ჯგუფი “გამოუვალი მდგომარეობა”  და ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, კოორდინირებული დისკრედიტაციის კამპანიის სამიზნეები გახდნენ

ჯგუფი “გამოუვალი მდგომარეობა” კოორდინირებული დისკრედიტაციის კამპანიის სამიზნე გახდა მას შემდეგ, რაც მონაწილეობა მიიღო ევროპის დღის აღნიშვნაში, რომელიც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ორგანიზებით გაიმართა.  დისკრედიტაციული გზავნილები ვრცელდებოდა თავად საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ევროკავშირის ელჩის მისამართითაც. მთავარი წყარო პროსამთავრობო მედია და ასევე, ‘ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული პირები იყვნენ. 

ევროპის დღე წელს 10 ოქტომბერს, კახეთში, მეღვინეობა “მოსმიერში” აღინიშნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები, დიპლომატიური მისიების თანამშრომლები, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ღონისძიებას არ დასწრებიან. ევროპის დღე მრვალფეროვან ღონისძიებებს მოიცავდა და ჯგუფ “გამოუვალი მდგომარეობის” კონცერტით დასრულდა. 

10-12 ოქტომბერს, ამ ღონისძიებას, დისკრედიტაციის კოორდინირებული კამპანია მოჰყვა “ქართული ოცნების”, პროსამთავრობო მედიისა და მათთან დაკავშირებული პირების მხრიდან. ამ კამპანიით, ჯგუფი “გამოუვალი მდგომარეობა” დაადანაშაულეს  ხელისუფლების მხარდამჭერების შეურაცხყოფაში, პაველ ჰერჩინსკი კი დიპლომატიური ნეიტრალიტეტის დარღვევაში. ასევე, ევროპის დღის ღონისძიება ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკურ აქციად შეაფასეს.

  • “ღმერთმა შეარგოს ცეკვა და მოლხენა. მადლობას არ ვითხოვთ. უბრალოდ გაიაზროს, რომ მისთვის რომ დაგვეჯერებინა, ალბათ, ევროკავშირის ელჩიც არ იქნებოდა საქართველოში, ევაკუირებული იქნებოდა, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.  
  • „ზედიზედ მეორედ მიიწვიეს ისეთი შემსრულებელი, რომელიც გამოირჩევა ჩვენი მხარდამჭერების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებებით, რაც ძალიან სამწუხაროა, – ეს განცხადება პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ეკუთვნის. (“ოლე – ოლა” საპროტესტო სიმღერაა და ის “ქართულ ოცნებას” განსაკუთრებით აღიზიანებს”.

  • “ყველაფერი ვიცით, ვინ რას წარმოადგენს და საიდან იმართებიან, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ სამტავრობო მედიის ჟურნალისტის მხრიდან „ევროპის დღე 2026“-ზე ჯგუფ „გამოუვალი მდგომარეობის“ მონაწილეობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

  • “როცა საზოგადოების მაგინებელ მომღერლებს ფულს უხდი და ახალისებ, მიდიხარ და ეუბნები, რომ თურმე მილიონობით ადამიანის გინება – თუნდაც სიმღერით – მაღალი ხელოვნებაა… ამხელა რანგის ადამიანი, პირდაპირი გაგებით, ტინგიცობ ამ მაგინებელი ადამიანების კონცერტზე – რა თქმა უნდა, ამას არ გაატარებს ქართული საზოგადოება”, – ეს განცხადება ფსევდო ოპოზიციის, “ხალხის ძალის” დეპუტატს, გურამ მაჭარაშვილს ეკუთვნის.

  • “სიმბოლურია ამ ჯგუფის მიწვევა, რადგან „მდგომარეობა, რომელშიც ჰერჩინსკი და მისი უფროსები არიან, ნამდვილად გამოუვალია“ – ეს კი პარტიის „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ს აღმასრულებელი მდივნის, ვატო შაქარიშვილის პოსტია სოციალურ ქსელში. ეს გზავნილი რამდენჯერმე განმეორდა “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული პირების პოსტებში.

  • “ევროკავშირის წარმომადგენლობამ თავის ღონისძიებაზე მაინცდამაინც “გამოუვალი მდგომარეობა” რომ მიიწვია, ეს ხომ უბრალო მუსიკალური არჩევანი არ არის?.. მართლაც რომ გამოუვალ მდგომარეობაში არიან”, – დაწერა სოციალურ ქსელში პროპაგანდისტული მედია POSTV-ის თანამშრომელმა ლიზა გეგეჭკორმა.

ეს განცხადებები, ორი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა პროსამთავრობო მედიებში. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მმართველ პარტიასტან დაკავშირებული აქტორები პროტესტში ჩართული ხელოვანების, ასევე, დასავლური ინსტიტუტების დისკრედიტაციას ცდილობენ.  ცოტა ხნის წინ, ამგვარი კოორდინირებული თავდასხმის სამიზნე იყო მუსიკოსი ალექსანდრე კორძაია, რომელიც, იძულებლი გახდა ჩაეშალა დაგეგმილი კონცერტი. 

სინდისის პატიმრის,  რეზო კიკნაძის განცხადებით, ციხის ადმინისტრაციამ ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია შეუზღუდა

საპროტესტო აქციების მონაწილე, სინდისის პატიმარ რეზო კიკნაძის  განცხადებით, პენიტენციური დაწესებულებიდან აღარ შეუძლია დედასთან დარეკვა, რადგან “ციხემ ეს მას აუკრძალა”. პატიმარი წერს, რომ სავარაუდოდ, ზარების უფლება შეუზღუდეს მას შემდეგ, რაც პატიმარ გიორგი დავითაძეს, რომელიც ციხეში მის მიმართ არასათანადო მოპყრობასა და გაუპატიურებაზე საუბრობს, მხარდაჭერა გამოუცხადა.  

“ციხემ დაბლოკა დედაჩემის და იმ ორი ყველაზე ახლობლის ნომერი, ვისთანაც ვრეკავდი ყოველ ჯერზე. ბოლო ორი თვე ზარების გარეშე დამტოვეს. მიზეზი არ ვიცი. სავარაუდოდ, ვოისი რომ ჩავწერე დავითაძის მხარდასაჭერად, ეგ უნდა იყოს ამ უმსგავსობის სათავე. დედაჩემის ნომერს რას ერჩოდნენ? სულ გარეკეს, მგონი”, – წერს პატიმარი ციხიდან.

პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ პატიმარ რეზო კიკნაძეს ზარებზე “არანაირი შეზღუდვა არ აქვს. დაუბრკოლებლად შეუძლია დარეკვა, სადაც უნდა”. მათი თქმით, მსჯავრდებულს შეუძლია გამოითხოვოს და გაასაჯაროოს მისი სატელეფონო საუბრების ამონაწერი, „საიდანაც ნათლად გამოჩნდება, როდის აქვს ბოლოს სატელეფონო ზარი განხორციელებული“.

სამოქალაქო აქტივისტი ვასო ბერიძე, Facebook პოსტის გამო, 2 000 ლარით დააჯარიმეს

სამოქალაქო აქტივისტი ვასო ბერიძე, ორი ათასი ლარით დააჯარიმეს, სოციალურ ქსელ  Facebook-ში გამოქვეყნებული პოსტის გამო. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქტივისტის წინააღმდეგ საქმის წარმოება დაიწყო პოსტის გამო, რომელშიც ვასო ბერიძე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელეწამყვანს, ვახო ხუზმიაშვილს მიმართავდა. უწყებამ ეს პოსტი შეურაცხმყოფელად მიიჩნია. 

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის დარღვევის საბაბითაც დაეკისრა ვასო ბერიძეს ჯარიმა, სახდელის სახით 500-დან 3000 ლარამდე ჯარიმას ან 20 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.

ეს ვასო ბერიძის დაჯარიმების მეორე შემთხვევაა. აქტივისტი სასამართლომ პირველად  2026 წლის 28 ივლისს დააჯარიმა, თბილისის საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავების შემდეგ. მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ მას 5000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.

ვასო ბერიძის საქმე უკავშირდება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული კომენტარების გამო დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებებს, რომლებიც შსს-ში ახლად შექმნილი „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს“ პრაქტიკის ნაწილია. აღნიშნული სამმართველოს მიერ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებების ფარგლებში, საქართველოში უკვე ასობით ადამიანი დააჯარიმეს. ათობით ადამიანს კი ადმინისტრაციული პატიმრობები შეუფარდეს.

სამოქალაქო აქტივისტი, დუტა ჯავახიშვილი, 5 000 ლარით დააჯარიმეს აქციაზე ფერადი კვამლის გაშვების გამო

სამოქალაქო აქტივისტი, შშმ პირი, დუტა ჯავახიშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კობა ჩაგუნავამ 5 000 ლარით დააჯარიმა, 26 მაისის აქციაზე კვამლის გაშვების გამო. 

დუტა ჯავახიშვილი,სამართალდამრღვევად ცნეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-9 ნაწილით. აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით 60 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.ვინაიდან დუტა ჯავახიშვილს შშმ პირის სტატუსი აქვს,  სასამართლომ მას პატიმრობის სანაცვლოდ ფინანსური სანქცია –  ჯარიმა დააკისრა.

სამოქალაქო აქტივისტის თქმით, ამგვარი გადაწყვეტილებებით, სახელმწიფო შშმ პირებზე “რეპრესიებს ახორციელებს”.

იუმორისტი დავით როსტომაშვილი აქტივისტ გოტა ჭანტურიას სასამართლოში უჩივის

სამოქალაქო აქტივისტი გოტა ჭანტურია სოციალურ ქსელში წერს, რომ იუმორისტი დავით როსტომაშვილი ზესტაფონის სასამართლოში ცილისწამებისთვის უჩივის. იუმორისტი აქტივისტს მისი მისამართით სიტყვა “მევახშის” გამოყენებას ედავება.

ამ საჩივრის შესახებ გოტა ჭანტურიამ “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტისგან შეიტყო, რომელიც კომენტარისთვის დაუკავშირდა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც მისმა მოძრაობამ, “სოციალ-დემოკრატებმა”, პარტიად რეგისტრაციაზე შეიტანა განაცხადი. აქტივისტი აღნიშნულ სამართლებრივ დავას ამ ფაქტს უკავშირებს.

ჭანტურიას მონაყოლით,  საქმე ეხება თერჯოლაში, დავით როსტომაშვილის მიერ ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას, რომელსაც ადგილობრივები აპროტესტებენ. აქტივისტი წერს, რომ მას შემდეგ რაც ადგილობრივები დაუკავშირდნენ, ჩავიდნენ ადგილზე და ვიდეომასალა მოამზადეს. ამ ვიდეოში იყენებს აქტივისტი სიტყვა “მევახშეს”. 

“ბევრგან ვიკითხე და ბევრგან დამიდასტურეს მისი კავშირები მევახშეობასთან. ზოგი შეიძლება მზად იყოს საჯაროდ საუბრისთვის, ზოგიც – არა. თქვენც შეიძლება გქონდეთ ეს ინფორმაცია და იცოდეთ ამის შესახებ, იმდენად საქვეყნოდ ცნობილი ინფორმაციაა. სხვა თუ არაფერი, რეესტრშიც მარტივად გადასამოწმებელი მგონია. ცხადია, ჩვენს პოლიტიკურ საქმიანობას და მოძრაობის პარტიად გარდაქმნას ვუკავშირებ. აბა, სხვა მხრივ დავით როსტომაშვილს რატომ უნდა აწყობდეს, რომ მთელმა ქვეყანამ ისევ მის საქმიანობაზე ისაუბროს”, – წერს აქტივისტი.

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი,  არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების დისკრედიტაციას ეწევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა არასამთავრობო სექტორი საქართველოს მტრად მოიხსენია, პროევროპული საპროტესტო აქციები კი ანტიქართულ აქციად. 

“მიაკვლიეთ, ვინ დააფინანსა ეს კონკრეტული ანტიქართული აქცია, ვინ მისცა ფული საია-ს და ბაია პატარაიას – როგორც კი ფულის წყაროს ნახავთ, ნახავთ თუ ვინ მტრობს საქართველოს! – ამ განცხადებით გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვარშავაში გამართულ ეუთოს კონფერენციას, რომელსაც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი თამარ ონიანი და „საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია ესწრებოდნენ. ბაია პატარაია ამ შეხვედრას საპროტესტო ბანერით ესწრებოდა. 

ამ ამბავს ეუთოს წევრი ქვეყნები გამოეხმაურნენ. მათ შალვა პაპუაშვილს შეახსენეს, წევრი ქვეყნების ქცევის კოდექსი. “შეშფოთებული ვართ ქართველი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ ამ კონფერენციაში მათ მონაწილეობასთან დაკავშირებით გამოთქმული კომენტარებით, აგრეთვე, ვარშავის ადამიანური განზომილების კონფერენციის მონაწილე სხვადასხვა უფლებადამცველისგან მიღებული ცნობებით. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეუთოს ღონისძიებებში უსაფრთხო მონაწილეობა, ყოველგვარი საპასუხო ზომების გარეშე“, – განაცხადა ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის, შვეიცარიის წარმომადგენელმა.

აქტივისტი სერგეი ყანჩელი ამბობს, რომ პოლიციის მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორების, სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მუქარის მსხვერპლი გახდა

საპროტესტო აქციების მონაწილე სერგეი ყანჩელი ამბობს, რომ 27 სექტემბერს პოლიციის მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორების, სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მუქარის მსხვერპლი გახდა. მისი თქმით, პოლიციელებმა კუკიის სასაფლაოს მიმდებარედ გააჩერეს, შემდეგ კი სასაფლაოს ტერიტორიაზე გადაიყვანეს, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ და ემუქრებოდნენ ცეცხლსასროლი იარაღითა და დანით. აქტივისტის განცხადებით, მას ასევე აიძულებდნენ სექსუალური ხასიათის ქმედების შესრულებას.

სერგეი ყანჩელი პოლიციის მხრიდან ძალადობას თავის სამოქალაქო პოზიციას უკავშირებს. მომხდარის გამო აქტივისტი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა.

8 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პროკურატურამ სერგეი ყანჩელის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ახმეტის მერიამ, პანკისში, “ჯოყოლოს საგანმანათლებლო ცენტრს” შენობის დაცლა მოსთხოვა

აღმოსავლეთ საქართველოში, პანკისის ხეობაში “ჯოყოლოს საგანმანათლებლო ცენტრი” დაიხურა. ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა 5 ოქტომბერს, შენობიდან ინვენტარის გატანა დაიწყეს.

ცენტრი 2014 წლიდან “კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის” ბაზაზე მუშაობდა. შენობა, სადაც ცენტრი ფუნქციონირებდა, ახმეტის მერიას ეკუთვნის და ორგანიზაციას იჯარით ჰქონდა დაქირავებული. “კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის” ხელმძღვანელის იზა ბექაურის თქმით, ცენტრის დახურვა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ახმეტის მერიიდან შენობის ქირავნობის გაგრძელებაზე უარი მიიღეს. ბექაურის თქმით, ცენტრს მუშაობა 2026 წლის თებერვლიდან ჰქონდა შეჩერებული “მიღებული კანონების” გამო.

“ჯოყოლოს საგანმანათლებლო ცენტრი” პანკისის ხეობაში არაფორმალური განათლების მიღების ერთადერთი საშუალება იყო. ამ ცენტრში სკოლის მოსწავლეებისთვის სხვადასხვა საგანში მოსამზადებელი წრეები ფუნქციონირებდა. ასევე, არსებობდა სხვადასხვა კურსები პანკისელი ქალებისთვის.  “კახეთის რეგიონული განვითარების” ფონდის ინფორმაციით, ყოველწლიურად საგანმანათლებლო ცენტრში არაფორმალურ განათლებას იღებდა 150-მდე პანკისელი.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აქტივისტი და პოლიტიკოსი, თეონა ჭალიძე, რადიოს წინასწარ შეთანხმებული გადაცემიდან ჩახსნა

6 ოქტომბერს, დამოუკიდებელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და სამოქალაქო აქტივისტი თეონა ჭალიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა „საქართველოს რადიოს“ წინასწარ შეთანხმებული გადაცემიდან ჩახსნა,  გადაცემა კი ეთერში საერთოდ აღარ გაუშვა.

ვიდრე  წინასწარ დაგეგმილ და შეთანხმებულ გადაცემაში მონაწილეობაზე უარს ეტყოდნენ, თეონა ჭალიძე მაუწყებლის შენობასთან მიმდინარე, პატიმარ გიორგი დავითაძის მხარდამჭერ აქციაზე იმყოფებოდა. მან საპროტესტო ბანერი –  „არა წამებას!“ და „დაუთმეთ ეთერი პატიმრების მშობლებს“ – ტელევიზიის ეზოშიც გაშალა. 

აქტივისტი ჰყვება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოს გადაცემაში პენიტენციურ სისტემაში არსებულ პრობლემებზე უნდა ესაუბრა. თემაც და სტუმრობაც გადაცემის წამყავნა წინა დღეს შეუთანხმა. იმ დღეს, გადაცემაში მისულს, შენობის ფოიეში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ “მაღლაფერიძეს თავის მოსაზრებები ჰქონდა.  მითხრა, რომ არ აპირებს აქციების ორგანიზატორებთან რაიმე კომუნიკაციას, ან აქციებით დაყენებული მოთხოვნების შესრულებას. ბოლოს, რომ დავასრულეთ საუბარი, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და გადაცემის პროდიუსერს უთხრა: „აქციას გიწყობს და ეთერში იწვევ?“- იხსენებს აქტივისტი. ამის შემდეგ მას განუცხადეს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოგადაცემაში სტუმრად დაბლოკილია და უკან გამოაბრუნეს.

პროსამთავრობო მედიამ სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლების სტრასბურგში ვიზიტი დისკრედიტაციულად გააშუქა

პროსამთავრობო მედია, ტელეკომპანია “იმედი”, ნინო დოლიძის, გიორგი ბურჯანაძისა და გიორგი ონიანის სტრასბურგში ვიზიტს გამოეხმაურა. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს შეხვდნენ.

„ქრონიკის“ მასალაში ვიზიტი დისკრედიტაციულ კონტექსტში გაშუქდა და შეფასდა როგორც „ნაცნობი სცენარი“ და „საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ“ მოქმედება. სიუჟეტში ითქვა, რომ ალენ ბერსესთან შეხვედრის თემა, მათივე „მისაღებ მედიაში“ გაკეთებული განცხადებების მიხედვით, კვლავ „სანქციები და სადამსჯელო მექანიზმები“ იყო.

ანალოგიური ნარატივი გაავრცელეს სხვა პროსამთავრობო მედიებმაც, მათ შორის POSTV-მ. აღნიშნულ მასალებში სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლების ვიზიტი და საერთაშორისო შეხვედრები კვლავ ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად და სანქციების მხარდაჭერის მცდელობად იყო წარმოჩენილი.

ამგვარი გაშუქება სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლების საერთაშორისო ადვოკატირებას ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად წარმოაჩენს. მასალა იმეორებს ნარატივს, რომლის მიხედვითაც კრიტიკული სამოქალაქო აქტორების საქმიანობა არა დემოკრატიული პროცესებისა და ადამიანის უფლებების დაცვისკენ, არამედ სახელმწიფოს დაზიანებისკენ არის მიმართული.