განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები “TV პირველის” ოპერატორს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

2025 წლის 3 ივნისს, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ  “TV პირველის” ოპერატორს, სერგი ბარამიძეს.

ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ოპერატორი კადრებს იღებს, რა დროსაც მასთან მიდის, სავარაუდოდ, დეპარტამენტის დაცვის თანამშრომელი და ცდილობს, ძალის გამოყენებით გაიყვანოს ადგილიდან.  უნდა აღინიშნოს, რომ “TV პირველის” გადამღები ჯგუფი არა გდდ-ს ბაზაზე, არამედ გარე პერიმეტრზე იმყოფებოდა.  ჟურნალისტ ნანუკა ქაჯაიას თქმით, ოპერატორზე თავდასხმა მოჰყვა კითხვას, რომელიც გდდ-ის ხელმძღვანელ ზვიად ხარაზიშვილს, იგივე “ხარებას” შეეხებოდა. “TV პირველის” გადამღები ჯგუფი ცდილობდა გაერკვია, ეხებოდა თუ არა ზვიად ხარაზიშვილს საკადრო ცვლილებები, რომლებიც შსს-ში ახალი მინისტრის – გელა გელაძის მისვლის შემდეგ მიმდინარეობს.

შსს-მ „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტი, ნინო ბაიდაური, 5,000 ლარით დააჯარიმა

2025 წლის 4 ივნისს, ონლაინ გამოცემა „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტინინო ბაიდაური შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5,000 ლარით დააჯარიმა. მას 21 მარტს რუსთაველის გამზირის გადაკეტვას ედავებიან.

ჟურნალისტმა აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა და თან დაურთო შსს-სგან გამოგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინება:

„თქვენ დაჯარიმდით 174-ე პრიმა მუხლის მეხუთე ნაწილით. თარიღი: 21/03/2025. ადგილი: თბილისი, რუსთაველის გამზირი, პარლამენტის შენობის მიმდებარედ.“

საჯაროდ გავრცელებულ წყაროებზე დაყრდნობით, მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრი (CMIS) 2024 წლის 28 ნოემბრიდან აღრიცხავს  პროევროპული პროტესტის გაშუქებისას გზის გადაკეტვის საფუძველზე ჟურნალისტების დაჯარიმების შემთხვევებს, რომელთა შესახებაც საჯაროდ მოიპოვება ინფორმაცია.

შსს-მ მედია 64-ის წარმომადგენელი 5 000 ლარით დააჯარიმა

2025 წლის 2 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ დააკმაყოფილა საჩივარი და 64-ის გრაფიკული დიზაინერი, ბექა ბერიძე, 5 000 ლარით დააჯარიმა

მედიის ცნობით, ბექა ბერიძეს შსს გზის გადაკეტვას ედავება – 2025 წლის 11 თებერვალს. ბერიძემ უწყების მიერ დაკისრებული ჯარიმა გაასაჩივრა, თუმცა შსს-მ საჩივარი არ დააკმაყოფილა. 64-ის წარმომადგენელი აღნიშნულ გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრა.

მედია აპრილის მთავარი რედაქტორი, ხატია ღოღობერიძე “გზის გადაკეტვის” გამო 5 000 ლარით დააჯარიმეს

2025 წლის 31 მაისს საინფორმაციო სააგენტო “აპრილის” მთავარმა რედაქტორმა ხატია ღოღობერიძემ სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” პოსტი გამოაქვეყნა, რომ პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, “გზის ხელოვნურად გადაკეტვის” გამო 5 000 ლარით დაჯარიმდა.

ჟურნალისტის ცნობით, მას შინაგან საქმეთა სამინსტროდან 4 აპრილს დაუკავშირდნენ და აცნობეს ჯარიმის დაკისრების თაობაზე. მას შემდეგ, რაც ხატია ღოღობერიძემ განუმარტა პოლიციას, რომ ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდა მარშის მსვლელობისას და მეტიც, აღნიშნული მსვლელოვის თაობაზე, მის მიერ მომზადებული მასალაც გაუგზავნა, პოლიციამ საკითხის შესწავლის მიზნით დრო ითხოვა. მიუხედავად, განმარტებებისა და წარდგენილი მტკიცებულებებისა, ჟურნალისტს ჩაბარდა ჯარიმის გამოწერის შესახებ დადგენილება.

ხატია ღოღობერიძე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სამართლებრივ დავას გეგმავს.

ბრიტანელი ჟურნალისტი, ვილ ნილი,  საქართველოში არ შემოუშვეს

2025 წლის 20 მაისს, საქართველოს საზღვარზე არ შემოუშვეს ბრიტანელი ჟურნალისტი, ვილ ნილი, რომელიც საქართველოში 2022 წლიდან ცხოვრობდა.

ვილ ნილი ბრიტანული მედიასაშუალების “Byline Times”-ის ფრილანსერი ჟურნალისტია. მიმდინარე წლის 31 მარტს, ნილმა ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა რუსი ოლოგარქის, რომან აბრამოვიჩის, ბრიტანეთში რეგისტრირებულ  კომპანიებსა და საქართველოში, პარტია, “ქართული ოცნების”, დამფუძნებელის, ბიძინა ივანიშვილის, შესახებ. საერთაშორისო ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” თავის გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში,  ჟურნალისტის საქართველოს ტერიტორიაზე არშემოშვებას აღნიშნულ ჟურნალისტურ გამოძიებას უკავშირებს: . 

„გაძევება მოჰყვა სიძულვილის კამპანიას, რომელსაც პროსამთავრობო პოლიტიკოსები და მედიასაშუალებები აწარმოებდნენ ნილის მიმართ, საქართველოს ძალაუფლების მქონე წრეებთან დაკავშირებით ჩატარებული გამოძიების საპასუხოდ, რადგან ქვეყანაში პრესის თავისუფლება გაუარესებას აგრძელებს,“ სტატიაში.  

ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც ჟურნალისტს უარი ეთქვა ქვეყანაში შემოსვლაზე

შსს-მ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მორიგი ადმინისტრაციული საქმე დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დამოუკიდებელი გამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ კიდევ ერთი ახალი ადმინისტრაციული საქმე დაიწყო.

ამჯერად, შსს-ს ჟურნალისტს 2025 წლის 11 იანვარს – მისი დაკავების საღამოს – ბათუმის პოლიციის დეპარტამენტის წინ, დამხმარე ნაგებობაზე სტიკერის გაკვრას და იერსახის დამახინჯებას ედავება.

4 თვეზე მეტი გავიდა  მზია ამაღლობელის დაკავებიდან. ამაღლობელი 11 იანვარს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, – უკვე 12 იანვარს, – ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით. უკანონო პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი დაკავებიდან 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ. 

პოლიციამ ფოტოჟურნალისტს ხელი შეუშალა

2025 წლის 7 მაისს, პოლიციამ ონლაინ გამოცემა “პუბლიკის” ფოტოჟურნალისტნ ზურაბ ცერცვაძეს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალა. მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ პოლიციას ჟურნალისიტი ძალის გამოყენებით გაჰყავს იმ სივრციდან, სადაც “ქართული ოცნების” ყრილობა მიმდინარეობდა.

“ქართული ოცნების” ყრილობაზე არც ონლაინ მედია დაუშვეს. პარტიის პრესსამსახურმა, მოუწოდა მედიის წარმომადგენლებს ეხელმძღვანელათ პირდაპირი ტრანსილაციით. 

“ქრონიკა+”-ის ჟურნალისტს, ირინა მაკარიძეს,  გზის უკანონოდ გადაკეტვას ედავებიან

2025 წლის 6 აპრილს ჟურნალისტი ირინა მაკარიძე გაზეთ „ქრონიკა+“-ის და საინფორმაციო სააგენტო “cnews”-თვის მუშაობდა შოთა რუსთაველის გამზირზე, მიმდინარე მოვლენებს აშუქებდა, თუმცა “გზის უკანონოდ” გადაკეტვის გამო პოლიციამ 5 000 ლარით დააჯარიმა.

ჟურნალისტი ჯარის გასაჩივრებას გეგმავს.

“ტაბულას” ჟურნალისტი ლუკა კაციტაძე 5 000 ლარით დააჯარიმეს

2025 წლის 12 აპრილს, “გზის უკანონოდ” გადაკეტვის გამო საინფორმაციო სააგენტო “ტაბულას” ჟურნალისტი – ლუკა კაციტაძე 5 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრეს.

ონლაინ გამოცემა წერს, რომ ლუკა კაციტაძე 12 აპრილს შოთა რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ჟურნალისტებს უსაფუძვლოდ აჯარიმებენ.

“მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრს” ათეულობით ასეთი შემთხვევა აქვს აღწერილი.

იტალიური მედიის ფოტოჟურნალისტი, ჟერომ შაბო, საქართველოში არ შემოუშვეს

2025 წლის 30 მარტს საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს იტალიური მედიის NurPhoto-ს ფოტოჟურნალისტს ჟერომ შაბოს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ჟურნალისტებს საქართველოში შემოსვლას უკრძალავენ:

  • 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს საზღვარზე არ შემოუშვეს ჟურნალისტი კლემენ ჟირარდო.
  • 2024 წლის 30 დეკემბერს, ბელგიელი ჟურნალისტი ვიტსე დე გეიტერი საქართველოში არ შემოუშვეს;
  • 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში არ შემოუშვეს IFJGlobal-ის ჟურნალისტი სტეფან გოსი;
  • 2024 წლის 16 სექტემბერს, ბელარუს ჟურნალისტსა და აქტივისტს, ანდრეი მიალეშკას, საქართველოში შესვლის უფლება არ მისცეს.

საქართველოში ჟურნალისტების  შესვლის უფლების აკრძალვას გამოეხმაურა პრესის თავისუფლების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე”. ორგანიზაციამ გააკრიტიკა ეს გადაწყვეტილებები და აღნიშნა, რომ ჟურნალსიტები საპროტესტო აქციების გაშუქების გამო ისჯებიან.

საქართველოს მთავრობამ უნდა შეწყვიტოს ჟურნალისტების ამგვარი შევიწროება” – ნათქვამია განცხადებაში.