ზუგდიდში სამოქალაქო აქტივისტი შალვა ესართია დააკავეს

ზუგდიდში დააკავეს სამოქალაქო აქტივისტი შალვა ესართია. დაკავების კადრები ზუგდიდის პროევროპული აქციების მონაწილემ, მარიამ სიჭინავამ გაავრცელა. ვიდეოში ჩანს, რომ რამდენიმე პოლიციელი ესართიას ძალით სვამს მანქანაში, დაკავების საფუძვლის განმარტების გარეშე.

სამოქალაქო ორგანიზაცია – „სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი“, რომელიც ზუგდიდში მუშაობს, 17 მარტის დაკავებასთან დაკავშირებულ გარემოებებზე ავრცელებს ინფორმაციას. ორგანიზაციის ცნობით, 17 მარტს შალვა ესართია ავტომობილით გადაადგილებისას ქვეითისთვის გზის არდათმობის გამოგონილი მიზეზით გააჩერეს. გაჩერებისთანავე შალვა ესართიამ კატეგორიულად უარყო სამართალდარღვევის ფაქტი, ვინაიდან, მისი პოზიციით, წესები არ დაურღვევია და ქვეითის მოძრაობისთვის დაბრკოლება არ შეუქმნია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ესართია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას 2000-დან 5000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.

აქტივისტ გიორგი მუმლაძეს გზის გადაკეტვის საქმეზე 4-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

16 მარტს, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, აქტივისტ გიორგი მუმლაძეს საავტომობილო გზის გადაკეტვის საქმეზე 4 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

2025 წლის 16 ოქტომბერს, „ქართულმა ოცნებამ” მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში, რომლებიც მნიშვნელოვნად ზღუდავს დემონსტრანტების მიერ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის ფორმებს. ცვლილებების მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174¹ მუხლს დაემატა მე-10 ნაწილი, რომლის მიხედვითაც შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილე რიგი ქმედებების ჩადენის შემთხვევაში უალტერნატივოდ ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება. ასეთ ქმედებებს შორისაა, მათ შორის, სახის ნიღბით ან სხვა საშუალებით დაფარვა, ცრემლმდენი ან სხვა მსგავსი ნივთიერებების ქონა, ტრანსპორტის ან ქვეითთა გადაადგილებისთვის განზრახ დაბრკოლების შექმნა, დროებითი კონსტრუქციის მოწყობა ან ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვა.

აღნიშნული მუხლის დარღვევა ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია – 20 დღემდე ვადით. ამავე ცვლილებებით სისხლის სამართლის კოდექსშიც შევიდა ცვლილებები, რომლის თანახმადაც  ზემოთ აღწერილი ქმედებების განმეორებით, ერთი წლის განმავლობაში ხელმეორედ დარღვევის შემთხვევაში ქმედება სისხლის სამართლის წესით დაისჯება.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გიორგი მინდაძის 5-წლიანი განაჩენი ძალაში დატოვა

9 მარტს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა გიორგი მინდაძის მიმართ გამოტანილი 5-წლიანი თავისუფლების აღკვეთის განაჩენი. გადაწყვეტილება მოსამართლე თეა ლეონიძემ მიიღო.

გამოძიების მიხედვით, გიორგი მინდაძეს ბრალი ედებოდა 29 ნოემბერს გამართულ პროევროპულ აქციაზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) თანამშრომლის მიმართულებით პიროტექნიკის სროლაში, რის შედეგადაც, ბრალდების ვერსიით, სამართალდამცველმა ფეხის არეში დამწვრობა მიიღო. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით არის აღძრული, რაც სამართალდამცველზე თავდასხმას გულისხმობს.

მინდაძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო გალუსტაშვილმა, 2025 წლის 3 ივლისს მიუსაჯა.დაცვის მხარის განცხადებით, საქმეში ერთ-ერთ ძირითად მტკიცებულებას წარმოადგენს სოციალური ქსელიდან აღებული შვიდწამიანი ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ჩანს პირი, რომელიც ფეიერვერკს ისვრის, თუმცა კადრი უწყვეტი არ არის და პირის იდენტიფიცირება რთულია. ასევე, დაცვის მხარე მიუთითებს დაზარალებულის ჩვენებაში არსებულ შეუსაბამობებზე: მისი თქმით, დაზიანება 29 ნოემბერს მიიღო, თუმცა სასწრაფო სამედიცინო დახმარება 1 დეკემბერს გამოიძახა, რაც ადვოკატის შეფასებით აჩენს კითხვას, უკავშირდება თუ არა აღნიშნული დაზიანება სწორედ 29 ნოემბრის მოვლენებს.

ტროტუარზე დგომის საქმეზე საბა გელაშვილს 4 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

9 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ საბა გელაშვილს ტროტუარზე დგომასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ საქმეზე 4 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას 18 დეკემბერს მოქალაქეებისთვის ტროტუარზე გადაადგილებაში ხელის შეშლას ედავებოდა.

საბა გელაშვილი, სტუდენტობისას გადაცემა “წიგნების თაროს” ჩემპიონი იყო. გადაცემა აღნიშნულ გადაწყვეტილებას განცხადებით გამოეხმაურა და საბა გელაშვილის დაკავება გააკრიტიკა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ტროტუარზე დგომის გამო ადამიანების დაპატიმრება „ფარსის გაგრძელებაა“ და ორგანიზაციამ სოლიდარობა გამოუცხადა გელაშვილს და სხვა დაკავებულ ახალგაზრდებს.

ტროტუარზე პროტესტის გამო, მოქალაქეების წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართულმა ოცნებამ”, 2025  წლის 12 დეკემბერს,  თავისუფლების შემზღუდველი მორიგი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილება მიიღო. ცვლილებები დაჩქარებული წესით, 3 დღეში განიხილეს. ამ ცვლილებებით, ფაქტობრივად, პროტესტი ტროტუარზეც აიკრძალა. პირველ შემთხვევაში გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით (ორგანიზატორისთვის – 20 დღემდე), ხოლო განმეორებით შემთხვევაში შესაძლებელია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება.  “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” შეფასებით: “ტროტუარზე დგომის გამო პირის პატიმრობა, თუნდაც ადმინისტრაციული წესით, რომ არაფერი ვთქვათ სისხლისსამართლებრივ სასჯელზე, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს ვერც საქართველოს კონსტიტუციით და ვერც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტებით უზრუნველყოფილ შეკრების თავისუფლების სტანდარტებიდან გამომდინარე”.  „ტროტუარის საქმეებთან“ დაკავშირებული ადმინისტრაციული ნორმები ამჟამად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული. სარჩელით მოთხოვნილია შესაბამისი რეგულაციების არაკონსტიტუციურად ცნობა, რომლებიც ტროტუარზე ან გზაზე დგომის გამო მოქალაქეების დაჯარიმებას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.

საპროტესტო  აქციიდან დაბრუნებისას შსს-მ  დავით ჩხეიძე ნარკო ტესტირებაზე გადაიყვანა, პაატა ალავერდაშვილი კი ადმინისტრაციული წესით  დააკავა

9 მარტს ღამით, საპროტესტო აქციების მონაწილე დავით ჩხეიძე პოლიციამ თაბუკაშვილის პოლიციის განყოფილებაში ნარკო ტესტირების მიზნით გადაიყვანა. ჩხეიძის განცხადებით, იგი აქციიდან ავტომობილით ბრუნდებოდა ოჯახთან ერთად, როდესაც პატრულის რამდენიმე ეკიპაჟმა გააჩერა. თავდაპირველად ის ალკოტესტით შემოწმდა, რომელმაც უარყოფითი შედეგი აჩვენა. მოგვიანებით, პოლიციამ ადგილზე ნარკოტესტიც ჩაუტარა და განაცხადა, რომ შედეგი დადებითი იყო, რის შემდეგაც ჩხეიძე დამატებითი შემოწმებისთვის განყოფილებაში გადაიყვანეს.  

ჩატარებული დეტალური კვლევებით ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება არ დადასტურდა, რის საფუძველზეც ჩხეიძემ განყოფილება დატოვა, თუმცა აღებული ბიოლოგიური ნიმუშები დამატებით ექსპერტიზაზე გადაიგზავნა. რამდენიმე დღეში ცნობილი გახდა, რომ ექსპერტიზამ თანახმად, დავით ჩხეიძეს არ დაუდასტურდა ნარკოტიკული საშუალების კვალი. 

დავით ჩხეიძე მრავალწლიანი გამოცდილების მქონე დიპლომატია. 2025 წლის თებერვალში მან საჯარო სამსახური  დატოვა და მას შემდეგ მონაწილეობს პროევროპულ საპროტესტო აქციებში. ადრე იგი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში მუშაობდა და ფლობდა დიპლომატიურ პასპორტსაც.

ჩხეიძის განცხადებით, ავტომობილში მასთან ერთად იმყოფებოდა საპროტესტო აქციების კიდევ ერთი მონაწილე, პაატა ალავერდაშვილი. მისი თქმით, სამართალდამცავებმა ალავერდაშვილი მოულოდნელად ჩამოსვეს მანქანიდან და ადგილზე დააკავეს პოლიციელის შეურაცხყოფის ბრალდებით. პაატა ალავერდაშვილი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას პოლიციელის სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავება. იგი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე დააკავეს. აღნიშნული მუხლი სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას გულისხმობს და ითვალისწინებს ჯარიმას 2 000-დან 5 000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით. ადვოკატის, თეო ზაქარაშვილის განცხადებით, დაკავების შემდეგ პოლიციის განყოფილებაში ალავერდაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მისი თქმით, ფიზიკური ძალადობის ფაქტი არ დაფიქსირებულა და დაკავებული თავს კარგად გრძნობს.

ტროტუარზე დგომის გამო მედიის განვითარების ფონდის თანამშრომელს ზვიად მჟავანაძეს  4 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

9 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, “მედიის განვითარების ფონდის” თანამშრომელს, ზვიად მჟავანაძეს, ტროტუარზე პროტესტის გამო დაწყებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე 4 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

მჟავანაძეს შინაგან საქმეთა სამინისტრო ტროტუარზე ქვეითთა გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნას ედავებოდა. საქმეს მოსამართლე თორნიკე კაპანაძე განიხილა. მჟავანაძის განცხადებით, მას არ დაურღვევია წესრიგი და მისი ქმედება არ აფერხებდა გადაადგილებას. მისი თქმით, სასამართლო პროცესზე ვერ დასაბუთდა, თუ როგორ შეუშალა მან ხელი სხვა პირებს.

მჟავანაძის ადვოკატის, მარიამ ჯიქიას განცხადებით, დაცვის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. ადვოკატის შეფასებით, პრობლემურია როგორც პირის იდენტიფიცირების პროცესი ვიდეოკამერების გამოყენებით, ასევე თავად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნორმა, რომელიც ამ საქმეში იქნა გამოყენებული და რომლის კონსტიტუციურობაც საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული.ტროტუარზე პროტესტის გამო, მოქალაქეების წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართულმა ოცნებამ”, 2025  წლის 12 დეკემბერს,  თავისუფლების შემზღუდველი მორიგი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებამიიღო. ცვლილებები დაჩქარებული წესით, 3 დღეში განიხილეს. ამ ცვლილებებით, ფაქტობრივად, პროტესტი ტროტუარზეც აიკრძალა. პირველ შემთხვევაში გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით (ორგანიზატორისთვის – 20 დღემდე), ხოლო განმეორებით შემთხვევაში შესაძლებელია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება.  “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” შეფასებით: “ტროტუარზე დგომის გამო პირის პატიმრობა, თუნდაც ადმინისტრაციული წესით, რომ არაფერი ვთქვათ სისხლისსამართლებრივ სასჯელზე, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს ვერც საქართველოს კონსტიტუციით და ვერც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტებით უზრუნველყოფილ შეკრების თავისუფლების სტანდარტებიდან გამომდინარე”.

პროევროპული აქციების კიდევ ორ მონაწილეს „გზის გადაკეტვის“ ბრალდებით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს

4 მარტს, პროევროპული აქციების კიდევ ორ მონაწილეს „გზის გადაკეტვის“ ბრალდებით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. დემე შარიქაძეს სანქცირებულმა მოსამართლემ მანუჩარ ცაცუამ 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, ხოლო დავით ბასარიას სანქცირებულმა მოსამართლემ ნინო ენუქიძემ 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ორივე მათგანს 31 იანვარს, შაბათის ტრადიციული მარშის დროს, საავტომობილო გზის გადაკეტვას ედავებოდა.

2025 წლის 16 ოქტომბერს „ქართული ოცნებამ” მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში, რომლებიც მნიშვნელოვნად ზღუდავს დემონსტრანტების მიერ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის ფორმებს. ცვლილებების მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174¹ მუხლს დაემატა მე-10 ნაწილი, რომლის მიხედვითაც შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილე რიგი ქმედებების ჩადენის შემთხვევაში უალტერნატივოდ ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება. ასეთ ქმედებებს შორისაა, მათ შორის, სახის ნიღბით ან სხვა საშუალებით დაფარვა, ცრემლმდენი ან სხვა მსგავსი ნივთიერებების ქონა, ტრანსპორტის ან ქვეითთა გადაადგილებისთვის განზრახ დაბრკოლების შექმნა, დროებითი კონსტრუქციის მოწყობა ან ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვა.

აღნიშნული მუხლის დარღვევა ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია – 20 დღემდე ვადით. ამავე ცვლილებებით სისხლის სამართლის კოდექსშიც შევიდა ცვლილებები, რომლის თანახმადაც  ზემოთ აღწერილი ქმედებების განმეორებით, ერთი წლის განმავლობაში ხელმეორედ დარღვევის შემთხვევაში ქმედება სისხლის სამართლის წესით დაისჯება.

 სამოქალაქო აქტივისტ ლევან სამადაშვილს სასამართლომ 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა


2 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ აქციების აქტიური მონაწილე, ლევან სამადაშვილი სამართალდამრღვევად ცნო და 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას 7 თებერვალს აქციის დროს საავტომობილო გზის გადაკეტვას ედავებოდა.

2025 წლის 16 ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ” მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში, რომლებიც მნიშვნელოვნად ზღუდავს დემონსტრანტების მიერ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის ფორმებს. ცვლილებების მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174¹ მუხლს დაემატა მე-10 ნაწილი, რომლის მიხედვითაც შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილე რიგი ქმედებების ჩადენის შემთხვევაში უალტერნატივოდ ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება. ასეთ ქმედებებს შორისაა, მათ შორის, სახის ნიღბით ან სხვა საშუალებით დაფარვა, ცრემლმდენი ან სხვა მსგავსი ნივთიერებების ქონა, ტრანსპორტის ან ქვეითთა გადაადგილებისთვის განზრახ დაბრკოლების შექმნა, დროებითი კონსტრუქციის მოწყობა ან ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვა.

აღნიშნული მუხლის დარღვევა ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია – 20 დღემდე ვადით. ამავე ცვლილებებით სისხლის სამართლის კოდექსშიც შევიდა ცვლილებები, რომლის თანახმადაც  ზემოთ აღწერილი ქმედებების განმეორებით, ერთი წლის განმავლობაში ხელმეორედ დარღვევის შემთხვევაში ქმედება სისხლის სამართლის წესით დაისჯება.

საავტომობილო გზის გადაკეტვის ბრალდებით კიდევ ორი აქტივისტი ცნეს სამართალდამრღვევად

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მაკარაძემ, კიდევ ორი სამოქალაქო აქტივისტი ცნო სამართალდამრღვევად საავტომობილო გზის გადაკეტვის ბრალდებით. მათგანს ერთს – ზურა პაპიაშვილს ოთხდღიანი პატიმრობა შეუფარდა, მეორეს – თამო გოგოლიძეს კი სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა. 

ზურა პაპიაშვილს შინაგან საქმეთა სამინისტრო 2026 წლის 31 იანვარს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, “შაბათის მარშზე”, საავტომობილო გზის გადაკეტვას ედავებოდა. თამო გოგოლიძეს კი,  ასევე  “შაბათის მარშზე” საავტომობილო გზის გადაკეტვას – 2026 წლის 7 თებერვალს.

საავტომობილო გზის გადაკეტვა, “ქართული ოცნების” მიერ მიღებული რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, დასჯადი გახდა. აღნიშნული იკრძალება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-10 ნაწილით. მოგვიანებით, ამავე მუხლში გაერთიანდა – ტროტუარზე დგომაც, რის გამოც, ასევე ასამართლებენ აქციის მონაწილეებს.  აღნიშნული მუხლის დარღვევა ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით (ორგანიზატორისთვის 20 დღემდე ვადით). ადმინისტრაციული პატიმრობა არ შეეფარდება ორსულ ქალს, დედას, რომელსაც ჰყავს 12 წლამდე ასაკის ბავშვი, 18 წლის ასაკს მიუღწეველ პირს, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს. მათ დაეკისრება ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ ორგანიზატორია − 15 000 ლარის ოდენობით. იგივე “დანაშაულის” განმეორებით ჩადენა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს.

 თბილისის სააპელაციო სასამართლომ სინდისის პატიმრის დავით ხომერიკის განაჩენი ძალაში დატოვა


თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე პაატა სილაგაძემ ძალაში დატოვა 2024 წლის დეკემბერში, პროევროპული საპროტესტო აქციების დროს დაკავებული დავით ხომერიკის განაჩენი. 

დავით ხომერიკს, აფეთქების მომზადების ბრალდებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურის ვერსიით, ხომერიკს ცეცხლგამჩენი მოწყობილობა ჰქონდა თან. დაცვის მხარე ამ ბრალდებას უარყოფს, ის საპელაციო სასამართლოში დავით ხომერიკის უდანაშაულოდ ცნობას მოითხოვდა.

დავით ხომერიკის საქმეზე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს სასამართლოს მეგობრის მოსაზრება აქვს გამოქვეყნებული. სახალხო დამცველის აპარატი მიიჩნევს, რომ დეკემბერში აქციების დროს დაკავებული დავით ხომერიკის გამამტყუნებელი განაჩენი ემყარება სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებს.