2025 წლის 19 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ მედიის წარმომადგენლებს არ მისცა სრულყოფილად მუშაობის საშუალება. ამ დღეს, სასამართლოში სინდისის პატიმრის, არჩილ მუსელიანცის, საქმე განიხილებოდა.
როგორც ჟურნალისტები ჰყვებიან, სასამართლო პროცესი იმართებოდა მინის კარ-ფანჯრით გაყოფილ დარბაზში, გამყოფ ტიხარს მიღმა არ აღწევდა მოსაუბრეების ხმა, რის გამოც, მედიის წარმომადგენლებმა მოსამართლეს მიკროფონების შიდა სივრცეში დადება სთხოვეს, მოსამართლემ კი მათ ამის უფლება არ მისცა.
მედიის წარმომადგენლებმა პროცესი დატოვეს, რადგან, მათი თქმით, დარბაზში ხმა არ ისმოდა და შეუძლებელი იყო სხდომის შინაარსის გაგება.
ბოლო პერიოდში, სასამართლო სისტემა მნიშვნელოვნად ზღუდავს მედიის საქმიანობას სასამართლო პროცესების გაშუქებასთან დაკავშირებით. 2025 წლის 22 მაისიდან 19 ივნისამდე პერიოდში, თბილისის საქალაქო სასამართლოში დაფიქსირდა ოთხი შემთხვევა (22, 23, 29 და 30 მაისს), როდესაც შენობაში არ შეუშვეს ფოტო/ვიდეო კამერებით აღჭურვილი რეპორტიორები. 10 და 11 ივნისს სხდომა მედიისთვის, მათ შორის მათთვისაც, ვისაც გადაღების უფლება ჰქონდა, სრულად დახურეს. ასევე 11 ივნისს, მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი “პუბლიკის” ჟურნალისტს სასამართლო პროცესზე ფოტოების გადაღების აკრძალვით დაემუქრა. ყველა შემთხვევა მაღალი საჯარო ინტერესის იმ პროცესებზე მოხდა, რომელთაც პოლიტიკურ საქმეებად მიიჩნევენ.
მედიის ადვოკატირების კოალიცია სასამართლოს ახალ პრაქტიკას უკანონო ქმედებებად მიიჩნევს. ორგანიზაციის განცხადებით, ეს სახიფათო პრეცედენტს ქმნის და ცხადყოფს “ქართული ოცნების” მიზანმიმართულ შემზღუდველ პოლიტიკას მედიასთან. “სასამართლო პროცესებზე მედიის დაშვების აკრძალვა არა მხოლოდ ჟურნალისტების უფლებების დარღვევაა, არამედ მთელი საზოგადოების ინფორმირებულობის უფლების ხელყოფაც”, – ნათქვამია განცხადებაში.
2024 წლის 28 აპრილს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაშავდა “TV პირველის” ოპერატორი ნიკო კოკაია.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ოპერატორ ნიკო კოკაიას პოლიციამ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, წიწაკის სპრეი სახეში შეასხა.
2025 წლის 5 მაისს, სასამართლო პროცესზე, სადაც განიხილებოდა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმე, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა სხდომის დარბაზიდან ნესტან ცეცხლაძე გააძევა.
მზია ამაღლობელის მიმართვას დარბაზში ტაში და ხმაური მოჰყვა. მოსამართლემ შენიშვნა მისცა სხდომაზე დამსწრეებს, ხოლო ნესტან ცეცხლაძე დარბაზიდან გააძევა მისი საპროტესტო წამოძახილის გამო.
„თქვენ ხართ სანქცირებული მოსამართლე“, – უთხრა ნესტან ცეცხლაძემ მოსამართლეს, სანამ დარბაზს დატოვებდა.
2025 წლის 7 ივნისს, ჭანტურიას ქუჩაზე, დამოუკიდებელი ფოტოგრაფი პაატა ვარდანაშვილი აშუქებდა აქცია-პერფორმანსს, რომლის დროსაც აქტივისტთა ნაწილი ზებრაზე უწყვეტი სიარულით გამოხატავდა პროტესტს. ამ ფორმის პროტესტმა ავტობუსის მძღოლი გააღიზიანა — ის თავდაპირველად აქტივისტებს დაუპირისპირდა, შემდეგ კი ავტობუსი განზრახ შეაჯახა ფოტოგრაფ პაატა ვარდანაშვილს. ამ ფაქტის შესახებ ფოტოგრაფმა პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
“ავტობუსის მძღოლი რომელიც გამორჩეოდა აგრესიით. როდესაც ზებრა გადასასვლელის პერფორმანსი დასრულდა, დაუწყო გინება მონაწილეებს. მე ვიღებდი გზის კიდიდან რა დროსაც შეგნებულად აიღო საჭე მკვეთრად მარჯვნივ და დამარტყა ავტობუსი, სახელმწიფო ნომრით ZA-434-UR ხაზს გავუსვამ რომ მაცვია სრული ეკიპირება და ადვილად აღქმადი პრესის ნიშანი ყველა მხრიდან” – დაწერა ვარდანაშვილმა და პოსტს თან დაურთო ვიდეომასალაც, რომელიც ადასტურებს მომხდარ შემთხვევას.
ტელეკომპანია “ფორმულას” კიდევ ერთ ჟურნალისტსა და ტელეწამყვანს ირაკლი ტაბლიაშვილს 2025 წლის 24 თებერვალს „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავებიან. ის 5 000 ლარით დააჯარიმეს. ჟურნალისტმა ჯარიმა გაასაჩივრა, თუმცა საქმის განხილვისა, თუ შედეგების შესახებ მისთვის არ უცნობებიათ.
„ქართულმა ოცნებამ“ პროევროპული პროტესტების კონტექსტში გაზარდა ჯარიმების ოდენობა, რომლებიც 28 ნოემბრის შემდეგ დაიწყო. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, გზის უკანონო გადაკეტვისთვის ჯარიმა ათჯერ გაიზარდა – 500 ლარიდან 5 000 ლარამდე.
“რადიო თბილისის” ჟურნალისტი მერაბ მერკვილაძე ორჯერ, 10 000 ლარით დააჯარიმეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას 18 და 19 მარტს “გზის ხელოვნურად გადაკეტვას” ედავება. ჟურნალისტმა ჯარიმა გაასაჩივრა. საქმე ამ დრომდე არ არის განხილული.
„ქართულმა ოცნებამ“ პროევროპული პროტესტების კონტექსტში გაზარდა ჯარიმების ოდენობა, რომლებიც 28 ნოემბრის შემდეგ დაიწყო. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, გზის უკანონო გადაკეტვისთვის ჯარიმა ათჯერ გაიზარდა – 500 ლარიდან 5 000 ლარამდე.
2025 წლის 11 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ, საპროტესტო აქციებზე დაკავებული გიორგი ახობაძის პროცესის მიმდინარეობისას, მოულოდნელად, სხდომის დახურვის შესახებ გამოაცხადა. პროცესი ჟურნალისტებს ისევ ახსნა-განმარტების გარეშე დაატოვებინეს, მათ შორის იმათაც, ვისაც პროცესის გადაღების უფლება ჰქონდათ.
ონლაინ გამოცემა “პუბლიკის” ჟურნალისტი ნათია ამირანაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მათ სხდომაზე წესრიგი არ დაურღვევიათ: “მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სასამართლოს მთავარი საზრუნავი მედიის ჩახსნა და განეიტრალებაა და ნიადაგის მომზადება სწორედ ამ მიზნით ხდება”.
ბოლო პერიოდში სასამართლო სისტემა მნიშვნელოვნად ზღუდავს მედიის საქმიანობას სასამართლო პროცესების გაშუქებასთან დაკავშირებით. 2025 წლის 22 მაისიდან 11 ივნისამდე პერიოდში, თბილისის საქალაქო სასამართლოში დაფიქსირდა ოთხი შემთხვევა (22, 23, 29 და 30 მაისს), როდესაც შენობაში არ შეუშვეს ფოტო/ვიდეო კამერებით აღჭურვილი რეპორტიორები. 10 ივნისს კი სხდომა მედიისთვის, მათ შორის მათთვისაც, ვისაც გადაღების უფლება ჰქონდა, სრულად დახურეს. ყველა შემთხვევა მაღალი საჯარო ინტერესის, იმ პროცესებზე მოხდა, რომელთაც პოლიტიკურ საქმეებად მიიჩნევენ.
მედიის ადვოკატირების კოალიცია” აცხადებს, რომ აღნიშნული ქმედებები სახიფათო პრეცედენტს ქმნის და ცხადყოფს “ქართული ოცნების” მიზანმიმართულ შემზღუდველ პოლიტიკას მედიასთან.
“სასამართლო პროცესებზე მედიის დაშვების აკრძალვა არა მხოლოდ ჟურნალისტების უფლებების დარღვევაა, არამედ მთელი საზოგადოების ინფორმირებულობის უფლების ხელყოფაც. ამ ქმედებებით “ქართული ოცნება” ცდილობს მოქალაქეებს ჩამოართვას ინფორმაცია მნიშვნელოვან სასამართლო გადაწყვეტილებებზე და შეზღუდოს მათი ანგარიშვალდებულების მოთხოვნის შესაძლებლობა”, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.
2025 წლის 10 ივნისს, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა პროევროპული აქციების დროს დაკავებული 11 პირის სხდომა დახურა და დარბაზიდან მედიის წარმომადგენლები ახსნა-განმარტების გარეშე გაუშვა. აღსანიშნავია, რომ სხდომა დაატოვებინეს მედიის იმ წარმომადგენლებს, რომლებსაც გადაღების უფლება ჰქონდათ.
ონლაინ გამოცემა “პუბლიკა” წერს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება მოჰყვა დარბაზიდან გაკეთებულ კომენტარს, რომლის თანახმადაც, პროცესის მსვლელობის მანძილზე, პროცესის მონაწილეებს საჭმლის მიღების საშუალება არ ჰქონდათ. მიუხედავად ჟურნალისტების მოთხოვნისა, მოსამართლემ მხოლოდ გადაწყვეტილება გამოაცხადა, განმარტების გარეშე.
ბოლო პერიოდში სასამართლო დაუსაბუთებელ დაბრკოლებებს უქმნის მედიას პროფესიული მოვალეობის შესრულებაში.
2025 წლის 9 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში, პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს “TV პირველის” და “პუბლიკის ჟურნალისტებს.
“პუბლიკის” ჟურნლისტს ნათია ამირანაშვილს, ნიკა კაციას საქმეზე გამოკითხვაზე მოწმის სახით დაბარებული პოლიციელი გიორგი როსოფიძე ფიზიკურად დაუპირისპირდა და კითხვის დასმის შესაძლებლობას არ აძლევდა.
ონლაინ გამოცემა „პუბლიკის“ მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ პოლიციელი ჟურნალისტ ნათია ამირანაშვილისთვის მიკროფონის წართმევას ცდილობს, პოლიციის ე.წ. თანმხლები პირები კი მას ძალით აჩერებენ და კითხვის დასმის საშუალებას არ აძლევენ. “TV პირველის” ჟურნალისტმა, ნანუკა ქაჯაიამ, გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ უშლის ხელს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში მას მანდატურის სამსახურის წარმომადგენელი.
2025 წლის 3 ივნისს, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ “TV პირველის” ოპერატორს, სერგი ბარამიძეს.
ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ოპერატორი კადრებს იღებს, რა დროსაც მასთან მიდის, სავარაუდოდ, დეპარტამენტის დაცვის თანამშრომელი და ცდილობს, ძალის გამოყენებით გაიყვანოს ადგილიდან. უნდა აღინიშნოს, რომ “TV პირველის” გადამღები ჯგუფი არა გდდ-ს ბაზაზე, არამედ გარე პერიმეტრზე იმყოფებოდა. ჟურნალისტ ნანუკა ქაჯაიას თქმით, ოპერატორზე თავდასხმა მოჰყვა კითხვას, რომელიც გდდ-ის ხელმძღვანელ ზვიად ხარაზიშვილს, იგივე “ხარებას” შეეხებოდა. “TV პირველის” გადამღები ჯგუფი ცდილობდა გაერკვია, ეხებოდა თუ არა ზვიად ხარაზიშვილს საკადრო ცვლილებები, რომლებიც შსს-ში ახალი მინისტრის – გელა გელაძის მისვლის შემდეგ მიმდინარეობს.