რათა დადგენილი იყოს, ვინ არის დამნაშავე, მე, სუს-ი, საზღვრის დაცვის პოლიცია თუ შპს „სიცრუის ფორმულა“,- განაცხადა ხაინდრავამ პრესკონფერენციაზე.

მიმდინარე წლის იანვარში, ამ სიუჟეტის გასვლის შემდეგ, გოგა ხაინდრავამ დაანონსა, რომ ის  „ფორმულას“  სასამართლოს მიმართავდა. .აღსანიშნავია, რომ სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ, გადაცემის წამყვანმა დავით ქაშიაშვილმა  მუქარის შემცველი შეტყობინება მიიღო მისთვის უცნობი პირისგან. მუქარის ავტორი ჟურნალისტს სწერდა: “პატარა ქალაქია თბილისი…. თავს გაუფრთხილდი ჯიგარო”. დავით ქაშიაშვილმა აღნიშნულის შესახებ თავად განაცხადა გადაცემის პირდაპირ ეთერში და ამ გზით საქმის კურსში ჩააყენა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ტელეკომპანია “იმედის” ყოფილმა მფლობელმა ირაკლი რუხაძემ “ფორმულას” ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

20 მარტს, სამების საკათედრო ტაძრის ეზოდან გამოსულმა ირაკლი რუხაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ჟურნალისტი რუხაძეს ტელეკომპანია „იმედის“ წილების გასხვისებაზე ეკითხებოდა. ირაკლი რუხაძემ ჟურნალისტს ჰკითხა, რომელ ტელევიზიას წარმოადგენდა. მას შემდეგ კი, რაც შეიტყო, რომ ჟურნალისტი ტელეკომპანია „ფორმულას“ წარმომადგენელი იყო, მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და გაიქცა.

„დავაი, დაახვიეთ აქედან,“ – უთხრა ირაკლი რუხაძემ „ფორმულას“ ჟურნალისტს, რაც მკაფიოდ ისმის ტელევიზიის მიერ გავრცელებულ ვიდეოში.

2026 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ოთხი წლის შემდეგ, დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა პრო-სამთავრობო ტელეკომპანიებს „იმედსა“ და „პოსტივის“, უკრაინის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელების გამო.

აღსანიშნავია, რომ სანქციებამდე რამდენიმე კვირით ადრე, 30 იანვარს, ტელეკომპანია „იმედის“ სრული წილი სიმბოლურ ფასად 1 000 ლარად გაასხვისა ბიზნესმენ ირაკლი რუხაძესთან დაკავშირებულმა კომპანიამ. სანქციების დაწესების მეორე დღეს კი მან „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაც დატოვა.

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა კინორეჟისორმა გოგა ხაინდარავამ ტელეკომპანია “ფორმულას” სასამართლოში უჩივლა

19 მარტს,  “ქართული ოცნების” მხარდამჭერმა კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია “ფორმულას” სასამართლოში უჩივლა და მორალური ზიანისთვის 10,000 ლარის ანაზღაურება მოითხოვა. სარჩელით აგრეთვე მოთხოვნილია, “შაბათის ფორმულას“ ეთერით „არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი და მოსარჩელისათვის სახელის, პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობების“ უარყოფაც.

“მედიაჩეკერის” ინფორმაციით, სარჩელი ეხება ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში გასულ ორ სიუჟეტს, 2025 წლის 20 დეკემბერს და 2026 წლის 17 იანვარს. 20 დეკემბერს გასული სიუჟეტი “ბოდიშიდან-შენდობამდე“, „ოცნების“ მთავარი იდეოლოგის კინო – რაში უხდიან გოგა ხაინდრავას მილიონს” ეხება თაღლითურ ქოლ-ცენტრს. ტელეკომპანია “ფორმულას” ინფორმაციით თაღლითური სქემის უკან გოგა ხაინდრავა დგას. 17 იანვრის სიუჟეტი “ოცნების პროპაგანდისტად ქცეული რეჟისორი – შემოჰყავდა თუ არა ფულის სანაცვლოდ გოგა ხაინდრავას უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში” გოგა ხაინდრავას მიერ, საქართველოში ფულის სანაცვლოდ ინდოელების და პაკისტანის მოქალაქეების შემოყვანას ეხება.

გოგა ხაინდრავა ორივე სიუჟეტს ცრუ ინფორმაციას და ცილისმწამებლურს უწოდებს

აღსანიშნავია, რომ გოგა ხაინდრავას შესახებ მომზადებული სიუჟეტების ეთერში გასვლის შემდეგ, გადაცემის წამყვანმა დავით ქაშიაშვილმა  მუქარის შემცველი შეტყობინება მიიღო მისთვის უცნობი პირისგან. 

“ქართული ოცნების” მხარდამჭერი გოგა ხაინდრავა ტელეკომპანია “ფორმულას” სასამართლოში ჩივილით ემუქრება

21 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე “ქართული ოცნების” მხარდამჭერმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა, რომ ტელეკომპანია “ფორმულას” უჩივლებს.

17 იანვარს “შაბათის ფორმულას” ეთერში გავიდა სიუჟეტი გოგა ხაინდრავას შესახებ. სიუჟეტის მიხედვით, გოგა ხაინდრავა სავარაუდოდ კორუფციულ სქემებში მონაწილეობს.

სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ, გადაცემის წამყვანმა დავით ქაშიაშვილმა განაცხადა, რომ მან მუქარის წერილი მიიღო მისთვის უცნობი პირისგან. მუქარის ავტორი ჟურნალისტს სწერს: “პატარა ქალაქია თბილისი…. თავს გაუფრთხილდი ჯიგარო”.

დავით ქაშიაშვილმა აღნიშნულის შესახებ თავად განაცხადა გადაცემის პირდაპირ ეთერში და ამ გზით საქმის კურსში ჩააყენა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. 

“TV პირველის” ჟურნალისტს, თამთა დოლენჯაშვილს, “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი  ფიზიკურად შეეხო

2025 წლის 31 მაისს, “TV პირველის” გადაცემა “ მელაძის შაბათის”  ეთერში გავიდა თამთა დოლენჯაშვილის ჟურნალისტური გამოძიება პარტია “ქართული ოცნების” ყოფილი წევრების ფიქტიური დასაქმების შესახებ მაღალანაზღაურებად პოზიციებზე სხვადსახვა სახელმწიფო კომპანიებში.  ჟურნალისტი ერთ-ერთ ასეთ პირს, ლუკა კურტანიძეს, “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატს საქართველოს პარლამენტის შენობაში შეხვდა და კითხვების დასმა სცადა, თუმცა მისი მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა