19 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზუგდიდში დაკავებული აქტივისტი შალვა ესართია არა ადმინისტრაციული, არამედ სისხლის სამართლის წესით არის დაკავებული, რაც მოგვიანებით მისმა ადვოკატმა, რამაზ მიქაიამ დაადასტურა. მისი ინფორმაციით, ესართიას ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე ტერცია მუხლით, რაც ადმინისტრაციულად უკვე დასჯილი პირის მიერ იმავე ქმედების განმეორებით ჩადენას გულისხმობს და 1 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
20 მარტს, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე ბებიამ პოლიციის დაუმორჩილებლობის გამო დაკავებულ შალვა ესართიას აღკვეთის სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
შალვა ესართია 17 მარტს დააკავეს. მის დაკავებას წინ უძღოდა ავტომობილით გადაადგილებისას შეჩერება, რომელიც, „სამოქალაქო სოლიდარობის ფონდის“ ინფორმაციით, ქვეითისთვის გზის არდათმობის საფუძვლით მოხდა. თავად ესართია სამართალდარღვევას უარყოფდა და აცხადებდა, რომ მოძრაობის წესები არ დაურღვევია. იმავე დღეს გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მას პოლიციელები ძალის გამოყენებით სვამენ საპატრულო პოლიციის მანქანაში.
ორგანიზაციის შეფასებით, თავდაპირველი ადმინისტრაციული ბრალის შემდგომ სისხლის სამართლის კვალიფიკაციაზე გადასვლა შერჩევითი სამართლის ნიშნებს აჩენს და შესაძლოა უკავშირდებოდეს მის აქტივობას. ესართია პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით მესამედ დააკავეს – წინა შემთხვევებში მას ჯერ ჯარიმა, შემდეგ კი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ხოლო ამჯერად საქმე სისხლის სამართლის წესით არის კვალიფიცირებულ.
სისხლის სამართლის კოდექსში მუხლი, რომლის მიხედვითაც პოლიციის დაუმორჩილებლობა ან შეურაცხყოფა ჩადენილი მესამედ ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება, პარლამენტში „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წლის 13 ოქტომბერს პროექტის სახით წარმოადგინა და დაჩქარებული წესით 2 დღეში დაამტკიცა.
უკვე მეორე დღეა, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია მოქალაქეებს ჩხრეკს და ამოწმებს. სამართალდამცავების განმარტებით, აღნიშნული მოქმედებები უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და შეკრებისა და “მანიფესტაციების შესახებ” კანონის საფუძველზე ხორციელდება. მათი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე ზედაპირულ დათვალიერებაზე უარს განაცხადებს, მას პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციაზე მისვლის უფლებას არ მისცემენ.
მოქალაქეების ინფორმაციით, შემოწმება ოქმის შედგენის გარეშე, ზეპირად ტარდება. ერთ-ერთმა მოქალაქემ მოითხოვა შესაბამისი ოქმის შედგენა, თუმცა სამართალდამცავებმა განუმარტეს, რომ ასეთ შემთხვევაში მას აქციის ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობა არ ექნებოდა.
12 მარტს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპოლიციო ძალების განსაკუთრებული მობილიზებაა და სამართალდამცავები საპროტესტო აქციის მონაწილეებს ამოწმებენ.
ფოტოგრაფი გიორგი მოსიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პოლიცია ჩხრეკს ყველა იმ პირს, ვისაც ჩანთა აქვს. პროტესტის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ სამართალდამცავები მათ ყოველგვარი კონკრეტული საფუძვლისა და განმარტების გარეშე ამოწმებენ და ჩანთებში კარვებს ეძებენ, რათა აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მათი შეტანა ვერ შეძლონ.
საქართველოში ირანის შესაძლო გავლენებზე გაკეთებული საჯარო განცხადებებისა და ორი კრიტიკული კვლევის გამოქვეყნების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუსი) სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში რამდენიმე პირი გამოკითხვაზე დაიბარა. საქმე ეხება უცხო ქვეყნის, უცხოეთის ორგანიზაციის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების შესაძლო ნიშნებს.
გამოძიების ფარგლებში 7 მარტს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და ისტორიკოსი გუბაზ სანიკიძე. 8 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოიკითხნენ თავდაცვის ყოფილი მინისტრი და „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი თინა ხიდაშელი, ასევე „ჰადსონის ინსტიტუტის“ კვლევის თანაავტორი და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტების მენეჯერი გიორგი კანდელაკი. ამავე პერიოდში გამოკითხვაზე დაიბარეს გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, რომელიც სუსში მოწმის სტატუსით გამოიკითხა. გამოძიების ფარგლებში დაბარებულია ასევე ყოფილი პარლამენტარი გივი თარგამაძე, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოში არ იმყოფება და კითხვებს წერილობით ან დაბრუნების შემდეგ უპასუხებს.
გამოკითხვები უკავშირდებოდა ირანთან დაკავშირებულ ტელევიზიებში გაკეთებულ საჯარო განცხადებებსა და კვლევებს. 3 მარტს „ჰადსონის ინსტიტუტმა“ გამოაქვეყნა კვლევა, რომლის თანახმადაც, ირანის ისლამური რესპუბლიკა საქართველოში „გეგმაზომიერად და ორგანიზებულად“ აფართოებს გავლენას. კვლევის ავტორები ყურადღებას ამახვილებენ სხვადასხვა მიმართულებაზე, მათ შორის ქვემო ქართლში არსებულ პროცესებზე და გარდაბანში მოქმედ სასწავლო დაწესებულებაზე, რომელსაც ავტორიზაცია არ აქვს. ირანული გავლენების საკითხს ეხება „სამოქალაქო იდეის“ კვლევაც, სადაც საუბარია საქართველოში ირანული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტსა და ამ საქმიანობაში ჩართული კომპანიების შესაძლო კავშირებზე.
კვლევებისა და საჯარო განცხადებების შემდეგ, 5 და 6 მარტს თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ თინა ხიდაშელი და გიორგი კანდელაკი მკვეთრად გააკრიტიკა. მან მათი განცხადებები და კვლევები „ქვეყნის წინააღმდეგ მტრულ საქმიანობად“ შეაფასა და თქვა, რომ „შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ“. კალაძის თქმით, მსგავსი განცხადებები აზიანებს საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობებს.
სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა, ზურაბ ცეცხლაძე ამბობს, რომ ტროტუარზე დგომის საქმეზე მოსამართლე ნინო ენუქიძემ მისი საქმის ადმინისტრაციული წარმოება შეწყვიტა და შსს-ს დაუბრუნა წარდგინებით, რომ საქმე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
საქმის სისხლის სამართლის მიმართულებით გაგრძელება დაკავშირებულია იმ საკანონმდებლო ცვლილებებთან, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეიტანა. აღნიშნული ცვლილებების მიხედვით, შეკრებისა და მანიფესტაციის დროს მოქალაქეთა ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნის განმეორებითი დარღვევა უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს.
ცეცხლაძის თქმით, პოლიციამ ოქმი 2026 წლის 9 თებერვალს შეადგინა. ოქმი შედგენილია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტზე. ეს მუხლი რამდენიმე სახის სამართალდარღვევას აერთიანებს, მათ შორისაა: სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა; დაბრკოლებების შექმნა ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის და ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა. სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის მიხედვით, ზემოთ აღნიშნული მუხლების საფუძველზე სახდელდადებული პირის მიერ იმავე ნაწილებით განსაზღვრული რომელიმე ქმედების ჩადენა [განმეორებით] – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
სამოქალაქო აქტივისტს, ბაია მარგიშვილის, სასამართლოს უპატივცემულობის მუხლით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე, აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო დაუსწრებლად შეუფარდეს.
ფაქტი, რომელზეც ძიება დაიწყო, 2025 წლის 7 ნოემბერს მოხდა. ამ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავა ბაია მარგიშვილის მიერ გზის ხელოვნურად გადაკეტვის საქმეს განიხილავდა.
„თავზე დაგახიეს კონსტიტუცია, რაზე მელაპარაკებით, ასე დაგახიეს თავზე კონსტიტუცია…“ – თქვა ბაია მარგიშვილმა, აიღო სხდომის ოქმი, დახია და ზვიად ცეკვავას წინ მაგიდაზე დაყარა. მომხდარის გამო იგი 200 ლარით დააჯარიმეს და დარბაზიდან გააძევეს.
მიმდინარე წლის 10 თებერვალს მარგიშვილს აცნობეს, რომ მის წინააღმდეგ, იგივე ფაქტზე, რაზეც უკვე დაჯარიმებულია, ახალი საქმეა აღძრული. სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მეორე ნაწილი, რა ბრალიც მარგიშვილს აქვს წაყენებული, გულისხმობს მოსამართლის ან მსაჯულის შეურაცხყოფას და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძემ არ დააკმაყოფილა ლაშა სონგულიას საჩივარი ე.წ. „ტროტუარზე დგომის საქმეზე“. სონგულია ასაჩივრებდა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყდა და საქმე შესაძლო დანაშაულის ნიშნების გამო შემდგომი რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ლაშა სონგულიას 2025 წლის 17 დეკემბერს პარლამენტთან ტროტუარზე მოქალაქეთა გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნას ედავებოდა. საქალაქო სასამართლომ 2026 წლის 8 იანვარს მიიჩნია, რომ ქმედება შესაძლოა სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავდეს და საქმე შსს-ს გადასცა.
საქმის სისხლის სამართლის მიმართულებით გაგრძელება დაკავშირებულია იმ საკანონმდებლო ცვლილებებთან, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეიტანა. აღნიშნული ცვლილებების მიხედვით, შეკრებისა და მანიფესტაციის დროს გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნის განმეორებითი დარღვევა უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს. ლაშა სონგულია ადრე უკვე იყო სანქცირებული საავტომობილო გზის ხელოვნურად გადაკეტვის ბრალდებით – პირველად მას 5 000 ლარის ჯარიმა დაეკისრა, ხოლო მოგვიანებით 5 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
სონგულია სააპელაციო სასამართლოში ასევე მოითხოვდა საქმის წარმოების შეჩერებას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე და სასამართლოს მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის წარდგინებით მიმართვას. თუმცა სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა და პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
სამოქალაქო აქტივისტს, ბაია მარგიშვილს, ორ წლამდე პატიმრობა ემუქრება სასამართლოს სხდომათა დარბაზში საქმის მასალების დახევის გამო. მას ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს. სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მეორე ნაწილი, რა ბრალიც მარგიშვილს აქვს წაყენებული, გულისხმობს მოსამართლის ან მსაჯულის შეურაცხყოფას და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
ბაია მარგიშვილი “რადიო თავისუფლებასთან” ამბობს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალის წაყენების შესახებ მოულოდნელად გაიგო. 10 თებერვალს დაუკავშირდნენ პოლიციის იმ განყოფილებიდან, სადაც საჩივარი აქვს შეტანილი და აცნობეს, რომ მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნაა დაწყებული.
ფაქტი, რომელზეც მარგიშვილს ედავებიან, 2025 წლის 7 ნოემბერს მოხდა. ამ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავა ბაია მარგიშვილის მიერ “გზის ხელოვნურად გადაკეტვის” საქმეს განიხილავდა. „თავზე დაგახიეს კონსტიტუცია, რაზე მელაპარაკებით, ასე დაგახიეს თავზე კონსტიტუცია…“ – თქვა ბაია მარგიშვილმა, აიღო სხდომის ოქმი, დახია და ზვიად ცეკვავას წინ მაგიდაზე დაყარა. მომხდარის გამო იგი 200 ლარით დააჯარიმეს და დარბაზიდან გააძევეს.
სამოქალაქო აქტივისტის, დავით გაგრელის, წინააღმდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის გამოძიებას იწყებს. როგორც აქტივისტი წერს სოციალურ ქსელში, სასამართლოდან მას აცნობეს, რომ მისი ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყდა და საქმე შსს-ს დაუბრუნდა მასში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამო.
“სასამართლოდან დამირეკეს. 2025 წლის 18 დეკემბერს ტროტუარზე ხალხს გადაადგილებაში უშლიდი ხელსო, მაგრამო შენო ნაჯდომი კაცი ხარ მაგ მუხლითო, ამიტომ შეწყდა სამართალწარმოება და დაუბრუნდა პოლიციას, რომ სისხლის სამართლის კვალიფიკაცია მიანიჭონო”, – წერს დავით გაგრელი სოციალურ ქსელში.
დავით გაგრელს შინაგან საქმეთა სამინისტრო ედავება მოქალაქეების გადაადგილებაში ხელშეშლას ტროტუარზე გამოხატული პროტესტის გამო. ამ საფუძვლით აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმეები მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართულმა ოცნებამ” 2025 წლის 12 დეკემბერს, შეკრების თავისუფლების შემზღუდველი მორიგი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებას მიიღო და ფაქტობრივად, პროტესტი ტროტუარზეც აკრძალა. პირველ შემთხვევაში გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით (ორგანიზატორისთვის – 20 დღემდე), ხოლო განმეორებით შემთხვევაში შესაძლებელია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება.
იგივე მოტივით, სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროში, ამ დრომდე, ხუთი სამოქალაქო აქტივისტის საქმე დააბრუნა: ვაჟა გაფრინდაშვილის, გიორგი წულაიას, ანა ბდეიანის, მამა-შვილ კახა და კონსტანტინე მიქაიების. ჯამში, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, ტროტუარზე პროტესტის გამო, ექვს აქტივისტს ემუქრება.
“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრის, სამოქალაქო აქტივისტის, კახა მიქაიასა და მისი შვილის, კონსტანტინე მიქაიას წინააღმდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
“მომივიდა დადგენილება, რომ ადმინისტრაციული სისხლის სამართლის კოდექსის გარკვეული მუხლის ცვლილების საფუძველზე ეს გადავიდა სისხლის სამართალში. ეს მოსალოდნელი იყო ამ ხელისუფლებისგან”, – ამბობს კახა მიქაია “TV პირველთან”.
მამა-შვილი – კონსტანტინე და კახა მიქაიები რუსთაველის პროტესტის აქტიური მონაწილეები არიან. ორივე მათგანი უკვე იყო დაპატიმრებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის სამანქანო გზის “გადაკეტვის” საბაბით. 2025 წლის 21 ოქტომბერს, მოსამართლე ნინო ენუქიძემ კახა მიქაიას, რომელიცსაპროტესტო აქციაზე გზის უკანონოდ გადაკეტვის საბაბით დააკავეს, 14-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. იმავე დღეს 14-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს კონსტანტინე მიქაიასაც, რომელიც იქამდე, 2025 წლის 17 სექტემბერს 10 დღით იყო დაპატიმრებული ჯარიმის გადაუხდელობის გამო.
მოქალაქეების გადაადგილებაში ხელშეშლას ტროტუარზე გამოხატული პროტესტის გამო, შსს მოქალაქეებს მას შემდეგ ედავება, რაც რაც “ქართულმა ოცნებამ” 2025 წლის 12 დეკემბერს, შეკრების თავისუფლების შემზღუდველი მორიგი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებას მიიღო და ფაქტობრივად, პროტესტი ტროტუარზეც აკრძალა. პირველ შემთხვევაში გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით (ორგანიზატორისთვის – 20 დღემდე), ხოლო განმეორებით შემთხვევაში შესაძლებელია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება.
იგივე მოტივით, სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროში, ამ დრომდე, სამი სამოქალაქო აქტივისტის საქმე დააბრუნა: ვაჟა გაფრინდაშვილის, გიორგი წულაიას და ანა ბდეიანის.