ტროტუარზე დგომის გამო, სამოქალაქო აქტივისტის, ანა ბდეიანის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ, სამოქალაქო აქტივისტ ანა ბდეიანის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყვიტა და შემდგომი რეაგირებისთვის საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცა. ადვოკატ მარიკა არევაძის განცხადებით, მოსამართლეს დასაბუთებაში აღნიშნული აქვს, რომ შესაძლოა, საქმე შეიცავდეს სისხლის სამართლის ნიშნებს. 

სამი შვილის დედას, ანა ბდეიანს შსს ტროტუარის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება. სამართალდარღვევის ოქმი ადმინისტრაციული კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-10 ნაწილითაა შედგენილი. ანა ბდეიანი მანამდე, 2025 წლის 4 ნოემბერს, უკვე არის ცნობილი სამართალდამრღვევად, საავტომობილო გზის “ხელოვნურად გადაკეტვის” საბაბით.  

მოქალაქეების გადაადგილებაში ხელშეშლას ტროტუარზე გამოხატული პროტესტის გამო, შსს აქტივისტებს მას შემდეგ ედავება, რაც “ქართულმა ოცნებამ” 2025 წლის 12 დეკემბერს, შეკრების თავისუფლების შემზღუდველი მორიგი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილება მიიღო და ფაქტობრივად, პროტესტი ტროტუარზეც აკრძალა. პირველ შემთხვევაში გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით (ორგანიზატორისთვის – 20 დღემდე), ხოლო განმეორებით შემთხვევაში შესაძლებელია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება.

იგივე მოტივით, სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროში, ამ დრომდე, ორი სამოქალაქო აქტივისტის საქმე დააბრუნა –  ვაჟა გაფრინდაშვილისა და გიორგი წულაიას.

თბილისში, ირანის საელჩოსთან გამართულ აქციაზე, სამოქალაქო აქტივისტი ნუცა მხარაძე დააკავეს

2026 წლის 14 იანვარს, თბილისში, ირანის საელჩოსთან გამართულ, ირანელი ხალხის სოლიდარობის აქციაზე, სამოქალაქო აქტივისტი ნუცა მხარაძე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ნუცა მახარაძეს პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავება.

რადიო “თავისუფლების” ცნობით, ნუცა მახარაძის დაკავებამდე, დემონსტრანტები ირანის საელჩოსთან მდებარე შუქნიშანზე მწვანე ფერის ანთების დროს გზის ერთი მხრიდან მეორეზე გადასვლით გამოხატავდნენ პროტესტს. მოგვიანებით, როგორც პოლიციამ განმარტა, „მწყობრიდან გამოვიდა შუქნიშანი“, მახარაძემ კი სწორედ ამ დროს დაიწყო გზის გადაკვეთა.

ნუცა მახარაძის საქმეზე ერთი სასამართლო პროცესი უკვე გაიმართა 16 იანვარს. ამ პროცესზე ის შეუძლოდ გახდა. ნუცა მახარაძე წინასწარი დაკავების იზოლატორში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს: “გული წამივიდა ორჯერ და კრუნჩხვა მქონდა, ემოციურ ფონზე [პანიკური შეტევები] მაქვს, მაგრამ ასეთი აქამდე არ მქონია. იზოლატორში ვიყავი ორი დღე დაუბანელი და უსამართლოდ დაკავებული და ალბათ ამან იმოქმედა”.

მომდევნო პროცესი 27 იანვარს გაიმართება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევა კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით, პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა (173-ე მუხლის პირველი ნაწილი) − ჯარიმდება 2 000-დან 5 000 ლარამდე ოდენობით ან იწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას, 60 დღემდე ვადით. ხოლო, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება (173-ე მუხლის მეორე ნაწილი) – იწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.

ჟურნალისტებს ანგარიშები დაუყადაღეს, მიუხედავად იმისა, რომ ჯარიმების შესახებ ინფორმირებული არ ყოფილან

15 აპრილს, „TV პირველის“ ინფორმაციით, არხის შაბათის ეთერის ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძეს საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს.  სოციალურ ქსელში ონლაინ გამოცემა JamNews-ის საქართველოს რედაქტორი ირაკლი დათუნაშვილიც (სოციალური მედიაში სახელი: ლეო ნაფტა) წერს, რომ მას საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს. მისი ინფორმაციით, დაყადაღების საფუძვლად მითითებულია 15 ოქტომბრის ჯარიმა, რომლის არსებობის შესახებ ამ დრომდე ინფორმირებული არ ყოფილა.

საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის განცხადებით, მაკა ჩიხლაძე 2025 წლის 15 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე პროფესიული მოვალეობის შესრულებისას აშუქებდა მიმდინარე მოვლენებს, რის საფუძველზეც მას „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ ბრალდებით 5000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. მისი თქმით, ჟურნალისტს აღნიშნული ჯარიმის შესახებ არ შეატყობინეს და მოგვიანებით ანგარიშები დაუყადაღეს.

თავად მაკა ჩიხლაძე აცხადებს, რომ ჯარიმის არსებობის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ანგარიშების დაყადაღების შემდეგ შეიტყო.

 „ამხელა უწყებაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, არ გამოინახა რესურსი, რომ ერთი SMS შეტყობინება გამოეგზავნათ ჩემთვის… უბრალოდ რომ შეეტყობინებინათ, რომ დაჯარიმებული ვარ, ამას გავარკვევდი და დავამტკიცებდი, რომ პროფესიულ მოვალეობას ვასრულებდი. ვიდრე ანგარიშები არ დამიყადაღეს, ამის შესახებ არ ვიცოდი“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

მისივე შეფასებით, საქმე შესაძლოა უკავშირდებოდეს მის ჟურნალისტურ საქმიანობას. „მე მგონია, რომ ეს არის შურისძიება და არ აქვს კავშირი არც შეკრებისა და მანიფესტაციის კანონთან და არც რაიმე დარღვევასთან“, – აღნიშნა მან. ჩიხლაძე ასევე მიუთითებს, რომ აღნიშნულ მოვლენაზე სხვა მედიის წარმომადგენლებიც მუშაობდნენ, თუმცა დაჯარიმება მხოლოდ მას შეეხო.

2024 წლის 7 დეკემბერს, თბილისში, ბესიკის ქუჩაზე, „TV პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულს პირდაპირ ეთერში მუშაობისას უცნობი ნიღბიანი პირები დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მომხდარზე დაწყებული გამოძიება ამ დრომდე არ არის დასრულებული.

ჟურნალისტ დავით ჭაბაშვილს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან

ტელეკომპანია ფორმულა-ს ცნობით, ჟურნალისტ დავით ჭაბაშვილის სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან. მედიის ინფორმაციით, მუქარის შემცველ შეტყობინებებს ჟურნალისტი გია კიკოლაშვილი-ჭანტურიასგან იღებს. გავრცელებული ცნობით, მუქარის ავტორმა იცის ჟურნალისტის საცხოვრებელი მისამართიც.

„რასაც ლაპარაკობ, რასაც საქმიანობ და რასაც წერ, ამის გამო თავს მოგაჭრიან“ – ნათქვამია მუქარის ერთ-ერთ შეტყობინებაში.

დავით ჭაბაშვილი მომხდარს მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს. მისი განცხადებით, მუქარის შემცველი შეტყობინებები და სატელეფონო ზარები უკვე დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში გრძელდება. ფორმულა-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით (მუქარა), ხოლო ჟურნალისტი უკვე გამოკითხულია.

მომხდარს გამოეხმაურა ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, რომელმაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო-ს მოუწოდა, უზრუნველყოს ჟურნალისტის უსაფრთხოება და დროულად გამოიძიოს ფაქტი. ქარტიის განცხადებით, ჟურნალისტებზე მსგავსი თავდასხმები ხელს უწყობს მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან აგრესიული რიტორიკა დამოუკიდებელი მედიის მიმართ და მოუწოდებს მათ, გააცნობიერონ სიძულვილის ენის გამოყენების შედეგები და შეცვალონ შესაბამისი მიდგომები.

კომუნიკაციების კომისიამ ოთხი ტელეკომპანია  წერილობით გააფრთხილა

კომუნიკაციების კომისიამ ოთხი ტელეკომპანია, მათ შორის, ორი პროსამთავრობო არხიც, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო, წერილობით გააფრთხილა. საუბარია ხელისუფლებისადმი კრიტიკულ არხებზე – „ფორმულა“ და  „TV პირველი“ და ასევე, პროსამთავრობო მაუწყებლებზე –  POSTV  და „იმედი“. კომუნიკაციების კომისიამ ტელევიზიები იმ მუხლების დარღვევის გამო გააფრთხილა,  რომლებიც შინაარსობრივი რეგულირების საკითხებს შეეხება. 

ComCom-ის ინფორმაციით, საკითხი დღის წესრიგი მის მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგის საფუძველზე დადგა. ტელევიზიებს ედავებოდნენ ისეთ საკითხებს, რაც ეხება – მიუკერძოებლობას, ბალანსს, პირადი დამოკიდებულების/მოსაზრების საფუძველზე გაშუქებას და ფაქტის ჯეროვან სიზუსტეს.   მაგალითად, კომისიამ მიიჩნია, რომ ფრაზების: „ოცნების პროკურატურა“, „ოცნების პარლამენტი“, „ივანიშვილის პრემიერ-მინისტრი“, „რაჟდენ კუპრაშვილის უწყება“, „ოცნების მთავრობის წევრებთან“, „სასამართლო კლანი“, და სხვ. გამოყენებით „ფორმულამ“ ახალი ამბების პროგრამაში საკითხი მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე გააშუქა, რითაც კანონი დაარღვია.


ComCom-ის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტმა მონიტორინგის დროს ყველაზე მეტი შესაძლო დარღვევა სწორედ დამოუკიდებელ  არხებს – „ფორმულას“ და ”TV პირველს” “აღმოუჩინა”, “ფორმულას” – 20, “TV პირველს” კი – 18, ყველაზე ცოტა კი, პროსამთავრობო, რუსული დეზინფორმაციის გავრცელებისთვის დასანქცირებულ “იმედსა” (4 დარღვევა) და “POSTV”-ს (7).


კომუნიკაციების კომისია ამჯერად მხოლოდ წერილობითი გაფრთხილებით იმ მოტივით შემოიფარგლა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ამ ტელევიზიების მიმართ მსგავსი ხასიათის დარღვევისთვის სანქცია გამოყენებული არ ყოფილა.

შეგახსენებთ, მარტის დასაწყისში, პროსამთავრობო “იმედისა” და “POSTV”-ის დასანქცირების შემდეგ, ComCom-მა გაავრცელა მუქარის შემცველი განცხადება, რომ ის მარტიდან მაუწყებლების შინაარსის მონიტორინგს დაიწყებდა. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში, გასულ წელს „ქართულმა ოცნებამ“  რეპრესიული ცვლილებები მიიღო. ეს ცვლილებები მაუწყებლების შინაარსის რეგულირებას უკავშირდება.

ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტს, ლიზა ციციშვილს, ანგარიშები დაუყადაღეს

ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს, ლიზა ციციშვილს საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს. ჟურნალისტის ცნობით, აღმოჩნდა, რომ 2025 წლის 10 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, იგი “გზის ხელოვნურად გადაკეტვის” საფუძვლით, 5 000 ლარით იყო დაჯარიმებული.

ჟურნალისტს ჯარიმის შესახებ შეტყობინება მიღებული არ ჰქონდა. მისივე თქმით, სექტმემბრის შემდეგ ის ერთხელ დააკავეს კიდეც, საზღვარიც გადაკვეთა, თუმცა, არცერთ შემთხვევაში მისთვის არ უთქვამთ, რომ დაჯარიმებული იყო. 
საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2024 წლის 26 ოქტომბრიდან დღემდე, ჯამში, ჟურნალისტების მიმართ 40-ზე მეტი ჯარიმა გამოიწერა “გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის”.

 აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი დააკავეს, დააჯარიმეს და საქართველოდან გააძევეს

2026 წლის 4 აპრილის ღამეს, საქართველოში, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი  დააკავეს. მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია, თავდაპირველად მისმა მეუღლემ გაავრცელა. მან გამოაქვეყნა სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, რომელშიც ჩანს, როგორ ცდილობენ სადიგოვის სახლის კარის გაჭრას სამართალდამცველები.

სადიგოვის დაკავების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ჟურნალისტი დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის – სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფა.

აფგან სადიგოვის სასამართლო პროცესი იმავე დღეს, გვიან ღამით გაიმართა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა, სადიგოვი სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა. ასევე, მას შეეფარდა საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა სამი წლის ვადით. გადაწყვეტილება გამთენიას, დაახლოებით 04:00 საათზე გამოაცხადდა.

აფგან სადიგოვი აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის რეჟიმს აკრიტიკებდა, რის გამოც, აზერბაიჯანში იდევნებოდა. იგი ცოლსა და ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად, საქართველოში 2023 წლის 24 დეკემბერს ჩამოვიდა. აზერბაიჯანი აფგან სადიგოვის გადაცემას თითქმის ორი წლის განმავლობაში ითხოვდა. მისი ადვოკატები ამ ნაბიჯს სახიფათოდ მიიჩნევდნენ და ექსტრადიციის შესახებ საქართველოს სასამართლოების გადაწყვეტილებები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრეს. სადიგოვის საქმეზე არსებობდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2025 წელს მიღებული დროებითი ღონისძიება, რომლითაც საქართველოს, წამებისა და პოლიტიკური დევნის საფრთხის გამო, სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია ეკრძალებოდა. “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” შეფასებით, სადიგოვის გაძევება  ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და საქართველოს კანონმდებლობის მძიმე დარღვევაა, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების ინსტრუმენტად გამოიყენეს.

“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” სოლიდარობას უცხადებს აფგან სადიგოვს და გმობს მის გაძევებას ქვეყნიდან. ქარტია ჟურნალისტთა უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს, ყურადღება გამოიჩინონ აფგან სადიგოვის შემთხვევის მიმართ, იზრუნონ მის უსაფრთხოებაზე და გააკეთონ ყველაფერი, რაც შეუძლიათ, ჟურნალისტის დასაცავად აზერბაიჯანში, სადაც ის ამჟამად იმყოფება. “მედიის ადვოკატირების კოალიციი”  შეფასებით, აფგან სადიგოვის გაძევება “საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა და თავისუფალი სიტყვის დევნისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკის ნაწილია, რომელსაც „ქართული ოცნება” რამდენიმე წელია ახორციელებს”.

“ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე კვლავ თავს ესხმის და რეაგირებით ემუქრება დამოუკიდებელ ონლაინ გამოცემებს 

2026 წლის 2 აპრილს, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა,  ონლაინ გამოცემები: “რადიო თავისუფლება”, „ტაბულა“, პუბლიკა“ და „ნეტგაზეთი“ “უცხოური დაფინანსების მქონე პარტიულ პროპაგანდისტული ჯგუფებად” მოიხსენია, დაადანაშაულა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდის საქმიანობაში ჩარევაში და რეაგირებით დაემუქრა.


“ვხედავთ ჩვენ, რომ, მაგალითად, უცხოური დაფინანსების მქონე პარტიული პროპაგანდისტული ჯგუფები, „რადიო თავისუფლება“, „ტაბულა“, პირდაპირ ერევა სინოდის საქმიანობაში, პირდაპირ დაწყებული აქვთ კამპანია კონკრეტული სასულიერო პირების წინააღმდეგ, დაწყებული „რადიო თავისუფლებას“ და „ტაბულას“ და სხვა ონლაინგამოცემებს: „პუბლიკას“, „ნეტგაზეთსა“ და ა.შ. აქვთ პირდაპირი საარჩევნო კამპანია სხვადასხვა სასულიერო პირის სასარგებლოდ თუ საწინააღმდეგოდ. ყველაფერს ამას ვაკვირდებით და ამაზე იქნება სათანადო რეაქცია“, – განაცხადა პაპუაშვილმა. მისი ეს განცხადება მხოლოდ იმას მოჰყვა, რომ  საქართველოს კათალოკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ, მედია ინტერესდება და აშუქებს ახალი პატრიარქის არჩევის საკითხებს.

“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” პაპუაშვილს შეახსენებს, რომ მედიის როლი და მოვალეობა ქვეყანაში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვანი საკითხის გაშუქებაა. “ახალი პატრიარქის არჩევა ასეთ საკითხთა რიგშია და მედია საქართველოში ახლა აკეთებს ზუსტად იმას, რასაც უნდა აკეთებდეს – იძიებს ინფორმაციასა და კომენტარებს ამ საკითხის გარშემო და თავის აუდიტორიას უზიარებს”, – ნათქვამია ქარტიის განცხადებაში. ქარტია უმაღლესი თანამდებობის პირებს მოუწოდებს, შეწყვიტონ მედიასაშუალებებისა და ჟურნალისტების შევიწროება და დაშინება, კრიტიკული ხმების ჩახშობის მიზნით, და მისცენ მედიას საშუალება, სრულფასოვნად შეიტანოს წვლილი საზოგადოებრივი დისკურსის ფორმირებაში.

„უდოს კომისიამ“ უარი თქვა მზია ამაღლობელის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე  

„უდოს კომისიამ“ (სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა საქმეების განხილვის ადგილობრივი საბჭო) უარი თქვა  გამოცემების “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, პატიმარ მზია ამაღლობელის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე.

“ბათუმლების” ინფორმაციით, გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ  პატიმარი არ შეიძლება ვადაზე ადრე გათავისუფლდეს, რადგან ის „დღემდე არ ნანობს მის მიერ ჩადენილ ქმედებას“. ამავე გამოცემის ცნობით, ეს გადაწყვეტილება კომისიამ მიიღო ქალთა #5 პენიტენციური დაწესებულების დადებითი დასკვნის მიუხედავად. 

მზია ამაღლობელი წელიწადი და სამი თვე უკანონო პატიმრობაშია. მას ორი წელი აქვს მისჯილი ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისათვის სილის გაწვნის გამო. მოქმედი კანონმდებლობით, ნაკლებად მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულები შესაძლებელია პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდნენ, თუკი სასჯელის ნახევარი მოიხადეს. პატიმრების საქმეებს სპეციალური კომისია განიხილავს, კომისიაზე პატიმრის ვადაზე ადრე გათავისუფლების შუამდგომლობას ციხის ადმინისტრაცია  აყენებს. “ბათუმელების” ცნობით, მზია ამაღლობელის პირობით ვადამდე გათავისუფლების შუამდგომლობით, #5 პენიტენციურმა დაწესებულებამ, უდოს კომისიას მიმდინარე წლის 12 იანვარს მიმართა.

“ქართულ ოცნებასთან” აფილირებული Facebook-ის გვერდი დამოუკიდებელი ჟურნალისტების დისკრედიტაციას ახდენს

პარტია “ქართულ ოცნებასთან” აფილირებული Facebook-ის გვერდი სახელწოდებით “მედია”,  დამოუკიდებელი ჟურნალისტების დისკრედიტაციას ახდენს. 1-ელ აპრილს გვერდზე გამოქვეყნდა პოსტერი, რომელზეც გამოსახული არიან “TV პირველის”, “მთავარი არხისა” და “ფორმულას” ჟურნალისტები, ტექსტად კი პოსტერს აწერია – “გილოცავთ პროფესიულ დღეს 1 აპრილს”. (1 აპრილი, ქართულ საზოგადოებაში – ტყუილთან არის ასოცირებული, სიცრუის დღედ ითვლება).

გვერდი “მედია” შექმნილია 2024 წლის 25 დეკემბერს. თავდაპირველად მისი სახელწოდება იყო “ბოროტმოქმედია”, 2025 წლის 9 სექტემბრიდან კი სახელწოდება შეცვლილია, როგორც “მედია”. გვერდი უმეტესწილად დაკავებულია დამოუკიდებელი ჟურნალისტების, ოპოზიციისა და სინდისის პატიმრების ოჯახის წევრების დისკრედიტაციით. ფაქტების გადამოწმების პლატფორმა “მითების დეტექტორის” ინფორმაციით, აღნიშნული გვერდი “ქართულ ოცნებასთან” არის დაკავშირებული და ის კოორდინირებულად მოქმედებს პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიებთან (POSTV, იმედი).