სუს-მა უფლებადამცველი უჩა ნანუაშვილი გამოკითხვაზე დაიბარა

უფლებადამცველი უჩა ნანუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. მისი თქმით, დაბარება ეუთოს “მოსკოვის მექანიზმის” ფარგლებში მოქმედ ექსპერტთან კომუნიკაციას უკავშირდება. 

ნანუაშვილის განცხადებით, სუს-ის გამომძიებელი მას ტელეეთერში გაკეთებული განცხადების შემდეგ დაუკავშირდა. აღნიშნულ კონტექსტში „POSTV ანალიტიკამ“ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, რომელშიც საუბარია, რომ მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებულ ანგარიშზე კოორდინაციას თითქოს უჩა ნანუაშვილი უწევდა. თავად ნანუაშვილი აღნიშნავს, რომ სწორედ ეს გარემოება გახდა მისი გამოკითხვაზე დაბარების  საფუძველი.

აღნიშნულ საკითხზე ყურადღება გამახვილდა 16 მარტს გამართულ ირაკლი კობახიძის ბრიფინგზეც, სადაც „POSTV“-ის მიერ გავრცელებული ვიდეოს კონტექსტში პრო-სამთავრობო არხის, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვა უჩა ნანუაშვილის შესაძლო როლზე და დაინტერესდა, რამდენად საყურადღებოდ მიიჩნევდა ამ ინფორმაციას. კობახიძემ პასუხად განაცხადა, რომ „აგენტურა რომ იქნებოდა კოორდინაციაში, ეს არ არის გასაკვირი და ეს ჩანს იმ ტექსტიდანაც, რომელიც გამოქვეყნდა, რა თქმა უნდა, იქნებოდა სრული კოორდინაცია ადგილობრივ აგენტურასთან“. აღნიშნული მოვლენების ფონზე, მომდევნო დღეს უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს. 

უჩა ნანუაშვილი 18 მარტს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაიკითხა. ნანუაშვილის განცხადებით, მან ეუთოს ექსპერტს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში არსებული ვითარებისა და უფლებადაცვითი ანგარიშების შესახებ, რაც, მისი შეფასებით, წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოების დაშინების მცდელობას, რათა მომავალში შეზღუდოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან კომუნიკაცია.

მისი თქმით, სახელმწიფოს თავად ჰქონდა ვალდებულება ეთანამშრომლა ექსპერტთან, ხოლო “მოსკოვის მექანიზმის” მე-6 პუნქტის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები უნდა იკავებდნენ თავს ნებისმიერი ქმედებისგან იმ პირების მიმართ, რომლებიც ექსპერტთან თანამშრომლობენ – მოთხოვნა, რომელიც, ნანუაშვილის შეფასებით, დარღვეულია.საქმე უკავშირდება ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებულ ანგარიშს, რომელიც 12 მარტს გამოქვეყნდა. ანგარიში დეტალურად აღწერს საქართველოში 2024 წლიდან არსებულ ვითარებას, მათ შორის დემოკრატიულ უკუსვლას, ადამიანის უფლებების გაუარესებას, საპროტესტო აქციების მონაწილეთა და ოპოზიციის მიმართ განხორციელებულ დევნასა და რეპრესიებს. “მოსკოვის მექანიზმი” ეუთოს წევრმა 24-მა ქვეყანამ 29 იანვარს აამოქმედა, რის საფუძველზეც შეიქმნა დამოუკიდებელი ფაქტების დამდგენი მისია, რომელმაც ანგარიში შეზღუდულ ვადაში მოამზადა.

ირანის გავლენებზე გაკეთებული საჯარო განცხადებებისა და გამოქვეყნებული კვლევების შემდეგ სუს-მა რამდენიმე პირი გამოკითხვაზე დაიბარა

საქართველოში ირანის შესაძლო გავლენებზე გაკეთებული საჯარო განცხადებებისა და ორი კრიტიკული კვლევის გამოქვეყნების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუსი) სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში რამდენიმე პირი გამოკითხვაზე დაიბარა. საქმე ეხება უცხო ქვეყნის, უცხოეთის ორგანიზაციის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების შესაძლო ნიშნებს.

გამოძიების ფარგლებში 7 მარტს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და ისტორიკოსი გუბაზ სანიკიძე. 8 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოიკითხნენ თავდაცვის ყოფილი მინისტრი და „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი თინა ხიდაშელი, ასევე „ჰადსონის ინსტიტუტის“ კვლევის თანაავტორი და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტების მენეჯერი გიორგი კანდელაკი. ამავე პერიოდში გამოკითხვაზე დაიბარეს გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, რომელიც სუსში მოწმის სტატუსით გამოიკითხა. გამოძიების ფარგლებში დაბარებულია ასევე ყოფილი პარლამენტარი გივი თარგამაძე, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოში არ იმყოფება და კითხვებს წერილობით ან დაბრუნების შემდეგ უპასუხებს.

გამოკითხვები უკავშირდებოდა ირანთან დაკავშირებულ ტელევიზიებში გაკეთებულ საჯარო განცხადებებსა და კვლევებს. 3 მარტს „ჰადსონის ინსტიტუტმა“ გამოაქვეყნა კვლევა, რომლის თანახმადაც, ირანის ისლამური რესპუბლიკა საქართველოში „გეგმაზომიერად და ორგანიზებულად“ აფართოებს გავლენას. კვლევის ავტორები ყურადღებას ამახვილებენ სხვადასხვა მიმართულებაზე, მათ შორის ქვემო ქართლში არსებულ პროცესებზე და გარდაბანში მოქმედ სასწავლო დაწესებულებაზე, რომელსაც ავტორიზაცია არ აქვს. ირანული გავლენების საკითხს ეხება „სამოქალაქო იდეის“ კვლევაც, სადაც საუბარია საქართველოში ირანული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტსა და ამ საქმიანობაში ჩართული კომპანიების შესაძლო კავშირებზე.

კვლევებისა და საჯარო განცხადებების შემდეგ, 5 და 6 მარტს თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ თინა ხიდაშელი და გიორგი კანდელაკი მკვეთრად გააკრიტიკა. მან მათი განცხადებები და კვლევები „ქვეყნის წინააღმდეგ მტრულ საქმიანობად“ შეაფასა და თქვა, რომ „შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ“. კალაძის თქმით, მსგავსი განცხადებები აზიანებს  საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობებს.