ონლაინ მედია “პუბლიკის” ფოტორეპორტიორს მინდია გაბაძეს პარლამენტმა ერთჯერადი სპეციალური აკრედიტაცია არ მისცა.
პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე 2026 წლის 16 ივნისს გაგზავნილ შესაბამისი განაცხადში „პუბლიკა“ მოითხოვდა ფოტორეპორტიორ მინდია გაბაძისთვის ერთჯერადი სპეციალური აკრედიტაციის გაცემას 22-26 ივნისის პერიოდში, რათა მას პარლამენტში ირაკლი კობახიძის ანგარიშის წარდგენის გაშუქება შეძლებოდა.
ერთი თვით ადრე, 21 მაისს „პუბლიკის“ 4 რეპორტიორს, მათ შორის მინდია გაბაძეს პარლამენტმა ერთწლიანი აკრედიტაციაც გააუქმა. მაშინ მიზეზად ის დასახელდა, რომ ზედიზედ 10 კვირის განმავლობაში „პუბლიკის“ აკრედიტებული ჟურნალისტები საკანონმდებლო ორგანოში არ მისულან.
იგივე მიზეზით აკრედიტაცია გაუუქმა “მონიტორის” 5 ჟურნალსიტსაც.
საკანონმდებლო ორგანოში მედიისთვის წესების გამკაცრება 2023 წლის თებერვლიდან დაიწყო. პარლამენტში შემოიღეს უსაფრთხოების რამდენიმე ზომა, რა დროსაც, პარლამენტში არააკრედიტებულ ჟურნალისტებს შესვლა ეკრძალებათ. ასევე, შესაძლებელი გახდა ჟურნალისტისთვის აკრედიტაციის შეჩერება, დეპუტატის მოთხოვნის საფუძველზე. 2026 წლის 1 იანვრიდან კი ერთჯერადი სპეციალური აკრედიტაციის გაცემის ახალი წესი ამოქმედდა, რამაც ასევე დამატებითი ბარიერები შეუქმნა ჟურნალისტებს. ყველა ეს ზომა, ჟურნალისტების წინააღმდეგ, არაერთხელ გამოიყენეს.
2026 წლის 25 მარტს, “მონიტორმა” გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, სადაც აღნიშულია, რომ საქართველოს პარლამენტის წევრთან ზაალ დუგლაძესთან ინტერვიუს ჩაწერა ვერ მოახერხეს, რადგან პარლამენტმა ჟურნალისტზე არ გასცა სპეციალური საშვი.
“საქართველოს პარლამენტში მისვლა და პარლამენტის წევრისთვის კითხვის დასმა ვერ შევძელით. ახალი წესების მიხედვით, პარლამენტში შესვლამდე საჭიროა კონკრეტული მიზეზის მითითება სპეციალური საშვის მისაღებად. როდესაც გაიგეს, რომ ზაალ დუგლაძესთან ინტერვიუს ჩაწერა გვინდოდა, პარლამენტმა საშვის გაცემაზე უარი თქვა” – აღნიშნულია “მონიტორის” მიერ გამოქვეყნებულ გამოძიებაში.
“მონიტორმა” პარლამენტს სპეციალური საშვის მოთხოვნით პირველად 17 თებერვალს მიმართა. მოგვიანებით კი, 19 თებერვალს. ჟურნალისტზე საშვი არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვეს. “მონიტორისთვის” მიზეზები არ განუმარტავთ.
2026 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა ერთჯერადი სპეციალური აკრედიტაციის გაცემის ახალი წესი, რომლის თანახმად, სპეციალური აკრედიტაციის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას აპარატის უფროსი იღებს განაცხადის მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა. ერთჯერადი სპეციალური აკრედიტაცია წარმოადგენს მექანიზმს, რომლის საშუალებითაც იმ ჟურნალისტებს, რომლებიც არ ფლობენ საპარლამენტო აკრედიტაციას, ეძლევათ საქართველოს პარლამენტის სასახლეში შესვლისა და პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა კონკრეტული მიზნის ფარგლებში. სპეციალური წესის მიხედვით, საჭიროა პარლამენტის თავმჯდომარისთვის განხადებით მიმართვა და კონკრეტული მიზეზის დასახელება, თუ რისთვის სურთ სპეციალური საშვის მიღება. მანამდე, კანონში ასეთი ჩანაწერი არ არსებობდა.
“ქართული ოცნების” მხრიდან, პარლამენტის შენობაში ჟურნალისტებისათვის შეზღუდვების დაწესება 2023 წლის 6 თებერვლიდან დაიწყო, როცა საქართველოს პარლამენტში მედიისთვის აკრედიტაციის წესი დამტკიცდა.
2026 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა ერთჯერადი სპეციალური აკრედიტაციის გაცემის ახალი წესი რომლის თანახმად, სპეციალური აკრედიტაციის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას აპარატის უფროსი იღებს განაცხადის მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.
ერთჯერადი სპეციალური აკრედიტაცია წარმოადგენს მექანიზმს, რომლის საშუალებითაც იმ ჟურნალისტებს, რომლებიც არ ფლობენ საპარლამენტო აკრედიტაციას, ეძლევათ საქართველოს პარლამენტის სასახლეში შესვლისა და პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა კონკრეტული მიზნის ფარგლებში. მედიის საქმიანობის ოპერატიული ხასიათის გათვალისწინებით, აღნიშნული ვადა შესაძლოა ქმნიდეს პრაქტიკულ სირთულეებს ჟურნალისტებისთვის პარლამენტში მიმდინარე აქტუალური მოვლენების დროული გაშუქების თვალსაზრისით.
საკითხი დამატებით მნიშვნელობას იძენს იმ პირობებში, როდესაც მოქმედი რეგულაციით უკვე განსაზღვრულია აკრედიტებული საპარლამენტო ჟურნალისტების რაოდენობრივი შეზღუდვები მედიასაშუალებების ტიპების მიხედვით. მაგალითად, ონლაინგამოცემებისთვის საპარლამენტო აკრედიტაციის მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრება 4 ჟურნალისტით. აღნიშნული ცვლილება ნეგატიურად აისახება მედიის საქმიანობის ეფექტიანობაზე და ქმნის დამატებით ბარიერებს პარლამენტში ინფორმაციის ხელმისაწვდომობისთვის.
“ქართული ოცნების” მხრიდან, პარლამენტის შენობაში ჟურნალისტებისათვის დამატებითი შეზღუდვების დაწესება 2023 წლის 6 თებერვლის საქართველოს პარლამენტში მედიისთვის აკრედიტაციის წესის დამტკიცებას უკავშირდება. აკრედიტაციის წესი, სხვა საკითხებთან ერთად, ადგენს, რომ სხდომების ვიდეო- და ფოტოგადაღება დასაშვებია მხოლოდ სხდომის თავმჯდომარის თანხმობით, ჟურნალისტი ვალდებულია შეწყვიტოს ინტერვიუ რესპონდენტის უარის შემთხვევაში, ხოლო აპარატის უფროსს ენიჭება უფლებამოსილება „ღონისძიების სპეციფიკურობის“ ან „უსაფრთხოების რეჟიმის“ საფუძველზე შეზღუდოს აკრედიტებული ჟურნალისტების დაშვება, გადაადგილება ან ტექნიკის განლაგება. დოკუმენტში აღნიშნული კრიტერიუმები დაკონკრეტებული არ არის, რაც აჩენს ფართო დისკრეციის რისკს.
წესების დარღვევისთვის გათვალისწინებულია აკრედიტაციის შეჩერება ერთი თვიდან ექვს თვემდე. აღნიშნულ რეგულაციებს კრიტიკა მოჰყვა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მხრიდან, შეფასებით, მსგავსი ნორმები უარყოფითად აისახება ინფორმაციის მოპოვებისა და საზოგადოებისთვის მიწოდების შესაძლებლობაზე. პრაქტიკამ აჩვენა, რომ მედიის აკრედიტაციის წესები არაერთხელ იქნა გამოყენებული დამოუკიდებელი ჟურნალისტების საქმიანობის შეზღუდვის კონტექსტში.
2025 წლის 22 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ზურაბ-გირჩი ჯაფარიძის, სასამართლო პროცესი იმართებოდა. ამ პროცესის მიმართ საჯარო ინტერესი მაღალია, შესაბამისად მედიის ინტერესიც. მიუხედავად ამისა, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის გასაშუქებლად მისული კორესპონდენტები, რომლებსაც ფოტო ან ვიდეო კამერა ჰქონდათ, სასამართლოს შენობაში არ შეუშვეს.
ჟურნალისტების განმარტებით, სასამართლოს შენობაში შესვლის წესი დღეს დახვდათ შეცვლილი, წინასწარი შეტყობინების გარეშე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს დაცვის თანამშრომლებს ჟურნალისტებისთვის არ განუმარტავთ შენობაში არ შეშვების მიზეზი, მედიის წარმომადგენლები დაცვის სამსახურმა სასამართლოს პრესსამსახურთან გადაამისამართა. პრესსამსახური მედიის ზარებს არ პასუხობდა.
მედიის წარმომადგენლების სასამართლო სხდომებზე და სხვა საჯარო დაწესებულებებში არ შეშვების საკითხი, უკვე ტენდენციურ ხასიათს ატარებს.
2024 წლის 8 აპრილს, როდესაც საქართველოს პარლამენტი ბიუროზე განიხილავდა ე.წ რუსულ კანონს, Საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტები არ შეუშვეს. მათ შორის, არ შეუშვეს ისინიც, ვისაც მუდმივმოქმედი აკრედიტაცია აქვთ.
ამავე დღეს, პარლამენტმა არ დაუშვა საშვი მედიაკრიტიკის პლატფორმა „მედიაჩეკერის“ ჟურნალისტზე, ნინია კაკაბაძეზე, რითაც მას შეეზღუდა პარლამენტში შესვლისა და მუშაობის უფლება. ოფიციალური უარის მიზეზად დასახელდა ის, რომ პარლამენტში საშვებს მხოლოდ იმ ჟურნალისტებისთვის უშვებენ, რომლებიც საპარლამენტო საქმიანობას აშუქებენ.
“მედიაჩეკერის” მიხედვით, მათ საშვები კიდევ რამდენიმე ჟურნალისტისთვის მოითხოვეს, თუმცა პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტმა მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
აღნიშულ ფაქტს გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია “მედიაომბუდსმენი” და პარლამენტს ჟურნალისტთა უფლებების დარღვევის შეწყვეტისკენ მოუწოდა.