2024 წლის 16 ოქტომბერს, გაზეთ “ჩემი ხარაგაულის” დამფუძნებელს ლაურა გოგოლაძესა და ჟურნალისტს ნინო კაპანაძეს, ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და უფლება არ მისცა დასწრებოდნენ პარტია “ქართული ოცნების” საარჩევნო შეხვედრას.
“წაბრძანდით, ნაციონალების შეხვედრაზე დადექით. ვინ ხართ, თქვენ ხართ ჩვეულებრივი მიყიდული, გაყიდული…,“ – ასე მიმართა მერმა ჟურნალისტებს და „სხვადასხვა პარტიების მიერ ნაყიდი და დაქირავებული“ და „პროვოკატორობით ცნობილი“ უწოდა.
გამოცემა “ბათუმელებთან” ლაურა გოგოლაძე ამბობს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საჯარო პირები მათ მუშაობაში ხელს უშლიან.
ორგანიზაცია “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” აცხადებს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა უხეშობა და უდიერი დამოკიდებულება ადგილობრივი ჟურნალისტების მიმართ სამწუხარო ტენდენციად ჩამოყალიბდა:“ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლთა მსგავსად, ძალას არ იშურებენ ჟურნალისტების უარყოფით ჭრილში წარმოსაჩენად და მოსახლეობაში მედიის, როგორც ინსტიტუციის, მიმართ ნდობის შესარყევად”, ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
2024 წლის 30 აპრილსა და 1 მაისს, ე.წ “რუსული კანონის” საპროტესტო აქციის დაშლის დროს, სამართალდამცველების სამიზნე 14 ჟურნალისტი გახდა. ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც აქციას აშუქებდნენ, პოლიციამ წიწაკის სპრეი და ცრელმსადენი საშუალებები გამოიყენა, მეორე ნაწილს კი სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
,,TV პირველის” გადამღები ჯგუფი, ჟურნალისტი ნანუკა ქაჯაია და დავით ბერაძე ჩიტაძის ქუჩიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. ოპერატორს, ნიკა კოკაიას, სახეში წიწაკის სპრეი შეასხეს. გარდა ამისა, მუშაობაში ხელი შეუშალეს ამავე ტელეკომპანიის რეპორტიორებს: გიორგი შეწირულს, მარიამ მაკასარაშვილს და დიანა ჩირგაძეს ,,TV პირველის” ინფორმაციით, მარიამ მაკასარაშვილს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
ონლაინ გამოცემა „პუბლიკას“ ინფორმაციით, წიწაკის სპრეი შეასხეს გამოცემის რედაქტორს ლიკა ზაკაშვილს და ჟურნალისტს ბასტი მგალობლიშვილს.
„აი ფაქტის“ ჟურნალისტი რობი ზარიძე პოლიციელებმა ჯერ კორდონში ძალის გამოყენებით შეიყვანეს, სადაც სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ , ხოლო შემდეგ დააკავეს. როდესაც გაირკვა რომ ზარიძე ჟურნალისტი იყო და პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, გაათავისუფლეს.
პოლიციელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „მთავარი არხის“ ჟურნალისტს დეა მამისეიშვილს. გამოცემის ინფორმაციით, მას ყელში სწვდნენ და ასე შეეცადნენ, უკან დაეხია.
თვითმხილველთა ინფორმაციით, სპეცრაზმელებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ფოტოგრაფებს: გურამ მურადოვსა და დავით ქორიძეს, ხოლო ფოტოჟურნალისტ გიორგი ნაკაშიძეს სახეში შეასხეს წიწაკის სპრეი. ფოტოჟურნალისტი ზიანისგან კამერამ დაიცვა.
მომხდარს გამოეხმაურა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია. ორგანიზაცია გმობს ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობას და საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს, სწრაფად და ეფექტურად გამოიძიონ მომხდარი.
2024 წლის 8 მარტს TOK TV-ის ჟურნალისტს მიშო დარბაიძეს პოლიციამ ხელი შეუშალა ადიგენში მიმდინარე შეხვედრის გაშუქებაში, რომელსაც მერიისა და საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
Მიშო დარბაიძის მიერ გავრცელებული ვიდეომასალა ასახავს ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტს.
აღნიშნულ საკითხს მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოეხმაურა. კოალიციამ მოუწოდა ხელისუფლებას “სწრაფად გამოიძიოს აღნიშნული ინციდენტი და მედიის წარმომადგენლებისათვის შესაბამისი სამუშაო გარემოს შექმნა უზრუნველყოს”.
2024 წლის 14 მარტს, ბათუმში, ადგილობრივი მედიის, “TV 25”-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “ოცნების ქალაქში” ახლად აშენებული საცხოვრებელი კორპუსის გადასაღებად მისულ ”TV 25-ის” ჟურნალისტს, თეო ფუტკარაძეს და ოპერატორს, გერა კილაძეს, მშენებლობაზე დასაქმებულმა პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მასთან ერთად, დაცვის თანამშრომელი ოპერატორისთვის კამერის წართმევასაც შეეცადა.
ინციდენტს ასახავს “ტვ 25-ის” ეთერში გასული მასალა, აღნიშნულ საკითხს განცხადებით მედიის ადვოკატირების კოალიციაც გამოეხმაურა.
“კოალიცია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დროულად დაიწყოს აღნიშნული ინციდენტის გამოძიება, რომ მედიის წარმომადგენლებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო იქნეს უზრუნველყოფილი” – ნათქვამია განცხადებაში.
2024 წლის 1 აპრილს, ქალაქ გორში, მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომლებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტელეკომპანია “მონიტორინგის” ოპერატორს თორნიკე გელიტაშვილს.
“TV მონიტორინგის” ცნობით, ოპერატორი სააგენტოს მიმდებარე ტერიტორიიდან დრონით იღებდა შენობის კადრებს, რა დროსაც მას სააგენტოს სამი თანამშრომელი ფიზიკურად დაუპირისპირდა, დაუზიანა ტელეფონი და კადრების გადაღების შესაძლებლობა არ მისცა.
ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ადგილზე მისულმა პოლიციამ, გამოკითხვის შემდეგ საქმე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან გადაამისამართა.
შემთხვევას გამოეხმაურა “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია”. “ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, როდესაც ჟურნალისტზე სახელმწიფო უწყებებში დასაქმებული პირები ძალადობენ,” – ნათქვამია განცხადებაში.
ეთიკის ქარტიამ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს საქმის სწრაფად და ეფექტიანად გამოძიებისკენ მოუწოდა.