თბილისის მერი კახა კალაძე სტუდია “მონიტორის” დისკრედიტაციას ეწევა 

1 ივნისს, ქალაქ თბილისის მერმა კახა კალაძემ, “რუსთავი 2-ის” ტელედებატებში, საგამოძიებო სტუდია “მონიტორი” “სიცრუის გამავრცელებელ” მედიად მოიხსენია. სტუდიის ერთ-ერთ ჟურნალისტს კი “უვიცი” და “გაუნათლებელი” უწოდა. 

“რუსთავი 2”-ის დებატების თემა დედაქალაქის გამოწვევები იყო. თბილისის მერის გაღიზიანება ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ნიკა ობოლაძის შეკითხვას მოჰყვა, რომელიც მერის მოადგილეების, კერძოდ, ვიცე მერის, ირაკლი ხმალაძის კორუფციულ გარიგებებს შეეხებოდა. 

“მოიშველიებდა სტუდია “მონიტორს”, რომელიც შეიმჩნევა სიცრუეში, სიყალბეში. ჩემთან დაკავშირებითაც, სხვათაშორის, რამდენჯერმე. ახლა, ბოლოს, რამდენიმე დღის წინ, ჟურნალისტი პირდაპირ ტყუილში გამოვიჭირე და ვამხილე… ეს არის ნათელი მაგალითი, როგორ კეთდება სიყალბე საქართველოში. ვიღაცა უვიცი, გაუნათლებელი, გამოთქვამს ბრალდებებს, ეგრეთ წოდებული ჟურნალისტი, გამოთქვამს ბრალდებებს, შემდეგ ამას იტყვის პოლიტიკოსად წოდებული ელემენტი, და შენ უნდა გამოხვიდე და იმართლო თავი”,  [ტაიმკოდი: 1:05-1:06]- ამ პასუხით სცადა კითხვაზე პასუხისთვის თავის არიდება თბილისის მერმა.

სტუდია “მონიტორს” თბილისის მერთან დაკავშირებულ კორუფციულ გარიგებებზე არაერთი გამოძიება აქვს გამოქვეყნებული, მათ შორის, ირაკლი ხმალაძეზე.  ერთ-ერთი ბოლო ფილმიც, რომელიც 8 მაისს გამოქვეყნდა, კახა კალაძის მეგობრის, გიორგი ბარვენაშვილის სამშენებლო ბიზნესებს შეეხებოდა.

აღსანიშნავია, რომ კახა კალაძე გამოირჩევა ჟურნალისტების მიმართ შეურაცხმყოფელი და არანორმატიული ლექსიკით. CMIS-ის ამგვარი არაერთი შემთხვევა აქვს აღწერილი.

თბილისის მერი “TV პირველის’ ჟურნალისტს შეურაცხმყოფელად მიმართავს

2026 წლის 6 მარტს, ქალაქ თბილისის მერმა კახა კალაძემ, “TV პირველის” ჟურნალისტს ლიკა ჯანყარაშვილს შეურაცხმყოფელად მიმართა. “მოემზადეთ, ნუ მოხვალთ ეგეთი მოუმზადებელი, ორიანს გიწერთ”, – ასე უპასუხა კახა კალაძემ ჟურნალისტს, რომელიც ცდილობდა მიეღო პასუხი შეკითხვაზე, რა გააკეთა  “ქართულმა ოცნებამ” ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თბილისის მერი კრიტიკულ კითხვაზე პასუხის გაცემის ნაცვლად, ჟურნალისტებს  ესხმის თავს და შეურაცხმყოფელად მიმართავს. მაგალითად, 2026 წლის 12 იანვარს, კახა კალაძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ასევე “TV პირველის” ჟურნალისტს, რომელიც ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილად მონიშნული გემის ყულევის პორტში ყოფნასა და ქვეყნისათვის მეორადი სანქციების დაწესების საფრთხეს უკავშირდებოდა. 2025 წლის 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს, მან ჟურნალისტებს უზრდელები უწოდა. უფრო ადრე, 21 სექტემბერს ჟურნალისტებს მოძალადეები დაუძახა ასევე კრიტიკული შეკითხვის გამო.

“ქართული ოცნება” და  მისი მხარდამჭერი მედიები დამოუკიდებელი გამოცემა “პუბლიკის” დისკრედიტაციას ახდენენ  

“ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, და თბილისის მერი, კახი კალაძე, გამოცემა “პუბლიკისთვის” ევროკავშირის პრიზის მინიჭების ფაქტისა და გამოცემის დისკრედიტაციას ცდილობენ. მათ ნარატივს იმეორებენ “ქართული ოცნების” მხარდამჭერი მედიები, მათ შორის ტელეკომპანია “იმედი”, “რუსთავი 2”  და POSTV”. 

ჟურნალისტური კონკურსის – “ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში” გამარჯვებულები, ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში, 2026 წლის 6 თებერვალს  გამოავლინა. ექვსი საკონკურსო ნომინაციიდან, სამ კატეგორიაში (საუკეთესო ფოტო, საუკეთესო ბლოგი და საუკეთესო სიუჟეტი) ონლაინ გამოცემა “პუბლიკის” ჟურნალისტებმა გაიმარჯვეს. მათი მასალები პროევროპული პროტესტის პერიოდში მომხდარ სხვადასხვა უფლებადარღვევას აღწერდა. 

დაჯილდოების ცერემონიისა და ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, პროპაგანდისტულმა POSTV-იმ “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძესა და თბილისის მერს, კახა კალაძეს ჰკითხეს – რა გზავნილი იყო ევროკავშირის მხრიდან “პუბლიკის” დაჯილდოება პროტესტის შესახებ მომზადებული მასალებისთვის. “პუბლიკისთვის“ ჯილდოს გადაცემა არის იმის გაგრძელება, რაც ვიხილეთ ამაღლობელის შემთხვევაში, როდესაც ადამიანი დაჯილდოვდა პოლიციელის შეურაცხყოფისთვის – ეს არის ის დაბალი სტანდარტი, რომლითაც მოქმედებს ევროპული ბიუროკრატია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ შეკითხვის პასუხად.  კახა კალაძემ კი კიდევ ერთხელ გაიმეორა “ქართული ოცნების” ანტიდასავლური გზავნილი, რომ “ქვეყანაში ძალადობრივ ჯგუფებს გარედან ახალისებენ”. 

“ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში – მედიის ჯილდო თუ ძალადობის წახალისება?!” – იმავე დღეს ამ სათაურით გამოაქვეყნა ახალი ამბავი პროსამთავრობო, პროპაგანდისტულმა “იმედმა”. რეალურად, რას აჯილდოვებს ევროკავშირი საქართველოში – ჟურნალისტიკას თუ სახელმწიფოსა და მის ინსტიტუტებზე განხორციელებულ ძალადობას?- ამ კითხვას სვამს მასალაში “იმედი”.

კახა კალაძე TV პირველის ჟურნალისტის დისკრედიტაციას ცდილობს  

12 იანვარს, კახა კალაძემ საჯარო კომენტარის დროს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ტელეკომპანია TV პირველის ჟურნალისტს. ინციდენტი ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას მოჰყვა, რომელიც ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილად მონიშნული გემის ყულევის პორტში ყოფნასა და ქვეყნისათვის მეორადი სანქციების დაწესების საფრთხეს უკავშირდებოდა. 

მერის პასუხი ჟურნალისტის კითხვაზე შეიცავდა შეურაცხმყოფელ განცხადებებს, მათ შორის ჟურნალისტის მიმართ ბრალდებებს სიცრუესა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში. მიუხედავად ჟურნალისტის მცდელობისა მიეღო სერიოზული პასუხები და შესაბამისი მტკიცებულებები, კალაძე კვლავ აგრძელებდა შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთებას.

მსგავსი რიტორიკა კრიტიკული მედიების მიმართ სისტემურ ხასიათისაა და რეგულარულად გამოიყენება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან, რაც არსებითად აზიანებს ჟურნალისტური საქმიანობის გარემოს, განსაკუთრებით მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საკითხების გაშუქებისას.

“ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს უზრდელები უწოდა

2025 წლის 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს (რომელსაც პროდასავლური ოპოზიციის დიდმა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა), საარჩევნო უბანზე მყოფმა თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს უზრდელები უწოდა.

შემთხვევა თბილისში,  64-ე საარჩევნო უბანზე მოხდა. კახა კალაძე, ხმის მიცემის შემდეგ, ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცულობაზე საუბრობდა. “ფორმულას” ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რაში გამოიხატებოდა ეს, რაზეც მან უპასუხა – “ რაღაც ზრდილობა ხომ არსებობს, ეთიკა ხომ არსებობს, მესმის, რომ არც ერთი გაგაჩნიათ, არც მეორე”

“ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ, ჟურნალისტებს მოძალადეები უწოდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

2025 წლის 21 სექტემბერს, კახა კალაძემ, თბილისის მოქმედმა მერმა და მერობის კანდიდატმა “ქართული ოცნებიდან” ჟურნალისტებს მოძალადეები უწოდა

თქვენ ხართ პირველი მოძალადეები, თქვენ ხართ, ვინც ძალადობთ და ვინც ცდილობთ… მერე გიკვირთ, ხან მიკროფონს გირტყამენ თავში… მერე გიკვირთ რატომ”

ჟურნალისტმა ამ კომენტარის შემდეგ, კალაძეს ჰკითხა, იყო თუ არა მისი ეს განცხადება ძალადობის წახალისება. რაზეც “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა უპასუხა, რომ ძალადობის წახალისება არ უცდია და კვლავ განაგრძო ჟურნალისტებისთის სიტყვიერი შეუყრაცხყოფის მიყენება.

ამ ზრდილობას, ზოგადად, ოჯახში ასწავლიან… ცხადი და ნათელია, რას წარმოადგენთ, ვინ ხართ, რა ხართ და იმიტომ ხართ ასეთი დაბეჩავებულები, გაუბედურებულები და გაფარჩაკებულები”

“მთავარი არხის” ჟურნალისტს კრიტიკული შეკითხვის გამო თბილისის მერმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

2024 წლის 22 აგვისტოს, ქალაქ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, კრიტიკული შეკითხვის პასუხად, ტელეკომპანია “მთავარი არხის” ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. 

ჟურნალისტის შეკითხვა შეეხებოდა 20 აგვისტოს, დედაქალაქის მერის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ძვირადღირებული ავტომობილის ფოტოს. ჟურნალისტმა მერს ჰკითხა, როდის შეიძინა ეს ავტომობილი და რა გადაიხადა მასში, რადგან ავტოსალონების ინფორმაციით, მისი ღირებულება 500 000 ევროა.

“500 000 ევრო რისი ღირებულება? … ეგ ბრიყვებისთვის, თქვენისთანა ბრიყვებისთვის შეიძლება 500 000 ღირდეს ასეთი ავტომობილი… შეურაცხყოფაზე არ გადავდივარ, რეალობაზე ვსაუბრობ. რაც შეეხება ჩემს ავტომობილებს, რომელიც ჩემი საკუთრებაა, ყველა არის დეკლარაციაში მითითებული”, – ასე პასუხობს ქალაქის მერი  ჟურნალისტს.  

ჟურნალისტიკის რეპლიკაზე, რომ აღნიშნული ავტომობილი დეკლარაციაში მითითებული არ არის, კალაძემ უპასუხა: 

“მაშინ არ ყოფილა ჩემი… თქვენ ვინ გეკითხებათ, ვისია ავტომობილი? რაში გაინტერესებთ? ვინ გეკითხებათ? ხომ ხედავთ, რა დღეში ხართ და რა მდგომარეობაში იმყოფებით. თქვენს საქმეს მიხედეთ”.

“TV პირველი” წინააღმდეგ აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართეს

2024 წლის 26 ივლისს თბილისის მერმა, კახა კალაძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა, დავით ფაცაციამ, რომელიც პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის სიძეა, “ტელეკომპანია პირველის” წინააღმდეგ აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართეს.

ორივე ოფიციალური პირი ტელეკომპანიისგან სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას, თანხის ჩარიცხვას ითხოვს. საუბარია 30 ათას ლარზე.

დავით ფაცაციას სარჩელი საქალაქო სასამართლომ 2023 წლის მაისში ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ტელევიზიას გავრცელებული ინფორმაციის უარყოფასთან ერთად, 15 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურებაც დააკისრა.

Ხოლო 2022 წელს სასამართლოს სამივე ინსტანციამ გაამტყუნა “ტელეკომპანია პირველის” ჟურნალისტი, თბილისის მერის, კახა კალაძის, საჩივრის საფუძველზე და ეთერში გასულ ინფორმაციის უარყოფა და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად ასევე 15 000 ლარი დააკისრა.

“ვართ მოლოდინის რეჟიმში. ველით თბილისის მერის, კახი კალაძის მოთხოვნის საფუძველზე, ტელევიზიის ანგარიშების და ქონების დაყადაღებას”, – წერს ნოდარ მელაძე 26 ივლისს სოციალურ მედიაში გავრცელებულ პოსტში.

“ფორმულას” ჟურნალისტს თბილისის მერმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

2024 წლის 2 მაისს, თბილისში, ქალაქის მერი კახა კალაძე კომენტარს აკეთებდა ჟურნალისტებთან. ერთ-ერთი კითხვა მერს კრიტიკული ტელევიზიის „ფორმულას“ ჟურნალისტმა, ნუცა ბახუტაშვილმა დაუსვა. ჟურნალისტის შეკითხვა ეხებოდა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაშავებულებს და პოლიციის მიერ ძალის გადამეტებას.  შეკითხვის შინაარსით გაღიზიანებულმა კახა კალაძემ ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

კოლეგის დაცვა სხვა კრიტიკული ტელევიზიის ჟურნალისტებმა სცადეს, თუმცა კახა კალაძემ ნუცა ბახუტაშვილისთვის შეურაცხყოფის მიყენება განაგრძო. საჯარო მოხელემ ჟურნალისტის მიმართ ისეთი ტერმინები გამოიყენა, როგორიც არის “თავხედო”, “ნაძირალა” და სხვ.