„ქართული ოცნება” რუსული კანონის აღსრულებასაც აუდიტის სამსახურს ავალებს

9 მარტს, „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში წარადგინა საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც ე.წ. “რუსული კანონის” („უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“) კანონის აღსრულება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეცემა.

განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ აუდიტის სამსახური უკვე ახორციელებს „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტისა“(ე.წ. FARA) და “გრანტების შესახებ” კანონის მონიტორინგსა და აღსრულებას, რის გამოც მიზანშეწონილად მიიჩნევა, რომ ამავე უწყებამ განახორციელოს აღნიშნული კანონის შესრულებაც.

ცვლილებების ავტორები არიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე.

ე.წ. „რუსული კანონი“, რომელიც პირველად 2023 წელს იქნა ინიცირებული, დასავლური დაფინანსების მქონე სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის სპეციალურ რეესტრში რეგისტრაციას ითვალისწინებს და კრიტიკოსების მიერ „რუსულ კანონად“ მოიხსენიება მისი მსგავსების გამო რუსეთში მოქმედ „უცხოეთის აგენტების“ კანონთან. კანონპროექტს საქართველოში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები და საერთაშორისო კრიტიკა მოჰყვა, რის შემდეგაც 2023 წელს მისი მიღება შეაჩერა. თუმცა 2024 წლის აპრილში პარტიამ პროექტი ხელახლა წარადგინა პარლამენტში და 2024 წლის 28 მაისს, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ, საბოლოოდ მიიღო.კანონი ავალდებულებს უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციებს ყოველწლიურად წარადგინონ ფინანსური დეკლარაციები და ითვალისწინებს სანქციებს მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში.

აღნიშნული კანონი იქცა საფუძვლად შემდგომი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებების სერიისთვის, რომელიც მიმართულია ქვეყანაში კრიტიკული აზრის ჩახშობისა და სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის საქმიანობის შეზღუდვისკენ.

“ქართულმა ოცნებამ” უცხოურ დაფინანსებასა და „ხელისუფლების არაღიარებასთან“ დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

2026 წლის 28 იანვარსა და 16 თებერვალს „ქართულმა ოცნებამ“ დააინიცირა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც შეეხებოდა „გრანტების შესახებ“ კანონს, სისხლის სამართლის კოდექსს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონს. 4 მარტს, ქართულმა ოცნებამ, პლენარულ სხდომაზე აღნიშნული ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო. 

მიღებული ცვლილებები მნიშვნელოვნად ამკაცრებს უცხოურ დაფინანსებასთან დაკავშირებულ რეგულაციებს და აფართოებს გრანტის ცნებას, რაც მოიცავს როგორც ფინანსურ, ისე ნატურალურ რესურსებსა და ტექნიკურ დახმარებას, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას საქართველოს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოსახდენად. კანონპროექტი ასევე აწესებს დამატებით შეზღუდვებს პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით, მათ შორის კრძალავს პოლიტიკური პარტიის წევრობას იმ ორგანიზაციების თანამშრომლებისთვის, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებენ, და ამკაცრებს პასუხისმგებლობას ე.წ. „გარე ლობიზმისთვის“.

საკანონმდებლო პაკეტში ასევე შევიდა ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში, რომლის მიხედვითაც დასჯადი ხდება ხელისუფლების სისტემური არაღიარება და საჯარო, სისტემატური მოწოდებები კანონმდებლობის მასობრივად დარღვევის, ხელისუფლების ორგანოებისადმი დაუმორჩილებლობის ან ალტერნატიული ხელისუფლების ორგანოების შექმნისკენ. კანონი ძალაში  მისი ოფიციალური გამოქვეყნებისთანავე შევა.