MMA-ის მებრძოლი „ქართული ღირებულებების, ფასეულობების და ტრადიციების დაცვის მიზნით“ მოძრაობას აფუძნებს

MMA-ის მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად „სიწმინდეების დასაცავად“ ახალი მოძრაობა დააფუძნა. მისი განცხადებით, მოძრაობას „მყისიერი რეაგირება“ ექნება „სიწმინდეების, წინაპრების, რელიგიისა და ისტორიის შეურაცხყოფაზე“.

„საჭიროების შემთხვევაში ციხეშიც კი წავალთ“, – განაცხადა ქართველიშვილმა მოძრაობის პრეზენტაციისას.ქართველიშვილის თქმით, ქართული იდენტობა, ტრადიციები, ღირებულებები, რელიგია და კულტურა „კოორდინირებული თავდასხმის“ სამიზნე ხდება, რომლის ავტორებადაც მან „ქვეყნის გარედან დაფინანსებული ჯგუფები“, პოლიტიკოსები, აქტივისტები, მედიის წარმომადგენლები და მათთან აფილირებული პირები დაასახელა. მისი განცხადებით, მოძრაობა იწყებს ბრძოლას „უცხოეთიდან დაფინანსებული გარე ინტერესების მონურ მორჩილებაში მყოფი“ ადამიანებისა და ჯგუფების წინააღმდეგ.

გიორგი ქართველიშვილი ბოლო დღეებში პროსამთავრობო მედიაში ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულის მხარდამჭერ კონტექსტში ჩნდებოდა. პროსამთავრობო არხები მას თავდასხმაში ბრალდებული პირის მეგობრად მოიხსენიებდნენ და მისი პოზიციები ბრალდებულის დასაცავად გამოიყენებოდა. აქტივისტები ქართველიშვილს ასევე ე.წ. ტიტუშკების მობილიზებაში ადანაშაულებენ. ის სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს „ქართული ოცნების“ ლიდერებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს.

„ქართული ოცნების“ წევრი არჩილ გორდულაძე ინიციატივას მიესალმა და განაცხადა: „კარგია, როდესაც ადამიანებს აქვთ სურვილი, დაიცვან, ხმა აიმაღლონ ქვეყნის კულტურის, რწმენის, ადამიანების უფლებების, ისტორიის წინააღმდეგ მიმართულ მიზანმიმართულ ქმედებებზე“. მისი თქმით, „რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა მოხდეს კანონის დაცვით და სრულ ჩარჩოებში“.

მოძრაობის დაფუძნებას „ქართული ოცნების“ წევრი ნინო წილოსანიც გამოეხმაურა და მას საზოგადოების ნაწილის „ბუნებრივი რეაქცია“ უწოდა. წილოსანმა მოქალაქეებს მოუწოდა, თავი გააკონტროლონ და ადამიანის ღირსებას არ შეეხონ, რადგან მოძრაობას „მყისიერი რეაგირება“ აქვს დაანონსებული.

მოძრაობის დაფუძნება მოხდა იმ ფონზე, როდესაც პროსამთავრობო მედიამ ონისე ოქრიაშვილის წინააღმდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში დისკრედიტაციული კამპანია აწარმოა, რის შემდეგაც, მას სახლთან თავს დაესხნენ. თავდასხმის შემდეგაც იგივე მედიასაშუალებები აგრძელებდნენ ოქრიაშვილის ვიდეოების კონტექსტიდან ამოგლეჯილად გავრცელებას და პარალელურად თავდასხმაში ბრალდებული პირის მხარდამჭერი შინაარსის მასალებს ავრცელებდნენ.

ამ კონტექსტში, „სიწმინდეების დაცვის“ სახელით შექმნილი მოძრაობა და მის გარშემო გაჟღერებული გზავნილები აძლიერებს შთაბეჭდილებას, რომ ხელისუფლებასთან დაკავშირებული პოლიტიკური და მედიაგარემო კრიტიკული ხმების წინააღმდეგ საზოგადოებრივი აგრესიის მობილიზებასა და ძალადობის გამამართლებელი ნარატივების გავრცელებას უწყობს ხელს.

სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ დაფიქსირებული ინციდენტები – 2025 წლის სექტემბერი

კონტექსტი

2025 წლის სექტემბერში დოკუმენტირებული ინციდენტები მიუთითებს სამოქალაქო აქტივისტებისა და საპროტესტო მოძრაობასთან დაკავშირებული პირების მიმართ რეპრესიული პრაქტიკის კიდევ უფრო გამკაცრებაზე. საანგარიშო პერიოდში განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო თავისუფლების აღკვეთისა და სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენება პროევროპული აქციების მონაწილეების წინააღმდეგ, მათ შორის მრავალწლიანი პატიმრობის შეფარდება როგორც ჯგუფურ ქმედებებში მონაწილეობის, ისე ნარკოდანაშაულისა და სხვა ბრალდებების საფუძველზე. არაერთ შემთხვევაში ბრალდებულები აცხადებდნენ, რომ სამართლებრივი დევნა მათ საპროტესტო აქტივობას უკავშირდებოდა.

დოკუმენტირებული შემთხვევები ასევე მოიცავდა ადმინისტრაციულ დაკავებებს, ფინანსური სანქციების დაკისრებას, ფიზიკური ძალადობისა და დაშინების ფაქტებს, მათ შორის აქტივისტებზე ჯგუფურ თავდასხმებსა და მუქარის შემცველ ინციდენტებს. ცალკეულ ეპიზოდებში გამოიკვეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ნიშნებიც, როდესაც სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობას უზღუდავდნენ ან მათ წინააღმდეგ ძალის გამოყენებით მოქმედებდნენ.

ამასთან, სექტემბერში გაგრძელდა ე.წ. „პირბადეების საქმის“ ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათი წარმომადგენლების წინააღმდეგ საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების მხარდამჭერ საქმიანობას უკავშირდება.

ინციდენტები:

2025 წლის 2 სექტემბერს,  თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ, პროევროპული აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ანტონ ჩეჩინს 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

ჩეჩინს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის ფლობაში ედებოდა ბრალი. ის ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ნარკოტიკი აქციებში მონაწილეობის გამო ჩაუდეს. ჩეჩინი 3 დეკემბერს დააკავეს. დაკავებას წინ უძღოდა 18 ნოემბრის შემთხვევა, რა დროსაც, მისი თქმით, ის აქციიდან პოლიციის განყოფილებასთან გადაიყვანეს და დაემუქრნენ, რომ შეეწყვიტა მას საპროტესტო აქციებში მონაწილეობის მიღება.

2025 წლის 2 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე, სადაც მოქალაქეები „ქართული ოცნების“ საგამოძიებო კომისიის ფარგლებში თეა წულუკიანის განცხადებებს აპროტესტებდნენ, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 23 ადამიანი დააკავა. აქციის მონაწილეები გზის გადაკეტვას ცდილობდნენ, თუმცა სამართალდამცავებმა ამის საშუალება არ მისცეს და რამდენიმე პირი ტროტუარზე ძალის გამოყენებით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაკავებულები პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს არ დაემორჩილნენ.

2025 წლის 3 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა პროევროპულ აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებული  რვავე ბრალდებულს ბრალი გადაუკვალიფიცირა და დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს. 

სამ მათგანს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა; პროკურატურა სამივეს 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას სდებდა ბრალად.

დანარჩენ 5 ბრალდებულს: ირაკლი მიმინოშვილს, გიორგი გორგაძეს, თორნიკე გოშაძეს, ინსაფ ალიევსა და ნიკოლოზ ჯავახიშვილს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამ პირებს პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებოდა.

2025 წლის 3 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა პროევროპულ აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებულ თერთმეტივე ბრალდებულს – რევაზ კიკნაძეს, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, რუსლან სივაკოვს, ირაკლი ქერაშვილს, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, სერგეი კუხარჩუკსა და გური მირცხულავას – 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

პროკურატურა 11-ვე პირს 225-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებოდა. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 8 პირის საქმის მსგავსად მათ ბრალი გადაუკვალიფიცირა და დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით, რაც  ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.

2025 წლის 3 სექტემბერს,  თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ, პროევროპული აქციების დროს დაკავებულ საბა სხვიტარიძეს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

საბა სხვიტარიძეს თავდაპირველად ბრალდების მხარე პოლიციელ მირიან ქავთარაძეზე თავდასხმას ედავებოდა, თუმცა 24 ივლისს პროკურატურამ მას ბრალი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლზე გადაუკვალიფიცირა, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით დასჯადი ქმედებაა.

2025 წლის 3 სექტემბერს, აქტივისტ მარიამ მეყანწიშვილს „ოცნების” მხარდამჭერი ბექა გოცირიძე თავს დაესხა. როგორც მარიამ მეყანწიშვილი „პუბლიკას” უყვება, ბექა გოცირიძემ მას, 3 სექტემბერს, მელიქიშვილის გამზირზე, სადაც საპროტესტო მარშის პარალელურად კახა კალაძის საარჩევნო შტაბის გახსნის ღონისძიება მიმდინარეობდა, სიგარეტის ნამწვი ესროლა  და ხელი დაარტყა. 

2025 წლის 4 სექტემბერს, აქტივისტ ალბი კორძაიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. საქმე უკავშირდებოდა 2 სექტემბერს, პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე მის დაკავებას, სადაც მოქალაქეები „ქართული ოცნების“ საპარლამენტო კომისიაში თეა წულუკიანის განცხადებებს აპროტესტებდნენ. 

2024 წლის 4 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2 სექტემბერს რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულების ადმინისტრაციული საქმმეები განიხილა. აქტივისტები: ლუკა დევდარიანი, ნიკა კორძაძე და დავით გუნაშვილი 5000-5000 ლარით დაჯარიმდნენ. 

2025 წლის 8 სექტემბერს, თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან შეკრებილ დემონსტრანტებს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ესხმიან თავს აქტივისტებს და მათ ფიზიკურად უსწორდებიან. დაპირისპირება რამდენიმე საათის განმავლობაში პერიოდულად გრძელდებოდა. მონაწილეების განცხადებით, ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ თავდასხმების ეფექტიანად აღკვეთა ვერ შეძლო, მიუხედავად იმისა, რომ აქტივისტების თქმით, თავდამსხმელთა ნაწილის იდენტიფიცირება შესაძლებელი იყო. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება ჯგუფური ძალადობის ფაქტზე დაიწყო.

2025 წლის 10 სექტემბერს, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ბრალდებით მეგი დიასამიძე დააკავეს. 23 წლის მეგი დიასამიძე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან ხუთ წლამდე. ხოლო 12 სექტემბერს, დაკავებულ 23 წლის აქტივისტს, მეგი დიასამიძეს, მოსამართლე დავით კურტანიძემ აღკვეთის ღონისძიების სახით 2 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და დარბაზიდან გაათავისუფლა

2025 წლის 12 სექტემბერს, პროევროპული აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 8.5-8.5 წელი მიუსაჯა.  ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული 17 დეკემბერს დააკავეს, მათ ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობაში ედებათ. გრიბული და ზინოვკინა ბრალს არ აღიარებენ და ამბობენ, რომ მათ ნარკოტიკი აქციებში მონაწილეობის გამო პირადი და ბინის ჩხრეკის დროს ჩაუდეს. ორივე მათგანი წარსულში რუსეთში, ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციებში მონაწილეობდა. 

2025 წლის 12 სექტემბერს, საჯარო მოხელის, თაკო კავკასიძის თქმით, ის პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. როგორც კავკასიძე აღნიშნავს, ის “ქართული ოცნების” მიერ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების გადაწყვეტილებას გაემიჯნა და პოზიცია სპეციალურ პეტიციაზე ხელმოწერით დააფიქსირა. მასთან ერთად, ყოფილი საჯარო მოხელის განცხადებით, თანამდებობა დაატოვებინეს პროევროპული კურსის მხარდამჭერი პეტიციის კიდევ ერთ ხელმომწერს. 

2025 წლის 15 სექტემბერს, რუსთაველის გამზირისა და ბესიკის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობიდან წამოსული საპროტესტო მარშის მონაწილეებს რამდენიმე პირი სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდა. აქტივისტების ინფორმაციით, დაპირისპირების დროს ერთ-ერთ პირს, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი და დანა ჰქონდა. შსს-ს ცნობით, ინციდენტის შემდეგ, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 2009 წელს დაბადებული დ.გ. დააკავეს.

2025 წლის 23 სექტემბერს,  OC MEDIA-ს დირექტორისა და ფოტორეპორტიორის, მარიამ ნიკურაძის ინფორმაციით, თბილისში, ათონელის რეზიდენციასთან მიმდინარე ე.წ. ზებრების აქციაზე, დემონსტრანტებს ავტომობილი განზრახ დააჯახეს.

“მარიამ მეყანწიშვილი გადაიყვანეს სასწრაფოში, მანამდე გონი დაკარგა ორჯერ. მეორე დაზარალებულიც, ლიზი უბილავა, ამ წუთას წაიყვანა სასწრაფომ. პოლიციამ გვითხრა, რომ განზრახ დაჯახების ფაქტი “გადაცემულიაო” შესაბამის ადგილასო. გამოძიება დაიწყო თუ არა, არ ვიცით”, – წერს OC MEDIA-ს დირექტორი და ფოტორეპორტიორი, მარიამ ნიკურაძე.

2025 წლის 29 სექტემბერს, „გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი, აქტივისტი გელა ხასაია დააკავეს. შსს-ს განცხადებით, გელა ხასაია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავეს და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს. ადვოკატის განცხადებით, საქმე ეხება 1 სექტემბერს, სადგურის მოედანზე მომხდარ კონფლიქტს, რომელშიც გელა ხასაიასთვის უცნობი პირები მონაწილეობდნენ და რომელსაც ხასაია შეესწრო. ადვოკატი ომარ ფურცელაძე ამბობს, რომ გელა ხასაიას პოლიციის განყოფილებაში ყოფნის პერიოდში, მასზე მიმდინარეობდა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფსიქოლოგიური ზეწოლა. ფურცელაძის თქმით, ხასაიას ერთ-ერთმა პოლიციელმა შეახსენა ეპიზოდი, სადაც სამართალდამცავი დაჰპირდა, რომ ხასაიას „სისხლის სამართლის წესით დააკავებდა“.

ე.წ “პირბადეების საქმე” 

ე.წ. „პირბადეების საქმის“ ფარგლებში საქართველოს პროკურატურამ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვაზე არაერთი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი დაიბარა. 4 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოიკითხა ორგანიზაცია „დემოკრატიის მცველების“ თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე. მისი განცხადებით, პროკურატურის კითხვები ეხებოდა როგორც მის ცალკეულ Facebook-პოსტებსა და ორგანიზაციის ფინანსურ დოკუმენტაციას, ასევე 2024 წლის საპროტესტო აქციების ორგანიზების საკითხს.

8 სექტემბერს იმავე საქმეზე გამოიკითხა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი ლევან ნატროშვილი.

17 სექტემბერს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხნენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური და „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ თავმჯდომარე, „საქართველოს წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის“ (GCRT) დირექტორი ლელა ცისკარიშვილი. მათი განცხადებით, გამოკითხვის დროს შეკითხვები შეეხებოდა საპროტესტო აქციებთან დაკავშირებულ საქმიანობას, მათ შორის აქციების მონაწილეთა მხარდაჭერას, ადმინისტრაციული ჯარიმების გადახდას, იურიდიულ დახმარებასა და სხვადასხვა სახის აღჭურვილობისა თუ ინვენტარის შეძენას.

ე.წ პირბადეების საქმე უკავშირდება პროკურატურაში 2025 წლის 8 თებერვალს დაწყებულ გამოძიებას, რომელიც მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19, 318-ე მუხლის მეორე ნაწილით, 319-ე და 321/1 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“. 

გამოძიების ფარგლებში, 7 აგვისტოს პროკურატურის განცხადებით ყადაღა დაედო 7 არასამთავრობო ორგანიზაციის, „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“, ISFED-ის, IDFI-ის, GDI-ის, „დემოკრატიის მცველების“, „საფარის“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“, ანგარიშებს. უწყების თანახმად, ამ ორგანიზაციების  „მიზნობრივი ფინანსები გამოყენებული იქნა ისეთი აღჭურვილობის შესაძენად, როგორიც არის – სპეციალური აირწინაღები, დამცავი სათვალეები, პირბადეები, სახის დასაფარი ნიღბები, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები, რასაც აქციის მონაწილეები აქტიურად იყენებდნენ პოლიციასთან ძალადობრივი დაპირისპირებისას“. აღსანიშნავია, რომ პროკურატურა დანაშაულად მიიჩნევს საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების და დაჯარიმებულების იურიდიულ დახმარებასაც.

სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ დაფიქსირებული ინციდენტები – 2024 წლის ივნისი

კონტექსტი

2024 წლის ივნისში ჩატარებულმა მონიტორინგმა აჩვენა, რომ სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ მიმართული უფლებადარღვევები კვლავ გაგრძელდა და შეინარჩუნა სისტემური ხასიათი. მიუხედავად იმისა, რომ მაისთან შედარებით საპროტესტო აქციების ინტენსივობა შემცირდა, აქტივისტების მიმართ ძალადობის, დაშინებისა და სამართლებრივი ზეწოლის პრაქტიკა კვლავ თვალსაჩინო იყო. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა პოლიტიკური პარტიის ოფისის დაზიანების ფაქტიც, რაც მიუთითებდა დაძაბულ და პოლარიზებულ გარემოზე და ზრდიდა პოლიტიკურ აქტორებთან დაკავშირებული ძალადობრივი ქმედებების რისკებს.

დოკუმენტირებული შემთხვევები მოიცავს როგორც ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ დაკავებებს, ისე ფიზიკური ძალადობის, ქონების დაზიანებისა და ირიბი ზეწოლის ფაქტებს. ინციდენტების ნაწილი უკავშირდება აქტივისტების სამოქალაქო და საპროტესტო საქმიანობას, რაც მიუთითებს კრიტიკული გამოხატვის მიმართ მტრულ გარემოსა და მსუსხავი ეფექტის შექმნის რისკზე. 

ინციდენტები

2024 წლის 3 ივნისს, აქტივისტი დავით კუპრავა, რომელსაც “ქართული ოცნების” დეპუტატი, ნინო წილოსანი “ადევნებაში” ადანაშაულებს, კრიმინალურ პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს. წილოსანმა კუპრავას შინაგან საქმეთა სამინისტროში მას შემდეგ უჩივლა, რაც ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთების დროს მოქალაქემ მას მანქანიდან მოღალატე დაუძახა. წილოსანი ამტკიცებს, რომ ადგილი აქვს “ადევნებას”. 

2024 წლის 5 ივნისს, ბიზნესმენი და ე.წ. “რუსული კანონის” მოწინააღმდეგე აქტივისტი იოსებ ბაბაევი იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით სუს-მა დააკავა და სცემა. უკანონოდ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები მოსამართლე ლევან დარბაიძემ არაკანონიერად მიიჩნია და ბიზნესმენი დარბაზიდან გაათავისუფლა. ბაბაევი მისი დაკავების დღეს იხსენებს და ამბობს, რომ სამართალდამცველები დაახლოებით 5 საათის განმავლობაში სცემდნენ. ბაბაევის თქმით, მის დაკავებას ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფრო ხელმძღვანელობდა.

2024 წლის 7 ივნისს, სტუდენტს და აქტივისტს ნიკო მანაგაძეს თსუ-ის პირველ კორპუსთან 4-მდე ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა. ფიზიკურ ანგარიშსწორებას წინ უძღვოდა მანაგაძის მიერ დაანონსებული საპროტესტო შეკრება თსუ-სთან, სადაც მომიტინგეები “ქართული ოცნების” პრემიერ მინისტრს, ირაკლი კობახიძეს უნდა დახვედროდნენ. პროეტესტი ე.წ. “ქართული ოცნების” არადემოკრატიულ პოლიტიკას უკავშირდებოდა, მათ შორის ე.წ. “რუსული კანონის” მიღებას.  

2024 წლის 8 ივნისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, სადაც “ქართული ოცნების” პრემიერ მინისტრის, ირაკლი კობახიძის, ლექცია უნდა ჩატარებულიყო, ე.წ. “რუსული კანონის” მოწინააღმდეგე სტუდენტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის პარალელურად, “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული პირები, ე.წ „ტიტუშკები“, უნივერსიტეტის დერეფანში და გარე პერიმეტრზე იყვნენ მობილიზებულები. ადგილზე ვითარება არაერთხელ დაიძაბა. 

2024 წლის 9 ივნისს, არასამთავრობო ორგანიზაცია “გრასის” თანამშრომელს, მარიამ წიწიკაშვილს, “ხალხის ძალის” დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან აეროპორტში შეკამათების შემდეგ, პოლიციელებმა პასპორტი ჩამოართვეს და წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს. 

2024 წლის 11 ივნისს, “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ფეისბუქ პოსტის გამოქვეყნებიდან ერთ საათში, აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილს ძალადობრივი დაჯგუფება ფიზიკურად გაუსწორდა. პოსტში პაპუაშვილი ხაზს უსვამდა, რომ თითქოს სამოქალაქო აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი ურეკავდა პარლამენტის წევრებს მუქარით და შეურაცხყოფით, ბერძენიშვილს  ჩასაფრება სახლთან მოუწყვეს, უკნიდან მიეპარნენ, ურტყამდნენ და მოკვლით ემუქრებოდნენ. მიყენებული დაზიანებების სიმძიმიდან გამომდინარე, ბერძენიშვილს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

2024 წლის 11 ივნისს, ორბელიანის მოედანზე, სადაც სტუდენტები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უნდა შეხვედროდნენ, სტუდენტებს ე.წ „ზონდერ-დაჯგუფებები“ დახვდნენ. ვინაიდან ორბელიანის მოედანზე დაგეგმილი აუდიენციის შესახებ წინასწარ იყო ცნობილი, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებულმა აგრესიულმა ჯგუფები ადგილზე მობილიზდნენ. ისინი პრეზიდენტს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, „რეზიდენტსა“ და „მოღალატეს“ უწოდებდნენ და შეხვედრის ჩაშლას ცდილობდნენ. სიტყვიერი აგრესია მიმართული იყო როგორც თავად სალომე ზურაბიშვილის, ისე შეხვედრის მონაწილე სხვა პირებისა და აქტივისტების წინააღმდეგ. ორგანიზატორების განცხადებით, ამდაჯგუფებების მთავარი მიზანი ახალგაზრდების პროვოკაციაზე წამოგება და ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩათრევა იყო, თუმცა ეს მცდელობა ჩავარდა და მათ ტერიტორია მალევე დატოვეს.

2024 წლის 13 ივნისს, გორგასლის გამზირზე, სუპერმარკეტ ფრესკოში, აქტივისტ ბექა პაპაშვილს, ფიზიკურად გაუსწორდა „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ბექა ოდიშარიას, პირადი მცველი. პაპაშვილმა განაცხადა, რომ სუპერმარკეტიდან გამოსულს თავს „ზონდერები“ დაესხნენ, ერთ-ერთი მათგანი კი, სავარაუდოდ, დეპუტატის შვილი იყო. ინციდენტი მოჰყვა პაპაშვილის მიერ, ოდიშარიასთვის „მონისა“ და „რუსის“ დაძახებას. 

2024 წლის 17 ივნისს, ე.წ.რუსული კანონის” მოწინააღმდეგე აქტივისტს, ლერი დარჯანიას ჩასაფრება დილით მოუწყვეს. სახლიდან გამოსულ აქტივისტს ფიზიკურად ათამდე არაიდენტიფიცირებული პირი გაუსწორდა. მას დაზიანებები სახის არეში მიაყენეს, რის შედეგადაც, საჭირო გახდა აქტივისტის ჰოსპიტალიზაცია.

სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ დაფიქსირებული ინციდენტები – 2025 წლის იანვარი

2025 წლის იანვარში დოკუმენტირებული ინციდენტები სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ გამოყენებულ, ზეწოლის მრავალფეროვან და ინტენსიურ ფორმებზე მიუთითებს. შემთხვევები მოიცავს ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ დევნას, ფიზიკურ ძალადობას, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, ფინანსურ სანქციებსა და პროფესიულ საქმიანობაში სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციას. 

საანგარიშო პერიოდში განსაკუთრებით თვალსაჩინოა საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული მასობრივი დაკავებები თბილისსა და ბათუმში, ასევე სასამართლოების მიერ აქტივისტებისა და ე.წ. „სინდისის პატიმრების“ მიმართ მიღებული გადაწყვეტილებები. პარალელურად, დაფიქსირდა არაერთი შემთხვევა, როდესაც მოქალაქეები სამსახურიდან გათავისუფლებას საკუთარ სამოქალაქო პოზიციასა და პროტესტში მონაწილეობას უკავშირებდნენ, რამაც განსხვავებული აზრის გამოხატვის შემაკავებელი, ე.წ „მსუსხავი“ ეფექტი შექმნა. 

ასევე გამოვლინდა ფიზიკური ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის შემთხვევები, მათ შორის აქტივისტების მიმართ როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. საერთო ჯამში, იანვრის მოვლენები ასახავს გარემოს, სადაც სამართლებრივი, ადმინისტრაციული და ძალისმიერი მექანიზმები ერთობლივად გამოიყენება სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ.

ინციდენტები:

2025 წლის 5 იანვარს, საჯარო მოხელეები სამსახურიდან გაათავისუფლეს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა ცესკოს თანამშრომელი – ვაკო მაისურაძე, რეორგანიზაციის მიზეზით სამსახურიდან გაათავისუფლა. მაისურაძე მის გათავისუფლებას “ქართული ოცნების” ძალადობის საჯარო დაგმობას უკავშირებს. აქციებში მონაწილეობის გამო სამსახურიდან გათავისუფლებაზე საუბრობს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის თანამშრომელიც. პავლე გახარიას თქმით, მას შრომითი ხელშეკრულება ყოველგვარი დასაბუთების გარეშე შეუჩერეს.

2025 წლის 8 იანვარს, გერმანიის მოქალაქე გელა მეგრელიძეს, რომელიც ე.წ “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციების მონაწილეა, სამშობლოში ბინადრობის უფლება არ მისცეს და აქციაზე სამართალდამრღვევად სცნეს. გელა მეგრელიძეს, რომელიც 20 წლის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში, ბინადრობის ნებართვა არ მისცეს. გერმანიის მოქალაქე საქართველოში ცხოვრების უფლებას ითხოვდა, თუმცა უარის მიზეზად მიუთითეს, რომ ის ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ფოტოგრაფ გელა მეგრელიძისთვის გადაცემულ ოფიციალურ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მისი საქართველოში ყოფნა „სახელმწიფო ინტერესებთან შეუთავსებელია“.

2025 წლის 10 იანვარს, მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ სინდისის 11 პატიმრის – ანდრო ჭიჭინაძის, ჯანო არჩაიას, გურამ მირცხულავას, ონისე ცხადაძის, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, სერგეი კუხარჩუკის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძის, ვალერი თეთრაშვილის საქმეები განიხილა და ისინი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. პროევროპული საპროტესტო აქციების აქციების მონაწილე თერთმეტ პირს პროკურატურა ჯგუფურ ძალადობას ედავება. 

2025 წლის 11 იანვარს, მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ განიხილა სინდისის 8 პატიმრის – ვეფხია კასრაძის, ზვიად ცეცხლაძის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გიორგაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძის, ნიკოლოს ჯავახიშვილის საქმეები და ისინი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. პროკურატურა სამ ბრალდებულს, ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავება, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ხუთს კი – ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილსა და გიორგი გორგაძეს ძალადობაში მონაწილეობას, რაც 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

2025 წლის, 11 იანვარს, თბილისში, რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, პროევროპული პროტესტის მიმდინარეობისას,  აქციის ერთ-ერთი მონაწილე, შშმ პირთა უფლებადამცველი, გია ჯვარშეიშვილი, დააკავეს. როგორც “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დირექტორის, ეკა გიგაურისა და “საქართველოს ევროპული ორბიტის” ხელმძღვანელის, ნინო ლომჯარიას ბრიფინგიდან ირკვევა, ჯვარშეიშვილის დაკავებისას არაერთი უფლება დაირღვა და მას მიაყენეს როგორც სიტყვიერი, ისევე ფიზიკური შეურაცხყოფა. 

2025 წლის 12 იანვარს, თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორან „ბაბილოსთან“, ხალხმრავალი საპროტესტო აქცია სახელწოდებით „უსამართლო სასამართლო“ გაიმართა. აქციის მიზეზი გახდა სოციალურ ქსელებსა და საპროტესტო ჯგუფებში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სასამართლო სისტემის წარმომადგენლები და ე.წ. „კლანის“ წამყვანი მოსამართლეები რესტორანში საახალწლო კორპორატიულ წვეულებას მართავდნენ. მოქალაქეების მწვავე პროტესტი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის, მასობრივი დემონსტრაციებისა და მომიტინგეთა დაკავებების ფონზე, მოსამართლეები სადღესასწაულო ვახშამს აწყობდნენ. აქცია დღის მეორე ნახევარში დაიწყო, რის გამოც ადგილზე დაუყოვნებლივ მობილიზდა პოლიციისა და სპეცდანიშნულების რაზმების დიდი რაოდენობა, მათ შორის წყლის ჭავლის მანქანები. სამართალდამცავებმა რესტორნის პერიმეტრი სრულად ჩაკეტეს, რათა შენობაში მყოფი სტუმრები მომიტინგეებისგან დაეცვათ.

ადგილზე საპოლიციო ძალებმა მედიას არ მისცეს საშუალება მათი გასვლის კადრები გადაეღოთ. მოსამართლეების შეკრების პარალელურად, ადგილზე საპროტესტო აქცია მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. პოლიციამ ჯამში ადმინისტრაციული წესით 9 ადამიანი დააკავა. მათ 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებოდნენ, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. საგულისხმოა, რომ ყველა დაკავებული საუბრობდა დაკავებისას არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე. 

დაკავებულების პროცესი 14 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა. დაკავებულ 8 აქტივისტს მოსამართლეებმა ადმინისტრაციული პატიმრობები შეუფარდეს

კერძოდ: 

  • მოსამართლე ლელა მილდენბერგერმა ტიტე გედენიძესა და ზვიად რობაქიძეს  10 დღიანი პატიმრობა შეუფარდა, ხოლო შაკო მაღრაძეს  – 12-დღიანი პატიმრობა.
  • მოსამართლე ზვიად ცეკვავამ დანიელ ბულკაშვილს 14 დღიანი პატიმრობა შეუფარდა; 
  • მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ ზურაბ მანჩხაშვილს 13 დღიანი, ხოლო გიორგი ჩაჩანიძეს 10-დღიანი პატიმრობა შეუფარდა;
  • მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ბექა პაპაშვილს 15 დღიანი პატიმრობა შეუფარდა;
  • მოსამართლე ნინო ენუქიძემ კახა ჯაფარიძეს 10 დღიანი პატიმრობა შეუფარდა

2025 წლის 11-12 იანვარს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსა და აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციებზე პოლიციამ 13 აქტივისტი დააკავა.

11 იანვარს დაკავებები დაიწყო ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც საპროტესტო პლაკატის გაკვრის გამო დააკავეს აქტივისტი თათია აბულაძე. მოგვიანებით, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან დააკავეს აქტივისტი ციალა ქათამიძე, რომელმაც ანალოგიური შინაარსის პლაკატი გააკრა. პოლიციამ სხვადასხვა ეპიზოდში დააკავა აქტივივისტები: მათე ცენტერაძე, გოდერძი ფრანგიშვილი, თემურ ქათამაძე, ლალი დგებუაძე, თეო ბერიძე, მალხაზ ირემაძე და არასრულწლოვანი ნინი შავაძე. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, დაკავებულთა ნაწილს პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.

12 იანვარს ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ კიდევ რამდენიმე აქტივისტი დააკავა. მათ შორის იყვნენ: ელიზბარ ჩხიკვაძე, ლუკა ნაცვლიშვილი, შუშანა მაცაბერიძე და ლევან ხორავა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, დაკავებულები ფოთში გადაიყვანეს. 

2025 წლის 13 იანვარს,  “ქართული ოცნების” წევრებმა, ვიქტორ სანიკიძემ და ირაკლი ზარქუამ, დუბაიში, სამოქალაქო აქტივისტს, ლაშა გაბიტაშვილს, ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაპირისპირება ლაშა გაბიტაშვილის მიერ “ქართული ოცნების” დეპუტატებისთვის, წინა დღით, “მონისა” და “მოღალატის” დაძახებას მოჰყვა. 

2025 წლის 13 იანვარს, თბილისის მერიის თანამშრომელი, ქრისტინა ჩუბინიძე, სამსახურიდან გაათავისუფლეს. ყოფილი საჯარო მოხელე ამბობს, რომ სამსახურიდან კონსტიტუციის და ქვეყნის ევროპული ღირებულებების ერთგულების გამო გაუშვეს. მისი განმარტებით, 31 დეკემბერს შეწყვეტილი შრომითი ურთიერთობის შესახებ მხოლოდ 13 იანვარს შეიტყო. ქრისტინა ჩუბინიძე ერთ-ერთი იყო იმ მოქალაქეთაგან, ვინც ქვეყნის ევროპული კურსის მხარდამჭერ განცხადებაზე ხელი მოაწერა. 

გარდა ქრისტინა ჩუბინიძისა, 5 იანვარს, საჯაროდ გავრცელებული წყაროებიდან გახდა ცნობილი, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომელი ვაკო მაისურაძე გაათავისუფლეს სამსახურიდან რეორგანიზაციის მიზეზით. მაისურაძე გათავისუფლებას საპროტესტო აქციებში მონაწილეობას უკავშირებს. ასევე 5 იანვარს გახდა ცნობილი, რომ 112-ის თანამშრომელს, პავლე გახარიას, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გაუშვეს სამსახურიდან. 

2025 წლის 18 იანვარს, გლდანი-ნაძალადევის პოლიციის VII სამმართველოსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა ძალის გამოყენებით რამდენიმე აქტივისტი დააკავეს. მათ შორის არიან: რეჟისორი გურამ მაცხონაშვილი, სონა კალანდაძე, „ჰარაკის“ მენეჯერი მარიამ პაიჭაძე, თამარ ჩუმაშვილი, რომან აკოპოვი და მარიამ გილაშვილი. მათ პირბადის ტარებასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. 

თემქის პოლიციასთან ადმინისტრაციული წესით დაკავებული აქტივისტების ნაწილი პოლიციელების მხრიდან ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე საუბრობს. ადვოკატის განცხადებით, სონა კალანდაძეს პოლიციის განყოფილებაში შეყვანისას თმა მოქაჩეს და აგინეს, მარიამ პაიჭაძეს კი დაკავების დროს ასევე თმაში მოქაჩეს. მისივე თქმით, ერთ-ერთი სავარაუდო სამართალდამცავი, რომელიც სამოქალაქო ტანსაცმელში იყო, დაკავებულებს დასცინოდა და აქციებში მონაწილეობისთვის ამცირებდა.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დირექტორის, თამთა მიქელაძის თქმით, პოლიციის განყოფილებაში კეფაში ჩაარტყეს გურამ მაცხონაშვილს. 

2025 წლის 20 იანვარს, სინდისის პატიმრების ომარ ოკრიბელაშვილისა და საბა მეფარიშვილის საქმეზე, მოსამართლე ნინო გუდაძემ გადაწყვეტილება გამოაცხადა. პატიმრებს სასჯელის სახედ 3-3 წელი განესაზღვრათ, რაც ამნისტიით 2,5 წელი გახდა. აქედან ერთი წელი პირობით სასჯელად ჩაითვალა, ხოლო წელიწად-ნახევარი – სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად. ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი 8 თვეა სასჯელს იხდიან, შესაბამისად, ისინი პენიტენციურ დაწესებულებაში კიდევ 10 თვეს გაატარებენ. 20 იანვარს სასამართლო სხდომაზე ომარ ოკრიბელაშვილმა და საბა მეფარიშვილმა აღიარეს მათ მიმართ წაყენებული ბრალი. პროკურატურა მათ 400-ლარიანი ჯებირის ჯგუფურად დაზიანებას ედავებოდა. როგორც საქმის პროკურორმა ნუგზარ ჭიტაძემ თქვა, ბრალდებულებმა აანაზღაურეს ეს ზიანიც. 

ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი პოლიციამ  ე.წ. “აგენტების კანონის” საპროტესტო აქციაზე დააკავეს

2025 წლის 20 იანვარს, ე.წ „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულ 20 წლის ფრიდონ ბუბუტეიშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. –  გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოაცხადა.

პროკურატურა ბუბუტეიშვილს პარლამენტის ჭიშკრის დაზიანებას ედავებოდა, რამაც 500 ლარის ზიანი გამოიწვია. ბუბუტეიშვილს პროკურატურა ასევე, მეხანძრე-მაშველისთვის ქვის სროლას ედავებოდა.

2025 წლის 26 იანვარს, გორში, წმინდაწყლის დასახლებაში სამოქალაქო აქტივისტი, ვახო ფიცხელაური გაიტაცეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. აქტივისტი ამბობს, რომ მინიმუმ 3 ნიღბიანი პირი თავს მაშინ დაესხა, როცა ის მაღაზიაში მიდიოდა. ფიცხელაური აღნიშნულ ფაქტს მის საქმიანობას უკავშირებს

2025 წლის 29 იანვარს, ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის წინ მოქალაქეებმა “ქართული ოცნების” პოლიტიკის წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს და კარვები მიიტანეს, თუმცა, აქციის მიმდინარეობისას პოლიცია მოქალაქეებს გამოხატვის თავისუფლებას უზღუდავდა. სამართალდამცავებმა მოქალაქეებს საპროტესტო კარვებიც წაართვეს.

2025 წლის 20 იანვარს, რეჟისორი გურამ მაცხონაშვილი სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა. შსს მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 174-ე მუხლებს ედავებოდა. მუხლები პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას და აქციაზე სახის დაფარვას გულისხმობს. მაცხონაშვილი გლდანი-ნაძალადევის პოლიციის VII სამმართველოსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა ძალის გამოყენებით დააკავეს რამდენიმე აქტივისტთან ერთად. 

2025 წლის 27 იანვარს, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სახის დამფარავი საშუალების აქციაზე ტარებისთვის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე მუხლის საფუძველზე, პარტია “დროას” პოლიტიკური აქტივისტი მარიამ სიჭინავა 2000 ლარით დააჯარიმა.

2025 წლის 30 იანვარს, სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის თანამშრომელი, ნინო ხაზალაშვილი წერს, რომ სამსახურიდან პოსტის “დაჰაჰავების” გამო გაათავისუფლეს. ხაზალაშვილის თქმით, ის კვირების განმავლობაში გამოხატავდა რეაქციებს სამოქალაქო აქტივიზმთან დაკავშირებულ პოსტებზე, რაც მისი სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი გახდა.

სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული პირი მოქალაქეს უჩივის

 
სამოქალაქო აქტივისტი, პარტია “ახლების” წევრი რუსკა მჭედლიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ Facebook-ში აწერილი კომენტარის გამო მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყეს.

როგორც ირკვევა, მას “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული პირი, პროპაგანდისტი ნინო ჯღარკავა უჩივის მასზე დაწერილი პოსტისთვის. რუსკა მჭედლიძემ ნინო ჯღარკავა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მამასთან არაფორმალურ სასიყვარულო ურთიერთობაში მყოფ პირად მოიხსენია.

 რუსკა მჭედლიძის წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება დაწყებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა − საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან/და მოქალაქეთა სიმშვიდეს). აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს დაჯარიმებას 500 ლარიდან 3 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით. საქმეზე სასამართლო პროცესი 28 იანვარს არის ჩანიშნული.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სამოქალაქო აქტივისტს უჩივიან სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო. იანვრის დასაწყისში სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტისთვის, აქტივისტ თაკო გვილიას ზუგდიდის საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა უჩივლა.