სააპელაციო სასამართლოს  დეკემბრის აქციებზე დაკავებული 11 პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თეა ლეონიძემ 2024 წლის დეკემბრის საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 11 პირი დამნაშავედ ცნო და პირველი ინსტანციის განაჩენი უცვლელად დატოვა.

საქმეზე მსჯავრდებულები არიან: ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ჯანო არჩაია, ლუკა ჯაბუა, რუსლან სივაკოვი, რევაზ კიკნაძე, გიორგი ტერიშვილი, ვალერი თეთრაშვილი, სერგეი კუხარჩუკი და ირაკლი ქერაშვილი. მსჯავრდებულებს 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი. ისინი სასამართლომ ჯგუფური მოქმედების მონაწილეებად მიიჩნია. სააპელაციო საჩივარში მსჯავრდებულები პირველი ინსტანციის განაჩენის გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის გამოტანას მოითხოვდნენ.  

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა თავდაპირველი ბრალდება (სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლი) 226-ე მუხლზე გადააკვალიფიცირა, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან ორგანიზებულ ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას გულისხმობს და გულისხმობს საზოგადოებრივი წესრიგის უხეშ დარღვევას. პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში განაჩენს კვალიფიკაციის ნაწილში არ ეთანხმებოდა და ითხოვდა, ბრალდებულები დამნაშავედ ეცნოთ უფრო მძიმე მუხლით – ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისათვის.  

თბილისის საქალაქო სასამართლომ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლებული ჟურნალისტის ნინო ზაუტაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე ელიაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ არხიდან გათავისუფლებული ჟურნალისტისა და წამყვანის, ნინო ზაუტაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა.

ზაუტაშვილის ადვოკატის, გიორგი იასაშვილის განცხადებით, ისინი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობასა და მისი შესაბამის პოზიციაზე აღდგენას ითხოვდნენ.

„საქმეს რომ ბოლომდე მივიყვან, ეს ვიცი და არც დრო და არც ენერგია არ დამენანება ამისთვის. ზუსტად ვიცი, რომ მართალი ვარ და მოსამართლემაც იცოდა, რომ ჩემსკენ იყო სიმართლე. ამ საშინლად მძიმე დროში, როცა ძალიან ბევრი უსამართლო გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ერთადერთ და უპირველეს ამოცანად რჩება მართლმსაჯულების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა“, – განაცხადა ნინო ზაუტაშვილმა „მედიაჩეკერთან“ საუბრისას.

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „მოამბის“ ყოფილი წამყვანის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის სარჩელიც, რომლითაც ის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას ითხოვდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაცემა „რეალური სივრცის“ წამყვანი ნინო ზაუტაშვილი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად სამსახურიდან 2025 წლის 11 აპრილს გაათავისუფლა.

სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა

24 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლიანა კაჟაშვილმა, შეწყვიტა „ბათუმელების/ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის, საქმე პრემიერ მინისტრის, ირაკლი კობახიძის, წინააღმდეგ. პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელი ირაკლი კობახიძეს ტელეეთერით გაჟღერებული განცხადებებით ცილისწამებას, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევასა და პატივისა და ღირსების შელახვას ედავებოდა.

„ეს არის საშიში პრეცედენტი არა მხოლოდ მზია ამაღლობელის შემთხვევაში, რომელიც მოსარჩელეს წარმოადგენდა ამ საქმეში, არამედ, ზოგადად, მართლმსაჯულების სისტემისთვის“, – უთხრა მედიას ჟურნალისტის ადვოკატმა, ანა რეხვიაშვილმა.

სასამართლოზე არ გამოცხადებულა ირაკლი კობახიძე და არც მისი წარმომადგენელი.

ეს მეორე შემთხვევაა, როცა მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო თბილისის საქალაქო სასამართლომ. 2025 წლის 24 ნოემბერს,  მოსამართლე დავით აკობიძემ მიიჩნია, რომ უნდა შეეწყვიტა საქმე, რომლითაც მზია ამაღლობელი ირაკლი კობახიძისგან ცრუ ბრალდებების უარყოფას ითხოვდა.

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ დახურული გადაცემის “რეალური სივრცის” თანამშრომლების საჩივარი

20 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლიანა კაჟაშვილმა არ დააკმაყოფილა გგადაცემა „რეალური სივრცის“ ყოფილი თანამშრომლების საჩივარი.

გადაცემა „რეალური სივრცე“ საზოგადოებრივ მაუწყებელზე 2025 წლის 5 მაისამდე გადიოდა. არხის მენეჯმენტმა მაშინ მიიღო გადაცემის დახურვის გადაწყვეტილება. „რეალური სივრცის“ თანამშრომლებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს სასამართლოში უჩივლეს.

20 აპრილს გამოცხადებული გადაწყვეტილება ქეთევან კაპანაძის, იოსებ კაციტაძის, თამარ მშვენიერაძის, ომარ წოწორიასა და ტუხა კვინიკაძის ტელევიზიიდან გათავისუფლების საქმეს ეხებოდა. ისინი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობასა და 2022 წლის 30 დეკემბრის უვადო შრომითი ხელშეკრულებების პირობებით, გადაცემა „რეალური სივრცის“ შესაბამის პოზიციებზე აღდგენას მოითხოვენ.

2024 წლის ნოემბრიდან, პროევროპული პროტესტის დაწყების შემდეგ, აქციის მონაწილეები სატელევიზიო ეთერის გახსნასაც ითხოვდნენ. მოთხოვნას შეუერთდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებიც. არხის სარედაქციო პოლიტიკას ღიად აკრიტიკებდა გადაცემა „რეალური სივრცის“ გუნდიც.

2025 წლის 11 აპრილს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა „რეალური სივრცის“ წამყვანი ნინო ზაუტაშვილი და „მოამბის“ წამყვანი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი. 1 მაისიდან დაიხურა გადაცემა „რეალური სივრცე“, ხოლო გუნდის იმ წევრებს, რომლებმაც ახალ შეთავაზებებზე უარი თქვეს, ხელშეკრულებები შეუწყდათ.

სამოქალაქო აქტივისტს ვახტანგ გაგნიძეს სამდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს

საპროტესტო აქციების აქტიურ მონაწილეს, ვახტანგ გაგნიძეს, მოსამართლე კობა ჩაგუნავამ 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

გაგნიძის ადვოკატის, დიმიტრი ვარდიაშვილის განცხადებით, სასამართლო რამდენიმე საქმეს გაერთიანებულად განიხილავდა. მათ შორის იყო საავტომობილო გზის ხელოვნურად გადაკეტვა და ტროტუარზე გამვლელთათვის დაბრკოლების შექმნა. ორივე სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-10 ნაწილშია გაერთიანებული. ადვოკატის თქმით, ვახტანგ გაგნიძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პროცესს ვერ დაესწრო. მისი თქმით, მას აწუხებს ძლიერი ტკივილები და პარალელურად აგროვებს თანხას მკურნალობის ხარჯების დასაფარად.სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გაგნიძემ სოციალურ ქსელში დაწერა: „შემეძლო, ამერიდებინა ადმინისტრაციული პატიმრობა ჩემი თავისთვის მოგეხსენებათ ჩემი ოპერაციების შესახებ და ისიც იცით, რომ რეაბილიტაციას არც თუ ისე კარგად გავდივარ. მაგრამ აქ სულ სხვანაირადაა საქმე… როდესაც ჩემს მეგობარ გოგო-ბიჭებს იჭერენ აბსურდული ბრალდებებით – თითქოს ხალხს ტროტუარზე გადაადგილების უფლებას ვუზღუდავთ, როდესაც ჩემი თანამებრძოლები წლობით სხედან ციხეში პროტესტის გამო – მე ვერ ვირბენ ფარატინა ქაღალდით ხელში და ვერ დავიწყებ ტრაბახს: „ვერ მიჭერენ, ხელშეუხებელი ვარ-მეთქი“. „მეორე საკითხიცაა: მე, რომელსაც ერთი თვის წინ ფეხს მაჭრიდნენ და გადავრჩი, ახლა ნესტში უნდა გავიარო რეაბილიტაცია. ეს, ადამიანური თვალსაზრისით, არაფერში ჯდება – შეეძლოთ, ცოტა დრო მოეცათ, რომ გამოვჯანმრთელებულიყავი და შემდეგ მოესაჯათ პატიმრობა. არაუშავს – ყველაფერი კარგად იქნება.”- დაწერა მან.

9 აპრილს დაკავებული შოთა ოდიშვილი 10-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაუშვეს, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის საბაბით

სამოქალაქო აქტივისტი, შოთა ოდიშვილი, რომელმაც “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი შეურაცხმყოფელად მოიხსენია, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლ ზვიად ცეკვავამ 10-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაუშვა. 

ოდიშვილი 9 აპრილს, 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან დააკავეს მაშინ, როდესაც ადგილზე “ქართული ოცნების” წარმომადგენლები მივიდნენ და პოლიცია აქტივისტების გაყვანას ძალის გამოყენებით შეეცადა.    
დაკავებულის ადვოკატის, მარიკა არევაძის ინფორმაციით, მოქალაქეს შსს-მ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის წაუყენა ბრალი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ, ტროტუარზე პროტესტის გამო, კიდევ სამი აქტივისტი სცნო სამართალდამრღვევად

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ, 3 აპრილს, ტროტუარზე პროტესტის გამო, სამი სამოქალაქო აქტივისტი სცნო სამართალდამრღვევად. მათგან ერთს, აფხაზეთის ომის მონაწილე ზოსიმე ბჟალავას ორდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, ორს – ნანიკო ბედინეიშვილს და ვიკა ძანძავას კი სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა. 

ზოსიმე ბჟალავას ადვოკატის, მალხაზ პატარაიას განცხადებით, ზოსიმე ბჟალავა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირია. მისი შეფასებით, სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა და შეუსაბამოა ადამიანის უფლებათა კონვენციასა და კონსტიტუციასთან.ტროტუარზე პროტესტის გამო, მოქალაქეების წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართულმა ოცნებამ”, 2025  წლის 12 დეკემბერს,  თავისუფლების შემზღუდველი მორიგი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებამიიღო. ცვლილებები დაჩქარებული წესით, 3 დღეში განიხილეს. ამ ცვლილებებით, ფაქტობრივად, პროტესტი ტროტუარზეც აიკრძალა. პირველ შემთხვევაში გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით (ორგანიზატორისთვის – 20 დღემდე), ხოლო განმეორებით შემთხვევაში შესაძლებელია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება.  “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” შეფასებით: “ტროტუარზე დგომის გამო პირის პატიმრობა, თუნდაც ადმინისტრაციული წესით, რომ არაფერი ვთქვათ სისხლისსამართლებრივ სასჯელზე, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს ვერც საქართველოს კონსტიტუციით და ვერც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტებით უზრუნველყოფილ შეკრების თავისუფლების სტანდარტებიდან გამომდინარე”.

სამოქალაქო აქტივისტები თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო და ერთი წლით პატიმრობა მიუსაჯა


ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 2025 წლის აგვისტოში დაკავებული სამოქალაქო აქტივისტები, თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე,  მოსამართლემ დამნაშავედ ცნო და ორივე მათგანს ერთი წლის ვადით  თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ელენე გოგუაძემ 1 აპრილს გამოაცხადა. სასჯელის მოხდის ვადა დაკავების დღიდან აითვლება.

37 წლის თორნიკე თოშხუა და 33 წლის მინდია შერვაშიძე, რუსთაველზე მიმდინარე პროევროპული პროტესტის მონაწილეები არიან. ისინი 16 აგვისტოს დააკავეს. ინციდენტი კი 1-ელ აგვისტოს მოხდა. ამ დღეს აქტივისტებმა რუსთაველის გამზირზე დანით შეიარაღებული ადამიანის – “ქართული ოცნების” მხარდამჭერის ბექა გოცირიძის ადგილიდან გაყვანა სცადეს, რომელიც ადგილზე პროვოკაციის მოწყობას ცდილობდა. მცდელობას ინციდენტი მოჰყვა. მოგვიანებით, აქტივისტების წინააღმდეგ პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის მუხლით აღძრა საქმე (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პირველი პრიმა მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი). სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის მოსაზრება, რომ ბრალდებულებული აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდნენ. იურისტებმა ეს საშიშ პრეცენდენტად შეაფასეს.

სამოქალაქო აქტივისტი,  სპარტაკ წიკლაური, ტროტუარზე პროტესტის გამო სამართალდამრღვევად სცნეს

სამოქალაქო აქტივისტი სპარტაკ წილკაური, სამართალდამრღვევად სცნეს ტროტუარზე პროტესტის გამო და 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობაშეუფარდეს.

ტროტუარზე პროტესტის გამო, მოქალაქეების წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართულმა ოცნებამ”, 2025  წლის 12 დეკემბერს,  თავისუფლების შემზღუდველი მორიგი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებამიიღო. ცვლილებები დაჩქარებული წესით, 3 დღეში განიხილეს. ამ ცვლილებებით, ფაქტობრივად, პროტესტი ტროტუარზეც აიკრძალა. პირველ შემთხვევაში გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით (ორგანიზატორისთვის – 20 დღემდე), ხოლო განმეორებით შემთხვევაში შესაძლებელია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება.  “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” შეფასებით: “ტროტუარზე დგომის გამო პირის პატიმრობა, თუნდაც ადმინისტრაციული წესით, რომ არაფერი ვთქვათ სისხლისსამართლებრივ სასჯელზე, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს ვერც საქართველოს კონსტიტუციით და ვერც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტებით უზრუნველყოფილ შეკრების თავისუფლების სტანდარტებიდან გამომდინარე”.

სამოქალაქო აქტივისტი, ვახტანგ რამიშვილი ტროტუარზე პროტესტის გამო სამართალდამრღვევად სცნეს

სამოქალაქო აქტივისტი, ვახტანგ რამიშვილი,  ტროტუარზე პროტესტის გამო სამართალდამრღვევად სცნეს და 4-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ მიიღო. შინაგან საქმეთა სამინისტრო ვახტანგ რამიშვილს ტროტუარზე გამვლელთათვის დაბრკოლების შექმნას ედავებოდა.

ტროტუარზე პროტესტის გამო, მოქალაქეების წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართულმა ოცნებამ”, 2025  წლის 12 დეკემბერს,  თავისუფლების შემზღუდველი მორიგი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებამიიღო. ცვლილებები დაჩქარებული წესით, 3 დღეში განიხილეს. ამ ცვლილებებით, ფაქტობრივად, პროტესტი ტროტუარზეც აიკრძალა. პირველ შემთხვევაში გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით (ორგანიზატორისთვის – 20 დღემდე), ხოლო განმეორებით შემთხვევაში შესაძლებელია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება.  “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” შეფასებით: “ტროტუარზე დგომის გამო პირის პატიმრობა, თუნდაც ადმინისტრაციული წესით, რომ არაფერი ვთქვათ სისხლისსამართლებრივ სასჯელზე, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს ვერც საქართველოს კონსტიტუციით და ვერც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტებით უზრუნველყოფილ შეკრების თავისუფლების სტანდარტებიდან გამომდინარე”.