“რადიო თავისუფლების” ოპერატორი დააჯარიმეს გზის გადაკეტვის საფუძვლით

შინაგან საქმეთა სამინისტრომ “რადიო თავისუფლების” ოპერატორი ზუკა ხიდაშელი “გზის გადაკეტვის” საფუძვლით 2025 წლის 4 სექტემბერს 5,000 ლარით დააჯარიმა. ხიდაშელმა ჯარიმა გაასაჩივრა.

ხიდაშელი, როგორც “რადიო თავისუფლების” ოპერატორი ასრულებდა სარედაქციო დავალებას და აშუქებდა საპროტესტო აქციას.

2024 წლის 26 ოქტომბრიდან დღემდე ჟურნალისტების მიმართ ჯარიმების შესახებ ინფორმაციას CMIS დეტალურად აღწერს.

TV პირველის“ ოპერატორი, გიორგი მოსიაშვილი, “გზის ხელოვნურად გადაკეტვის” გამო 10,000 ლარით დააჯარიმეს

“ტელეკომპანია “პირველის” ფოტოჟურნალისტი გიორგი მოსიაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორჯერ დააჯარიმა, ჯამში 10 000 ლარით. პოლიცია ფოტოჟურნალისტს ედავება 21 თებერვალს და 11 მარტს რუსთაველის გამზირის გადაკეტვას. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში მოსიაშვილმა აღნიშნა, რომ ჯარიმის დაკისრების დროს, იგი ასრულებდა პროფესიულ მოვალეობას.

„ქართულმა ოცნებამ“ პროევროპული პროტესტების კონტექსტში გაზარდა ჯარიმების ოდენობა, რომლებიც 28 ნოემბრის შემდეგ დაიწყო. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, გზის უკანონო გადაკეტვისთვის ჯარიმა ათჯერ გაიზარდა – 500 ლარიდან 5 000 ლარამდე.

“მედიის ადვოკატირების კოალიციის” წევრ ორგანიზაციებს ანგარიშები დაუყადაღეს

არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომელთა შორის არიან “მედიის ადვოკატირების კოალიციის” წევრი ორგანიზაციებიც, საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო “საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების“ ბრალდებით.

2025 წლის 27 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და ამ ორგანიზაციების საბანკო ანგარიშები დააყადაღა. 

პროკურატურის მიერ განცხადების გავრცელებიდან რამდენიმე წუთში პროსამთავრობო ტელეკომპანია “იმედმა” გამოძიების მხარდაჭერი სიუჟეტი გაავრცელა, კერძოდ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების კომენტარები პროევროპული აქციებიდან. პროკურატურის ბრალდება ორგანიზაციებს ედავება  პრო-ევროპული აქციების მონაწილეებისთვის სპეციალური ეკიპირების (როგორიცაა სპეციალური აირწინაღები, ჩაფხუტები, სახის დასაფარი ნიღბები, პირბადეები, დამცავი სათვალეები) შესაძენად თანხების მობილიზებას. 

50-ზე მეტმა სამოქალაქო და მედია ორგანიზაციამ სოლიდარობა გამოუცხადა ყადაღადადებულ ორგანიზციებს. 

“ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რუსეთის ხელისუფლების მსგავსი, სადამსჯელო ნაბიჯების გადადგმა ადასტურებს, რომ ივანიშვილის მთავრობის ინტერესი, საქართველოში განსხვავებული აზრისა და პროევროპული ჯგუფების სრულად განადგურებაა” – ნათქვამია განცხადებაში. 

პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე 27 აგვისტოს,  შვიდი ორგანიზაციის ანგარიში დააყადაღეს, ესენია: „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED), „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI), „დემოკრატიის მცველები“, „საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივა“ (GDI), „საფარი“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“. აქედან, „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“, ISFED, IDFI და GDI  “მედიის ადვოკატირების კოალიციის” წევრები არიან.

გამოცემების “ბათუმელებისა” და ”ნეტგაზეთის” დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს, 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

გამოცემების “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელს, ჟურნალისტ მზია ამაღლობელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ბრალი გადაუკვალიფიცირა და ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით ჰქონდა წაყენებული, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

განაჩენის გამოცხადების დღეს მოსამართლემ ბრალი გადააკვალიფიცირა სისხლის სამართლის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული მუხლი გულისხმობს – პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას 2-დან 6 წლამდე.

მზია ამაღლობელის დაცვის მხარე, მას შემდეგ, რაც განაჩენი ჩაბარდება, საქმის გასაჩივრებას გეგმავს. 

მზია ამაღლობელი მიმდინარე წლის 11 იანვარს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, ხოლო რამდენიმე საათში, 12 იანვარს, სისიხლის სამართლის წესით.

“ქართუ ბანკი” “TV პირველს” სასამართლოში უჩივის

„ქართუ ბანკი“, რომლის 35%-იან წილს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის შვილი, უტა ივანიშვილი, ფლობს “TV პირველს” ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის. მოსარჩელე მოითხოვს არხმა ბანკი არ მოიხსენიოს როგორც  “ივანიშვილის” ან “ოლიგარქის” ბანკი.

“TV პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის, განმარტებით,  რეპორტაჟი, რომლის გამოც ბანკი ჩივის, საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა და ეყრდნობოდა ევროპის სახალხო პარტიის (EPP) რეზოლუციას, რომლის ერთ-ერთი მოთხოვნაც იყო „ქართუ ბანკის“ საერთაშორისო გადახდის სისტემიდან – SWIFT-იდან გათიშვა. „ისინი მოითხოვენ, რომ ეს რეპორტაჟი არ იყოს განთავსებული ონლაინ პლატფორმებზე. როგორც ჩანს, ბანკისთვის ეს საკითხი პრობლემატურია და მოითხოვენ სასამართლოს გზით ისეთი ტერმინების აკრძალვას მედიაში, როგორიცაა „ივანიშვილის ბანკი“ ან „ოლიგარქის ბანკი“, – განაცხადა ნოდარ მელაძემ გამოცემა “ნეტგაზეთთან”. მისივე განცხადებით, „ქართუ ბანკი“ ითხოვს მხოლოდ სიუჟეტში გასული ფაქტების უარყოფას და არა ფულად კომპენსაციას.

“მედიის ადვოკატირების კოალიციის” შეფასებით, ეს სარჩელი სამოქალაქო ჩართულობის წინააღმდეგ სტრატეგიული სამართალწარმოების (SLAPP) მორიგ შემთხვევას წარმოადგენს: “აღნიშნული საქმე არის ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების” მიერ მედიაზე წარმოებული მიზნობრივი რეპრესიული პოლიტიკის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

გამოცემა „ბათუმელების“ ანგარიშებს შემოსავლების სამსახურმა ინკასო დაადო

2025 წლის 21 ივლისს ცნობილი გახდა, რომ შემოსავლების სამსახურმა გამოცემა “ბათუმელების”  ანგარიშებს ინკასო დაადო. როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ – ოფიციალური მიზეზი დავალიანებაა, რეალური – განზრახვა, მედიაორგანიზაცია დაიხუროს.

მედიის ცნობით, უწყებამ მათ 5 დღის ვადა მისცა ვალის გადასახდელად, წინააღმდეგ შემთხვევაში ანგარიშებს ინკასოს დაადებდნენ, შემდეგ კი ქონებას დააყადაღებდნენ და აღსრულების ეროვნული ბიურო აღსრულების პროცესს დაიწყებდა – გაყიდდა ორგანიზაციის ქონებას – საუბარია ოფისსა და რედაქციის ტექნიკურ აღჭურვილობაზე.  

გამოცემის ცნობით, ამ ეტაპზე მათი დავალიანება ბიუჯეტის წინაშე, ძირი თანხა, 47 ათასი ლარია, ამას ემატება საურავი – 126 ათასი ლარი და ჯარიმა 109 ათასი ლარი. „ბათუმელებს“ სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანება აღიარებული ჰქონდა და ყოველთვიურად იხდიდა შესაბამის თანხებს მის დასაფარად. ინკასოს დადების მუქარის შემდეგ, „ბათუმელებმა“ შემოსავლების სამსახურს ოფიციალურად მიმართა და ითხოვა ვალის გადასახდელად მათთვის გრაფიკი  შეეთავაზებინათ (საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებს დავალიანების გრაფიკით გადახდას), მაგრამ უარი მიიღო. 17 ივლისს კი, „ბათუმელების“ ანგარიშებს ინკასო დაადეს.

გამოცემა “ბათუმელებმა” ეს ფაქტი გამოცემაზე მორიგ ზეწოლად და მედიის დახურვის განზრახვად აღიქვა. უკვე 6 თვეზე მეტია გამოცემის დამფუძნებელი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი პატიმრობაშია. მას ბათუმის პოლიციის უფროსისათვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან და 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მისი სასამართლო პროცესები დასასრულს მიუახლოვდა,  დასკვნითი პროცესი, სადაც მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი განაჩენს გამოაცხადებს, 1-ელ აგვისტოსაა ჩანიშნული.

“ ინკასო და უახლეს ერთ კვირაში დაგეგმილი ყველა სხვა ოპერაცია მიმართულია მზია ამაღლობელის გასატეხად, პერსპექტივაში კი მის მიერ შექმნილი მედიაორგანიზაციის გასანადგურებლად. ამის მარტივი დადასტურებაა ერთი მაგალითი: შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 21 მაისის ოფიციალური ინფორმაციით, ტელეკომპანია „იმედის“ დავალიანება ბიუჯეტის წინაშე არის 17 მილიონი ლარი. „რუსთავი 2-ს“ კი 25 მილიონი ლარი აქვს ბიუჯეტისთვის გადასახდელი“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ორგანიზაციამ “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” მომხდარი ასევე მედიაზე ზეწოლად შეაფასა. ქარტია შემოსავლების სამსახურს მოუწოდებს, მოხსნას ინკასო გამოცემის ანგარიშებს და შეუდგუნოს განრიგი დავალიანების დასაფარად. “ბათუმელების” შემთხვევა სისტემური კამპანიის ნაწილია, რომელსაც “ქართული ოცნება” დამოუკიდებელი ჟურნალისტიკისა და მედიის წინააღმდეგ ახორციელებს”. – ნათქვამია კიდევ ერთი ორგანიზაციის, “მედიის ადვოკატირების კოალიციის” განცხადებაში. ადამიანის უფლებადაცვითი საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International ასევე ეხმაურება მომხდარს. “დამოუკიდებელ ქართულ გამოცემა „ბათუმელებს“ ანგარიშები გაუყინეს მას შემდეგ, რაც მისი დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ პოლიციის მხრიდან ძალადობის სავარაუდო შემთხვევები გამოვლინდა, რომელიც ამჟამად უკანონოდ არის დაკავებული და შებღალული სასამართლო პროცესის წინაშე დგას. Amnesty მოუწოდებს, გამოიძიონ პოლიციის ძალადობის ყველა ბრალდება“, – ნათქვამია Amnesty International-ის განცხადებაში.

უკანონო დაკავების შემდეგ, “მთის ამბების” და “საქართველოს ამბების” რედაქტორი, გელა მთივლიშვილი, 2000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების საწინააღმდეგო აქციის გაშუქების დროს უკანონოდ დაკავებული ჟურნალისტი, “მთის ამბებისა” და “საქართველოს ამბების” რედაქტორი, გელა მთივლიშვილი, სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა. საქმე ეხება 2024 წლის 23 იანვარს, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მიმდინარე აქციის დროს ჟურნალისტის დაკავებას, რომლებიც აშუქებდა აღსრულების პოლიციის მიერ საცხოვრებელი კორპუსიდან ერთ-ერთი ოჯახის გასახლებას. პოლიციამ ჟურნალისტებზე ფიზიკურად იძალადა და ხელი შეუშალა პროფესიული მოვალეობის შესრულებაში. 

აქციიის გაშუქებისას პოლიციამ დაუმორჩილებლობის მოტივით დააკავა “მთის ამბების” რედაქტორი გელა მთივლიშვილი. მოგვიანებით, იგი გაათავისუფლეს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე და დააკისრეს ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. 

უკანონოდ დაკავების, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის და ფიზიკური ძალადობის ფაქტებზე გელა მთივლიშვილმა დაკავების დღესვე მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. გამოძიების დაწყებიდან ხუთი თვის შემდეგ, 2024 წლის 3 ივლისს, გენერალურმა პროკურატურამ მთივლიშვილი დაზარალებულად ცნო.

“რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი აქციის გაშუქებისას “გზის ხელოვნურად გადაკეტვის” საფუძვლით დააჯარიმეს

2025 წლის 17 თებერვლის აქციის გაშუქებისას ასევე გზის გადაკეტვას ედავებიან “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტს გიორგი დიასამიძეს. შსს-დან მას 21 თებერვალს აცნობეს. უწყებიდან განუმარტეს, რომ 5000 ლარით დააჯარიმეს პარლამენტის მიმდებარედ “გზის ხელოვნურად გადაკეტვის” გამო. ჟურნალისტმა ჯარიმა გაასაჩივრა, რის საფუძველზეც, მას აცნობეს, რომ ჯარიმა მოუხსნეს.

კომუნიკაციების კომისიამ „TV პირველი“, “მთავარი არხი” და „ფორმულა“ სამართალდამრღვევად ცნო

2025 წლის 3 ივლისს კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანიები „TV პირველი“, “მთავარი არხი” და „ფორმულა“ სამართალდამრღვევებად სცნო. საქმე ეხება  „ქართული ოცნების“ საჩივარს ტელევიზიების წინააღმდეგ. პარტიამ კომისიას 1 ივნისს მიმართა და ისეთი ტერმინების გამო უჩივლა, როგორებიცაა: „არალეგიტიმური პარლამენტი“, „ოლიგარქის რეჟიმი“, „რეჟიმის პატიმრები“, „არალეგიტიმური ხელისუფლება“, „კლანის სასამართლო“ და სხვ. „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი საჩივრები ეფუძნება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესულ ცვლილებებს. აღნიშნული ცვლილებები პარლამენტმა 1 აპრილს დაამტკიცა, რის შედეგადაც კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილებები გაფართოვდა.

მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებდა კომუნიკაციების კომისიას ყოფილიყო დამოუკიდებელი და თავისუფალი სიტყვის დამცველი. 

“კომისიამ უნდა გაითვალისწინოს, რომ საზოგადოებრივი ინტერესი პოლიტიკური ძალების კრიტიკულ შეფასებაზე უფრო მაღალია. მედიას უნდა ჰქონდეს უფლება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს შესაბამისი დახასიათება და შეფასება მისცეს. ეს არის ჟურნალისტიკის არსი” – წერია განცხადებაში.

ანტიკორუფციული ბიურო “მედიის განვითარების ფონდისგან” გრანტების შესახებ ინფორმაციას ითხოვს

2025 წლის 19 ივნისს, ორგანიზაცია “მედიის განვითარების ფონდს” (MDF) ჩაბარდა სასამართლოს განჩინება, რომლის თანახმად, ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის საქმიანობის შესწავლა დაიწყო. ბიურო ორგანიზაციას დიდი მოცულობის ინფორმაციის მიწოდებას სთხოვს, მათ შორის ბენეფიციარებისა და პარტნიორების პერსონალურ მონაცემებს.

დოკუმენტებით ირკვევა, რომ სასამართლოსადმი მიმართვის   ერთ-ერთი საფუძველია   არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მედიის თავისუფლების მდგომარეობისა და მედიის წარმომადგენლებზე ზეწოლის შესახებ ერთობლივი განცხადებების გამოქვეყნება. MDF-მა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა . 

MDF ფაქტების გადამოწმების ევროპული სტანდარტების ქსელის (EFCSN) წევრი ორგანიზაციაა. EFCSN-მა გაავრცელა საჯარო განცხადება, რომლითაც ის სოლიდარობას აცხადებს საქართველოში ფაქტების გადამოწმების პლატფორმებს. EFCSN-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ მითების დეტექტორი (MDF-ის პროექტი) გამჭვირვალობისა და ჟურნალისტური მეთოდოლოგიის კუთხით მაღალი სტანდარტებით ხელმძღვანელობს.

MDF-ის გარდა, ანტიკორუფციულმა ბიურომ საქმის წარმოება დაიწყო, “მედიის ადვოკატირების კოალიციის” წევრი კიდევ სამი ორგანიზაციის “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს”, “სამოქალაქო საზოგადოების ფონდისა” და “სამართლიანი არჩევნების” მისამართით. ჯამში, სასამართლო უწყება უკვე 7 სამოქალაქო ორგანიზაციას მიუვიდა. 
“მედიის ადვოკატირების კოალიცია” “რუსული კანონების” ამოქმედებას აფასებს როგორც “სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ კოორდინირებულ შეტევას”.  მედია ადვოკატირების კოალიცია მიმართავს საქართველოს ყველა დემოკრატიულ ძალას, მედია ორგანიზაციას, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელს და თითოეულ მოქალაქეს – გააერთიანონ ძალები მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად. “მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების დაცვა არის დემოკრატიის თავისუფლების საფუძველი”, – ნათქვამია განცხადებაში