2025 წლის 10 აპრილს, ფრანგმა ჟურნალისტმა, კლემენ ჟირარდომ გამოაქვეყნა პოსტი სოციალურ ქსელში, რომლის მიხედვითაც გაირკვა, რომ ჟურნალისტი საქართველოს საზღვარზე არ შემოუშვეს 2025 წლის 12 თებერვალს. კლემენ ჟირარდო თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო მედიაგამოცემებთან, როგორებიცაა Le Monde, Society და Al Jazeera. ბოლო თვეების განმავლობაში იგი ხშირად აქვეყნებდა სტატიებს საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებსა და მათ ძალადობრივად ჩახშობასთან დაკავშირებით.
“მიუნხენიდან ღამით დაგვიანებული და დამღლელი ფრენის შემდეგ, როცა პასპორტის კონტროლის რიგში ერთ საათზე მეტხანს ველოდე, საქართველოს ტერიტორიიდან გამაძევეს. პოლიციელმა მომცა ფურცელი, სადაც ეწერა, რომ ქვეყანაში შემოსვლა „სხვა მიზეზით“ ამიკრძალეს და მითხრეს, რომ შესაძლოა მომავალში შევძლო დაბრუნება” – დაწერა ჟურნალსიტმა.
კლემენ ჟირარდო ფიქრობს, რომ საზღვარზე შესვლის აკრძალვა მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება.
“გავიგე, რომ ჩემი სახელი და გვარი შინაგან საქმეთა სამინისტროს „წითელ სიაში“ იყო და ეს აკრძალვა დროებითი არ ყოფილა. ზუსტი მიზეზი დღემდე უცნობია და შესაძლოა ვერც ვერასდროს გავიგოთ, თუმცა ეს გადაწყვეტილება უდავოდ უკავშირდება ჩემს საქმიანობას, როგორც ჟურნალისტს” – განაცხადა კლემენ ჟირარდომ.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ჟურნალისტებს საქართველოში შემოსვლას უკრძალავენ:
- 2025 წლის 30 მარტს საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს იტალიური მედიის NurPhoto ფოტოჟურნალისტს ჟერომ შობოს;
- 2024 წლის 30 დეკემბერს, ბელგიელი ჟურნალისტი ვიტსე დე გეიტერი საქართველოში არ შემოუშვეს;
- 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში არ შემოუშვეს IFJGlobal-ის ჟურნალისტი სტეფან გოსი;
- 2024 წლის 16 სექტემბერს, ბელარუს ჟურნალისტსა და აქტივისტს, ანდრეი მიალეშკას, საქართველოში შესვლის უფლება არ მისცეს.
საქართველოში ჟურნალისტების შესვლის უფლების აკრძალვას გამოეხმაურა პრესის თავისუფლების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე”. ორგანიზაციამ გააკრიტიკა ეს გადაწყვეტილებები და აღნიშნა, რომ ჟურნალსიტები საპროტესტო აქციების გაშუქების გამო ისჯებიან.
“საქართველოს მთავრობამ უნდა შეწყვიტოს ჟურნალისტების ამგვარი შევიწროება” – ნათქვამია განცხადებაში.
2025 წლის 8 აპრილს, დაჯარიმების შესახებ აცნობეს “მაუწყებლის” ჟურნალისტს თოზუ გულმამედოვას. შსს მას ამავე წლის 16 თებერვალს “გზის ხელოვნურად გადაკეტვას” ედავება.
ონლაინ მედია “მაუწყებლის” ინფორმაციით, თოზუ გულმამედოვა ამ დღეს აქციაზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.
2025 წლის 6 აპრილს გამოცემა “ინდიგოს” ჟურნალისტი საბა სორდია დააკავეს რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე. ჟურნალისტი დიღმის იზოლატორშია მოთავსებული.
“ინდიგოს ჟურნალისტი საბა სორდია უკანონოდაა დაკავებული. ის დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას და გახსნა ჩანთა, მიაწოდა პირადობა. როდესაც ჩანთის უკანა ჯიბის გახსნა სცადეს, საბამ უთხრათ, რომ თავად გახსნიდა. ეს ჩათვალეს დაუმორჩილებლობად და გადაიყვანეს განყოფილებაში და მალევე – იზოლატორში. მას თან ჰქონდა კამერა, რომელიც ახლა დალუქულია. გაიგეს რომ იყო ჟურნალისტი. მიუხედავად ამისა, ტოვებენ იზოლატორში. ” – დაწერა “ინდიგოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ნატა ძველიშვილმა.
“ინდიგოს” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საბა სორდიას გაუგრძელდა იზოლატორში ყოფნის ვადა. ასევე, უცნობია როდის გაიმართება დაკავებული ჟურნალისტის სასამართლო პროცესი.
ჟურნალისტის დაკავებას გამოეხმაურა მედიის ადვოკატირების კოალიაცია – “საბა სორდიას დაკავება არის კიდევ ერთი შემთხვევა მედიის სისტემური რეპრესიული პოლიტიკისა, რომლის მასშტაბი დღითი დღე იზრდება. ჟურნალისტების დაკავება ისეთი მოსახერხებელი საბაბით, როგორიცაა “პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა”, სამართალდამცავი ორგანოების უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაა.“
“ნეტგაზეთის” ჟურნალისტმა ქეთი ხუციშვილმა CMIS მისი დაჯარიმების შესახებ ი მიაწოდა ინფორმაცია. შსს-მ “გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის” ქეთი ხუციშვილი 2025 წლის 2 აპრილს დააჯარიმა. ჟურნალისტმა ჯარიმა გაასაჩივრა.
ქეთი ხუციშვილი დაჯარიმების მომენტისთვის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.
CMIS აღწერს “გზის ხელოვნურად გადაკეტვის” საფუძვლით დაჯარიმებული და ადმინისტრაციული წესით დაკავებული ჟურნალისტების შემთხვევებს.
2025 წლის 28 მარტს, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ონლაინ მედია “აპრილის” ჟურნალისტს პოლიციელებმა ხელი შეუშალეს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში.
ონლაინ მედია “აპრილის” ჟურნალისტი ნატა ურიდია საპროტესტო აქციას მობილური ტელეფონით იღებდა, რა დროსაც მას, პოლიციელებმა ხელი ჰკრეს. ვიდეოში რომელიც მედია “აპრილმა” გაავრცელა ჩანს, რომ პოლიციელი ჟურნალისტს ეუბნება “გადადი გვერდზე”, შემდეგ კი ხელს ჰკრავს.
საპროტესტო აქციების დაწყებიდან – 2024 წლის 28 ნოემბრიდან 28 მარტამდე პერიოდში აქციებზე მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 154 შემთხვევა დაფიქსირდა.
2024 წლის 30 დეკემბერს, ბელგიელი ჟურნალისტი ვიტსე დე გეიტერი საქართველოში არ შემოუშვეს.
“დღეს დილით ქუთაისის აეროპორტში ჩამოვიდა ბელგიაში მოკლე ვიზიტის შემდეგ. სასაზღვრო სამსახურმა მას ქვეყანაში შესვლა ოფიციალური მიზეზის გარეშე აუკრძალა” – წერს ნიდერლანდური ყოველდღიური გაზეთ Trouw და Bureau Buitenland NPO Radio 1-ის რუსეთის, კავკასიის და ცენტრალური აზიის კორესპონდენტმა ჯარონ კამფჰორსტმა სოციალურ ქსელში X-ში.
ვიტსე დე გეიტერმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში თქვა, რომ მისი აზრით, არსებობს შავი სიები იმ ადამიანების თუ ვინ არ უნდა შეუშვან ქვეყანაში – “ჩემი ცხოვრება იყო საქართველო. ყველაფერი მქონდა, რასაც კაცი ისურვებდა: კარგი ხალხი, კარგი ამინდი, მშვენიერი ბუნება და თან ეს ყველაფერი არც ისე შორს ბელგიიდან. მე დარწმუნებული ვარ, რომ [საქართველოს საზღვარზე] არსებობს შავი სიები იმ ადამიანების, ვინც არ უნდა შეუშვან ქვეყანაში. სხვებს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ვიცი რომ ეს უკვე ბევრს შეემთხვა. თუმცა მე მაინც იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი შეიცვლება, სულ მცირე, ცალკეულ შემთხვევებში მაინც გადახედავენ მიღებულ გადაწყვეტილებებს”.
მანამდე, 7 დეკემბერს, ბელგიელი ჟურნალისტი ვიტსე დე გეიტერი აქციაზე დააკავეს რესპუბლიკის მოედანზე.
ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი ნანო ჩაკვეტაძე 5 000 ლარით დააჯარიმეს. მას ედავებიან „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“ 2025 წლის 13 მარტს. დაჯარიმების მომენტში იგი რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და პირდაპირ ჩართვაზე მუშაობდა. კერძოდ, “ფორმულას” მაყურებელს აწვდიდა ინფორმაციას აქციაზე დაჯარიმებული მოქალაქეების შესახებ. ჟურნალისტმა ჯარიმა გაასაჩივრა, თუმცა გაუუქმეს თუ არა სანქცია, მისთვის ამ დრომდე უცნობია.
ქართულმა ოცნებამ“ პროევროპული პროტესტების კონტექსტში გაზარდა ჯარიმების ოდენობა, რომლებიც 28 ნოემბრის შემდეგ დაიწყო. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, გზის უკანონო გადაკეტვისთვის ჯარიმა ათჯერ გაიზარდა – 500 ლარიდან 5 000 ლარამდე.
2025 წლის 15 მარტს “მთის ამბების” დამფუძნებელმა და რედაქტორმა გელა მთივლიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას და მის თანხმლებ პირს პოლიციელიები თავს დაესხნენ.
„თბილისში ვბრუნდებოდით, რა დროსაც უკან თეთრი ფერის პიკაპი აგვედევნა სახელმწიფო ნომრით BJ-573-BB. რადგან საავარიო სიტუაციას გვიქმნიდა, მანქანა გავაჩერეთ. პიკაპიდან შსს-ს შეიარაღებული თანამშრომელი და მისი თანმხლები პირი გადმოხტნენ. შეიარაღებული თანამშრომელი ყვიროდა, რატომ არ გავატარე, იგინებოდა და მემუქრებოდა. როდესაც ინციდენტის გადაღება ვცადე, ის თავს დამესხა, სამჯერ დამარტყა და ტელეფონის წართმევას ცდილობდა. თავდასხმის ამსახველი ვიდეო თვითმხილველებმა გადაიღეს. შეიარაღებული პირი ვიდეოს წაშლას მათგანაც ითხოვდა“ – აცხადებს გელა მთივლიშვილი.
სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გელა მთივლიშვილი “ქართული ოცნების” მხრიდან თავდასხმის სამიზნე ხდება.
OC Media-ს დამფუძნებელი და ფოტოგრაფი მარიამ ნიკურაძე „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ საფუძვლით, შსს-მ ოთხჯერ დააჯარიმა 11 მარტს, 15 მარტს, 2 და 3 აპრილს. ჯამში ჟურნალისტს 20 000 ლარის ჯარიმა აქვს დაკისრებული.
მარიამ ნიკურაძემ ყველა ჯარიმა გაასაჩივრა. ერთ-ერთ საჩივარზე, რომელიც 11 მარტს გზის გადაკეტვას ეხებოდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტს უარი უთხრა ჯარიმის გაუქმებაზე. დანარჩენი საჩივრები კვლავ განხილვის ეტაპზეა.
ჟურნალისტის თქმით, ის ყველა ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში ასრულებდა პროფესიულ მოვალეობას და ეკეთა პრესის აღმნიშვნელი ნიშანი, ასევე ჰქონდა ფოტოკამერა.
2025 წლის 21 თებერვალს, შსს-მ “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი გელა ბოჩიკაშვილი გზის „ხელოვნურად გადაკეტვის“ საფუძვლით 5000 ლარით დააჯარიმა. ჟურნალისტი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და საპროტესტო აქციას აშუქებდა. მას ეცვა პრესის ჟილეტი და ეკეთა სპეციალური მოწმობა.
ივნისის თვეში, გელა ბოჩიკაშვილს აცნობეს, რომ მას ჯარიმა გაუუქმდა.