თეონა ბაღდავაძე სოციალურ ქსელში ნათია ბერიძის შეურაცხყოფის გამო 1,500 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ თეონა ბაღდავაძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 1,500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. საქმე სოციალურ ქსელში ნათია ბერიძის მიმართ სავარაუდო სიტყვიერ შეურაცხყოფას ეხება.

გავრცელებული ინფორმაციით, საქმე ეხება თეონა ბაღდავაძის მიერ Facebook-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოს, რომელშიც POSTV-ის წარმომადგენელი ნათია ბერიძე მას კითხვებს უსვამს და საუბრისას ბაღდავაძის გარდაცვლილ დას ახსენებს. ბაღდავაძემ ვიდეოს თან დაურთო კომენტარი, რომელშიც ბერიძის ქცევა „ამაზრზენად“ შეაფასა და განაცხადა, რომ ის მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის სახელით მანიპულირებდა.

საქმე შსს-ს „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ“ აღძრა. სამმართველომ მასალები სასამართლოს გადასცა, რის შემდეგაც სასამართლომ ქმედება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიიჩნია.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა აქტივისტების ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულის სასჯელი 

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ქართულ ციხეში მყოფი  რუსი აქტივისტების, ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულის სასჯელი.   ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულს 8.5 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი ნარკოტიკების ფლობის ბრალდებით. ისინი დანაშაულს არ აღიარებენ და ამბობენ, რომ ნარკოტიკები “ჩაუდეს” „დეკემბრის აქციებში“ მონაწილეობის გამო.

ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული თბილისში გამართულ პროევროპულ აქციებში მონაწილეობდნენ – აქციის მონაწილეებს ცხელი სასმელებით ამარაგებდნენ. მათი თქმით, სწორედ ეს გახდა მათი დაკავების მიზეზი. ანასტასია ზინოვკინას მძიმე ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და მან არაერთხელ დაადანაშაულა ციხის ადმინისტრაცია უყურადღებობასა და ღირსების შემლახავ მოპყრობაში.

არჩილ მუსელიანცი ციხიდან გაგზავნილ წერილში მძიმე პირობებს აღწერს

არჩილ მუსელიანცი, რომელიც პროევროპული საპროტესტო აქციების დროს დააკავეს და 534 ლარის ოდენობის ზიანის გამო 4 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, ციხიდან ტელეკომპანია „ფორმულას“ წერილს უგზავნის. წერილში მუსელიანცი მძიმე სანიტარულ- ჰიგიენურ პირობებზე, კვების არასათანადო ხარისხზე, სამედიცინო მომსახურებაზე შეზღუდულ წვდომასა და პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან დამამცირებელ მოპყრობაზე წერს.

მუსელიანცის თქმით, საკარანტინო სივრცეში კანალიზაციის წყალი სარდაფშივე შრებოდა, ხოლო პატიმრებს ამ პირობებში ყოფნა უწევდათ. მისი განცხადებით, როდესაც პატიმრებმა მორიგეს სხვა, მშრალ საკანში გადაყვანა სთხოვეს, მან უხეშად უპასუხა: „მე რა ვქნა?“ მუსელიანცი ასევე წერს, რომ საკანში გატარებული 7 დღის შემდეგ სიცხე მისცა, თუმცა მედიკამენტის მიღება დროულად ვერ შეძლო. მისი თქმით, ორი დღის განმავლობაში ითხოვდა პარაცეტამოლს, ხოლო ექიმთან მხოლოდ მესამე ცვლის დროს გაიყვანეს, როდესაც ტემპერატურა 38.6 ჰქონდა.

წერილში მუსელიანცი კვების ხარისხზეც მიუთითებს და წერს, რომ პატიმრების უმეტესობა ცდილობს, დაწესებულების მაღაზიისა და ამანათების საშუალებით იკვებოს, რადგან მასობრივი მოწამვლის შემთხვევაში, მისი თქმით, „400 კაცს 1 ექიმი ვერ აუვა“.

მუსელიანცის წერილს სპეციალური პენიტენციური სამსახური გამოეხმაურა და მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას „ცრუ“ უწოდა. უწყების განცხადებით, მუსელიანცის ბრალდებები პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციის მცდელობაა და დაწესებულებებში არსებულ რეალურ მდგომარეობას არ ასახავს.

სამოქალაქო საზოგადოებისა და პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ დისკრედიტაციული რიტორიკა გრძელდება

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის შესახებ დისკრედიტაციული განცხადებები გააკეთეს. აღნიშნული განცხადებები მოგვიანებით პროსამთავრობო არხის ტელეკომპანია “იმედის” Facebook-გვერდზე ქარდების სახით გავრცელდა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ეკა გიგაურს „არავინ არაფერს ეკითხება“ და ის „ასრულებს დავალებას, რომელსაც გარედან აძლევენ“. პაპუაშვილი ასევე ამბობს: „თუ გაიგებთ, ვინ აფინანსებს ამ ადამიანს, გაიგებთ, ვინ მტრობს საქართველოს“.

ირაკლი კობახიძემ ეკა გიგაურის ორგანიზაციას „პარტიული დანამატი“ უწოდა და განაცხადა, რომ ის „არასდროს არ იყო არც არასამთავრობო, არც NGO“.

ამასთან, კობახიძის კიდევ ერთი განცხადება მიმდინარე პროტესტის დისკრედიტაციას უკავშირდება. მან პროტესტს „რადიკალების აგენტურის ე.წ. პროტესტი“ უწოდა, ხოლო მისი გაგრძელება „სექტანტობად“ შეაფასა.

მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან მსგავსი განცხადებები და მათი ქარდების სახით გავრცელება იმეორებს ნარატივს, რომელიც კრიტიკულ სამოქალაქო ორგანიზაციებსა და პროტესტის მონაწილეებს არა დამოუკიდებელ სამოქალაქო აქტორებად, არამედ გარე გავლენებით ან პარტიული ინტერესებით მოქმედ ჯგუფებად წარმოაჩენს. მსგავსი გზავნილები ეკა გიგაურის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა“ და პროევროპული პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ მიმდინარე დისკრედიტაციული კამპანიის ნაწილად შეიძლება შეფასდეს.

გორში Kordz-ის კონცერტი უსაფრთხოების მიზეზით გადაიდო

გორში 26 სექტემბერს დაგეგმილი მუსიკოს ალექსანდრე კორძაიას, Kordz-ის კონცერტი გადაიდო. კონცერტი „კამარა ფესტივალის“ ფარგლებში უნდა გამართულიყო, რომლის ორგანიზატორი დანიის კულტურის ინსტიტუტი იყო. ორგანიზატორის განცხადებით, ფესტივალი დაგეგმილი ფორმით უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე ვერ ჩატარდება.

მუსიკოსის განცხადებით, გორში დაგეგმილი კონცერტი „სერიოზული საფრთხის ქვეშ იყო“. კორძაია მიზეზად ადგილობრივი ხელისუფლების, „ქართული ოცნების“ წევრებისა და პროსამთავრობო მედიის მხრიდან შეტევასა და მუქარას ასახელებს და წერს, რომ ადგილზე უსაფრთხოების გარანტია არ არსებობდა. 

კონცერტის ჩაშლას წინ უძღოდა სახელისუფლებო აქტორებისა და მედიის კამპანია და შეკითხვები ევროკავშირის ელჩის მიმართ, „იზიარებს თუ არა ევროკავშირი პასუხისმგებლობას მილიონზე მეტი ქართველის შეურაცხყოფაზე“. Kordz-ის კონცერტი „ქართული ოცნების“ დეპუტატები მხრიდან „რადიკალიზმის წახალისებად“ და „საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღვივების ხელშეწყობად“ შეფასდა. 

ფესტივალის გადადებას გამოეხმაურა ევროკავშირის საელჩოც. საელჩომ სინანული გამოთქვა, რომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „კრეატიული კომპასი საქართველოს“ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ფესტივალი ორგანიზატორებმა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოსაზრებების გამო გადადეს. 

ევროკავშირის საელჩოს განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა და საელჩო „სიძულვილის ენის“ წაქეზებაში დაადანაშაულა. პაპუაშვილმა Kordz-ს „საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მაგინებელი“ უწოდა და განაცხადა, რომ ევროკავშირის საელჩო „ფაშიზმის, რადიკალიზმისა და გინების“ წახალისებით არის დაკავებული.

ალექსანდრე კორძაია ერთ-ერთია იმ მუსიკოსებს შორის, რომლებიც პროევროპული საპროტესტო აქციების მხარდამჭერებად არიან ცნობილი. 2026 წლის ივლისში მას თბილისში თავს დაესხნენ.

აქტივისტი ანა ბდეიანი ირაკლი კობახიძის შეურაცხყოფის საბაბით 4,000 ლარით დააჯარიმეს

მოსამართლე დავით მაკარაძემ აქტივისტ ანა ბდეიანს 4,000-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა. შსს მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173¹⁶ მუხლით სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფას ედავებოდა.

საქმე ეხება Facebook-კომენტარს, რომელიც ბდეიანმა თორნიკე რაზმაძის ვიდეოზე დაწერა. ვიდეოში რაზმაძე „გეორგიევსკის ტრაქტატთან“ დაკავშირებით ირაკლი კობახიძისა და რუსი პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანის განცხადებებს მიმოიხილავდა.ამავე ვიდეოზე დაწერილი კომენტარის გამო ადმინისტრაციული წარმოება დაწყებულია თორნიკე რაზმაძის მიმართაც. რაზმაძის ოქმში მითითებულია მხოლოდ 166-ე მუხლი, რაც საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინებას გულისხმობს, მაშინ როდესაც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფას 173¹⁶ მუხლი არეგულირებს. ადვოკატის განცხადებით, ოქმი ამ ეტაპზე ჩასწორებული არ არის.

ანა ბდეიანის საქმე უკავშირდება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული კომენტარების გამო დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებებს, რომლებიც შსს-ში ახლად შექმნილი „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს“ პრაქტიკის ნაწილია.

„იმედის“ ეთერში პროევროპული პროტესტის მონაწილეთა დისკრედიტაციისკენ მიმართული განცხადება გავრცელდა

პროსამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ GIPA-ს ყოფილმა სტუდენტმა განაცხადა, რომ უნივერსიტეტი დატოვა, რადგან, მისი თქმით, ლექტორები სტუდენტებს აქციებზე სიარულს აიძულებდნენ და ამის სანაცვლოდ ქულებს უწერდნენ.

გადაცემის ეს მონაკვეთი „იმედმა“ სოციალურ ქსელშიც გაავრცელა შემდეგი ტექსტით: „ჯიპას“ ყოფილი სტუდენტი: „ჯიპას“ ლექტორები გვაიძულებდნენ, აქციებზე წავსულიყავით და ამაში გვეწერებოდა ქულები“.

ამ შინაარსის განცხადების გავრცელება პროევროპული პროტესტის მონაწილეთა და აქტივისტების წინააღმდეგ მიმდინარე დისკრედიტაციული კამპანიის ნაწილად უნდა  შეფასდეს, რადგან ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს სტუდენტების მონაწილეობა აქციებში არა დამოუკიდებელი სამოქალაქო პოზიციით, არამედ პირადი სარგებლის ან გარე ზეწოლის შედეგად იყო განპირობებული.

ბახმაროში გამართული საგანმანათლებლო სემინარი პროსამთავრობო მედიების და ხელისუფლების წარმომადგენლების კრიტიკის და დისკრედიტაციის სამიზნე გახდა

ბახმაროში თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მიერ ორგანიზებული საგანმანათლებლო სემინარი გაიმართა. გავრცელებული ინფორმაციით, სემინარი ევროპის საბჭოს მხარდაჭერით ჩატარდა და მას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, მათ შორის ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი.

პროსამთავრობო მედიამ, ტელეკომპანია „იმედმა“, სემინარი „გრანტების შესახებ“ კანონის კონტექსტში გააშუქა და ყურადღება გაამახვილა საკითხზე, ჰქონდა თუ არა სემინარის ორგანიზებასა და დაფინანსებას სახელმწიფოს თანხმობა.

თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, 1999 წელს დაარსდა. სკოლა ევროპის საბჭოს ეგიდით ფუნქციონირებს და მას პოლიტიკოსი არმაზ ახვლედიანი ხელმძღვანელობს.

საკითხს გამოეხმაურნენ მაღალი თანამდებობის პირებიც. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სემინარს „პოლიტიკური პროექტი“ უწოდა და განაცხადა, რომ თუ პროექტს ევროპის საბჭო აფინანსებს, უნდა გაირკვეს, ჰქონდა თუ არა მას მთავრობის თანხმობა. პაპუაშვილმა სემინარი არმაზ ახვლედიანის პოლიტიკურ საქმიანობასაც დაუკავშირა და აღნიშნა, რომ ევროპის საბჭოს წარმომადგენლობას ამ საკითხზე პასუხი აქვს გასაცემი.

სემინართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემაც. მისი განცხადებით, „ყველამ უნდა სცეს პატივი საქართველოს კანონმდებლობას, მათ შორის გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობას“. კობახიძის თქმით, ხელისუფლება დაინტერესდება საკითხით და, შესაბამისი გარემოებების დადგენის შემთხვევაში, სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

21 სექტემბერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე კვლავ ისაუბრა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მიერ ორგანიზებულ სემინართან დაკავშირებით. პაპუაშვილმა არმაზ ახვლედიანს „რადიკალი ოპოზიციონერი“ უწოდა და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის მიმართაც გააჟღერა ბრალდებები. მისი თქმით, შესაძლოა საქმე ეხებოდეს კანონის გვერდის ავლას, რასაც აუდიტის სამსახური შეისწავლის.

იმავე დღეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფინანსების გამჭვირვალობის დეპარტამენტში დაიწყო მონიტორინგი ა(ა)იპ „კავშირი თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის“ მიერ, სავარაუდოდ, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე გრანტის მიღების ფაქტზე.

უწყების განცხადებით, საკითხის შესწავლისას ის კანონმდებლობით, მათ შორის „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედებს. აუდიტის სამსახურში აცხადებენ, რომ მონიტორინგის ფარგლებში ეტაპობრივად განახორციელებენ ყველა საჭირო მოქმედებას, მათ შორის გამოკითხავენ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის მქონე პირებს და შეისწავლიან შესაბამის დოკუმენტაციას.

„გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წლის 16 აპრილს მიიღო. ცვლილებების თანახმად, გრანტის გამცემმა გრანტის გაცემაზე თანხმობის მისაღებად საქართველოს მთავრობას უნდა მიმართოს, ხოლო თანხმობის გარეშე გრანტის მიღების შემთხვევაში გრანტის მიმღები გრანტის ორმაგი ოდენობით დაჯარიმდება. ცვლილებებით ანტიკორუფციულ ბიუროს დამატებითი უფლებამოსილებებიც მიენიჭა, მათ შორის ფინანსური ანგარიშის მოთხოვნის, ფიზიკური პირის გამოკითხვისა და განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების გამოთხოვის უფლება. სამოქალაქო სექტორმა აღნიშნული ცვლილებები გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ კანონი „მოქალაქეების მმართველი პარტიის სადამსჯელო სისტემის პირისპირ დატოვებას“ და საერთაშორისო მხარდაჭერის შეზღუდვას ისახავს მიზნად.

მიხეილ ზაქარეიშვილი Facebook-პოსტების გამო 4,000 ლარით დააჯარიმეს

მოსამართლე ნინო ენუქიძემ აქტივისტი მიხეილ ზაქარეიშვილი Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტების გამო 4,000 ლარით დააჯარიმა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას ბიძინა ივანიშვილის, ბერა ივანიშვილის, შალვა პაპუაშვილისა და მოსამართლე ნანა შამათავას სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავებოდა.

საქმის მასალების მიხედვით, სავარაუდო სამართალდარღვევის შესახებ შსს-ს ელექტრონული ფოსტით მერაბ ღოღობერიძემ აცნობა. მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია ბერა ივანიშვილისა და შალვა პაპუაშვილის მიმართ გამოთქმულ სავარაუდოდ შეურაცხმყოფელ განცხადებებს ეხებოდა. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილისა და მოსამართლე ნანა შამათავას მიმართ გამოქვეყნებულ პოსტებს, შსს-ს ინსპექტორის პატაკის მიხედვით, ისინი მიხეილ ზაქარეიშვილის Facebook-გვერდის დათვალიერების შედეგად გამოავლინეს. საქმის მასალების თანახმად, ზაქარეიშვილმა სადავო პოსტები 2026 წლის 2 ივნისს, 17 ივნისსა და 3 ივლისს გამოაქვეყნა.

შსს ზაქარეიშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილით, წვრილმანი ხულიგნობა, და 173¹⁶ მუხლის პირველი ნაწილით ედავებოდა, რომელიც სახელმწიფო-პოლიტიკური და საჯარო თანამდებობის პირების შეურაცხყოფას ითვალისწინებს.

საჯარო სივრცეში, მათ შორის სოციალურ ქსელებში, გამოქვეყნებული განცხადებების გამო მოქალაქეების წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოებები შსს-ში ახლად შექმნილი „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს“ ოქმების საფუძველზე მიმდინარეობს. სამმართველო 1 ივნისიდან ფუნქციონირებს და მისი ამოცანაა ადამიანის ღირსების შემლახველი, შეურაცხმყოფელი ან სიძულვილის ენის შემცველი განცხადებების მონიტორინგი და პროაქტიული გამოვლენა.

სამოქალაქო აქტივისტს თორნიკე რაზმაძეს Facebook-ზე მარგარიტა სიმონიანის შესახებ დაწერილი კომენტარის გამო სასჯელი ემუქრება

სამოქალაქო აქტივისტ თორნიკე რაზმაძეს ჯარიმა ან ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრება სოციალურ ქსელ Facebook-ში რუსი პროპაგანდისტის მარგარიტა სიმონიანის შესახებ დაწერილი, გინების შემცველი კომენტარის გამო. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მედავება რუს პროპაგანდისტებს, მარგარიტა სიმონიანისა და ვლადიმირ სოლოვიოვს რატომ მიაყენე შეურაცხყოფა და რატომ აგინეო“, – განაცხადა აქტივისტმა 10 სექტემბრის ვიდეომიმართვაში.

აქტივისტის წინააღმდეგ საქმის წარმოება “სიძულვილის ენის მონიტორინგის სამართველოს” ოქმის საფუძველზე დაიწყო. საქმის წარმოება დაწყებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166, პრიმა მუხლით, რაც „წვრილმან ხულიგნობას“ გულისხმობს და 500-დან 3000 ლარამდე ჯარიმით ან 20 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით ისჯება.

როგორც ირკვევა, შინაგან საქმეთა სამინისტროს “სიძულვილის ენის მონიტორინგის  სამმართველომ” საქმის წარმოება დაიწყო სოციალურ ქსელში თავად თორნიკე რაზმაძის მიერ ატვირთული ვიდეოს ქვეშ დაწერილი კომენტარის გამო.  ვიდეორგოლში გეორგიევსკის ტრაქტატთან დაკავშირებით რუსი პროპაგანდისტის მარგარიტა სიმონიანისა და „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებებია შედარებული. კომენტარში კი, რაზმაძე უცენზურო ლექსიკას იყენებს ვიდეოს რესპონდენტების მისამართით.