პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტში ტელეკომპანია „იმედისთვის“ აკრედიტაციის ერთი წლით შეჩერების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მმართველი გუნდი იმსჯელებს, გავრცელდეს თუ არა საქართველოში მსგავსი წესები.
პაპუაშვილის განცხადება მედიისთვის პარლამენტში დაშვების წესების შესაძლო შემდგომ გამკაცრებას ეხება იმ ფონზე, როდესაც საქართველოს პარლამენტში ჟურნალისტთა აკრედიტაციის წესები ბოლო პერიოდში უკვე არაერთხელ გამკაცრდა, მათ შორის 2026 წლის იანვარში.
„ვნახეთ ევროპარლამენტში, სხვა ქვეყნებიც ვნახეთ, ყველაზე მსუბუქი წესები არის ჩვენთან შემოღებული. აი, ხომ ნახეთ, თურმე რა ყოფილა ევროპარლამენტის წესი ვიფიქრებთ აუცილებლად, რომ ჩვენთანაც იგივე წესები გავრცელდეს თუ არა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მან ევროპარლამენტის გადაწყვეტილება „თავისუფალი მედიის წინააღმდეგ“ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა და თქვა, რომ „ბრიუსელი საბჭოთა კავშირს ნაბიჯ-ნაბიჯ ანაცვლებს“.ტელეკომპანია „იმედი“, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა რუსული დეზინფორმაციის გავრცელების გამო დაასანქცირა, აცხადებს, რომ ევროპარლამენტმა მას საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა. ხოლო, მოლდოვამ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიის გასაშუქებლად აკრედიტაცია არ მისცა სამ სამთავრობო არხს – „იმედს“, „რუსთავი 2-სა“ და „პოსტივის“.
2026 წლის 2 აპრილს, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ონლაინ გამოცემები: “რადიო თავისუფლება”, „ტაბულა“, პუბლიკა“ და „ნეტგაზეთი“ “უცხოური დაფინანსების მქონე პარტიულ პროპაგანდისტული ჯგუფებად” მოიხსენია, დაადანაშაულა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდის საქმიანობაში ჩარევაში და რეაგირებით დაემუქრა.
“ვხედავთ ჩვენ, რომ, მაგალითად, უცხოური დაფინანსების მქონე პარტიული პროპაგანდისტული ჯგუფები, „რადიო თავისუფლება“, „ტაბულა“, პირდაპირ ერევა სინოდის საქმიანობაში, პირდაპირ დაწყებული აქვთ კამპანია კონკრეტული სასულიერო პირების წინააღმდეგ, დაწყებული „რადიო თავისუფლებას“ და „ტაბულას“ და სხვა ონლაინგამოცემებს: „პუბლიკას“, „ნეტგაზეთსა“ და ა.შ. აქვთ პირდაპირი საარჩევნო კამპანია სხვადასხვა სასულიერო პირის სასარგებლოდ თუ საწინააღმდეგოდ. ყველაფერს ამას ვაკვირდებით და ამაზე იქნება სათანადო რეაქცია“, – განაცხადა პაპუაშვილმა. მისი ეს განცხადება მხოლოდ იმას მოჰყვა, რომ საქართველოს კათალოკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ, მედია ინტერესდება და აშუქებს ახალი პატრიარქის არჩევის საკითხებს.
“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” პაპუაშვილს შეახსენებს, რომ მედიის როლი და მოვალეობა ქვეყანაში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვანი საკითხის გაშუქებაა. “ახალი პატრიარქის არჩევა ასეთ საკითხთა რიგშია და მედია საქართველოში ახლა აკეთებს ზუსტად იმას, რასაც უნდა აკეთებდეს – იძიებს ინფორმაციასა და კომენტარებს ამ საკითხის გარშემო და თავის აუდიტორიას უზიარებს”, – ნათქვამია ქარტიის განცხადებაში. ქარტია უმაღლესი თანამდებობის პირებს მოუწოდებს, შეწყვიტონ მედიასაშუალებებისა და ჟურნალისტების შევიწროება და დაშინება, კრიტიკული ხმების ჩახშობის მიზნით, და მისცენ მედიას საშუალება, სრულფასოვნად შეიტანოს წვლილი საზოგადოებრივი დისკურსის ფორმირებაში.
პარლამენტის თავმჯდომარე “ქართული ოცნებიდან” შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია “ფორმულას” და ჟურნალისტს სალომე ლაბაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
“ფორმულას” ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვა ეხებოდა საქართველოს ეროვნულ გმირს მარო მაყაშვილის.
“ვინ მოკლა მარო მაყაშვილი?” – ამ კითხვის პასუხად შალვა პაპუაშვილმა “ფორმულას” ჟურნალისტს “სამარცხვინო” და “კეზერაშვილის მიერ დაფინანსებული” უწოდა.
“თქვენ და თქვენი ტელევიზია ავრცელებთ სამარცხვინო პროპაგანდას, რომელიც ცდილობს პოლიტიკურ სპეკულაციას. არც ერთ ასეთ კითხვაზე არ გიპასუხებთ” – თქვა პაპუაშვილმა. (5:29 წთ)
“ქართული ოცნების” პოლიტიკოსებს შორის, რომლებიც კრიტიკული მედიების ჟურნალისტებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ, ყველაზე აქტიური შალვა პაპუაშვილია და CMIS-მა ამის არაერთი მაგალითი აღწერა.
ტელეკომპანია “ფორმულას” ტელეწამყვანი ჟურნალისტი გურამ როგავა 19 თებერვალს პირდაპირი ეთერის საშუალებით მაყურებელს დაემშვიდობა.
„ეს იქნება ჩემი ბოლო ეთერი „ფორმულაზე“ და დღევანდელი გადაცემით, სამწუხაროდ, უნდა დაგემშვიდობოთ“, – თქვა გურამ როგავამ საავტორო გადაცემაში “ხალხთან ერთად”.
გურამ როგავას მიერ “ფორმულადან” წასვლას საკუთარ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი.
“იშვიათია ამგვარი აღიარების მოსმენა, რომ ადამიანი ჟურნალისტიკას კი არა პროპაგანდას ემსახურებოდა დასაფასებელია” – დაწერა პაპუაშვილმა.
მოგვიანებით, პაპუაშვილის ეს პოსტი გააზიარა ტელეკომპანია “რუსთავი 2-მა”.
2024 წლის 29 ნოემბერს, პრო-ევროპული აქციების გაშუქების დროს, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას სპეცრაზმელმა გურამ როგავაზე იძალადა და კეფაში ძლიერად ჩაარტყა.
2026 წლის 21 თებერვალს, პროსამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მიმდინარე დებატებისა შალვა პაპუაშვილმა მზია ამაღლობელის სასჯელის შესახებ მანიპულაციური განცხადება გაავრცელა. მან ჟურნალისტის განაჩენი საფრანგეთის პრეზიდენტის ემანულ მაკრონისთვის სილის გაწვნისთვის მსჯავრდებულის სასჯელს შეადარა.
“საფრანგეთში მაკრონს ადამიანი თავს დაესხა და რამდენი მიუსაჯეს იცით? 18 თვე” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
“ნეტგაზეთის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი, რეალურად ფრანგმა მამაკაცმა, რომელმაც პრეზიდენტს სილა გააწნა, მხოლოდ 4 თვე გაატარა საპატიმროში და დარჩენილი ნაწილი პირობითი ჰქონდა, მაშინ როცა მზია ამაღლობელს ორი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ჟურნალისტი უკვე 1 წელზე მეტია ციხეში იმყოფება.
2026 წლის 2 თებერვალს, ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” პირდაპირ ეთერში, “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა “რადიო თავისუფლება” დასავლეთის პროპაგანდის ინსტრუმენტად მოიხსენია და მედიასაშუალების დაფინანსების წყაროს შესახებ დეზინფორმაცია გაავრცელა.
პაპუაშვილი საუბრობდა ქვეყანაში თითქოსდა გარე ჩარევებსა და რევოლუციის მოწყობის მცდელობებზე და ამ კონტექსტში მან თქვა, რომ ამ ჩარევებს სხვადასხვა გზებით ცდილობდნენ. “ისე საუბრობთ, თითქოს ამერიკის ადმინისტრაციას USAID არ დაეხურა, ისე საუბრობთ, თითქის “რადიო თავისუფლებისთვის” დაფინანსება არ შეეწყვიტა. ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამსახურების მიერ დაფინანსებული “რადიო თავისუფლება”, რომელიც ოფიციალური პროპაგანდის ინსტრუმენტი იყო, დაფინანსება შეუწყვიტა ამერიკამ და ვინ აფინანსებს? ევროპული წყაროები. კითხვა არ გიჩნდებათ? როგორ გადაიბარეს ეს პროპაგანდის ინსტრუმენტი?”[ტამკოდი: 51:34 – 51:55]
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც შალვა პაპუაშვილი “რადიო თავისუფლებას” ესხმის თავს. 2025 წლის 24 ნოემბერს, ზუსტად იგივენაირად მოიხსენია მან გამოცემა, ჟურნალისტებს კი პროპაგანდისტები უწოდა. “რადიო თავისუფლება” არ არის პაპუაშვილის დისკრედიტაციის ერთადერთი ადრესატი, სხვადასხვა დროს, მისი სამიზნე არაერთი მედია გახდა, მათ შორის: “პუბლიკა”, “ნეტგაზეთი”,,“მთის ამბები”, TOK.TV, “ტაბულა”, On.ge, მედიების სოლიდარობის კამპანია “სინათლე მედია” .
“ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კვლავ ახდენს დამოუკიდებელი ონლაინ მედიების დისკრედიტაციას ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, მოგვიანებით კი, სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე.
პაპუაშვილმა “იმედის” ეთერში გამომცემლობა “პუბლიკას” “ე.წ მედია სინამდვილეში პროპაგანდის ინსტრუმენტი” უწოდა. შალვა პაპუაშვილმა დამოუკიდებელი მედიების დისკრედიტაცია ორგანიზაციების საზღვარგარეთ რეგისტრაციის კონტექსტში სცადა. მან “პუბლიკასთან” ერთად, იმავე კოტექსტში მოიხსენია სხვა მედიებიც კერძოდ, on.ge და “ტაბულა”.
“ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარის “პუბლიკის” მადისკრედიტებელი ციტატები ცალკე ფეისბუკ-ქარდებად გამოაქვეყნა მათ შორის ტელეკომპანია “იმედმა”. შემდეგ კი, მაუწყებელმა სხვადასხვა საინფორმაციო გამოშვებებში, პირველ ბლოკში, ცალკე სიუჟეტები სწორედ ამ თემას მიუძღვნა.
იგივე ნარატივი, უკვე საკუთარი სოციალური ქსელით კიდევ ერთხელ გაავრცელა შალვა პაპუაშვილმა, სადაც ამჯერად, “პუბლიკის” რედაქტორების – ლიკა ზაკაშვილის და ზურაბ ვარდიაშვილის სახელები იყო ნახსენები, ორგანიზაციის რეგისტრაციის დოკუმენტზე.
“ქართული ოცნების” მაღალჩინოსნები აქტიურად ცდილობენ დამოუკიდებელი მედიის დისკრედიტაციას.
24 ნოემბერს, “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა “რადიო თავისუფლების” წინააღმდეგ განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ მედია “ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის” მიერ არი შექმნილი. ხოლო, ჟურნალისტებს “პროპაგანდისტები” უწოდა.
“რადიო თავისუფლება მედია არის?! შექმნილია ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის მიერ. სპეცსამსახურის მიერ შექმნილი ორგანიზაციაა, რომელსაც აფინანსებდა აშშ-ის ბიუჯეტი, დღევანდელმა ხელისუფლებამ აშშ-ის შეუწყვიტა დაფინანსება, ვინაიდან თქვა, რომ ისინი არიან პროპაგანდის იარაღი”.
ამავე პრესკონფერენციაზე პაპუაშვილმა ვრცლად ისაუბრა, პროსამთავრობო “იმედის” ეთერში გასულ სიუჟეტზე, “სინათლე მედიის” წინააღმდეგ. პაპუაშვილის თქმით, დამოუკდიებელი ონლაინ მედიები “კრიმინალურ ენერგიას დებენ და მიდიან სისხლის სამართლის დანაშაულზე, გადასახადების დამალვაზე და სხვა სახის დანაშაულებზე”.
24 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ონლაინმედია „მთის ამბები“ ფინანსების დამალვაში დაადანაშაულა. მან თქვა, რომ დონორები „მთის ამბების“ დაფინანსებით ქსენოფობიას აფინანსებენ. ასე გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი პროსამთავრობო ტელევიზიის მიერ „მთის ამბების“ შესახებ დასმულ შეკითხვას. ჟურნალისტი პაპუაშვილს „მთის ამბების“ მიერ Eagle Hills-ის პროექტის გაშუქების შესახებ ეკითხებოდა. Eagle Hills-ი „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ უპრეცედენტო, მრავალმილიონიან პროექტად არის დასახელებული.
შალვა პაპუაშვილი დამოუკიდებელი ონლაინმედიების წინააღმდეგ დეზინფორმაციულ განცხადებებს ხშირად ავრცელებს. მათ შორის, უარყოფით კონტექსტში აქტიურად მოიხსენიებს „მთის ამბებს“, „ნეტგაზეთი/ბათუმელებსა“ და „პუბლიკას“.
„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა პროსამთავრობო ტელევიზია „იმედის“ ეთერში გასულ სიუჟეტს დამოუკიდებელი ონლაინმედიების ერთობის, „სინათლე მედიას“ წინააღმდეგ და მათი დისკრედიტაცია და დაშინება ცადა.
შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ ონლაინმედიები გვერდს უვლიან კანონს და ისინი „სისხლის სამართლის“ დანაშაულის ჩადენაში დაადანაშაულა.
„[ონლაინმედიები] იგონებენ სქემებს, როგორ აუარონ კანონმდებლობას და ამ სქემის ნაწილი არის შეზღუდვების დარღვევა, როცა ფული არადეკლარირებულად მოძრაობს საქართველოს ტერიტორიაზე. ამიტომ, რა თქმა უნდა, ყურადღება არის მისაქცევი ამ ყველაფერზე. ვისი კომპეტენციაც არის, ის აკვირდება ამ პროცესებს. სადაც ნახავს დანაშაულის ნიშნებს, იქ შესაბამისი რეაგირება იქნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
23 ნოემბერს პროსახელისუფლებო ტელევიზიის, „იმედის“ ეთერში „სინათლე მედიის“ წინააღმდეგ პროპაგანდისტული სიუჟეტი გავიდა.
„სინათლე მედია“ 22 დამოუკიდებელი ონლაინმედიის ერთობაა, რომელიც მას შემდეგ შეიქმნა, რაც „ქართული ოცნების“ პარლამენტის მიერ მიღებულმა კანონებმა და საკანონმდებლო ცვლილებებმა ონლაინმედიები უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენა. „იმედის“ ეთერში გასული სიუჟეტი, რომლის მიზანი აღნიშნული მედიების დისკრედიტაცია იყო, ამტკიცებდა, თითქოს მედიები “უცხოური სპეცსამსახურების” დაკვეთით მუშაობდნენ და “ანტისახელმწიფოებრივ” საქმიანობაში იყვნენ ჩართულები.