2026 წლის 14 იანვარს, თბილისში, ირანის საელჩოსთან გამართულ, ირანელი ხალხის სოლიდარობის აქციაზე, სამოქალაქო აქტივისტი ნუცა მხარაძე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ნუცა მახარაძეს პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავება.
რადიო “თავისუფლების” ცნობით, ნუცა მახარაძის დაკავებამდე, დემონსტრანტები ირანის საელჩოსთან მდებარე შუქნიშანზე მწვანე ფერის ანთების დროს გზის ერთი მხრიდან მეორეზე გადასვლით გამოხატავდნენ პროტესტს. მოგვიანებით, როგორც პოლიციამ განმარტა, „მწყობრიდან გამოვიდა შუქნიშანი“, მახარაძემ კი სწორედ ამ დროს დაიწყო გზის გადაკვეთა.
ნუცა მახარაძის საქმეზე ერთი სასამართლო პროცესი უკვე გაიმართა 16 იანვარს. ამ პროცესზე ის შეუძლოდ გახდა. ნუცა მახარაძე წინასწარი დაკავების იზოლატორში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს: “გული წამივიდა ორჯერ და კრუნჩხვა მქონდა, ემოციურ ფონზე [პანიკური შეტევები] მაქვს, მაგრამ ასეთი აქამდე არ მქონია. იზოლატორში ვიყავი ორი დღე დაუბანელი და უსამართლოდ დაკავებული და ალბათ ამან იმოქმედა”.
მომდევნო პროცესი 27 იანვარს გაიმართება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევა კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით, პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა (173-ე მუხლის პირველი ნაწილი) − ჯარიმდება 2 000-დან 5 000 ლარამდე ოდენობით ან იწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას, 60 დღემდე ვადით. ხოლო, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება (173-ე მუხლის მეორე ნაწილი) – იწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.
ზუგდიდის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ნიკოლოზ თორდია, სამოქალაქო აქტივისტს, თაკო გვილიას, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო უჩივის. პოლიციელი აქტივისტს საჯარო განცხადებაში სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ედავება.
როგორც თაკო გვილია სოციალურ ქსელში წერს, მას სამართალდარღვევის ოქმი ჩაბარდა: “ამ წამს ჩამბარდა სამართალდარღვევის ოქმი, სადაც წერია, რომ სოციალურ ქსელში, გამოვაქვეყნე საჯარო პოსტი, სადაც მილიციელ ნიკოლოზ თორდიას მივაყენე სიტყვიერი შეურაცხყოფა”.
თაკო გვალია პირველი აქტივისტი არაა, ვისაც ნიკოლოზ თორდიამ უჩივლა. ზუგდიდის საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა 2025 წლის დეკემბერში ასევე უჩივლა პარტია “დროას” წევრს მარიამ სიჭინავასაც. პოლიციელი სიჭინავას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მეგრულ სიტყვა “ლოდოს” (მოსულელო) გამო ედავებოდა. მარიამ სიჭინავა მაშინ 3000 ლარითდააჯარიმეს.
ზუგდიდში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი, “Street არტისტი” როსტომ ზარანდია, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის საჩივრის საფუძველზე, გეოგლიფის, „მეგობარი აქტის“ გამოსახვისთვის 1750 ლარით დააჯარიმა.
გეოგლიფი “მეგობარი აქტი” [Megobari act] 380 მეტრი სიგრძის წარწერაა მინდორზე, დასავლეთ საქართველოში, ქალაქ ანაკლიის სანაპიროსთან. აქტივისტის განმარტებით, ამ გეოგლიფის მიზანია შეახსენოს ადგილობრივ და საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოსთვის „მეგობარი აქტის“ მნიშვნელობა, რომელიც სენატშია ინიცირებული. ამ გეოგლიფის გამო როსტომ ზარანდია ზუგდიდის მერიამ ერთხელ უკვე დააჯარიმა 2 000 ლარით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მაკარაძემ, შინაგან საქმეთა სამინისტროს უკან დაუბრუნა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გიორგი წულაიას საქმე, რომელსაც ტროტუარზე პროტესტის გამო გადაადგილების შეფერხებას ედავებოდნენ. მოსამართლემ გიორგი წულაიას საქმეში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები დაინახა, რადგან აქტივისტი საავტომობილო გზის გადაკეტვისთვის ერთხელ უკვე იყო პატიმრობაში (2025 წლის 22 ოქტომბერს მას 8-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს).
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი წულაიას მიმართ ახალი საქმის წარმოება დაიწყო 2025 წლის 17 დეკემბერს, ამ დღეს გამართულ აქციაში მონაწილეობის გამო. ამ დღეს, უწყებამ 20-ზე მეტი პირის მიმართ აღძრა საქმე. მათ შორის, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის, რომლის საქმეც ასევე შსს-ში დააბრუნეს.
“მოქალაქეების გადაადგილებაში ხელშეშლას” ტროტუარზე გამოხატული პროტესტის გამო, შსს აქციის მონაწილეებს მას შემდეგ ედავება, რაც “ქართულმა ოცნებამ” 2025 წლის 12 დეკემბერს, შეკრების თავისუფლების შემზღუდველი მორიგი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილება მიიღო და ფაქტობრივად, პროტესტი ტროტუარზეც აკრძალა. პირველ შემთხვევაში გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით (ორგანიზატორისთვის – 20 დღემდე), ხოლო განმეორებით შემთხვევაში შესაძლებელია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება.
სამოქალაქო აქტივისტს, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს, ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას ედავება “მოქალაქეების გადაადგილებაში ხელშეშლას” 2025 წლის 22 დეკემბრის აქციაზე. 8 იანვარს, ამ საქმეზე ადმინისტრაციული სხდომა ჩატარდა და მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ საქმე შსს-ში გადააგზავნა, რადგან სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები დაინახა. ვაჟა გაფრინდაშვილი წარსულში უკვე არის ცნობილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სამანქანო გზის “გადაკეტვის” საბაბით.
“მოქალაქეების გადაადგილებაში ხელშეშლას” ტროტუარზე გამოხატული პროტესტის გამო, შსს აქციის მონაწილეებს მას შემდეგ ედავება, რაც “ქართულმა ოცნებამ” 2025 წლის 12 დეკემბერს, შეკრების თავისუფლების შემზღუდველი მორიგი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილება მიიღო და ფაქტობრივად, პროტესტი ტროტუარზეც აკრძალა. პირველ შემთხვევაში გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით (ორგანიზატორისთვის – 20 დღემდე), ხოლო განმეორებით შემთხვევაში შესაძლებელია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება.