მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი მოსამართლემ მცირე დარბაზში გადაიტანა

2025 წლის 14 ივლისს, უკანონო პატიმრობაში მყოფი ჟურნალსიტის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი მოსამართლე ნინო სახელაშვილმა პატარა დარბაზში გადაიტანა. ონლაინ მედია “ბათუმელების” ინფორმაციით, მოსამართლემ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მისი თქმით დარბაზში ისმოდა შეძახილები ქუჩიდან -„თავისუფლება მზიას! თავისუფლება პოლიტპატიმრებს!“ ონლაინ მედიის ინფორმაციით, სასამართლო სხდომაზე დასწრების მსურველთა დიდმა ნაწილმა პროცესზე შესვლა ვერ მოახერხა მათ შორის იყვნენ, მზია ამაღლობელის ოჯახის წევრები, კოლეგები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

მოსამართლემ აგრეთვე არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ჟურნალისტ მზია ამაღლობელს ჩვენება მოწმისთვის განკუთვნილი ტრიბუნიდან მიეცა. საბოლოოდ, ჟურნალისტმა ჩვენება შუშებით შემოსაზღვრული კაბინიდან მისცა. 

6 თვეზე მეტია, რაც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაში იმყოფება. 9 ივლისს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოს შესახებ, სადაც მოითხოვა მზია ამაღლობელის გათავისუფლება. მის გათავისუფლებას ითხოვენ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებიც.

 მოსამართლემ ფოტოს გავრცელების გამო, სასამართლო პროცესი სრულად დახურა

2025 წლის 10 ივლისს, სასამართლო დარბაზიდან ფოტოს გავრცელების გამო მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ლომიძე-ზასოხაშვილის პროცესი დახურა და დარბაზი ყველა დამსწრეს, მათ შორის ჟურნალისტებს, დაატოვებინა. 

“ქართული ოცნების” პარლამენტმა 26 ივნისს, დაჩქარებული წესით საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები მიიღო. ახალი ნორმებით, რომელიც კანონის გამოქვეყნებისთანავე შევიდა ძალაში, სასამართლოს სხდომებზე მედიისთვის ფოტო-ვიდეო გადაღება აიკრძალა. ცვლილებების შედეგად, იზღუდება როგორც სასამართლოს შიგნით სივრცეში, ასევე ეზოსა და დერეფნებში გადაღება.   

მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ ფოტოგრაფებს სასამართლო სხდომაზე მუშაობა შეუზღუდა

2025 წლის 21 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში აქტივისტის, ნინო დათაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელიც მიმდინარე წლის 9 მაისს, სასამართლოს შენობაში მომხდარი ინციდენტის გამო აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს ეხებოდა.

მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების და დასაბუთების გარეშე, სასამართლო სხდომის ფოტო და აუდიო გადაღება აკრძალა. სხდომაზე მხოლოდ ვიდეოკამერების დასწრება დაუშვა. “ბარბაქაძემ სხდომის დაწყებისას თქვა, რომ მიიღო მედიის განცხადებები ვიდეო და ფოტო გადაღების და აუდიო ჩანაწერების გაკეთების უფლების შესახებ, თუმცა, მხოლოდ ვიდეოს გადაღების უფლება გასცა, ფოტოსა და აუდიოზე უარი კი არც დაასაბუთა” – წერს საინფორმაციო სააგენტო  “პუბლიკა”.

სასამართლოებში მედიის მუშაობის შეზღუდვის ეს პირველი შემთხვევა არ არის, სულ რამდენიმე დღის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ მედიას სრულყოფილად მუშაობის საშუალება არ მისცა.

მოსამართლემ “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი ნესტან ცეცხლაძე სასამართლო დარბაზიდან გააძევა

2025 წლის 5 მაისს, სასამართლო პროცესზე, სადაც განიხილებოდა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმე, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა სხდომის დარბაზიდან ნესტან ცეცხლაძე გააძევა

მზია ამაღლობელის მიმართვას დარბაზში ტაში და ხმაური მოჰყვა. მოსამართლემ შენიშვნა მისცა სხდომაზე დამსწრეებს, ხოლო ნესტან ცეცხლაძე დარბაზიდან გააძევა მისი საპროტესტო წამოძახილის გამო.
 „თქვენ ხართ სანქცირებული მოსამართლე“, – უთხრა ნესტან ცეცხლაძემ მოსამართლეს, სანამ დარბაზს დატოვებდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მედიისთვის ისევ დაიხურა პოლიტიკური პატიმრების პროცესი

2025 წლის 11 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ, საპროტესტო აქციებზე დაკავებული გიორგი ახობაძის პროცესის მიმდინარეობისას, მოულოდნელად, სხდომის დახურვის შესახებ გამოაცხადა. პროცესი ჟურნალისტებს ისევ ახსნა-განმარტების გარეშე დაატოვებინეს, მათ შორის იმათაც, ვისაც პროცესის გადაღების უფლება ჰქონდათ.

ონლაინ გამოცემა “პუბლიკის” ჟურნალისტი ნათია ამირანაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მათ სხდომაზე წესრიგი არ დაურღვევიათ: “მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სასამართლოს მთავარი საზრუნავი მედიის ჩახსნა და განეიტრალებაა და ნიადაგის მომზადება სწორედ ამ მიზნით ხდება”.

ბოლო პერიოდში სასამართლო სისტემა მნიშვნელოვნად ზღუდავს მედიის საქმიანობას სასამართლო პროცესების გაშუქებასთან დაკავშირებით. 2025 წლის 22 მაისიდან 11 ივნისამდე პერიოდში, თბილისის საქალაქო სასამართლოში დაფიქსირდა ოთხი შემთხვევა (22, 23, 29 და 30 მაისს), როდესაც შენობაში არ შეუშვეს ფოტო/ვიდეო კამერებით აღჭურვილი რეპორტიორები. 10 ივნისს კი სხდომა მედიისთვის, მათ შორის მათთვისაც, ვისაც გადაღების უფლება ჰქონდა, სრულად დახურეს. ყველა შემთხვევა მაღალი საჯარო ინტერესის, იმ პროცესებზე მოხდა, რომელთაც პოლიტიკურ საქმეებად მიიჩნევენ. 

მედიის ადვოკატირების კოალიცია” აცხადებს, რომ აღნიშნული ქმედებები სახიფათო პრეცედენტს ქმნის და ცხადყოფს “ქართული ოცნების” მიზანმიმართულ შემზღუდველ პოლიტიკას მედიასთან.

“სასამართლო პროცესებზე მედიის დაშვების აკრძალვა არა მხოლოდ ჟურნალისტების უფლებების დარღვევაა, არამედ მთელი საზოგადოების ინფორმირებულობის უფლების ხელყოფაც. ამ ქმედებებით “ქართული ოცნება” ცდილობს მოქალაქეებს ჩამოართვას ინფორმაცია მნიშვნელოვან სასამართლო გადაწყვეტილებებზე და შეზღუდოს მათი ანგარიშვალდებულების მოთხოვნის შესაძლებლობა”, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ სხდომა დახურა მედიის იმ წარმომადგენლებისთვისაც, რომლებსაც გადაღების უფლება ჰქონდათ

2025 წლის 10 ივნისს, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა პროევროპული აქციების დროს დაკავებული 11 პირის სხდომა დახურა და დარბაზიდან მედიის წარმომადგენლები ახსნა-განმარტების გარეშე გაუშვა. აღსანიშნავია, რომ სხდომა დაატოვებინეს მედიის იმ წარმომადგენლებს, რომლებსაც გადაღების უფლება ჰქონდათ. 

ონლაინ გამოცემა “პუბლიკა” წერს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება მოჰყვა დარბაზიდან გაკეთებულ კომენტარს, რომლის თანახმადაც, პროცესის მსვლელობის მანძილზე, პროცესის მონაწილეებს საჭმლის მიღების საშუალება არ ჰქონდათ. მიუხედავად ჟურნალისტების მოთხოვნისა, მოსამართლემ მხოლოდ გადაწყვეტილება გამოაცხადა, განმარტების გარეშე.

ბოლო პერიოდში სასამართლო დაუსაბუთებელ დაბრკოლებებს უქმნის მედიას პროფესიული მოვალეობის შესრულებაში. 

“პუბლიკას” რეპორტიორი, მინდია გაბაძე, მოსამართლემ  სხდომიდან კითხვის დასმის გამო გააძევა

2025 წლის 24 აპრილს ონლაინ გამოცემა “პუბლიკას” რეპორტიორი მინდია გაბაძეს სასამართლოს სხდომა დაატოვებინეს.

მოსამართლე დავით თეთრაულმა ჟურნალისტს სასამართლო სხდომიდან კითხვის დასმის გამო გააძევა. მინდია გაბაძე ბიზნესმენ გიორგი ჩხეიძის სასამართლო პროცესს აშუქებდა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც მინდია გაბაძეს პროფესიული მოვალეობის დროს საქმიანობაში ხელი შეუშალეს, მეტიც მას დაუდგენელი პირები რუსთაველის გამზირზე ფიზიკურად გაუსწორდნენ, იქვე მდგომ პოლიციას კი რეგირება არ მოუხდენია.

ასევე, ტენდენციური ხასიათი აქვს სასამართლო პროცესებიდან ჟურნალისტების ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გაძევებას.

“TV პირველის” ჟურნალისტები მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გააძევა

2025 წლის 19 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მახარობლიძემ, სხდომათა დარბაზი დაატოვებინა “TV პირველის” ჟურნალისტებს მარიამ გაფრინდაშვილსა და ნანუკა ქაჯაიას.

მოსამართლემ გადაწყვეტილება  მას შემდეგ მიიღო, რაც ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რატომ არ მიეცათ პროცესზე ფოტოგადაღების უფლება. მათ ეს კანონის დაცვით, ოფიციალური განცხადებით ჰქონდათ მოთხოვნილი.

“მოსამართლემ ჟურნალისტებს სიტყვა არ დაასრულებინა, უთხრა, რომ პროცესის მხარეს არ წარმოადგენენ და არ აქვთ უფლება ისაუბრონ. მან ჯერ შენიშვნა მისცა ჟურნალისტებს, შემდეგ კი დარბაზიდან გააძევა” – ნათქვამია “რადიო თავისუფლების” მასალაში.

სასამართლო მიმდინარე წლის 15 მარტს ილია ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ განზრახ მკვლელობას იხილავდა.