საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულ და პატიმრობაში მყოფ 72 პირს „უსინდისობის პატიმრები“ უწოდა.
შესაბამისი განცხადება, პარლამენტის თავმჯდომარემ, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ დაკავებულები არიან იმ პოლიტიკოსებისა და ორგანიზატორების მსხვერპლნი, რომლებმაც მათ რადიკალური ქმედებებისკენ უბიძგეს, ხოლო შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა არ აიღეს. მიატოვეს.
პაპუაშვილი განცხადებით ამ ადამიანებს ყველაზე ზუსტად შეესაბამებათ ტერმინი „უსინდისობის პატიმრები“.
2026 წლის 2 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს გერმანიაში მცხოვრებ მსახიობს, ბექა ბედიანაშვილს. მსახიობის თქმით, თავდაპირველად მას უთხრეს, თითქოს მის სახელზე 1000-ლარიანი ჯარიმა ფიქსირდებოდა. შემდეგ განაცხადეს, რომ ჯარიმა 5 000 ლარი იყო. „თუ არ გადავიხდიდი, ვერ შემიშვებდნენ, მაგრამ თუ გადავიხდიდი, სავარაუდოდ, მაინც არ შემიშვებდნენ. როცა ვიკითხე, ვინ წყვეტდა იმას, შემიშვებდნენ თუ არა ამ ჯარიმის გადახდის შემდეგ, მითხრეს, რომ ამას ჩვენ ვწყვეტთ“, – ამბობს მსახიობი “რადიო თავისუფლებასთან”.
მსახიობი დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში შემოსვლაზე უარის მიზეზი მისი „პოლიტიკური აქტივობაა“: „საფუძველი პრინციპში, საკმაოდ მარტივია და ეს ჩემი პოლიტიკური აქტივობაა. გასულ წელს მე ვიყავი სტუმრად უკანასკნელ, ჯერ კიდევ შემორჩენილ ოპოზიციურ ტელეგადაცემაში და იქ ვთქვი ის, რაც ვთქვი“, – ამბობს ბედიანაშვილი Facebook-ზე თბილისის აეროპორტიდან გამოქვეყნებულ ვიდეოში. მსახიობი გულისხმობდა 2025 წლის 2 აგვისტოს “TV პირველისთვის“ მიცემულ კრიტიკულ ინტერვიუს,
მსახიობი ბექა ბედიანაშვილი (ბედიანა) 1990 წელს, რუსთავში დაიბადა, 1996 წლიდან კი ოჯახთან ერთად გერმანიაში ცხოვრობს. საქართველოში ის ნათესავის ქორწილში მოდიოდა. მისი ცოლი და შვილი ქვეყანაში რამდენიმე დღით ადრე შემოვიდნენ.
31 აგვისტოს ბათუმში პროევროპული აქციის ორ მონაწილეს გამვლელმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აქციაზე გადაღებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ რამდენიმე პირი აქციის მონაწილეებს აგინებს და ემუქრება.
აქციის მონაწილეების განცხადებით, დაპირისპირება მოჰყვა პლაკატსა და შეძახილს – „რუსეთი ოკუპანტი და ტერორისტია“. აქციის მონაწილე დარიკო ჩიტაძის თქმით, გამვლელმა პირებმა მას ჰკითხეს, რატომ ამბობდა, რომ რუსეთი ოკუპანტია, რის შემდეგაც მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
აქციის კიდევ ერთი მონაწილე, მარიამ ქაჯაიას განცხადებით, მან დაინახა, როგორ ჩაარტყა ერთ-ერთმა პირმა ხელი დარიკო ჩიტაძეს. ქაჯაიას განცხადებით, როდესაც ჩარევა სცადა და კამერის ჩართვა სცადა, დაპირისპირება მის მიმართაც გაგრძელდა. მისი თქმით, ერთ-ერთმა ქალმა მას ხელები გადაუგრიხა და ქოლგა ჩაარტყა.
დარიკო ჩიტაძესა და მარიამ ქაჯაიას ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდათ. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი. შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.
რუსეთის მოქალაქე დენის კულანინი, რომელიც მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულთა სიაში მოხვდა, მიგრაციის დროებითი განთავსების ცენტრშია მოთავსებული.
კულანინის ადვოკატი დიმიტრი ნოზაძე აცხადებს, რომ დაცვის მხარეს მისი მდგომარეობისა და ადგილსამყოფლის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ მიუღია. ნოზაძის განცხადებით, არსებობს რისკი, რომ კულანინი ქვეყნიდან გააძევონ. ადვოკატი მიუთითებს, რომ რუსეთში დაბრუნების შემთხვევაში მას შესაძლოა სერიოზული საფრთხე დაემუქროს, რადგან კულანინი ციხიდან გაგზავნილ წერილებში ღიად უჭერდა მხარს უკრაინას და გმობდა რუსეთის ქმედებებს.
დენის კულანინი 2025 წლის 28 მარტს რუსთაველის გამზირზე შსს-ს ავტომობილის დაზიანების ბრალდებით დააკავეს. მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. კულანინი ბრალს აღიარებდა და წინასასამართლო სხდომაზე ბრალად წარდგენილი ქმედებისთვის ბოდიში მოიხადა.
27 აგვისტოს მიხეილ ყაველაშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 226 პირი შეიწყალა.
30 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც კულანინი საქართველოს 1 სექტემბერს, დღის 13:00 საათზე დატოვებს და მესამე ქვეყანაში გაემგზავრება. მანამდე ის კიდევ 48 საათს მიგრაციის დროებითი განთავსების ცენტრში გაატარებს.
აქტივისტი მიხეილ ზაქარეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ახლად შექმნილი „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს“ მიერ შედგენილი მასალების საფუძველზე, 3 სექტემბერს სასამართლოში დაიბარეს. ზაქარეიშვილის განცხადებით, საქმე მის მიერ Facebook-ზე გამოქვეყნებულ სამ პოსტს ეხება. მისივე პოსტიდან ირკვევა, რომ სამართალდარღვევად შეფასებულია სხვადასხვა საჯარო პირისა და პოლიტიკურად აქტიური პირების მიმართ გაკეთებული შეურაცხმყოფელი ან კრიტიკული ფორმულირებები.
ზაქარეიშვილმა ირონიული ფორმით ჩამოთვალა, რა ტიპის გამონათქვამები შეიძლება გახდეს ადმინისტრაციული წარმოების საფუძველი. მათ შორის, მან ახსენა კომენტარები თენგიზ ჭანტურიძის, ვატო შაქარაშვილის, ლევან მახაშვილის, ირაკლი კობახიძისა და სხვა პირების მისამართით.
საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრებების გამო მოქალაქეების წინააღმდეგ ადმინისტრაციული დავები, შსს-ში ახლად შექმნილი “სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს” ოქმების საფუძველზე იწყება. ახალი სამმართველო შსს-ში 1 ივნისიდან ფუნქციონირებს. სამმართველოს ამოცანაა საჯარო სივრცეში გავრცელებული ადამიანის ღირსების შემლახველი, შეურაცხმყოფელი ან სიძულვილის ენის შემცველი განცხადებების მონიტორინგი და პროაქტიული გამოვლენა, თუ ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნებს შეიცავს.
„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა სოციალურ ქსელში ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აქტივისტების წინააღმდეგ დისკრედიტაციული განცხადება გაავრცელა. მაჭავარიანი მათ „აგენტურულ ოპოზიციურ პარტიებად“, „მდიდარ NGO-ებად“ და „ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალ აქტივისტებად“ მოიხსენიებს. მისი თქმით, ისინი „უცხოელ პატრონებს“ და „ქვეყნის შიგნით რამდენიმე ელჩს“ ემსახურებიან, მათი დღის წესრიგი კი „საქართველოს მუდმივი რყევა“, „საბოტაჟი“, „დესტაბილიზაცია“ და „მავნებლობაა“.
განცხადებაში დეპუტატი ოპოზიციურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და აქტივისტებს ბოლო წლებში „რევოლუციის მოწყობის“ მცდელობაში, ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებაში, ეკლესიისა და სამღვდელოების დისკრედიტაციაში, ასევე „LGBT პროპაგანდის“ მხარდაჭერაში ადანაშაულებს. მაჭავარიანი მათ „უსამშობლოებსაც“ უწოდებს და აცხადებს, რომ საზოგადოებისთვის „ბოდიში აქვთ მოსახდელი“.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლის მხრიდან მსგავსი რიტორიკა სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური პარტიებისა და კრიტიკული აქტივისტების წინააღმდეგ მიმდინარე დისკრედიტაციული კამპანიის გაგრძელებად შეიძლება შეფასდეს. „აგენტურის“, „უცხოელი პატრონების“, „უსამშობლოებისა“ და „მავნებლობის“ შესახებ ფორმულირებები მიზნად ისახავს კრიტიკული ჯგუფების ლეგიტიმაციის დაკნინებას, მათი საქმიანობის ანტისახელმწიფოებრივად წარმოჩენას და მათ მიმართ მტრული გარემოს გაძლიერებას.
მაისურზე არსებული წარწერის გამო დაკავებულ შოთა ოდიშვილს მოსამართლე ნინო ენუქიძემ 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატ გიორგი ტაბატაძის ინფორმაციით, ოდიშვილი გურჯაანის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. შოთა ოდიშვილი საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა. ის 23 აგვისტოს თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციასთან დააკავეს.
ადვოკატის განცხადებით, ოდიშვილი მთავრობის ადმინისტრაციის წინ, შემაღლებულ ადგილზე იჯდა და ტელეფონში სუდოკუს თამაშობდა. ტაბატაძის თქმით, ოდიშვილი პოლიციელებთან კომუნიკაციაში არ შესულა, თუმცა მოგვიანებით სამართალდამცველებმა მას პოლიციელების შეურაცხყოფაში დასდეს ბრალი.
ადვოკატის განმარტებით, ოდიშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით – წვრილმანი ხულიგნობა – მაისურზე არსებული წარწერის გამო, ხოლო 173-ე მუხლით პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა – პოლიციელების სავარაუდო შეურაცხყოფის საფუძველზე შეუდგინეს სამართალდარღვევის ოქმი. ტაბატაძის თქმით, საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ოდიშვილმა პოლიციელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, უკრაინის საელჩოსთან სოლიდარობის აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებს საქართველოსა და უკრაინის დროშების გაშლა სურდათ, თუმცა დროშების ზომიდან გამომდინარე, მათი სრულად გაშლისთვის გზის სავალ ნაწილზე გადასვლა იყო საჭირო. პოლიციამ მოქალაქეებს დროშებით გზაზე გადასვლისა და სიმბოლური აქტის განხორციელების საშუალება არ მისცა. ამის შემდეგ, აქციის მონაწილეებმა მსვლელობა ტროტუარის გამოყენებით დაიწყეს.
სოლიდარობის მსვლელობა ტარას შევჩენკოს ძეგლთან დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე პოლიციამ აქციის მონაწილეებს ძალის გამოყენებით დააკეცინა უკრაინის დიდი დროშა, რომლის დაკეცვასაც ისინი რამდენიმე წუთში ისედაც აპირებდნენ. ამასთან, პოლიციამ აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით გადაიყვანა ტროტუარზე.
„ქართულ ოცნებასთან“ აფილირებულ Facebook-გვერდზე გავრცელდა ქარდი, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციები კვლავ „უცხოეთიდან დაფინანსებულ NGO-ებად“ არიან მოხსენიებული. ქარდში გამოყენებულია ამირან სალუქვაძის განცხადება, სადაც ის ორგანიზაციების წარმომადგენლებს „დაქირავებულ პატრიოტებად“ მოიხსენიებს და მოქალაქეებს მის Telegram-არხზე შეერთებისკენ მოუწოდებს.
გავრცელებული ქარდი იმეორებს პროსამთავრობო ნარატივს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს არა დამოუკიდებელ საზოგადოებრივ აქტორებად, არამედ „უცხოეთიდან დაფინანსებულ“ და “პოლიტიკური ინტერესებით” მოქმედ ჯგუფებად წარმოაჩენს. მსგავსი ფორმულირებები არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმდინარე დისკრედიტაციული კამპანიის გაგრძელებად შეიძლება შეფასდეს.
21 აგვისტოს პროსამთავრობო მედიასაშუალებებმა, მათ შორის POSTV-მ, „რუსთავი 2“-მა და „იმედმა“, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათი წარმომადგენლების წინააღმდეგ ერთი და იმავე შინაარსის ქარდები გაავრცელეს.
ქარდებში დისკრედიტაციულ კონტექსტში იყო წარმოჩენილი NGO-ების განცხადებები, რომლებიც ხელისუფლების რიტორიკას აკრიტიკებდნენ და მას „ანტისახელმწიფოებრივ, კრემლისტურ ნარატივებად“ აფასებდნენ. ერთობლივ განცხადებაში ორგანიზაციები მოქალაქეებს მოუწოდებდნენ, არ აჰყოლოდნენ რუსული პროპაგანდის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციასა და შუღლს, ასევე საუბრობდნენ პოლიტპატიმრების გათავისუფლების, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, დემოკრატიული მმართველობისა და ადამიანის უფლებების დაცვის აუცილებლობაზ
მსგავსი შინაარსის ქარდების კოორდინირებულად გავრცელება სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წინააღმდეგ მიმდინარე დისკრედიტაციული კამპანიის გაგრძელებად შეიძლება შეფასდეს. „აგენტურისა“ და „უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ების“ ფორმულირებები მიზნად ისახავს არასამთავრობო ორგანიზაციების ლეგიტიმაციის დაკნინებას, მათი საზოგადოებრივი საქმიანობის ეჭვქვეშ დაყენებას და სამოქალაქო აქტივიზმის მიმართ მტრული გარემოს გაძლიერებას.
გარდა ამისა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის დისკრედიტაციისკენ მიმართული ვიდეო გავრცელდა „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებულ Facebook-გვერდზეც. ვიდეოში გამოყენებულია გიგაურის განცხადების ფრაგმენტი, სადაც ის საუბრობს ადამიანებზე, რომლებიც ფულის სანაცვლოდ ქვეყნისთვის საზიანო ქმედებებს სჩადიან. თანდართული წარწერა კი გიგაურს ისე წარმოაჩენს, თითქოს ამ შეფასებას საკუთარ თავზე აკეთებს.