შსს-მ „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტი, ნინო ბაიდაური, 5,000 ლარით დააჯარიმა

2025 წლის 4 ივნისს, ონლაინ გამოცემა „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტინინო ბაიდაური შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5,000 ლარით დააჯარიმა. მას 21 მარტს რუსთაველის გამზირის გადაკეტვას ედავებიან.

ჟურნალისტმა აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა და თან დაურთო შსს-სგან გამოგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინება:

„თქვენ დაჯარიმდით 174-ე პრიმა მუხლის მეხუთე ნაწილით. თარიღი: 21/03/2025. ადგილი: თბილისი, რუსთაველის გამზირი, პარლამენტის შენობის მიმდებარედ.“

საჯაროდ გავრცელებულ წყაროებზე დაყრდნობით, მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრი (CMIS) 2024 წლის 28 ნოემბრიდან აღრიცხავს  პროევროპული პროტესტის გაშუქებისას გზის გადაკეტვის საფუძველზე ჟურნალისტების დაჯარიმების შემთხვევებს, რომელთა შესახებაც საჯაროდ მოიპოვება ინფორმაცია.

“TV პირველის” ჟურნალისტს, თამთა დოლენჯაშვილს, “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი  ფიზიკურად შეეხო

2025 წლის 31 მაისს, “TV პირველის” გადაცემა “ მელაძის შაბათის”  ეთერში გავიდა თამთა დოლენჯაშვილის ჟურნალისტური გამოძიება პარტია “ქართული ოცნების” ყოფილი წევრების ფიქტიური დასაქმების შესახებ მაღალანაზღაურებად პოზიციებზე სხვადსახვა სახელმწიფო კომპანიებში.  ჟურნალისტი ერთ-ერთ ასეთ პირს, ლუკა კურტანიძეს, “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატს საქართველოს პარლამენტის შენობაში შეხვდა და კითხვების დასმა სცადა, თუმცა მისი მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტების ნაწილს კვლავ არ უშვებენ

2025 წლის 30 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში, უკვე მესამედ, ჟურნალისტებს ეზღუდებათ ტექნიკით შესვლა და საქმიანობა. სასამართლოს შენობაში არ შეუშვეს ის  ჟურნალისტები, რომლებსაც არ ჰქონდათ სასამართლო დარბაზიდან პროცესის გაშუქების წინასწარი ნებართვა, თუმცა ჟურნალისტს  ამგვარი წინასწარი ნებართვა არ სჭირდება საქმიანობის სასამართლოს დარბაზს გარეთ განსახორციელებლად. 

სასამართლოში დღეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ლიდერის – ნიკა მელიას საქმე იხილებოდა, რომელსაც მართლმსაჯულება საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არმისვლას ედავება.

ჟურნალისტების განმარტებით, სასამართლო სხდომაზე არ უშვებდნენ იმ კორესპონდენტებს, რომლებსაც ფოტო ან/და ვიდეო აპარატურა ჰქონდათ; ჟურნალისტებს მხოლოდ გადასაღები ტექნიკის გარეშე სხდომაზე დასწრების უფლება მიეცათ.

სასამართლოს პრესსამსახურის ზეპირი განმარტებით, შეზღუდვა უსაფრთხოების ნორმებს უკავშირდება: „უსაფრთხოებიდან გამომდინარე დღეს არის შეზღუდვა. სასამართლოს შენობაში შემოვა მხოლოდ ის მედიასაშუალება, ვინც დაშვებული იქნება უშუალოდ პროცესის გაშუქებაზე. ამაზე მეტს, ვერაფერს ვერ გეტყვით“.

კორესპონდენტების ნაწილს საქალაქო სასამართლოში პროცესზე დასწრება შეეზღუდა  

2025 წლის 29 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის ხმაურიანი პროცესის სხდომა იყო ჩანიშნული, რომელიც მოსამართლე ნანა შამათავას გადაწყვეტილებით სასამართლოს მცირე დარბაზში ჩატარდა და მიუხედავად იმისა, რომ საჯარო ინტერესი მაღალი იყო, მედიის ნაწილმა ვერ შეძლო პროცესზე დასწრება. სხდომას ბრალდებულის ახლობლების და ოჯახის წევრების ნაწილიც ვერ დაესწრო.

შეგახსენებთ, ბიზნესმენი გიორგი ბაჩიაშვილი მმართველი პოლიტიკური გუნდის, “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის “საპარტნიორო ფონდს” ხელმძღვანელობდა. მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა 2023 წელს დაიწყო, ქართული მართლმსაჯულება მას, 500 მილიონის ღირებულების ბიტკოინების მითვისებას ედავება. აღნიშნულ გამოძიებას “ბიტკოინების საქმეს” უწოდებენ.

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” და “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო სხდომას ეხმაურებიან: “სასამართლოს მხრიდან პროცესის ამგვარი ორგანიზება, როდესაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეზე სხდომა პატარა დარბაზში ატარებს,  არღვევს საჯარო განხილვის პრინციპს, რომელიც სამართლიანი სასამართლო განხილვის შემადგენელი ნაწილია. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც სასამართლოს ამ საკითხის აღმოფხვრის გონივრული შესაძლებლობა ჰქონდა, სხდომის დაწყების მომენტისთვის თავისუფალია სასამართლოში არსებული ორი ყველზე დიდი დარბაზი (პირველი და მეორე დარბაზები)”. 

“აჭარა თაიმსის” ჟურნალისტს ხელვაჩაურის საკრებულო ფიზიკური ძალის გამოყენებით დაატოვებინეს

2025 წლის 23 მაისს, “აჭარა თაიმსის” დამფუძნებელს და რედაქტორს, სულხან მესხიძეს, რომელიც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის გასაშუქებლად იყო მისული, საკრებულოს სხდომების ოთახი სრულად სავსე დახვდა, რა მიზეზითაც, მას უარი უთხრეს სხდომათა დარბაზში შესვლაზე.

ჟურნალისტის განცხადებით, დარბაზის სრულად შევსება, ხელოვნურად ხდება საკრებულოს თანამშრომლებით, რათა საზოგადოების წარმომადგენლებს და მედიას არ მიეცეს შესაძლებლობა დაესწროს საჯარო სხდომას და ჩაერთონ დისკუსიაში.

მას შემდეგ, რაც სულხან მესხიძემ უარი განაცხადა საკრებულოს სხდომის დარბაზის დატოვებაზე, მას ხელვაჩაურის სარკებულოს შენობა ფიზიკური ძალის გამოყენებით დაატოვებინეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

ფოტო და ვიდეო კამერით აღჭურვილი კორესპონდენტები სასამართლოს შენობაში არ შეუშვეს

2025 წლის 22 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ზურაბ-გირჩი ჯაფარიძის, სასამართლო პროცესი იმართებოდა. ამ პროცესის მიმართ საჯარო ინტერესი მაღალია, შესაბამისად მედიის ინტერესიც. მიუხედავად ამისა, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის გასაშუქებლად მისული კორესპონდენტები, რომლებსაც ფოტო ან ვიდეო კამერა ჰქონდათ, სასამართლოს შენობაში არ შეუშვეს.

ჟურნალისტების განმარტებით, სასამართლოს შენობაში შესვლის წესი დღეს დახვდათ შეცვლილი, წინასწარი შეტყობინების გარეშე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს დაცვის თანამშრომლებს ჟურნალისტებისთვის არ განუმარტავთ შენობაში არ შეშვების მიზეზი, მედიის წარმომადგენლები დაცვის სამსახურმა სასამართლოს პრესსამსახურთან გადაამისამართა. პრესსამსახური მედიის ზარებს არ პასუხობდა.

მედიის წარმომადგენლების სასამართლო სხდომებზე და სხვა საჯარო დაწესებულებებში არ შეშვების საკითხი, უკვე  ტენდენციურ ხასიათს ატარებს.

მედიის ნაწილს პარლამენტში მუშაობა შეეზღუდა

2025 წლის 14 მაისს, საქართველოს პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების ე.წ. “ყვითელი დონე” გამოაცხადდა, რის საფუძველზეც, აკრედიტებული ტელემაუწყებლების გარდა, ყველა სხვა მედიას საკანონმდებლო ორგანოში მუშაობა შეეზღუდა. პარლამენტში დაიშვებოდნენ მხოლოდ ტელემაუწყებლების აკრედიტებული ჟურნალისტები, თუმცა, არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან.

აღნიშნული შეზღუდვა ამოქმედდა იმ დღეს, როდესაც, პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს ყოველწლიური ანგარიში და მომდვენო წლის სტრატეგიული გეგმა უნდა წარედგინა. 

შეზღუდვა ამოქმედდა “საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად. „უსაფრთხოების ყვითელი დონის” გამოცხადების მიზნად დასახელებული იყო „საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა”

შალვა პაპუაშვილის 2023 წლის  ბრძანების საფუძველზე, საქართველოს პარლამენტში არააკრედიტებულ მედიას არაერთხელ შეუზღუდეს მუშაობის საშუალება.

მოსამართლეების კონფერენციაზე ჟურნალისტები არ შეუშვეს

2025 წლის 7 მაისს, თბილისში, მოსამართლეთა კონფერენცია გაიმართა, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ გარდა, არც ერთი მედიის წარმომადგენელი არ დაუშვეს. TV პირველის ინფორმაციით, ჟურნალისტ მარიამ გაფრინდაშვილსა და მის ოპერატორს ეზოში შესვლის პრობლემაც შეუქმნეს

მარიამ გაფრინდაშვილის თქმით, ჟურნალისტებს მოსამართლეებისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა სასამართლოს ეზოშიც არ ეძლეოდათ, რადგან მოსამართლეთა უმრავლესობა დაცვის თანხლებით გადაადგილდებოდა და იყენებდა არა ცენტრალურ შესასვლელს, არამედ შენობაში შედიოდა სარდაფიდან ან სამზარეულოს მხრიდან. 
მოსამართლეთა ყრილობა „პარაგრაფ თბილისში“ გაიმართა — სასტუმროში, რომელიც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას ეკუთვნის.

“TV პირველის” გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ და ტექნიკა წაართვეს

2025 წლის 12 მაისს, ქვემო ქართლში, “TV პირველის” გადამღებ ჯგუფს, რომელიც ყოფილი ვიცე გუბერნატორის გიორგი შინჯიკაშვილის გადადგომის მიზეზებს არკვევდა, ჩინოვნიკის მამა ფიზიკურად გაუსწორდა.

როგორც ჟურნალისტი აღწერს, შინჯიკაშვილის მამამ მას სახეში ხელი გაარტყა, ფიზიკურად იძალადა არხის ოპერატორზეც. ამავდროულად, გაიტაცა ტელევიზიის კუთვნილი კამერა და ჟურნალისტის პირადი მობულიური ტელეფონი და ისინი მხოლოდ 40 წუთის შემდეგ დააბრუნა. თავდასხმის შედეგად ჟურნალისტმა ტვინის შერყევა მიიღო. მას სამედიცინო დახმარება დასჭირდა. 

მომხდარისთანავე გადამღებმა ჯგუფმა ადგილზე პოლიცია გამოიძახა. ტელეკომპანიის ცნობით, შსს-ს თანამშრომლები ადგილზე ერთი საათისა და 20 წუთის დაგვიანებით მივიდნენ. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა  შემთხვევის მოკვლევა დაიწყო

“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” მომხდარზე პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებს. ორგანიზაციის განცხადებით, მმართველი პარტიის რეპრესიული პოლიტიკა მედიის მიმართ ქმნის გარემოს, სადაც ჟურნალისტების უსაფრთხოება და უფლებები დაცული არ არის და სადაც ადამიანები თავს უფლებას აძლევენ, ჟურნალისტებს თავს დაესხან და ფიზიკურად გაუსწორდნენ: “ამ ფონზე კი დღემდე არ არის გამოვლენილი და პასუხისგებაში მიცემული არცერთი პირი, რომელმაც ბოლო თვეების განმავლობაში ჟურნალისტებზე იძალადა”. “მედიის ადვოკატირების კოალიციის” შეფასებით, მომხდარი “კიდევ ერთხელ მკაფიოდ წარმოაჩენს ქვეყანაში მედიის თავისუფლებისა და უსაფრთხოების კრიტიკულ მდგომარეობას”.

პოლიციამ ფოტოჟურნალისტს ხელი შეუშალა

2025 წლის 7 მაისს, პოლიციამ ონლაინ გამოცემა “პუბლიკის” ფოტოჟურნალისტნ ზურაბ ცერცვაძეს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალა. მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ პოლიციას ჟურნალისიტი ძალის გამოყენებით გაჰყავს იმ სივრციდან, სადაც “ქართული ოცნების” ყრილობა მიმდინარეობდა.

“ქართული ოცნების” ყრილობაზე არც ონლაინ მედია დაუშვეს. პარტიის პრესსამსახურმა, მოუწოდა მედიის წარმომადგენლებს ეხელმძღვანელათ პირდაპირი ტრანსილაციით.