16 აგვისტოს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტსა და მეტეოროლოგ კობა ფარტენაძეს კვლავ დაესხნენ თავს. ფარტენაძის თქმით, შემთხვევის ადგილზე პოლიციის თანამშრომლები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი იმყოფებოდნენ.
ეს კობა ფარტენაძის მიმართ თავდასხმისა და მუქარის პირველი შემთხვევა არ არის. მანამდე ფარტენაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც ისმის, როგორ ემუქრება უცნობი კაცი მას ცალკე გაყოლასა და დაჭრას. აღნიშნულ საქმეზე ორი პირი დააკავეს. მოგვიანებით ბათუმის საქალაქო სასამართლომ ფარტენაძის მიმართ განხორციელებული დაჭრის მუქარისა და ძალადობის საქმეზე ბრალდებულ ორ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით 7,000-7,000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
17 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კობა ფარტენაძე თავად დააკავეს. მისი ადვოკატის განცხადებით, ფარტენაძე ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში ადმინისტრაციული წესით დააკავეს და ამჟამად ზესტაფონის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. ადვოკატის თქმით, დაკავების საფუძველსა და მოტივს ამ ეტაპზე არკვევენ.
შსს-ს ცნობით, ფარტენაძე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის საფუძვლით დააკავეს. უწყების განცხადებით, ფარტენაძემ 16 აგვისტოს, მასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხვისას, სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის საფუძველზეც ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. შსს ასევე აცხადებს, რომ 17 აგვისტოს, ღამის საათებში, ფარტენაძე ბათუმში ხმამაღალი ლანძღვა-გინებით საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა, არ დაემორჩილა პოლიციელების მოთხოვნას და მათ შეურაცხყოფა მიაყენა.
18 აგვისტოს, მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ კობა ფარტენაძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა.
კომუნიკაციების კომისია „TV პირველს“ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის დარღვევას ედავება ისეთი სიტყვებისა და ფრაზების გამოყენების გამო, როგორიცაა „სინდისის პატიმრები“, „ცრუ მოწმე პოლიციელები“, „ოლიგარქი“ და „პოლიტპატიმრები“.
საქმე განიხილება იმ ფონზე, როდესაც „ქართული ოცნების“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში მიღებული ცვლილებებით მაუწყებლების შინაარსის რეგულირება გამკაცრდა. ცვლილებები, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებში პოზიციის გამოხატვის შეზღუდვას, პასუხის უფლების ახალ წესებსა და ფარული ჩაწერის სტანდარტების განსაზღვრას ეხება.
კომუნიკაციების კომისიამ მანამდე განაცხადა, რომ პრაქტიკაში აამოქმედებდა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონითა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილ ნორმებს და მაუწყებლების მონიტორინგს დაიწყებდა. ეს განცხადება მალევე მოჰყვა გაერთიანებული სამეფოს მიერ სამთავრობო პროპაგანდისტული „იმედისა“ და POSTV-ის დასანქცირებას.
კომისიის ინფორმაციით, მონიტორინგი 11-13 მაისს ეთერში გასულ ახალი ამბების პროგრამებს შეეხო. კომისიამ მიიჩნია, რომ მაუწყებელმა საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხები პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე გააშუქა და პოლიტიკური ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მიმართ მხარდამჭერი/საწინააღმდეგო პოზიცია გამოხატა.საქმე კომისიამ 18 ივნისის სხდომაზე განიხილა, გადაწყვეტილება კი ერთ კვირაში გახდება ცნობილი.
2026 წლის 16 ივნისს თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში ცრუ დასმენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი კინორეჟისორის, გიორგი (გოგა) ხაინდრავას ინტერესების დამცველი ადვოკატების განცხადება ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ ხაინდრავას მიმართ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით. გავრცელებული ინფორმაციით, პროკურატურა ცრუ დასმენას “ფორმულას” წყაროს ედავება.
საქმე უკავშირდება „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტებს. 2026 წლის 17 იანვრის მასალაში საუბარი იყო, 2016-2017 წლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შესაძლო შეთანხმებით, საქართველოში ინდოეთისა და პაკისტანის მოქალაქეების შემოყვანაზე. ხაინდრავა სიუჟეტებში გავრცელებულ ინფორმაციას ცრუსა და ცილისმწამებლურს უწოდებს. მანამდე, 2026 წლის 19 მარტს, ხაინდრავამ „ფორმულას“ სასამართლოშიც უჩივლა და მორალური ზიანისთვის 10,000 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.
პროკურატურის ცნობით, გიორგი ხაინდრავა საგამოძიებო ორგანოში მოწმის სახით უკვე გამოიკითხა. უწყების განცხადებით, საქმეზე ჩატარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, ხოლო შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებას მედიის დაშინებისა და გამომძიებელი ჟურნალისტების დასჯის მცდელობად აფასებს. ქარტიის განცხადებით, წყაროს კონფიდენციალობა ჟურნალისტის დაცული უფლება და ფუნდამენტური პროფესიული სტანდარტია, ხოლო ჟურნალისტის იძულება, წყარო გაამჟღავნოს, დაუშვებელია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე ელიაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ არხიდან გათავისუფლებული ჟურნალისტისა და წამყვანის, ნინო ზაუტაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა.
ზაუტაშვილის ადვოკატის, გიორგი იასაშვილის განცხადებით, ისინი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობასა და მისი შესაბამის პოზიციაზე აღდგენას ითხოვდნენ.
„საქმეს რომ ბოლომდე მივიყვან, ეს ვიცი და არც დრო და არც ენერგია არ დამენანება ამისთვის. ზუსტად ვიცი, რომ მართალი ვარ და მოსამართლემაც იცოდა, რომ ჩემსკენ იყო სიმართლე. ამ საშინლად მძიმე დროში, როცა ძალიან ბევრი უსამართლო გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ერთადერთ და უპირველეს ამოცანად რჩება მართლმსაჯულების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა“, – განაცხადა ნინო ზაუტაშვილმა „მედიაჩეკერთან“ საუბრისას.
თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „მოამბის“ ყოფილი წამყვანის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის სარჩელიც, რომლითაც ის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას ითხოვდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაცემა „რეალური სივრცის“ წამყვანი ნინო ზაუტაშვილი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად სამსახურიდან 2025 წლის 11 აპრილს გაათავისუფლა.
24 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლიანა კაჟაშვილმა, შეწყვიტა „ბათუმელების/ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის, საქმე პრემიერ მინისტრის, ირაკლი კობახიძის, წინააღმდეგ. პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელი ირაკლი კობახიძეს ტელეეთერით გაჟღერებული განცხადებებით ცილისწამებას, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევასა და პატივისა და ღირსების შელახვას ედავებოდა.
„ეს არის საშიში პრეცედენტი არა მხოლოდ მზია ამაღლობელის შემთხვევაში, რომელიც მოსარჩელეს წარმოადგენდა ამ საქმეში, არამედ, ზოგადად, მართლმსაჯულების სისტემისთვის“, – უთხრა მედიას ჟურნალისტის ადვოკატმა, ანა რეხვიაშვილმა.
სასამართლოზე არ გამოცხადებულა ირაკლი კობახიძე და არც მისი წარმომადგენელი.
ეს მეორე შემთხვევაა, როცა მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო თბილისის საქალაქო სასამართლომ. 2025 წლის 24 ნოემბერს, მოსამართლე დავით აკობიძემ მიიჩნია, რომ უნდა შეეწყვიტა საქმე, რომლითაც მზია ამაღლობელი ირაკლი კობახიძისგან ცრუ ბრალდებების უარყოფას ითხოვდა.
20 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლიანა კაჟაშვილმა არ დააკმაყოფილა გგადაცემა „რეალური სივრცის“ ყოფილი თანამშრომლების საჩივარი.
გადაცემა „რეალური სივრცე“ საზოგადოებრივ მაუწყებელზე 2025 წლის 5 მაისამდე გადიოდა. არხის მენეჯმენტმა მაშინ მიიღო გადაცემის დახურვის გადაწყვეტილება. „რეალური სივრცის“ თანამშრომლებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს სასამართლოში უჩივლეს.
20 აპრილს გამოცხადებული გადაწყვეტილება ქეთევან კაპანაძის, იოსებ კაციტაძის, თამარ მშვენიერაძის, ომარ წოწორიასა და ტუხა კვინიკაძის ტელევიზიიდან გათავისუფლების საქმეს ეხებოდა. ისინი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობასა და 2022 წლის 30 დეკემბრის უვადო შრომითი ხელშეკრულებების პირობებით, გადაცემა „რეალური სივრცის“ შესაბამის პოზიციებზე აღდგენას მოითხოვენ.
2024 წლის ნოემბრიდან, პროევროპული პროტესტის დაწყების შემდეგ, აქციის მონაწილეები სატელევიზიო ეთერის გახსნასაც ითხოვდნენ. მოთხოვნას შეუერთდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებიც. არხის სარედაქციო პოლიტიკას ღიად აკრიტიკებდა გადაცემა „რეალური სივრცის“ გუნდიც.
2025 წლის 11 აპრილს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა „რეალური სივრცის“ წამყვანი ნინო ზაუტაშვილი და „მოამბის“ წამყვანი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი. 1 მაისიდან დაიხურა გადაცემა „რეალური სივრცე“, ხოლო გუნდის იმ წევრებს, რომლებმაც ახალ შეთავაზებებზე უარი თქვეს, ხელშეკრულებები შეუწყდათ.
„უდოს კომისიამ“ (სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა საქმეების განხილვის ადგილობრივი საბჭო) უარი თქვა გამოცემების “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, პატიმარ მზია ამაღლობელის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე.
“ბათუმლების” ინფორმაციით, გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ პატიმარი არ შეიძლება ვადაზე ადრე გათავისუფლდეს, რადგან ის „დღემდე არ ნანობს მის მიერ ჩადენილ ქმედებას“. ამავე გამოცემის ცნობით, ეს გადაწყვეტილება კომისიამ მიიღო ქალთა #5 პენიტენციური დაწესებულების დადებითი დასკვნის მიუხედავად.
მზია ამაღლობელი წელიწადი და სამი თვე უკანონო პატიმრობაშია. მას ორი წელი აქვს მისჯილი ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისათვის სილის გაწვნის გამო. მოქმედი კანონმდებლობით, ნაკლებად მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულები შესაძლებელია პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდნენ, თუკი სასჯელის ნახევარი მოიხადეს. პატიმრების საქმეებს სპეციალური კომისია განიხილავს, კომისიაზე პატიმრის ვადაზე ადრე გათავისუფლების შუამდგომლობას ციხის ადმინისტრაცია აყენებს. “ბათუმელების” ცნობით, მზია ამაღლობელის პირობით ვადამდე გათავისუფლების შუამდგომლობით, #5 პენიტენციურმა დაწესებულებამ, უდოს კომისიას მიმდინარე წლის 12 იანვარს მიმართა.
ფრანგი ფოტოგრაფი ფრანსის პრიმერსკი, რომელიც წლებია საქართველოში ცხოვრობს, სოციალურ ქსელში წერს, რომ ბინადრობის ნებართვა გაუუქმეს. ფოტოგრაფი ხშირად აშუქებდა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს.
„დღეს ეს გადაწყვეტილება ჩემთვის მტკივნეულია, რადგან ეს მხოლოდ ადმინისტრაციული საკითხი არ არის. ეს ეხება იმ კავშირს, რომელიც ამ ქვეყანასთან შევქმენი. და მაინც, არაფერს ვნანობ. რადგან ყოველთვის ვიმოქმედე ჩემი ღირებულებების შესაბამისად თავისუფლება, ღირსება, სამართლიანობა. ამ ღირებულებებს დავიცავ ბოლომდე. უმოქმედოდ არ დავრჩები. დავიწყებ სამართლებრივ ბრძოლას. ბოლომდე წავალ, საჭიროების შემთხვევაში სტრასბურგამდეც, რადგან ეს კავშირი ვერ წაიშლება ერთი გადაწყვეტილებით; რადგან ასეთ ქვეყანას ასე მარტივად ვერ ტოვებ, მისთვის იბრძვი. საქართველო ჩემი ნაწილია, რაც არ უნდა მოხდეს და მე არ დავნებდები“, დაწერა პრიმერსკიმ.
პრიმერსკის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში რომელიც, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ არის გამოცემული ჩანს, რომ მას ბინადრობის ნებართვა 2027 წლამდე ჰქონდა მიღებული.
პროევროპული პროტესტის დაწყების შემდეგ, საქართველოში არაერთი შემთხვევა დაფისქირდა უცხოელი ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის. მათ შორის, უმეტესად საზღვრის კვეთის აკრძალვასთან დაკავშირებით. ასეთ შემთხვევებსაც, CMIS დეტალურად აღწერს.
2026 წლის 10 მარტს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ვიზიტად მყოფ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას, “ქართულმა ოცნებამ” არ მისცა უფლება ციხეში მოენახულებინა გამოცემების “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი.
“მოვითხოვეთ პატიმრების მონახულება, რომლებიც ციხეში არიან, განსაკუთრებით, სახაროვის პრიზის მფლობელის [მზია ამაღლობელის]. ეს გამოვხატეთ პრემიერმინისტრთან, ეს გამოვხატეთ ქვეყნის პრეზიდენტთან, ეს გამოვხატეთ შინაგან საქმეთა მინისტრთან, ეს გამოვხატეთ პარლამენტის სპიკერთან. და მათ გვიპასუხეს: არა”, – განაცხადა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პერე ჟოან პონს სამპიეტრომ ჟურნალისტებთან საუბრისას.
აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს განცხადებაც, რომელიც გაავრცელა დელეგაციამ საქართველოში ვიზიტის შესახებ.ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საერთაშორისო დელეგაციას “ქართული ოცნება” ჟურნალისტ მზია ამაღლობელის მონახულების შესაძლებლობას არ აძლევს. 2025 წლის ნოემბერში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები, რომლებიც თბილისში იმყოფებოდნენ, დაკავებული ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის მონახულებას ცდილობდნენ, თუმცა მათ ციხის საკანში შესვლაზე უარი უთხრეს. 2025 წლის მაისში მზია ამაღლობელთან შესვლის ნებართვა ასევე ვერ მიიღო თბილისში მყოფმა ევროპარლამენტარების დელეგაციამ.
ონლაინ გამოცემა “ნეტგაზეთის” ჟურნალისტს, მარიამ ძიძარიას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთაველის გამზირზე “გზის გადაკეტვას” ედავება. საუბარია 2026 წლის 31 იანვარს გამართულ “შაბათის მარშის” აქციაზე, სადაც მარიამ ძიძარია პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.. “ნეტგაზეთის” ინფორმაციით, აქციის გაშუქებისას მარიამს ეკეთა ჟურნალისტის დამადასტურებელი ე.წ. ბეიჯი ანუ საიდენტიფიკაციო ნიშანი, ასევე სამხრე ნიშანი (PRESS) და თან ჰქონდა კამერა.
6 მარტს ცნობილი გახდა, რომ იგივე ბრალდებით ადმინისტრაციული წარმოება დაწყებულია მედიის კიდევ ორი წარმომადგენლის მიმართ. შსს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გზის გადაკეტვას ედავება – “ტაბულას” ჟურნალისტს მარიამ კუპრავასა და ფოტოგრაფ გიორგი თარხნიშვილს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებით, შსს-ს დამოკიდებულება იმ ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც საპროტესტო აქციებს აშუქებენ, აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ სინამდვილეში სამართალდამცავი სტურუქტურების მიზანი მათი დაშინებაა და იძულება, რომ საზოგადოებამდე საპროტესტო განწყობების შესახებ ინფორმაციის მიტანა შეწყვიტონ: “სისტემური წნეხი ჟურნალისტებსა და მედიაზე ლახავს საზოგადოების უფლებას, იყოს ინფორმირებული და აზიანებს ქვეყნის ინტერესებს”, – ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.
საავტომობილო გზის გადაკეტვა, “ქართული ოცნების” მიერ მიღებული რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, დასჯადი გახდა. აღნიშნული იკრძალება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-10 ნაწილით. მოგვიანებით, ამავე მუხლში გაერთიანდა – ტროტუარზე დგომაც, რის გამოც, ასევე ასამართლებენ აქციის მონაწილეებს. აღნიშნული მუხლის დარღვევა ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით (ორგანიზატორისთვის 20 დღემდე ვადით). ადმინისტრაციული პატიმრობა არ შეეფარდება ორსულ ქალს, დედას, რომელსაც ჰყავს 12 წლამდე ასაკის ბავშვი, 18 წლის ასაკს მიუღწეველ პირს, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს. მათ დაეკისრება ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ ორგანიზატორია − 15 000 ლარის ოდენობით. იგივე “დანაშაულის” განმეორებით ჩადენა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს.
2024 წლის 26 ოქტომბრიდან დღემდე, ჟურნალისტების მიმართ, გზის გადაკეტვის ბრალდებით, 40-ზე მეტი ოქმია გამოწერილი.