ტროტუარზე დგომისთვის ხუთი ადამიანი პატიმრობაში გაუშვეს, ორს სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს


2026 წლის 23 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა, 7 მოქალაქე ტროტუარზე დგომის გამო სამართალდამრღვევად ცნეს. მათგან ხუთს (მამაკაცებს) ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, ორს კი (ქალებს) სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს:

  • სანდრო მეგრელიშვილს – 4-დღიანი პატიმრობა (მოსამართლე დავით მაკარაძე);
  • დიმიტრი ჯამბურიას – 4-დღიანი პატიმრობა (მოსამართლე დავით მაკარაძე);
  • ლუკა ნაგლიაშვილს – 5-დღიანი პატიმრობა (მოსამართლე დავით მაკარაძე);
  • მიხეილ ზაქარეიშვილს – 5-დღიანი პატიმრობა (მოსამართლე ზვიად ცეკვავა); 
  • ნუკრი კაკულიას – 4-დღიანი პატიმრობა (მოსამართლე მანუჩარ ცაცუა);
  • ანი ახმეტელს – სიტყვიერი შენიშვნა (მოსამართლე ზვიად ცეკვავა); 
  • ნათია ჭავჭანიძეს – სიტყვიერი შენიშვნა (მოსამართლე მანუჩარ ცაცუა).

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს ედავებოდა, რომ ტროტუარზე დგომით ისინი გადაადგილებაში ხელს უშლიდნენ სხვა მოქალაქეებს. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მოსამართლეებმა ე.წ. ტროტუარის საქმეზე პატიმრობის გადაწყვეტილება მიიღეს. 

შეკრების თავისუფლების შემზღუდველი მორიგი რეპრესიულისაკანონმდებლო ცვლილება „ქართულმა ოცნებამ“ 2025  წლის 12 დეკემბერსმიიღო. ცვლილებები დაჩქარებული წესით, 3 დღეში განიხილეს. ამ ცვლილებებით პროტესტი ტროტუარზეც აიკრძალა. პირველ შემთხვევაში გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით (ორგანიზატორისთვის – 20 დღემდე), ხოლო განმეორებით შემთხვევაში შესაძლებელია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება.  პირველი აქტივისტი, რომელიც გამკაცრებული კანონის შემდეგ სასამართლოში დაიბარეს, ანი ახმეტელი იყო. მას უწყება 23 დეკემბერს მიუტანეს. ტროტუარის საქმეების პირველი  განაჩენი კი 22 იანვარს გამოცხადდა – აქტივისტი რეზი დუმბაძე მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ სამართალდამრღვევად სცნო და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” შეფასებით, “ტროტუარზე დგომის გამო პირის პატიმრობა, თუნდაც ადმინისტრაციული წესით, რომ არაფერი ვთქვათ სისხლისსამართლებრივ სასჯელზე, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს ვერც საქართველოს კონსტიტუციით და ვერც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტებით უზრუნველყოფილ შეკრების თავისუფლების სტანდარტებიდან გამომდინარე”.

პრეცენდენტი შედგა – ტროტუარზე დგომის  გამო სამოქალაქო აქტივისტი რეზი დუმბაძე სამართალდამრღვევად სცნეს

2026 წლის 22 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში პრეცენდენტი შედგა – გამოცხადდა პირველი განაჩენი ე.წ. ტროტუარის საქმეზე. მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ პროევროპული აქციების მონაწილე რეზი დუმბაძე, სამართალდამრღვევად ცნო პარლამენტის მიმდებარედ ტროტუარზე დგომისთვის „ხალხის გადაადგილების დაბრკოლებაში” და იგი სიტყვიერად გააფრთხილა.  

შინაგან საქმეთა სამინისტრო რეზი დუმბაძეს ედავებოდა სამართალდარღვევას 2025 წლის 17 დეკემბერს. აქციების მონაწილეს თბილისის საქალაქო სასამართლოდან 14 იანვარს აცნობეს, რომ იბარებდნენ ტროტუარის „გადაკეტვის“ გამო.

შეკრების თავისუფლების შემზღუდველი მორიგი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილება  “ქართულმა ოცნებამ“ 2025  წლის 12 დეკემბერს მიიღო. ცვლილებები დაჩქარებული წესით, 3 დღეში განიხილეს. ამ ცვლილებებით, ფაქტობრივად, პროტესტი ტროტუარზეც აიკრძალა. პირველ შემთხვევაში გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით (ორგანიზატორისთვის – 20 დღემდე), ხოლო განმეორებით შემთხვევაში შესაძლებელია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება.  “საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს” შეფასებით, “ტროტუარზე დგომის გამო პირის პატიმრობა, თუნდაც ადმინისტრაციული წესით, რომ არაფერი ვთქვათ სისხლისსამართლებრივ სასჯელზე, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს ვერც საქართველოს კონსტიტუციით და ვერც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტებით უზრუნველყოფილ შეკრების თავისუფლების სტანდარტებიდან გამომდინარე”. 

რეზი დუმბაძე პირველი სამოქალაქო აქტივისტია, ვინც ამ საქმეზე სამართალდამრღვევად სცნეს.

დეპუტატი “ქართული ოცნებიდან”,  ნინო წილოსანი, სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო სამოქალაქო აქტივისტს უჩივის

სამოქალაქო აქტივისტის, ნატა ფერაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ პარლამენტის ვიცე-სპიკერ ნინო წილოსანზე სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყეს (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173¹⁶​-ე მუხლით). ნატა ფერაძეს ნინო წილოსანისთვის, როგორც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისთვის, შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან. 

173¹⁶​-ე მუხლი სახდელის სახით იწვევს ჯარიმას 1500-4000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 45 დღემდე. გამოცემა “ბათუმელების” ცნობით, დეტექტივის მიერ შედგენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს მტკიცებულებად ერთვის ნატა ფერაძის ფეისბუქ პოსტის სქრინშოთი, სადაც ის წერს – „ნინო წილოსანის ჯიში”.

შეგახსენებთ, ერთი დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ ასევე სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო სამოქალაქო პროტესტის მონაწილე რუსკა მჭედლიძეს უჩივლა “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებულმა პირმა ნინო ჯღარკავამ. იანვრის დასაწყისში კი, ასევე სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტისთვის აქტივისტ თაკო გვილიას ზუგდიდის საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა უჩივლა. 
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო მოქალაქეების სასამართლოში დაბარება მას შემდეგ დაიწყეს, რაც 2025 წლის ივნისში “ქართულმა ოცნებამ” დაჩქარებული წესით მიიღო “ოცნებამ” ცვლილებები სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონში. ეს ცვლილებები ძირითადად ცილისწამების ნაწილს შეეხო. კერძოდ, შეიცვალა ცილისწამების განმარტება – ზიანის კომპონენტი, რომელიც აქამდე აუცილებელი იყო რომ განცხადება ცილისწამებად შეფასებულიყო, განმარტებიდან ამოიღეს. ამ ცვლილებების ამოქმედებიდან მალევე, სოციალურ ქსელში გამოთქმული მოსაზრებების გამო ექვსი ჟურნალისტი დააჯარიმეს.  “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” ეს ცვლილებები შეაფასა, როგორც ”გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვა, რომელიც ქმნის მსუსხავ ეფექტს და მიზნად ისახავს საზოგადოებაში შიშის დანერგვას, რათა ადამიანებმა თავი შეიკავონ “ქართული ოცნების” ქმედებებისა და პოლიტიკოსების კრიტიკული შეფასებისგან.

სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული პირი მოქალაქეს უჩივის

 
სამოქალაქო აქტივისტი, პარტია “ახლების” წევრი რუსკა მჭედლიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ Facebook-ში აწერილი კომენტარის გამო მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყეს.

როგორც ირკვევა, მას “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული პირი, პროპაგანდისტი ნინო ჯღარკავა უჩივის მასზე დაწერილი პოსტისთვის. რუსკა მჭედლიძემ ნინო ჯღარკავა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მამასთან არაფორმალურ სასიყვარულო ურთიერთობაში მყოფ პირად მოიხსენია.

 რუსკა მჭედლიძის წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება დაწყებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა − საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან/და მოქალაქეთა სიმშვიდეს). აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს დაჯარიმებას 500 ლარიდან 3 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით. საქმეზე სასამართლო პროცესი 28 იანვარს არის ჩანიშნული.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სამოქალაქო აქტივისტს უჩივიან სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო. იანვრის დასაწყისში სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტისთვის, აქტივისტ თაკო გვილიას ზუგდიდის საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა უჩივლა.

“თავისუფლების ფონდის” დამფუძნებელს,  სამოქალაქო აქტივისტს, დავით ჯინჭარაძეს ანგარიშები დაუყადაღეს

“თავისუფლების ფონდის” დამფუძნებელს, პოლიტიკური ტექნოლოგიების მკვლევარს, დავით ჯინჭარაძეს საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს. ამის შესახებ მან 20 იანვარს მიიღო შეტყობინება „საქართველოს ბანკისგან“.

გამოცემა „ბათუმელებთან“ საუბარში დავით ჯინჭარაძე ამბობს, რომ დაჯარიმების შესახებ ოქმი არ ჩაბარებია და მხოლოდ საზღვრის კვეთის დროს გაიგო, რომ დაჯარიმებულია. მისივე თქმით,  დაჯარიმების შესახებ ინფორმაცია არ იძებნება არც protocol.ge-ზე და არც police.ge-ზე. როგორც საზღვარზე უთხრეს, მის სახელზე ჯარიმა 2025 წლის 5 სექტემბერს არის გამოწერილი. “მელიქიშვილზე იყო საპროტესტო აქცია, სადაც მეგაფონით ვიყავი”, – ამბობს იგი.

“თავისუფლების ფონდი” დავით ჯინჭარაძემ პროევროპული პროტესტის მონაწილეებისა და პოლიტპატიმრების დასახმარებლად დააარსა. ფონდს უცხოური ანგარიში აქვს. იგი ამბობს, აქციის მონაწილეების დასახმარებლად საქართველოში არსებულ ანგარიშებსაც იყენებდა, თუმცა,  ყადაღის საშიშროების გამო მასზე დიდი ოდენობის თანხას არ ტოვებდა.

ადმინისტრაციული წესით დაკავებული აქტივისტის, ისაკო დევიძის, წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

ადმინისტრაციული წესით დაკავებული სამოქალაქო აქტივისტის ისაკო დევიძის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა დამ, მარი დევიძემ გაავრცელა.

მან დაწერა, რომ 17 იანვრის საღამოს, ძმის მოკითხვისთვის იზოლატორში დარეკა, სადაც უთხრეს, რომ ისაკო იქ არ იყო. შემდეგ კი გაარკვია, რომ მისი ძმა გლდანის მე-8 დაწესებულებაშია გადაიყვანეს ისე, რომ ოჯახს არაფერი უთხრეს.  ოჯახის ინფორმაციით, ისაკო დევიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა 366-ე მუხლითაა დაწყებული, რაც სასამართლოს უპატივცემულობას გულისხმობს და ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.  

ისაკო დევიძე 2025 წლის 20 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, პოლიციელის შეურაცხყოფის საფუძვლით დააკავეს. 22 დეკემბერს, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მას 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა, 19 იანვარს იწურებოდა. არც ოჯახი და არც ადვოკატები არ იყვნენ ინფორმირებულები, რომ ისაკო დევიძის წინააღმდეგ სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების საკითხი განიხილებოდა.

ტროტუარზე დგომის გამო, სამოქალაქო აქტივისტის, დავით გაგრელის, წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

სამოქალაქო აქტივისტის, დავით გაგრელის, წინააღმდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის გამოძიებას იწყებს. როგორც აქტივისტი წერს სოციალურ ქსელში, სასამართლოდან მას აცნობეს, რომ მისი ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყდა და საქმე შსს-ს დაუბრუნდა მასში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამო. 

“სასამართლოდან დამირეკეს. 2025 წლის 18 დეკემბერს ტროტუარზე ხალხს გადაადგილებაში უშლიდი ხელსო, მაგრამო შენო ნაჯდომი კაცი ხარ მაგ მუხლითო, ამიტომ შეწყდა სამართალწარმოება და დაუბრუნდა პოლიციას, რომ სისხლის სამართლის კვალიფიკაცია მიანიჭონო”, – წერს დავით გაგრელი სოციალურ ქსელში. 

დავით გაგრელს შინაგან საქმეთა სამინისტრო ედავება მოქალაქეების გადაადგილებაში ხელშეშლას ტროტუარზე გამოხატული პროტესტის გამო. ამ საფუძვლით აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმეები მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართულმა ოცნებამ” 2025 წლის 12 დეკემბერს, შეკრების თავისუფლების შემზღუდველი მორიგი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილება მიიღო და ფაქტობრივად, პროტესტი ტროტუარზეც აკრძალა. პირველ შემთხვევაში გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით (ორგანიზატორისთვის – 20 დღემდე), ხოლო განმეორებით შემთხვევაში შესაძლებელია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება.  

იგივე მოტივით, სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროში, ამ დრომდე, ხუთი სამოქალაქო აქტივისტის საქმე დააბრუნა: ვაჟა გაფრინდაშვილის, გიორგი წულაიას, ანა ბდეიანის, მამა-შვილ კახა და კონსტანტინე მიქაიების. ჯამში, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, ტროტუარზე პროტესტის გამო, ექვს აქტივისტს ემუქრება.

სამოქალაქო აქტივისტი, მთარგმნელი ნინო ბარძიმაშვილი გზის გადაკეტვის საქმეზე სამი კვირის შემდეგ დააკავეს

2026 წლის 16 იანვარს, გზის გადაკეტვის ძველ საქმეზე, მთარგმნელი, სამოქალაქო აქტივისტი, ნინო ბარძიმაშვილი დააკავეს.

როგორც გაირკვა, სასამართლომ მას 2025 წლის დეკემბრის ბოლოს შეუფარდა 5-დღიანი პატიმრობა ოქტომბერში რუსთაველზე სამანქანო გზის გადაკეტვის საბაბით.

რატომ დააკავეს აქტივისტი, პატიმრობის ვადის მოსახდელად, სამი კვირის შემდეგ, უცნობია. იგი სახლთან აიყვანეს და რუსთავის იზოლატორში გადაიყვანეს. 

ტროტუარზე დგომის გამო, სამოქალაქო აქტივისტების, მამა- შვილ კახა და კონსტანტინე  მიქაიების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრის, სამოქალაქო აქტივისტის, კახა მიქაიასა და მისი შვილის, კონსტანტინე მიქაიას წინააღმდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

“მომივიდა დადგენილება, რომ ადმინისტრაციული სისხლის სამართლის კოდექსის გარკვეული მუხლის ცვლილების საფუძველზე ეს გადავიდა სისხლის სამართალში. ეს მოსალოდნელი იყო ამ ხელისუფლებისგან”, –  ამბობს  კახა მიქაია “TV პირველთან”. 

მამა-შვილი – კონსტანტინე და კახა მიქაიები რუსთაველის პროტესტის აქტიური მონაწილეები არიან. ორივე მათგანი უკვე იყო დაპატიმრებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის სამანქანო გზის “გადაკეტვის” საბაბით.  2025 წლის 21 ოქტომბერს, მოსამართლე ნინო ენუქიძემ კახა მიქაიას, რომელიცსაპროტესტო აქციაზე გზის უკანონოდ გადაკეტვის საბაბით დააკავეს, 14-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. იმავე დღეს 14-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს კონსტანტინე მიქაიასაც, რომელიც იქამდე, 2025 წლის 17 სექტემბერს  10 დღით იყო დაპატიმრებული ჯარიმის გადაუხდელობის გამო.

მოქალაქეების გადაადგილებაში ხელშეშლას ტროტუარზე გამოხატული პროტესტის გამო, შსს მოქალაქეებს მას შემდეგ ედავება, რაც რაც “ქართულმა ოცნებამ” 2025 წლის 12 დეკემბერს, შეკრების თავისუფლების შემზღუდველი მორიგი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილება მიიღო და ფაქტობრივად, პროტესტი ტროტუარზეც აკრძალა. პირველ შემთხვევაში გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით (ორგანიზატორისთვის – 20 დღემდე), ხოლო განმეორებით შემთხვევაში შესაძლებელია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება.  

იგივე მოტივით, სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროში, ამ დრომდე, სამი სამოქალაქო აქტივისტის საქმე დააბრუნა: ვაჟა გაფრინდაშვილის, გიორგი წულაიას და ანა ბდეიანის.

სამოქალაქო აქტივისტს, ელენე დევიძეს, ანგარიშები დაუყადაღეს

პროევროპული აქციების მონაწილეს, სამოქალაქო აქტივისტს ელენე დევიძეს ანგარიშები დაუყადაღეს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. გამოცემა “პუბლიკასთან” საუბარში იგი ამბობს, რომ დაყადაღების მიზეზი გადაუხდელი ჯარიმაა.

როგორც ირკვევა, ელენე დევიძე 2025 წლის 10 აგვისტოს, გზის გადაკეტვის საბაბით, 5 000 ლარით არის დაჯარიმებული. სამოქალაქო აქტივისტს ჯარიმის შესახებ შეტყობინება არ მისვლია, რადგან, შსს-ში მისი ნომერი არასწორად არის მითითებული და არც ოქმი ჩაბარებია პირადად. ელენე დევიძე ჯარიმის გასაჩივრებას აპირებს.

ელენე დევიძე სინდისის პატიმრის, მსჯავრდებული მათე დევიძის დაა. მათე დევიძე 2024 წლის 19 ნოემბერს, საპარლამენტო არჩევნების შედეგების საპროტესტო აქციაზე დააკავეს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით. მას 4.6 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.