2025 წლის 19 თებერვალს გამთენიისას, “TV პირველის” ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი პოლიციელებმა ძალის გამოყენებით დააკავეს.
ფაქტის შემსწრე მოქალაქეების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ დაკავების დროს შეუძლებელია ჯიოშვილის დამკავებლების იდენტიფიცირება, რადგან სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულ პირებს არ აქვთ პოლიციის მაიდენტიფიცირებელი რაიმე ნიშანი. “რადიო თავისუფლების” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა მათგანმა თქვა, რომ პოლიციიდან არიან, თუმცა ისინი ადგილზე არ განმარტავდნენ დაკავების მიზეზს.
“TV პირველის” ინფორმაციით, ლაშა ჯიოშვილი ქალაქ თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ პრო-ევროპული აქციის შემდეგ სასტუმრო “რედისონ ივერია ბლუს” მიმდებარე ტერიტორიიდან “გაიტაცეს”.
როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ჯიოშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
20 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი 2500 ლარით დააჯარიმა.
2025 წლის 30 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა, ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის, ნათია გოგსაძის საქმე განიხილა და ის 5 000 ლარით დააჯარიმა, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტის განცხადებით, ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და შესაბამისი მტკიცებულებები წარდგენილი ჰქონდა. მოსამართლე ცაგარეიშვილი ესტონეთის მიერ სანქცირებულთა სიაშია.
შეტყობინება დაჯარიმების თაობაზე ნათია გოგსაძემ ჯერ კიდევ ტელეკომპანია “მთავარი არხის” ტელეწამყვანობის პერიოდში, 2025 წლის 13 თებერვალს მიიღო. მის მიმართ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმით, შინაგან საქმეთა სამინსტრო ჟურნალისტს 2025 წლის 2 თებერვალს, პროევროპულ აქციაზე გზის გადაკეტვას ედავებოდა.
რამდენიმე დღით ადრე, 23 მაისს, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ, ასევე 5 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა ონლაინ გამოცემა “პუბლიკის” ჟურნალისტს, მარიამ ქავშბაიას.
2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე, პროევროპული პროტესტის პერიოდში, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აქციაზე მყოფი, ან მომუშავე ჟურნალისტის მიმართ ოქმის შედგენის 35 -ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.
2025 წლის 12 თებერვალს, ონლაინგამოცემა “პუბლიკის” ჟურნალისტისა და ფოტორეპორტიორის, ალექსანდრე ქეშელაშვილის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასამართლოს მიმართა. უწყება ფოტორეპორტიორს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავება, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. სასამართლოში პროცესი 25 თებერვალს,16:00 საათზეა ჩანიშნული.
2024 წლის 19 ნოემბერს, იმ დღეს, როდესაც ფოტორეპორტიორს სამართალდარღვევის ჩადენას ედავებიან, რეპორტიორი თავად გახდა სამართალდამცველების სამიზნე; ის თბილისში მიმდინარე პროევროპული აქციის გაშუქებისას დააკავეს და სასტიკად სცემეს: „თავიდანვე ვუმეორებდი, რომ ჟურნალისტი ვარ, მაგრამ, მგონი, მაგან პირიქით იმოქმედა – ისეც მაგინებდნენ და მერე ჟურნალისტობის გამოც დამიმატეს. ერთგვარ „დერეფანში“ გამატარეს, სადაც მირტყამდნენ ხელებს და ფეხებს, ძირითადად – სახეში“, – ამბობს ქეშელაშვილი.
მას სამედიცინო დახმარება და ცხვირზე ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა. ძალადობის საქმეზე გამოძიება დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, თუმცა, ამ დრომდე არ დასჯილა ძალოვანი უწყების არცერთი წარმომადგენელი.
პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა ჟურნალისტებს
2025 წლის 4 თებერვალს, თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე, პოლიციამ უკანონოდ შეუშალა ხელი მედიის წარმომადგენლებს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში, მათ შორის, ფიზიკურად გაუსწორდა 3 ჟურნალისტს:
- პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელმა თავში ძლიერი დარტყმით ასფალტზე დააგდო NEWS.On.ge-ს მთავარი რედაქტორი ვანცენტ ხაბეიშვილი.
- “პუბლიკას” ინფორმაციით, პოლიციამ პარლამენტთან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მათ ჟურნალისტზე, ნათია ლევერაშვილზე იძალადა – პოლიციელებმა მას ხელი დაარტყეს და თმაზე მოქაჩეს.
- ნიღბიანმა პოლიციელმა სცადა ტელეფონის წართმევა OC Media-ს ჟურნალისტისთვის, გივი ავალიანისთვის, რომელიც პროფესიული მოვალეობას ასრულებდა . „პარლამენტთან, ჟურნალისტებზე ძალადობისას, ადამიანის დაკავებას ვიღებდი, როცა ერთ-ერთი ნიღბიანი პოლიციელი ჩემს ტელეფონს სწვდა და წართმევა სცადა“ – წერს ავალიანი.
პარლამენტთან აქცია “ბათუმელების” დამფუძნებლისა და რედაქტორის მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად გაიმართა. ჟურნალისტი 24 დღეა პროტესტის ნიშნად შიმშლობს.
პოლიცია პარლამენტთან ფიზიკურად გაუსწორდა ჟურნალისტებს
2025 წლის 2 თებერვალს „თბილისი მოლთან“ გამართულ მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა მედიის 11 წარმომადგენელს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში უკანონოდ შეუშალეს ხელი.
ჟურნალისტების ნაწილი ფიზიკურად დაშავდა.
- აქციაზე დაშავდა TV პირველის ოპერატორი ნიკო კოკაია. ის პოლიციის მიერ აქციის ერთ-ერთი მონაწილის დაკავების კადრებს იღებდა, როდესაც ფიზიკურად დაზიანდა. შედეგად, მას კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა. კვლევებით დადგინდა, რომ ნიკო კოკაიამ აქციაზე მიღებული დაზიანების შედეგად ტვინის შერყევა მიიღო.
- მედია „აპრილის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ პოლიციელმა ხელი ჰკრა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეუშალა მათ თანამშრომელს, ნატა ურიდიას. ვიდეოში ისმის ჟურნალისტის ხმა, რომელიც ნიღბიან პოლიციელს ეუბნება, რომ ჟურნალისტია.
- აქციის მონაწილეების დაკავების დროს პოლიციამ პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა მედია „აპრილის“ კიდევ ერთ წარმომადგენელს, ვახო ქარელს. მას და ნატა ურიდიას პოლიციელებმა ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. ამ ეპიზოდშიც პოლიციელმა ნატა ურიდიას ხელი ჰკრა.
- პოლიციელი „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტ გელა ბოჩიკაშვილს დაემუქრა. მედიამ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ისმის, როგორ ეუბნება ნიღბიანი პოლიციელი ჟურნალისტს: „გაწიე ახლა ეგ კამერა, თორემ გაგიტეხავ თავს.“
- „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა, დეა მამისეიშვილმა, გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ აყენებს პოლიციელი მას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.
- „რადიო მარნეულის“ ჟურნალისტი ვლადიმერ ჩხიტუნიძე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაკავებას იღებდა, როცა ის გდდ-ის თანამშრომლებმა შეაჩერეს და ძალის გამოყენებით ტროტუარზე გადაიყვანეს.
- პოლიციელებმა შეურაცხყოფა მიაყენეს და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ TV პირველის გადამღებ ჯგუფს. ტელეკომპანიის გავრცელებული ინფორმაციით, მათ სამაუწყებლო ტექნიკაც დაუზიანეს.
- TV პირველის ინფორმაციით, მათ ჟურნალისტს, ხატია სამხარაძეს, თავს დაესხა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) უფროსის მოადგილე, მირზა კეზევაძე. მედიის ცნობით, მირზა კეზევაძემ ჟურნალისტს ტელეფონი წაართვა და დაუზიანა.
- TV პირველის ცნობით, გდდ-ის წევრები ცდილობდნენ „ფორმულას“ ჟურნალისტ გიორგი კვიჟინაძისთვის მიკროფონის წართმევას და პროფესიულ მოვალეობაში ხელის შეშლას.
- TV პირველის ინფორმაციით, პოლიციელებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და მუშაობაში ხელი შეუშალეს “TV პირველის” ჟურნალისტს დიანა ჩირგაძესა და მის ოპერატორს.
- ნიღბიანმა პოლიციელმა პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა „გურია ნიუსის“ წარმომადგენელს აკაკი სიხარულიძეს. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ჰკრავს ნიღბიანი პოლიციელი კამერას ხელს.
- პოლიცია გადაღებაში ხელს უშლიდა “მედიაჩეკერის” ჟურნალისტ ნინია კაკაბაძესაც. მას პოლიციელებმა ხელიც ჰკრეს.
“თბილისი მოლის” მიმდებარედ მშვიდობიანი საპროტესტო აქციის გაშუქების დროს, მედიის წარმომადგენლების დაშავებას გამოეხმაურა მედიის ადვოკატირების კოალიცია.
2025 წლის 18 იანვარს, გვიან საღამოს, “მთის ამბების” რედაქტორი, გელა მთივლიშვილი, რომელიც თბილისში რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის გასაშუქებლად იმყოფებოდა, პოლიციამ საპროტესტო აქციის სხვა მონაწილეებს შორის გამოყო და აცნობა, რომ გზის გადაკეტვის საფუძვლით 5000 ლარით ჯარიმდება.
როგორც გელა მთივლიშვილი აღწერს, მაშინ როდესაც ის და მისი კოლეგები რუსთაველის გამზირზე მივიდნენ, რუსთაველი გადაკეტილი იყო. აქციის მონაწილეები გზაზე მას შემდეგ გადავიდნენ, რაც ტერიტორია პოლიციამ დატოვა: “სწორედ ამ დროს მომადგა საპატრულო პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი. ხელმძღვანელმა თითის გამოშვერით გამომარჩია და მივხვდი, მე მეუბნება: იდენტიფიცირებული ხარ. არ არის ხალხის საკმარისი რაოდენობა, გზა რომ გადაგეკეტათ. ჯარიმა 5000 ლარი”.
5000-ლარიან ჯარიმას გზის გადაკეტვისთვის, თუ ამისთვის საჭირო ხალხის რაოდენობა არ არის, ითვალისწინებს ცვლილებები „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში. აღნიშნული ცვლილებები, რომელიც საქართველოს არალეგიტიმურმა პარლამენტმა 2024 წლის 13 დეკემბერს მიიღო, ძალაში შევიდა 29 დეკემბრიდან. უფლებადამცველებმა ცვლილებები შეაფასეს როგორც დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიული მექანიზმი.
2025 წლის 12 იანვარს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე, პოლიციამ გამოცემა „ბათუმელების“ ოპერატორი და ფოტოგრაფი გურამ მურვანიძე საპროტესტო აქციის გაშუქებისას დააკავა.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს გურამ მურვანიძე. ასევე, “ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი, რომელიც პოლიციამ წინა დღეს, 11 იანვარს, გვიან ღამით დააკავა.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ “ბათუმელების” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის და დირექტორის და ოპერატორის დაკავება გამოხატვის თავისუფლების და მედიაზე ზეწოლის მოტივით მოხდა.
2025 წლის 11 იანვარის გვიან საღამოს, ბათუმში, პოლიციის სამმართველოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, პოლიციამ დააკავა გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი.
მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული მუხლი გულისხმობს პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.
დაკავებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში გამოცემის თანამშრომლებისა და მზია ამაღლობელის ოჯახის წევრებისთვის მისი დაკავების მოტივი უცნობი იყო. დაკავებულთან რამდენიმე საათის განმავლობაში არ უშვებდნენ მის ადვოკატებს. მათ დაკავებულის მონახულება მხოლოდ გვიან ღამით, 03:00 საათზე შეძლეს. ადვოკატებამდე მზია ამაღლობელი სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა. დაკავებულმა მას განუცხადა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას.
11-12 იანვრის ღამეს მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს. სისხლის სამართლის დანაშაულის ბრალდებით დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე, ის დააკავეს პოლიციის შენობაზე სტიკერის გაკვრისთვის, რომელზეც ეწერა – “გაიფიცე”. თუმცა, ამ შემთხვევისას იგი მალევე გაათავისუფლეს ხელწერილის საფუძველზე.
ამ ეტაპზე უცნობია როდის გაიმართება ამაღლობელის სასამართლო პროცესი. მას ბრალი 48 საათში უნდა წარუდგინონ.
“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” გმობს მედიის წარმომადგენლის დაკავებას და შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტს მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისაკენ მოუწოდებს.
მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს “მედიის ადვოკატირების კოალიციაც”. “ქართული ოცნება” აგრძელებს მედიის წარმომადგენლებზე ზეწოლას და მათი საქმიანობის შეზღუდვას. განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ მაშინ, როდესაც აქციის მონაწილეთა მიმართ ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ გამოძიება არ მიმდინარეობს, პოლიცია უკანონოდ აკავებს მშვიდობიან მომიტინგეებს და მედიის წარმომადგენლებს”, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.
2024 წლის 16 დეკემბერს, ფოთის ადგილობრივი ტელეკომპანიის, “მე-9 ტალღის” დირექტორი გერმანე სალია საპატრულო ეკიპაჟმა 1000 ლარით დააჯარიმა.
„ჟურნალისტიკის რესურსცენტრის“ (JRC) მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 13 დეკემბერს, გერმანე სალია ფოთში გამართულ საპროტესტო მსვლელობას მიყვებოდა და აშუქებდა როგორც მედიის წარმომადგენელი, რა მიზეზითაც, მისი მანქანა ძებნაზე გადაეცა საპატრულო პოლიციას. გერმანე სალია “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასთანაც” განმარტავს, რომ ის მსვლელობაში კი არ მონაწილეობდა, არამედ, ავტომობილით მიჰყვებოდა დემონსტრანტებს გადასაღებად.
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ აცხადებს, რომ “პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ავტომობილით გადაადგილების გამო დაჯარიმებას მედიაზე ზეწოლის ახალ და საგანგაშო” ფორმაა და მოუწოდებს საპატრულო პოლიციას მოუწოდებს გააუქმოს უკანონო გადაწყვეტილება.
“მედიაომბუდსმენმა” კი საქმის სამართლებრივი დეტალების შესწავლა დაიწყო.
2024 წლის 16 დეკემბერს, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე აქციის გაშუქებისას, გამოცემა “ბათუმელების” რედაქტორის კითხვას, საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოყენებული ზომების გამო შესაძლო დასანქცირებასთან დაკავშირებით, აჭარის პოლიციის უფროსის გაღიზიანება მოჰყვა. პოლიციის უფროსმა ეთერ თურაძეს ხელი შეუშალა მუშაობაში, – ძალის გამოყენებით დაატოვებინა ის ადგილი, სადაც აქცია მიმდინარეობდა.
იმავე აქციაზე ეთერ თურაძეს აგრესიულად მიმართა კიდევ ერთმა სამართალდამცველმა – ბათუმის პოლიციის უფროსმაც. ვიდეომასალაში, რომელიც გამოცემამ გამოაქვეყნა ჩანს, რომ სამართალდამცავი “ბათმელების” რედაქტორს უპატივცემულოდ მიმართავს. “თქვენ ქართული საუბარი გესმით? გადაიწიე რომ გეუბნებიან” – ეუბნება პოლიციელი ეთერ თურაძეს.
“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” წერს, რომ პოლიციის უფროსი გამოცემის რედაქტორს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენით და დაჯარიმებით დაემუქრა. ქარტია მოუწოდებს “შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, იმოქმედონ პოლიციის ეთიკის კოდექსის და პოლიციის შესახებ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, პატივისცემა გამოიჩინონ ჟურნალისტების მიმართ, საპროტესტო აქციების გაშუქებისას მათ პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი არ შეუშალონ და შეწყვიტონ მუქარა”.