სამოქალაქო აქტივისტი გოტა ჭანტურია სოციალურ ქსელში წერს, რომ იუმორისტი დავით როსტომაშვილი ზესტაფონის სასამართლოში ცილისწამებისთვის უჩივის. იუმორისტი აქტივისტს მისი მისამართით სიტყვა “მევახშის” გამოყენებას ედავება.
ამ საჩივრის შესახებ გოტა ჭანტურიამ “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტისგან შეიტყო, რომელიც კომენტარისთვის დაუკავშირდა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც მისმა მოძრაობამ, “სოციალ-დემოკრატებმა”, პარტიად რეგისტრაციაზე შეიტანა განაცხადი. აქტივისტი აღნიშნულ სამართლებრივ დავას ამ ფაქტს უკავშირებს.
ჭანტურიას მონაყოლით, საქმე ეხება თერჯოლაში, დავით როსტომაშვილის მიერ ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას, რომელსაც ადგილობრივები აპროტესტებენ. აქტივისტი წერს, რომ მას შემდეგ რაც ადგილობრივები დაუკავშირდნენ, ჩავიდნენ ადგილზე და ვიდეომასალა მოამზადეს. ამ ვიდეოში იყენებს აქტივისტი სიტყვა “მევახშეს”.
“ბევრგან ვიკითხე და ბევრგან დამიდასტურეს მისი კავშირები მევახშეობასთან. ზოგი შეიძლება მზად იყოს საჯაროდ საუბრისთვის, ზოგიც – არა. თქვენც შეიძლება გქონდეთ ეს ინფორმაცია და იცოდეთ ამის შესახებ, იმდენად საქვეყნოდ ცნობილი ინფორმაციაა. სხვა თუ არაფერი, რეესტრშიც მარტივად გადასამოწმებელი მგონია. ცხადია, ჩვენს პოლიტიკურ საქმიანობას და მოძრაობის პარტიად გარდაქმნას ვუკავშირებ. აბა, სხვა მხრივ დავით როსტომაშვილს რატომ უნდა აწყობდეს, რომ მთელმა ქვეყანამ ისევ მის საქმიანობაზე ისაუბროს”, – წერს აქტივისტი.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა არასამთავრობო სექტორი საქართველოს მტრად მოიხსენია, პროევროპული საპროტესტო აქციები კი ანტიქართულ აქციად.
“მიაკვლიეთ, ვინ დააფინანსა ეს კონკრეტული ანტიქართული აქცია, ვინ მისცა ფული საია-ს და ბაია პატარაიას – როგორც კი ფულის წყაროს ნახავთ, ნახავთ თუ ვინ მტრობს საქართველოს! – ამ განცხადებით გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვარშავაში გამართულ ეუთოს კონფერენციას, რომელსაც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი თამარ ონიანი და „საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია ესწრებოდნენ. ბაია პატარაია ამ შეხვედრას საპროტესტო ბანერით ესწრებოდა.
ამ ამბავს ეუთოს წევრი ქვეყნები გამოეხმაურნენ. მათ შალვა პაპუაშვილს შეახსენეს, წევრი ქვეყნების ქცევის კოდექსი. “შეშფოთებული ვართ ქართველი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ ამ კონფერენციაში მათ მონაწილეობასთან დაკავშირებით გამოთქმული კომენტარებით, აგრეთვე, ვარშავის ადამიანური განზომილების კონფერენციის მონაწილე სხვადასხვა უფლებადამცველისგან მიღებული ცნობებით. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეუთოს ღონისძიებებში უსაფრთხო მონაწილეობა, ყოველგვარი საპასუხო ზომების გარეშე“, – განაცხადა ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის, შვეიცარიის წარმომადგენელმა.
საპროტესტო აქციების მონაწილე სერგეი ყანჩელი ამბობს, რომ 27 სექტემბერს პოლიციის მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორების, სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მუქარის მსხვერპლი გახდა. მისი თქმით, პოლიციელებმა კუკიის სასაფლაოს მიმდებარედ გააჩერეს, შემდეგ კი სასაფლაოს ტერიტორიაზე გადაიყვანეს, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ და ემუქრებოდნენ ცეცხლსასროლი იარაღითა და დანით. აქტივისტის განცხადებით, მას ასევე აიძულებდნენ სექსუალური ხასიათის ქმედების შესრულებას.
სერგეი ყანჩელი პოლიციის მხრიდან ძალადობას თავის სამოქალაქო პოზიციას უკავშირებს. მომხდარის გამო აქტივისტი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა.
8 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პროკურატურამ სერგეი ყანჩელის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
აღმოსავლეთ საქართველოში, პანკისის ხეობაში “ჯოყოლოს საგანმანათლებლო ცენტრი” დაიხურა. ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა 5 ოქტომბერს, შენობიდან ინვენტარის გატანა დაიწყეს.
ცენტრი 2014 წლიდან “კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის” ბაზაზე მუშაობდა. შენობა, სადაც ცენტრი ფუნქციონირებდა, ახმეტის მერიას ეკუთვნის და ორგანიზაციას იჯარით ჰქონდა დაქირავებული. “კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის” ხელმძღვანელის იზა ბექაურის თქმით, ცენტრის დახურვა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ახმეტის მერიიდან შენობის ქირავნობის გაგრძელებაზე უარი მიიღეს. ბექაურის თქმით, ცენტრს მუშაობა 2026 წლის თებერვლიდან ჰქონდა შეჩერებული “მიღებული კანონების” გამო.
“ჯოყოლოს საგანმანათლებლო ცენტრი” პანკისის ხეობაში არაფორმალური განათლების მიღების ერთადერთი საშუალება იყო. ამ ცენტრში სკოლის მოსწავლეებისთვის სხვადასხვა საგანში მოსამზადებელი წრეები ფუნქციონირებდა. ასევე, არსებობდა სხვადასხვა კურსები პანკისელი ქალებისთვის. “კახეთის რეგიონული განვითარების” ფონდის ინფორმაციით, ყოველწლიურად საგანმანათლებლო ცენტრში არაფორმალურ განათლებას იღებდა 150-მდე პანკისელი.
6 ოქტომბერს, დამოუკიდებელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და სამოქალაქო აქტივისტი თეონა ჭალიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა „საქართველოს რადიოს“ წინასწარ შეთანხმებული გადაცემიდან ჩახსნა, გადაცემა კი ეთერში საერთოდ აღარ გაუშვა.
ვიდრე წინასწარ დაგეგმილ და შეთანხმებულ გადაცემაში მონაწილეობაზე უარს ეტყოდნენ, თეონა ჭალიძე მაუწყებლის შენობასთან მიმდინარე, პატიმარ გიორგი დავითაძის მხარდამჭერ აქციაზე იმყოფებოდა. მან საპროტესტო ბანერი – „არა წამებას!“ და „დაუთმეთ ეთერი პატიმრების მშობლებს“ – ტელევიზიის ეზოშიც გაშალა.
აქტივისტი ჰყვება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოს გადაცემაში პენიტენციურ სისტემაში არსებულ პრობლემებზე უნდა ესაუბრა. თემაც და სტუმრობაც გადაცემის წამყავნა წინა დღეს შეუთანხმა. იმ დღეს, გადაცემაში მისულს, შენობის ფოიეში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ “მაღლაფერიძეს თავის მოსაზრებები ჰქონდა. მითხრა, რომ არ აპირებს აქციების ორგანიზატორებთან რაიმე კომუნიკაციას, ან აქციებით დაყენებული მოთხოვნების შესრულებას. ბოლოს, რომ დავასრულეთ საუბარი, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და გადაცემის პროდიუსერს უთხრა: „აქციას გიწყობს და ეთერში იწვევ?“- იხსენებს აქტივისტი. ამის შემდეგ მას განუცხადეს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოგადაცემაში სტუმრად დაბლოკილია და უკან გამოაბრუნეს.
პროსამთავრობო მედია, ტელეკომპანია “იმედი”, ნინო დოლიძის, გიორგი ბურჯანაძისა და გიორგი ონიანის სტრასბურგში ვიზიტს გამოეხმაურა. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს შეხვდნენ.
„ქრონიკის“ მასალაში ვიზიტი დისკრედიტაციულ კონტექსტში გაშუქდა და შეფასდა როგორც „ნაცნობი სცენარი“ და „საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ“ მოქმედება. სიუჟეტში ითქვა, რომ ალენ ბერსესთან შეხვედრის თემა, მათივე „მისაღებ მედიაში“ გაკეთებული განცხადებების მიხედვით, კვლავ „სანქციები და სადამსჯელო მექანიზმები“ იყო.
ანალოგიური ნარატივი გაავრცელეს სხვა პროსამთავრობო მედიებმაც, მათ შორის POSTV-მ. აღნიშნულ მასალებში სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლების ვიზიტი და საერთაშორისო შეხვედრები კვლავ ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად და სანქციების მხარდაჭერის მცდელობად იყო წარმოჩენილი.
ამგვარი გაშუქება სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლების საერთაშორისო ადვოკატირებას ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად წარმოაჩენს. მასალა იმეორებს ნარატივს, რომლის მიხედვითაც კრიტიკული სამოქალაქო აქტორების საქმიანობა არა დემოკრატიული პროცესებისა და ადამიანის უფლებების დაცვისკენ, არამედ სახელმწიფოს დაზიანებისკენ არის მიმართული.
თბილისის საქალაქო სასამართლომ თეონა ბაღდავაძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 1,500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. საქმე სოციალურ ქსელში ნათია ბერიძის მიმართ სავარაუდო სიტყვიერ შეურაცხყოფას ეხება.
გავრცელებული ინფორმაციით, საქმე ეხება თეონა ბაღდავაძის მიერ Facebook-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოს, რომელშიც POSTV-ის წარმომადგენელი ნათია ბერიძე მას კითხვებს უსვამს და საუბრისას ბაღდავაძის გარდაცვლილ დას ახსენებს. ბაღდავაძემ ვიდეოს თან დაურთო კომენტარი, რომელშიც ბერიძის ქცევა „ამაზრზენად“ შეაფასა და განაცხადა, რომ ის მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის სახელით მანიპულირებდა.
საქმე შსს-ს „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ“ აღძრა. სამმართველომ მასალები სასამართლოს გადასცა, რის შემდეგაც სასამართლომ ქმედება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიიჩნია.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ქართულ ციხეში მყოფი რუსი აქტივისტების, ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულის სასჯელი. ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულს 8.5 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი ნარკოტიკების ფლობის ბრალდებით. ისინი დანაშაულს არ აღიარებენ და ამბობენ, რომ ნარკოტიკები “ჩაუდეს” „დეკემბრის აქციებში“ მონაწილეობის გამო.
ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული თბილისში გამართულ პროევროპულ აქციებში მონაწილეობდნენ – აქციის მონაწილეებს ცხელი სასმელებით ამარაგებდნენ. მათი თქმით, სწორედ ეს გახდა მათი დაკავების მიზეზი. ანასტასია ზინოვკინას მძიმე ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და მან არაერთხელ დაადანაშაულა ციხის ადმინისტრაცია უყურადღებობასა და ღირსების შემლახავ მოპყრობაში.
არჩილ მუსელიანცი, რომელიც პროევროპული საპროტესტო აქციების დროს დააკავეს და 534 ლარის ოდენობის ზიანის გამო 4 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, ციხიდან ტელეკომპანია „ფორმულას“ წერილს უგზავნის. წერილში მუსელიანცი მძიმე სანიტარულ- ჰიგიენურ პირობებზე, კვების არასათანადო ხარისხზე, სამედიცინო მომსახურებაზე შეზღუდულ წვდომასა და პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან დამამცირებელ მოპყრობაზე წერს.
მუსელიანცის თქმით, საკარანტინო სივრცეში კანალიზაციის წყალი სარდაფშივე შრებოდა, ხოლო პატიმრებს ამ პირობებში ყოფნა უწევდათ. მისი განცხადებით, როდესაც პატიმრებმა მორიგეს სხვა, მშრალ საკანში გადაყვანა სთხოვეს, მან უხეშად უპასუხა: „მე რა ვქნა?“ მუსელიანცი ასევე წერს, რომ საკანში გატარებული 7 დღის შემდეგ სიცხე მისცა, თუმცა მედიკამენტის მიღება დროულად ვერ შეძლო. მისი თქმით, ორი დღის განმავლობაში ითხოვდა პარაცეტამოლს, ხოლო ექიმთან მხოლოდ მესამე ცვლის დროს გაიყვანეს, როდესაც ტემპერატურა 38.6 ჰქონდა.
წერილში მუსელიანცი კვების ხარისხზეც მიუთითებს და წერს, რომ პატიმრების უმეტესობა ცდილობს, დაწესებულების მაღაზიისა და ამანათების საშუალებით იკვებოს, რადგან მასობრივი მოწამვლის შემთხვევაში, მისი თქმით, „400 კაცს 1 ექიმი ვერ აუვა“.
მუსელიანცის წერილს სპეციალური პენიტენციური სამსახური გამოეხმაურა და მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას „ცრუ“ უწოდა. უწყების განცხადებით, მუსელიანცის ბრალდებები პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციის მცდელობაა და დაწესებულებებში არსებულ რეალურ მდგომარეობას არ ასახავს.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის შესახებ დისკრედიტაციული განცხადებები გააკეთეს. აღნიშნული განცხადებები მოგვიანებით პროსამთავრობო არხის ტელეკომპანია “იმედის” Facebook-გვერდზე ქარდების სახით გავრცელდა.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ეკა გიგაურს „არავინ არაფერს ეკითხება“ და ის „ასრულებს დავალებას, რომელსაც გარედან აძლევენ“. პაპუაშვილი ასევე ამბობს: „თუ გაიგებთ, ვინ აფინანსებს ამ ადამიანს, გაიგებთ, ვინ მტრობს საქართველოს“.
ირაკლი კობახიძემ ეკა გიგაურის ორგანიზაციას „პარტიული დანამატი“ უწოდა და განაცხადა, რომ ის „არასდროს არ იყო არც არასამთავრობო, არც NGO“.
ამასთან, კობახიძის კიდევ ერთი განცხადება მიმდინარე პროტესტის დისკრედიტაციას უკავშირდება. მან პროტესტს „რადიკალების აგენტურის ე.წ. პროტესტი“ უწოდა, ხოლო მისი გაგრძელება „სექტანტობად“ შეაფასა.
მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან მსგავსი განცხადებები და მათი ქარდების სახით გავრცელება იმეორებს ნარატივს, რომელიც კრიტიკულ სამოქალაქო ორგანიზაციებსა და პროტესტის მონაწილეებს არა დამოუკიდებელ სამოქალაქო აქტორებად, არამედ გარე გავლენებით ან პარტიული ინტერესებით მოქმედ ჯგუფებად წარმოაჩენს. მსგავსი გზავნილები ეკა გიგაურის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა“ და პროევროპული პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ მიმდინარე დისკრედიტაციული კამპანიის ნაწილად შეიძლება შეფასდეს.