2025 წლის 19 მაისს, “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, დამოუკიდებელი ონლაინ გამოცემები “პუბლიკა” და “On.ge” პროპაგანდისტულ მედიებად მოიხსენია და კოორდინირებულ ქმედებასა და ფაქტის მიჩქმალვაში დაადანაშაულა.
შალვა პაპუაშვილის თავდასხმა მოჰყვა გამოცემების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ “ქართული ოცნების” ერთ-ერთი წევრის, დეპუტატ მარიამ ლაშხის, მისამართით აქტივისტები საჯარო სივრცეში ამბობდნენ – “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, არა რუსულ რეჟმს, არა რუსეთის მონებს”, ლაშხმა კი აქტივისტებს სასამართლოში უჩივლა.
“მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მსგავსად, ბრიუსელმაც უარი თქვას პროპაგანდისტული მედიების დაფინანსების მავნე პრაქტიკაზე”, ნათქვამია პაპუაშვილის პოსტში.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის შალვა პაპუაშვილის მხრიდან დამოუკიდებელი გამოცემების დისკრედიტაციის პირველი შემთხვევა. 2025 წლის 1 თებერვალს, მან ასევე “პუბლიკა” სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის მოწოდების რეკლამირებაში დაადანაშაულა მხოლოდ იმის გამო, რომ გამოცემას დაგეგმილი აქციის შესახებ ჰქონდა გავრცელებული პოსტერი. უფრო ადრე, 2024 წლის 20 თებერვალს მან “მთის ამბების” რედაქტორი, გელა მთივლიშვილი, დაადანაშაულა დეზინფორმაციის გავრცელებაში და საჯაროდ მოითხოვა განმარტება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისგან, თუ რატომ მოხვდა მთივლიშვილის საგამოძიებო სტატია ჟურნალისტური კონკურსის – “ევროკავშირის პრიზის”, ფინალისტებში.
2025 წლის 1 თებერვალს, პარტია “ქართული ოცნების” ლიდერმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, ონლაინ გამოცემა “პუბლიკა” სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის მოწოდების რეკლამირებაში დაადანაშაულა.
აღნიშნული განცხადება პაპუაშვილმა ონლაინ გამოცემა “პუბლიკის” მიერ გამოქვეყნებულ ფეისბუკ პოსტს მიუძღვნა, რომელიც 2 თებერვალს “თბილისი მოლთან” დაგეგმილ აქციას ეხებოდა. აღნიშნული საპროტესტო აქცია იმართება “რეჟიმის ტყვეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისა” და “ახალი არჩევნების” მოთხოვნით.
“ქართული ოცნების” ლიდერის მიერ, მედიის დამნაშავედ გამოცხადებას გამოეხმაურა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია – „ქართული ოცნების“ რეპრესიული პოლიტიკა დამოუკიდებელი მედიის მიმართ 1 თებერვალს ახალ საფეხურზე გადავიდა, როდესაც შალვა პაპუაშვილმა მედიის მიერ საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესრულება მანიპულაციურად დააკავშირა 31 იანვარს სახელდახელოდ მიღებულ, შეკრების უფლების შემზღუდავ შესწორებასთან მთავრობის #361 დადგენილებაში და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე ალაპარაკდა” – ვკითხულობთ გაცხადებაში.
“პუბლიკას” მხარდაჭერა გამოუცხადა მედიის ადვოკატირების კოალიციამაც:
“ქართული ოცნება განსაკუთრებით თავს ესხმის დამოუკიდებელ გამოცემებს, რომლებიც მაღალი პროფესიული სტანდარტების დაცვითა გამოირჩევიან ქართულ მედიასივრცეში. ჩვენი მხარდაჭერა პუბლიკას!” – წერია განცხადებაში.
2024 წლის 27 მაისიდან ონლაინმედიის წარმომადგენლებს პარლამენტში შესვლა, გაურკვეველი ვადით აეკრძალათ. პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შენობაში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე, რის გამოც ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის შენობაში შესვლა.
Საქართველოს პარლამენტში დაგეგმილ კომიტეტის და პლენარულ სხდომებზე დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ე. Წ ”რუსული კანონის” შესახებ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო განიხილება, ხოლო, 28 მაისს პლენარულ სხდომაზე დეპუტატები კენჭს უყრიან პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ონლაინ მედია “ტაბულა” წერს, ასევე სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა. განცხადება გამოაქვეყნა მედიის ადვოკატირების კოალიციამაც.
2024 წლის 20 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საჯაროდ მოითხოვა განმარტება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისგან, რატომ მოხვდა გამოცემა „მთის ამბების“ რედაქტორის გელა მთივლიშვილის საგამოძიებო სტატია ჟურნალისტური კონკურსის “ევროკავშირის პრიზის” ფინალისტებში.
საუბარია საგამოძიებო მასალაზე სახელწოდებით „დანაშაული შოვში“. მასალა ეხება რაჭაში, კურორტ შოვში მომხდარ სტიქიას, რომელსაც 33 ადამიანი ემსხვერპლა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარემ სცადა “მთის ამბებისა” და მისი რედაქტორის დისკრედიტაცია. 2023 წლის აგვისტოშიც, შოვის სტიქიის ამბების დროს, პაპუაშვილმა საჯაროდ დაადანაშაულა გამოცემა დეზინფორმაციის გავრცელებაში.
პარლამენტის თავმჯდომარის თავდასხმას ჟურნალისტზე გამოეხმაურა არაერთი მედიის დამცველი ორგანიზაცია. მათ შორის, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ და „მედიის ადვოკატირების კოალიცია“. ამ უკანასკნელმა პარლამენტის თავმჯდომარის ქმედება შეაფასა, როგორც „საფრთხე დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლებისათვის“.
დისკრიმინაციის ფაქტების შესასწავლად და სამართლებრივი რეაგირებისთვის გელა მთივლიშვილმა საქართველოს პარლამენტის ეთიკის საბჭოსა და საქართველოს სახალხო დამცველს მიმართა. მის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია “მედიაომბუდსმენი” იცავს.