საკანონმდებლო ცვლილებების ფონზე საიამ უფასო სამართლებრივი დახმარების პროგრამების ნაწილი შეზღუდა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განცხადებით, 2024 წლიდან მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და რეპრესიულმა გარემომ მნიშვნელოვნად შეავიწროვა სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის სივრცე და გავლენა მოახდინა ორგანიზაციის მუშაობაზეც.

საიას ინფორმაციით, შექმნილი ვითარების გამო ორგანიზაციას დროებით მოუხდა არაერთი მნიშვნელოვანი მიმართულების შეზღუდვა, მათ შორის დაზიანდა პროგრამები, რომლებიც მოქალაქეებისთვის უფასო სამართლებრივ დახმარებას უზრუნველყოფდა. შედეგად, ათასობით ადამიანი ვეღარ მიიღებს იმ მხარდაჭერას, რომელსაც ორგანიზაცია ყოველდღიური უფასო პირადი, სატელეფონო თუ ონლაინ კონსულტაციებით, დოკუმენტების მომზადებითა და სასამართლოში წარმომადგენლობით უწევდა.

ორგანიზაციის განცხადებით, ადამიანის უფლებების მძიმე მდგომარეობის პირობებში საია დროებით გადადის კრიზისულ სამუშაო რეჟიმზე და სამართლებრივ დახმარებას მხოლოდ სტრატეგიული სამართალწარმოების მიმართულებით განაგრძობს, პარალელურად აგრძელებს ადამიანის უფლებების დარღვევების მონიტორინგსა და დოკუმენტირებას.

დეპუტატი “ქართული ოცნებიდან”,  ნინო წილოსანი, სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო სამოქალაქო აქტივისტს უჩივის

სამოქალაქო აქტივისტის, ნატა ფერაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ პარლამენტის ვიცე-სპიკერ ნინო წილოსანზე სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყეს (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173¹⁶​-ე მუხლით). ნატა ფერაძეს ნინო წილოსანისთვის, როგორც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისთვის, შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან. 

173¹⁶​-ე მუხლი სახდელის სახით იწვევს ჯარიმას 1500-4000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 45 დღემდე. გამოცემა “ბათუმელების” ცნობით, დეტექტივის მიერ შედგენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს მტკიცებულებად ერთვის ნატა ფერაძის ფეისბუქ პოსტის სქრინშოთი, სადაც ის წერს – „ნინო წილოსანის ჯიში”.

შეგახსენებთ, ერთი დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ ასევე სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო სამოქალაქო პროტესტის მონაწილე რუსკა მჭედლიძეს უჩივლა “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებულმა პირმა ნინო ჯღარკავამ. იანვრის დასაწყისში კი, ასევე სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტისთვის აქტივისტ თაკო გვილიას ზუგდიდის საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა უჩივლა. 
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო მოქალაქეების სასამართლოში დაბარება მას შემდეგ დაიწყეს, რაც 2025 წლის ივნისში “ქართულმა ოცნებამ” დაჩქარებული წესით მიიღო “ოცნებამ” ცვლილებები სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონში. ეს ცვლილებები ძირითადად ცილისწამების ნაწილს შეეხო. კერძოდ, შეიცვალა ცილისწამების განმარტება – ზიანის კომპონენტი, რომელიც აქამდე აუცილებელი იყო რომ განცხადება ცილისწამებად შეფასებულიყო, განმარტებიდან ამოიღეს. ამ ცვლილებების ამოქმედებიდან მალევე, სოციალურ ქსელში გამოთქმული მოსაზრებების გამო ექვსი ჟურნალისტი დააჯარიმეს.  “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” ეს ცვლილებები შეაფასა, როგორც ”გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვა, რომელიც ქმნის მსუსხავ ეფექტს და მიზნად ისახავს საზოგადოებაში შიშის დანერგვას, რათა ადამიანებმა თავი შეიკავონ “ქართული ოცნების” ქმედებებისა და პოლიტიკოსების კრიტიკული შეფასებისგან.