ონლაინ გამოცემა “პუბლიკის” ჟურნალისტს, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ხელი შეუშალეს

2026 წლის 11 თებერვალს, თბილისში, სასტუმრო „პარაგრაფში“, ირანის საელჩოს ორგანიზებით გამართულ, ირანის ისლამური რევოლუციის გამარჯვების 47-ე წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე, უცნობმა პირებმა ონლაინ გამოცემა “პუბლიკის” ჟურნალისტს მუშაობაში ხელი შეუშალეს – ჩოხაში ჩაცმულმა უცნობმა პირმა  ჟურნალისტს ტელეფონი წაართვა და გადაუგდო, შემდეგ გადაღებული მასალის წაშლა აიძულეს და დასარწმუნებლად რომ მასალა ნამდვილად წაშალა, უნებართვოდ დაათვალიერეს ჟურნალისტის პირადი ინფორმაცია, მათ შორის, მისი პირადი ფოტო-ვიდეომასალები და მობილურის აპლიკაციები. გამოცემის ინფორმაციითვე, ჟურნალისტს გამოართვეს პრეს-ბარათი და პირადობა, და ფოტოები გადაუღეს მასაც და დოკუმენტებსაც.

როგორც გამოცემა წერს, ჟურნალისტი ადგილზე ღონისძიებისა და ირანელი აქტივისტი ქალის საპროტესტო პერფორმანსის გასაშუქებლად იმყოფებოდა. „პუბლიკა“ ვარაუდობს, რომ ინციდენტს შეესწრნენ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები. თუმცა ვინაიდან პირები სამოქალაქო ტანსაცმლით იყვნენ და კითხვებზე ბუნდოვან პასუხებს იძლეოდნენ, გამოცემამ მათი ვინაობისა და პოზიციების დადგენა ვერ შეძლო.

“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” მიმართავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს, დაუყოვნებლივ დაინტერესდნენ „პუბლიკის“ ჟურნალისტისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელშეშლის ფაქტით და შესაბამისი ზომები მიიღონ ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო და ღირსეული სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად.

“ფორმულას” ჟურნალისტს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს,  ტელეფონი ჩამოართვეს, კადრები წაუშალეს და დაჭერით დაემუქრნენ

2026 წლის 26 იანვარს, ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტს ნანო ჩაკვეტაძეს ტელეფონი წაართვეს, ადგილზე გადაღებული კადრები წაუშალეს და დაჭერით დაემუქრნენ

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) შენობასთან ფორმულას ჟურნალისტი ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტს აშუქებდა, რა დროსაც მედიის წარმომადგენელს ხელი შეუშალეს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში: 

ჩვენ ვცადეთ გადაგვეღო კადრები დაგვესვა შეკითხვები გამომძიებლებისთვის, თუმცა ჯერ ძალის გამოყენებით წაგვართვეს ტელეფონი, შემდეგ კი, უკვე ძალის გამოყენებით დაგავატოვებინეს ტერიტორია”ამბობს ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტი ნანო ჩაკვეტაძე. 
აღნიშნულ ინციდენტს გამოეხმაურა მედიის ადვოკატირების კოალიცია. “ჟურნალისტებზე ზეწოლა და მათი საქმიანობის უკანონოდ შეზღუდვა მედიის თავისუფლების უხეში დარღვევაა. სოლიდარობა ნანო ჩაკვეტაძეს და ყველა დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენელს, ვისაც კრიტიკულად რთულ გარემოში მუშაობა და  საზოგადოების ინფორმირება უწევს” – წერია  კოალიციის განცხადებაში.

გამოცემა CNews-ის საიტი გათიშეს, თანამშრომლებს კი ოფისის კარი დაუკეტეს

2026 წლის 8 იანვარს, საინფორმაციო სააგენტო CNews-ის საიტი გაითიშა.  “გათიშულია დავალიანების გამო” – ეს წარწერა ჩნდებოდა საიტზე შესვლისას. იმავე დღეს, სააგენტოსა და  გაზეთ „ქრონიკა პლიუსის“ თანამშრომლებმა  (რომელთაც ერთი დამფუძნებელი ჰყავთ), ვერ შეძლეს რედაქციის შენობაში შესვლა, რადგან კარის საკეტი გამოცვლილი დახვდათ. 

გამოცემების დამფუძნებელმა ელისო კილაძემ მომხდარში მისი ყოფილი ბიზნეს- პარტნიორი დაადანაშაულა, იმ ბიზნეს-ცენტრის მფლობელი, რომელშიც რედაქციებია განთავსებული. მისი განმარტებით, საიტს არანაირი დავალიანება არ ჰქონდა, მისი გათიშვა კი თავისუფლად შეეძლო ყოფილ ბიზნეს-პარტნიორს, რომელსაც საიტზე წვდომა ჰქონდა.  ელისო კილაძემ შექმნილი პრობლემა ყოფილ ბიზნეს- პარტნიორთან უთანხმოებას დაუკავშირა და მის ანგარიშსწორებად შეაფასა. 

ორგანიზაციამ “ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” შესაბამის უწყებებს მოუწოდა დროულად დაინტერესდნენ ამ შემთხვევით და “დაუყოვნებლივ უზრუნველყონ, რომ CNews და გაზეთის „ქრონიკა პლიუსის“ ჟურნალისტურ კოლექტივს მიეცეს წვდომა მათ სამუშაო სივრცეზე, არ დაზიანდეს მათი კუთვნილი კომპიუტერები და მათ კუთვნილ ელექტრონულ მოწყობილობებში დაცულ ინფორმაციაზე წვდომა არ მიიღონ გარეშე პირებმა”.

“TV პირველის” ჟურნალისტს სასამართლოში მობილური ტელეფონი ჩამოართვეს

23 ნოემბერს, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში “TV პირველის” ჟურნალისტს მობილური ტელეფონი ჩამოართვეს. ტელეკომპანიის განცხადებით, ჟურნალისტი სასამართლო სხდომაზე მხოლოდ მას შემდეგ დაუშვეს, რაც მანდატურის სამსახურმა მისი ტელეფონი დალუქა. “ალტერნატივად მას მხოლოდ ფურცელი და კალამი შესთავაზეს” – აცხადებს “TV პირველი”.

2025 წლის 30 ივნისს, ამოქმედდა ცვლილებები “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში, რომლითაც მნიშვნელოვნად შეიზღუდა მედიის უფლებები. კერძოდ: 

  • აიკრძალა სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზში და ეზოში ფოტო, ვიდეო გადაღება და აუდიოჩაწერა;
  • გაუქმდა ჩანაწერი, რომელიც კრძალავდა სასამართლოს შენობაში შესული პირისათვის პირადი ნივთების, მათ შორის, ტელეფონის, კომპიუტერის ან სხვა ფოტო/ვიდეო და აუდიოჩაწერის საშუალების ჩამორთმევას.

აღნიშნული ცვლილებების შემდეგ, მედიას საგრძნობლად შეეზღუდა ისეთი მნიშვნელოვანი პროცესების თავისუფლად გაშუქების უფლება, როგორიც არის – ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი, ან სინდისის სხვა პატიმრების სასამართლო სხდომები

აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს, არაერთი ადამიანი მიუთითებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურების მხრიდან ძალადობის და ფიზიკური, თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებზე. 30 ივნისს მიღებული საკანონმდებლო ცვლილება კი, მართლმსაჯულების განმახორციელებელ ორგანოებში მომხდარი მსგავსი უკანონო ფაქტების გაშუქების შესაძლებლობას ზღუდავს.

4 ოქტომბრის აქციაზე “მაუწყებელმა” დრონი დაკარგა

2025 წლის 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის გაშუქებისას, საჰაერო გადაღების კამერა დაკარგა მედია “მაუწყებელმა”. გადაღების დროს მოულოდნელად დრონი გამოვიდა მწყობრიდან, მსგავსად სხვა მედიებისა”, – უთხრა „მაუწყებელის“ ჟურნალისტმა „მედიაჩეკერს.

ამ დღეს დრონებზე კონტროლი დაკარგეს “პროექტმა 64” და “ნეტგაზეთმაც”.

4 ოქტომბრის აქციაზე “ნეტგაზეთმა” დრონი დაკარგა

2025 წლის 4 ოქტობრის აქციაზე, გამოცემა „ნეტგაზეთმა” საჰაერო გადაღების კამერა დაკარგა. გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მათ დრონი რუსთაველის გამზირზე დაკარგეს. “ნეტგაზეთის”, ისევე როგორც სხვა მედიასაშუალებების დრონები, სავარაუდოდ, საგანგებოდ ჩამოაგდეს რუსთაველის გამზირზე, სადაც დემონტრაციის გადაღებას ვცდილობდით,” – ნათქვამია გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

ამავე დღეს დრონები დაკარგეს “პროექტმა 64” და “მაუწყებელმა”

“პროექტ 64”-ის გუნდმა, 4 ოქტომბრის აქციაზე, დრონზე კონტროლი დაკარგა

2025 წლის 4 ოქტომბრის აქციაზე, „პროექტმა 64”  საჰაერო გადაღების კამერა დაკარგა. “პროექტ 64”-ის დამფუძნებელი და ჟურნალისტი, გიორგი გოგუა, სოციალურ ქსელში წერს, რომ კამერა პარლამენტის მიმდებარედ იღებდა კადრებს, რა დროსაც, მოულოდნელად კამერამ უცნაურად დაიწყო ფრენა, მან კი კონტროლი დაკარგა.

“ვაკონტროლებდი მარტო კამერის მიმართულებას, მაგრამ დრონის ტრაექტორიას ვერ. ბოლო კადრი, სანამ სიგნალი დაიკარგა, არის სადღაც რუსთაველიდან მთაწმინდის მიმართულებით. ფრენის ისტორია რუკაზე მიჩვენებს, რომ დრონი აეროპორტისკენ გაფრინდა“. 

ამავე დღეს დრონებზე კონტროლი დაკარგეს მედიასაშუალებებმა “ნეტგაზეთი” და “მაუწყებელი”.

ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტს თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურმა ტელეფონი დაუზიანა

2025 წლის 1 ოქტომბერს, ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს, ნატალი ჯახუტაშვილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის თანამშრომელმა  ტელეფონი წაართვა და უკან გატეხილი დაუბრუნა. 

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც საქალაქო სასამართლოში ოპოზიციონერი აქტივისტის, გელა ხასაიას, სასამართლო პროცესი დასრულდა. გელა ხასაიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას სასამართლოში დაპირსპირება მოჰყვა. სასამართლოს მანდატურებმა დაკავებულის მეგობრებზე ფიზიკურად იძალადეს. ჟურნალისტი სწორედ ამ პროცესების გაშუქებას ცდილობდა.

მისი მონათხრობით, მას შემდეგ, რაც მანდატურმა მას ტელეფონი წაართვა, იგი  15 წუთის განმავლობაში ცდილობდა ტელეფონის  დაბრუნებას. საბოლოოდ კი მანდატურმა გატეხილი ტელეფონი გადასცა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სასამართლოში მედიის წარმომადგენლები ძალადობის სამიზნეები ხდებიან. საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესული ცვლილებებით, 30 ივნისიდან  სასამართლო დარბაზებში, დერეფნებსა თუ ეზოში ფოტო/ვიდეოგადაღება და აუდიოჩაწერა აკრაძალულია. ახალი წესის ამოქმედების შემდეგ, მედიასაშუალებებმა გადაღების უფლებისთვის განცხადებით მიმართეს იუსტიციის საბჭოს – კანონით დადგენილ უწყებას, თუმცა ჯერჯერობით პასუხი არცერთს არ მიუღია.

რეპრესიული კანონმდებლობის მიღებამდე, დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებს უკანონოდ ხელი ეშლებოდათ სასამართლოს შენობაში პროფესიული მოვალეობის შესრულებისას. ცვლილების შემდეგ კი მანდატურის სამსახური არაპროპორციულად, დაუსაბუთებლად ძალას იყენებს მათ შორის მედიის წინააღმდეგ რეპრესიული კანონმდებლობის აღსასრულებლად

თბილისის მერის კახა კალაძის  საარჩევნო შტაბთან, პოლიციისა და “ქართული ოცნების” მხარდაჭერების მიერ, ექვსი ჟურნალისტი დაზარალდა

2025 წლის 8 სექტემბერს, თბილისში, პარტია “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის, საარჩევნო შტაბთან მიმდინარე აქციის გაშუქებისას, პარტიის მხარდამჭერებმა და სამართალდამცველებმა ფიზიკურად იძალადეს ჟურნალისტებზე, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და ჩამოართვეს მობილური ტელეფონები. ერთ-ერთ დაშავებულ ჟურნალისტს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა შემდეგ ინციდენტებს:

  • “პუბლიკის” ინფორმაციით, გამოცემის ორ ჟურნალისტს ალექსანდრე ქეშელაშვილსა და ქეთო მიქაძეს, ჟურნალისტური საქმიანობის შესრულებისას, “ქართული ოცნების” მხარდამჭერები ფიზიკურად გაუსწორდნენ და მობილური ტელეფონები წაართვეს. გამოცემა წერს, რომ “ნეტგაზეთის” ჟურნალისტის დახმარებით, მათ შეძლეს მხოლოდ ერთი, ალექსანდრე ქეშელაშვილის ტელეფონის დაბრუნება [ტაიმკოდი: 1:14-1:20], მეორე ტელეფონს კი ეძებენ. “პუბლიკა” წერს, რომ მათ აქვთ ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს ვინ ართმევს ჟურნალისტს ტელეფონს. გამოცემა ამ პირს მობილურის დაბრუნებისკენ მოუწოდებს. ასევე, მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მოახდინოს შესაბამისი რეაგირება რედაქციის ტექნიკის მოპარვისა და მათი ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებზე;

  • გამოცემა “ნეტგაზეთის” ცნობით, მათ ჟურნალისტს, ქეთევან ხუციშვილს, სამართალდამცველმა აგინა, მასზე ფიზიკურად იძალადა და ხელი შეუშალა პროფესიულ საქმიანობაში. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში მუშაობდა და შტაბთან მიმდინარე დაპირისპირების კადრებს იღებდა, მათ შორის, კოლეგა ალექსანდრე ქეშელაშვილზე თავდასხმას. როგორც ქეთევან ხუციშვილი აღწერს, ის იღებდა როგორ აგინებდნენ მედიის წარმომადგენლებს “ქართული ოცნების” შტაბიდან გამოსულები, რა დროსაც მასაც დაემუქრნენ, რომ ტელეფონს დაკარგავდა: “გამოხატეს უხეში და უზრდელური ჟესტებით გინება. შემდეგ მომადგა ერთი პოლიციელი ნუ პროვოცირებო, ხელებში მომკიდა და მიმათრევდა. მოვიდნენ, მეორე და მესამეც, შემაგინა ერთ-ერთმა პოლიციელმა. ამის შემდეგ მოვიდა ცისფერმაისურიანი კაცი, რომელმაც ასევე შემაგინა. ბოლოს მიმათრიეს და შემაგდეს პოლიციელებში, ერთ-ერთმა ხელიც მკრა” [ვიდეომასალა, ტაიმკოდი: 0:30 -2:32];

  • OC Media-ს დამფუძნებელს, ფოტოჟურნალისტ მარიამ ნიკურაძეს, “ქართული ოცნების” მხარდამჭერმა წყალი შეასხა. მარიამ ნიკურაძე გამოცემა “მედიაჩეკერთან” ჰყვება, რომ ის იღებდა, როგორც ცდილობდა პოლიცია ტერიტორიიდან გაეყვანა აქციის მონაწილეები: “ამ დროს “ქართული ოცნების” ერთ-ერთი მხარდამჭერი მომიახლოვდა და მთელი ბოთლი წყალი გადამასხა თავზე პოლიციის თანდასწრებით. პოლიციას მისთვის არაფერი უთქვამს, მე გამწია გვერდზე”, – ამბობს იგი. 

  • წყალი შეასხესსტუდია მონიტორის” ჟურნალისტს, ქეთი თუთბერიძესაც.

  • კახა კალაძის შტაბთან მიმდინარე საპროტესტო აქციის გაშუქებისას მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიიღო უნგრელმა ჟურნალისტმა ლასლო მუზეშმა. მასზე “ქართული ოცნების” მხარდამჭერებმა იძალადეს, სცადეს მისთვის ტელეფონის ჩამორთმევაც. ჟურნალისტს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. 

მომხდარს გამოეხმაურა “მედიის ადვოკატირების კოალიცია”. ორგანიზაცია წერს, რომ “დამოუკიდებელ მედიებზე თავდასხმა და დამნაშავეთა დაუსჯელობა “ქართული ოცნების” ერთიანი პოლიტიკის ნაწილია”. კოალიცია სოლიდარობას უცხადებს ყველა ჟურნალისტს, რომელსაც ძალადობრივი რეჟიმის პირობებში პროფესიული მოვალეობის შესრულება უწევს.

“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” სასტიკად გმობს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მხრიდან ძალადობას ჟურნალისტებზე პოლიციის დანაშაულებრივი უმოქმედობისა და გულგრილობის ფონზე და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ, ხოლო პროკურატურას ამ ინციდენტების ეფექტურად გამოძიებისკენ მოუწოდებს. 

პოლიციის მაღალჩინოსანმა “TV პირველის” ჟურნალისტი კაბინეტში ჩაკეტა და ტექნიკა წაართვა

2025 წლის 12 ივლისს, ტელეკომპანია “TV პირველის” ეთერში გავიდა ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც ეხებოდა პოლიციელებს რომლებსაც “ქართული ოცნება” სავარაუდოდ იყენებს სინდისის პატიმრების წინააღმდეგ და იმ სარგებელს, რომელსაც ეს პოლიციელები იღებენ სანაცვლოდ. სიუჟეტში  გაშუქებული იყო პოლიციელი ბიძინა ჟამერაშვილი, რომლის მამაც, გამოძიების მიხედვით, ქურდობის საქმეზე იყო დაკავებული.

ფაქტის გადამოწმების მიზნით, ჟურნალისტი მივიდა თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს ასურეთის განყოფილებაში და კომენტარი სთხოვა განყოფილების უფროსს, კობა სუთიაშვილს. სიუჟეტში ჩანს, რომ განყოფილების უფროსმა კაბინეტიდან ოპერატორი გააძევა, ჟურნალისტი თამთა დოლენჯაშვილი კი კაბინეტში ჩაკეტა, შემდეგ კი სცადა მისთვის მობილური ტელეფონისა და მიკროფონის წართმევა.თამთა დოლენჯაშვილის განცხადებით: „ჩემი ოპერატორი, პაპუნა ხაჩიძე, კაბინეტიდან გამოაგდო, მე კი ჩამკეტა შიგნით, წამართვა მობილური ტელეფონი და ცდილობდა მიკროფონის წართმევასაც. მოგვიანებით შენობიდან პაპუნაც გამოაგდო.”