2025 წლის 28 აპრილს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.
შეგახსენებთ, მზია ამაღლობელი მიმდინარე წლის 11 იანვარს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, ხოლო რამდენიმე საათში, 12 იანვარს, სისიხლის სამართლის წესით.
მზია ამაღლობელის სახელით “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს საჩივრით მიმართა.
2025 წლის 24 აპრილს ონლაინ გამოცემა “პუბლიკას” რეპორტიორი მინდია გაბაძეს სასამართლოს სხდომა დაატოვებინეს.
მოსამართლე დავით თეთრაულმა ჟურნალისტს სასამართლო სხდომიდან კითხვის დასმის გამო გააძევა. მინდია გაბაძე ბიზნესმენ გიორგი ჩხეიძის სასამართლო პროცესს აშუქებდა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც მინდია გაბაძეს პროფესიული მოვალეობის დროს საქმიანობაში ხელი შეუშალეს, მეტიც მას დაუდგენელი პირები რუსთაველის გამზირზე ფიზიკურად გაუსწორდნენ, იქვე მდგომ პოლიციას კი რეგირება არ მოუხდენია.
ასევე, ტენდენციური ხასიათი აქვს სასამართლო პროცესებიდან ჟურნალისტების ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გაძევებას.
2025 წლის 17 აპრილს, გამოცემა “ინდიგოს” ჟურნალისტი საბა სორდია, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ, 2500 ლარით დააჯარიმა. ჟურნალისტს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.
ჟურნალისტი 6 აპრილს, თბილისში, მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარედ დააკავეს. დაკავების მომენტში საბა სორდია ჟურნალისტურ მოვალეობას არ ასრულებდა. მისი იურისტის, მარიამ ყაველაშვილის განმარტებით, ჟურნალისტი მას შემდეგ დააკავეს, რაც “ზედაპირული დათვალიერების” ფარგლებში გაჩერებულს, პირადობის მოწმობის წარდგენის შემდეგ ჩანთის შიგთავსის სრულად ნახვა მოსთხოვეს. ჟურნალისტმა უთხრა, რომ ის თვითონ გახსნიდა ჩანთის ჯიბეებს. ეს ჩაუთვალეს მას დაუმორჩილებლობაში. ამ დროს პოლიციამ უკვე იცოდა, რომ საბა სორდია პროფესიით ჟურნალისტი იყო.
დაკავების შემდეგ საბა სორდიამ 48 საათი გაატარა წინასწარი დაკავების იზოლატორში. მან თქვა, რომ საპატრულო პოლიციის მანქანაში, საყურის გამო, მისი დამცირება სცადეს. ჟურნალისტს ჩამოართვეს სამსახურის კუთვნილი კამერა GoPro-ც. საბა სორდიას საქმეზე პირველი სასამართლო სხდომა 8 აპრილს გაიმართა. განაჩენი კი 17 აპრილს გამოაცხადეს.
“მედიის ადვოკატირების კოალიცია” მიიჩნევს, რომ ეს არის მედიის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიული პოლიტიკის კიდევ ერთი შემთხვევა.
2025 წლის 19 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მახარობლიძემ, სხდომათა დარბაზი დაატოვებინა “TV პირველის” ჟურნალისტებს მარიამ გაფრინდაშვილსა და ნანუკა ქაჯაიას.
მოსამართლემ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რატომ არ მიეცათ პროცესზე ფოტოგადაღების უფლება. მათ ეს კანონის დაცვით, ოფიციალური განცხადებით ჰქონდათ მოთხოვნილი.
“მოსამართლემ ჟურნალისტებს სიტყვა არ დაასრულებინა, უთხრა, რომ პროცესის მხარეს არ წარმოადგენენ და არ აქვთ უფლება ისაუბრონ. მან ჯერ შენიშვნა მისცა ჟურნალისტებს, შემდეგ კი დარბაზიდან გააძევა” – ნათქვამია “რადიო თავისუფლების” მასალაში.
სასამართლო მიმდინარე წლის 15 მარტს ილია ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ განზრახ მკვლელობას იხილავდა.
მზია ამაღლობელი დააჯარიმეს
2025 წლის 18 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე სალიხ შაინიძემ, გამოცემების “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი, პოლიციის შენობაზე სტიკერის გაკვრისთვის სამართალდამრღვევად სცნო და ორი ათასი ლარით დააჯარიმა.
მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს 2025 წლის 11-12 იანვრის ღამეს. თავდაპირველად იგი დააკავეს პოლიციის შენობაზე სტიკერის გაკვრისთვის, რომელზეც ეწერა – “იფიცება საქართველო”. დაკავებიდან რამდენიმე საათში იგი გაათავისუფლეს ხელწერილის საფუძველზე. მაგრამ, გათავისუფლებიდან მალევე კვლავ დააკავეს პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის ფაქტზე, უკვე სისხლის სამართლის წესით.
სისხლის სამართლის საქმეზე მედიამენეჯერი ამ დრომდე პატიმრობაშია. მისი პატიმრობის პროცესს, გარდა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციებიც აკვირდებიან.
მზია ამაღლობელი დააჯარიმეს
2025 წლის 17 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოში “პუბლიკას” რეპორტიორის, ალექსანდრე ქეშელაშვილის საქმის განხილვა გაიმართა. ალექსანდრე ქეშელაშვილს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ; სასამართლომ მას სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.
ქეშელაშვილი პროევროპულ აქციას აშუქებდა გასული წლის 29 ნოემბერს, რა დროსაც ის პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა და ფიზიკურად გაუსწორდა. ჟურნალისტი, იმავე ღამეს, მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სასაწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა; ქეშელაშვილს სახის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული.
“პუბლიკას” რეპორტიორმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დეკემბერში მიმართა პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის გამოძიების მოთხოვნით. მიუხედევად იმისა, რომ აღნიშნულ საქმეში ქეშელაშვილი დაზარალებულად არის ცნობილი, სასამართლომ დღეს მაინც გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის გამო ალექსანდრე ქეშელაშვილს სიტვიერი გაფრთხილება მისცა.
2025 წლის 12 მარტს გამართულ სასამართლო სხდომაზე “რადიო თავისუფლების” პროდიუსერს ბექა ბერაძეს სასამართლომ პოლიციელისთვის დაუმორჩილებლობის გამო სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.
ბექა ბერაძე 2024 წლის 1 დეკემბერს თბილისში მიმდინარე პროევროპული აქციის დროს, ღამის საათებში, ინგოროყვას ქუჩაზე თანხმხლებ პირებთან ერთად დააკავეს, ის საგარეჯოს დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს და 48 საათის გასვლის შემდეგ ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების გარეშე გაათავისუფლეს. ბერაძეს სახეზე დაზიანებები ეტყობოდა, რაც როგორც “რადიო თავისუფლების” მასალიდან ირკვევა სპეცრაზმის წევრების მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგია.
2025 წლის 12 მარტს ბექა ბერაძეს დაუკავშირდნენ პოლიციიდან და აცნობეს რომ ერთ საათში მისი სასამართლო სხდომა იყო ჩანიშნული, სამართალდამცავები მას პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ. ბერაძის განცხადებით, მას და მის ადვოკატს მხოლოდ ერთი საათი მიეცა დრო საქმის მასალების გასაცნობად.
გამოცემების – “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვეს. გადაწყვეტილება, 2025 წლის 4 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ვასილ მეტრეველმა მიიღო. ამ დღეს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ მედიამენეჯერის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო და მისთვის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის შესახებაც იმსჯელა.
“ნეტგაზეთი”/”ბათუმლების” დამფუძნებლის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლი გულისხმობს პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.
მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს, ორჯერ დააკავეს. თავდაპირველად იგი დააკავეს პოლიციის შენობაზე სტიკერის გაკვრისთვის, რომელზეც ეწერა – “იფიცება საქართველო”. დაკავებიდან რამდენიმე საათში იგი გაათავისუფლეს ხელწერილის საფუძველზე. მაგრამ, გათავისუფლებიდან მალევე კვლავ დააკავეს პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის ფაქტზე. როგორც გამოცემა “ნეტგაზეთი” წერს, ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს მოჰყვა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელიც მზია ამაღლობელის ინტერესებს იცავს, მიიჩნევს, რომ “მზია ამაღლობელი არა მხოლოდ რჩება უკანონო პატიმრობაში, არამედ მას ქართულმა მართლმსაჯულებამ დემონსტრაციულად ჩამოართვა უფლება დაიცვას თავი და ამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა”.
2025 წლის 10 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი გაფრთხილება მისცა “მთავარი არხის” ოპერატორს სერგი ბარამიძეს, რომელზეც პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცველებმა თავად იძალადეს.
სერგი ბარამიძე, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, ძალის გამოყენებით გასული წლის 19 ნოემბერს დააკავეს. მოგვიანებით, იგი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
ამ ფაქტის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპერატორს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. ოქმში ჩაწერეს, რომ სერგი ბარამიძე 19 ნოემბერს, საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა, იგინებოდა და უმისამართოდ ილანძღებოდა, პოლიციელებს პირის კანონიერ დაკავებაში ხელს უშლიდა და არაერთი მოწოდების მიუხედავად, აღნიშნული ქმედებები არ შეწყვიტა. მის წინააღმდეგ საქმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე მუხლების პირველი ნაწილით (პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა) აღძრეს.
10 თებერვალს გამართულ პროცესზე, მოსამართლემ ბარამიძის მიმართ წვრილმანი ხულიგნობის მუხლით (166-ე) დაწყებული საქმის წარმოება შეწყვიტა. თუმცა პოლიციისთვის ხელშეშლის ნაწილში (173-ე) სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა.
2025 წლის 21 იანვარს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო ონლაინ მედიების “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელსა და დირექტორის, მზია ამაღლობელის საქმეზე სარჩელი და ჟურნალისტი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მზია ამაღლობელს 2025 წლის 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
მედია მენეჯერის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული მუხლი გულისხმობს პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.
11-12 იანვრის ღამეს მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს. თავდაპირველად იგი დააკავეს პოლიციის შენობაზე სტიკერის გაკვრისთვის, რომელზეც ეწერა – “იფიცება საქართველო”. დაკავებიდან რამდენიმე საათში იგი გაათავისუფლეს ხელწერილის საფუძველზე. მაგრამ, გათავისუფლებიდან მალევე კვლავ დააკავეს პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის ფაქტზე.
როგორც გამოცემა “ნეტგაზეთი” წერს, ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.
მზია ამაღლობელის მიმართ პოლიციის მაღალჩინოსნის, ირაკლი დგებუაძის მხრიდან გამოვლენილია სისტემური ძალადობა – სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობა, მუქარა და დაშინება. ასევე ცნობილი ხდება, რომ ჟურნალისტმა შიმშილობა გამოაცხადა.
მზის ამაღლობელის საქმის გარშემო არსებული გარემოებების შესწავლის და შეფასების შემდეგ, “მედიის ადვოკატირების კოალიციამ” განაცხადა, რომ “მზია ამაღლობელის საქმე სცილდება ერთი ჟურნალისტის წინააღმდეგ მიმართულ რეპრესიას – ეს არის შეტევა დამოუკიდებელ მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და საქართველოს დემოკრატიულ მომავალზე. მისი დაპატიმრებით ქართული ოცნების რეჟიმი ცდილობს დააშინოს ყველა, ვინც ბედავს ხმის ამაღლებას უსამართლობის წინააღმდეგ.”