აქტივისტ ფერიზე ნაბიევას 5,000-ლარიანი ჯარიმის გამო ანგარიშების დაყადაღება ემუქრება

სამოქალაქო აქტივისტი, ჟურნალისტი და პლატფორმა „სალამის“ თანადამფუძნებელი ფერიზე ნაბიევა სოციალურ ქსელში აცხადებს, რომ 2025 წლის ოქტომბერში პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო დაკისრებული 5,000-ლარიანი ჯარიმის შესახებ დაგვიანებით შეიტყო.

ნაბიევას განცხადებით, ჯარიმის იძულებით აღსრულებასთან დაკავშირებული პროცედურები უკვე დაწყებულია და საბანკო ანგარიშების დაყადაღების საფრთხე ემუქრება. თანხის გადასახდელად მხოლოდ შვიდი დღე აქვს დარჩენილი, თუმცა ჯარიმის სრულად გადახდის შესაძლებლობა არ გააჩნია.

აქტივისტი მოქალაქეებს ფინანსურ დახმარებას სთხოვს და აღნიშნავს, რომ მისთვის ნებისმიერი ოდენობის თანხა ან პოსტის გაზიარებაც მნიშვნელოვანია. განცხადებას თან ურთავს სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებული წერილის ფოტოებს.

აქტივისტი თორნიკე რაზმაძე Facebook-ზე გამოქვეყნებული კომენტარის გამო 3,000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ენუქიძემ სამოქალაქო აქტივისტი და ბლოგერი თორნიკე რაზმაძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული კომენტარის გამო 3,000 ლარით დააჯარიმა. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილით — წვრილმანი ხულიგნობის, საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინების საფუძვლით ედავებოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯარიმის მაქსიმალური ოდენობის დაკისრებას ითხოვდა.

საქმე რაზმაძის მიერ 18 აგვისტოს Facebook-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოს თანდართულ კომენტარს ეხება. ვიდეოში აქტივისტი ერთმანეთს ადარებდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და კრემლის პროპაგანდისტ მარგარიტა სიმონიანის განცხადებებს საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების შესახებ. კერძოდ, საუბარი ეხებოდა სიმონიანის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ერეკლე მეორე რუსეთის მფარველობას „მუხლებზე დამდგარი“ ითხოვდა. რაზმაძემ ვიდეოს ქვეშ შეურაცხმყოფელი კომენტარი გამოაქვეყნა, რომელშიც სიმონიანის მიერ გამოყენებული რუსულენოვანი ფრაზაც – „на коленях“ – გაიმეორა.

რაზმაძის განმარტებით, კომენტარი მარგარიტა სიმონიანისა და სხვა რუსი პროპაგანდისტების მისამართით იყო დაწერილი და არა ირაკლი კობახიძის ან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, შსს-მ და მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა კომენტარი ხელისუფლების შეურაცხყოფის კონტექსტში განიხილეს.

საყურადღებოა, რომ სხვა მსგავსი შემთხვევებისგან განსხვავებით, რაზმაძის წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო არა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173¹⁶ მუხლით, რომელიც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფას ითვალისწინებს, არამედ 166-ე მუხლით – წვრილმანი ხულიგნობის საფუძვლით. განსხვავებული სამართლებრივი კვალიფიკაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ შსს-ს წარმომადგენელმა მარიამ კერესელიძემ სასამართლო პროცესზე არაერთხელ აღნიშნა, რომ უწყება მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფას არ ედავებოდა და ესმოდა საზოგადოების დამოკიდებულება რუსი ოკუპანტების მიმართ. ამ გარემოებების ფონზე, ბუნდოვანი რჩება კონკრეტულად ვისი შეურაცხყოფა მიიჩნია უწყებამ სამართალდარღვევად და რა საფუძვლით შეაფასა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული კომენტარი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევად.

სასამართლოს გადაწყვეტილებამდე შსს-ს წარმომადგენელმა დამატებით მტკიცებულებად წარადგინა რაზმაძის კიდევ ერთი Facebook-პოსტი, რომელიც მან წინა სასამართლო სხდომის შემდეგ გამოაქვეყნა. კერესელიძის განცხადებით, აქტივისტისთვის მსგავსი კომენტარების საჯარო სივრცეში გამოქვეყნება „ქცევის ზოგად წესად“ იქცა და ის სამართალდარღვევის ჩადენას განაგრძობდა.

საქმეს თან ერთვოდა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილისა განცხადებებიც, რომლებიც რაზმაძემ სასამართლოს წარუდგინა. კერძოდ, პაპუაშვილმა აქტივისტი „ემოციურად დაზიანებულ“ და „ემოციური კრიზისების მქონე“ პირად მოიხსენია და განაცხადა, რომ მას „პანიკური შეტევები აქვს“, თითქოს რუსი პროპაგანდისტის შეურაცხყოფისთვის სჯიდნენ. რაზმაძემ ეს განცხადებები ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხების სტიგმატიზებად შეაფასა და მიუთითა, რომ ისინი მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმის პოლიტიკურ მოტივაციაზე მეტყველებდა.

ელისო ჯანაშია აცხადებს, რომ მასზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება მის წინააღმდეგაც დაიწყო

აქტივისტი, სოციალური საწარმო „ლიმენის“ დამფუძნებელი, ელისო ჯანაშია აცხადებს, რომ 2024 წლის 23 დეკემბერს მასზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება ორ ნაწილად გაიყო და ახლა სამართალდამცველები მის მიერ თავდაცვის მიზნით განხორციელებულ მოქმედებებსაც იძიებენ. ჯანაშიას თქმით, გამომძიებელი მას გამოკითხვაზე იბარებს.

2024 წლის დეკემბერში ჯანაშიამ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ პარტიული აქტივისტი ნინელი კულონავა სოციალური საწარმოს ოფისში თავს დაესხა და ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, რის გამოც სამედიცინო დახმარება დასჭირდა. მისი თქმით, თავდამსხმელი უკმაყოფილებას გამოთქვამდა საწარმოს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით დაფუძნების გამო.

ჯანაშიას განცხადებით, თავდასხმაში დადანაშაულებული პირი ამ დრომდე არ დასჯილა. ის ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ მოგვიანებით კულონავა ფოთის მერის, ბექა ვაჭარაძის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობდა.

ჯანაშია მის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებას საკუთარ საზოგადოებრივ აქტიურობასაც უკავშირებს. მისი თქმით, გამომძიებელი მას მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც ფოთში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ქონებისა და შესაძლო კორუფციული კავშირების შესწავლა დაიწყო.

აქტივისტი რუსკა მჭედლიძე სასამართლოს მანდატურების შეურაცხყოფის გამო 3,000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ სამოქალაქო აქტივისტი რუსკა მჭედლიძე სასამართლოს მანდატურების შეურაცხყოფის გამო 3,000 ლარით დააჯარიმა. მას მანდატურების – დავით მატიაშვილის, ოთარ კვინიკაძისა და გოჩა ნანობაშვილის – შეურაცხყოფას ედავებოდნენ.

საქმე 28 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება, როდესაც საკრებულოსთან ბანერების გამო დაკავებული მოქალაქეების სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას მანდატურებმა შენობაში მყოფ მხარდამჭერებს ტერიტორია ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. გავრცელებული ინფორმაციით, მანდატურებმა ფიზიკური ძალა გამოიყენეს რუსკა მჭედლიძისა და ადვოკატ მარიკა არევაძის მიმართაც.

მჭედლიძის თქმით, სასამართლომ არ დააკმაყოფილა მანდატურების გამოკითხვის შუამდგომლობა და მტკიცებულებად არ დაუშვა მის მიერ 28 ივლისს გადაღებული ვიდეომასალა.

მომხდარზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაიწყო. თუმცა, მჭედლიძის განცხადებით, გამოძიებას ამ დრომდე შედეგი არ მოჰყოლია, მის წინააღმდეგ კი ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173¹⁶ მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც საჯარო თანამდებობის პირის შეურაცხყოფას ეხება.

პოლიციამ „ქართული ოცნების“ ოფისთან აქციის მონაწილეებს მსვლელობის გამართვის უფლება არ მისცა

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის პარალელურად მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს ლოზუნგით – „საქართველო ივანიშვილის წინააღმდეგ“.

სხდომას ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და მთავრობის მინისტრები. გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეებს პროტესტის გამართვა პარტიის ოფისის შესასვლელთან სურდათ, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. სამართალდამცველებმა მონაწილეებს ასევე შეუზღუდეს მსვლელობის გამართვის შესაძლებლობა.

აქტივისტი გიორგი კირვალიძე ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდის შემდეგ კვლავ დააკავეს

სამოქალაქო აქტივისტი და MMA-ის მებრძოლი გიორგი კირვალიძე 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდის შემდეგ, გურჯაანის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გათავისუფლებისთანავე კვლავ დააკავეს. როგორც ცნობილია, სამართალდამცველებმა კირვალიძეს იზოლატორის დატოვებისთანავე ხელბორკილები დაადეს და განუმარტეს, რომ მოსამართლის შეურაცხყოფის გამო სისხლის სამართლის წესით აკავებდნენ.

მანამდე კირვალიძეს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა ბიძინა ივანიშვილის შეურაცხყოფის გამო 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო პროცესზე კირვალიძემ მოსამართლეს მიმართა სიტყვებით: „შენ ხარ ჩვეულებრივი მონა, ბიძინას მონა“.

გიორგი კირვალიძე ასევე ფიგურირებს 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეში. 24 ივნისს მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, რომლის საფუძველზეც ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა და სამი წლით პირობითი მსჯავრი განესაზღვრა. შეთანხმების დამტკიცების შემდეგ კირვალიძემ განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობდა, მისი გაუქმება მოითხოვა და ბიძინა ივანიშვილის მიმართ შეურაცხმყოფელი გამონათქვამი გამოიყენა. 19 აგვისტოს პროკურატურამ საპროცესო შეთანხმების გაუქმება მოითხოვა.

სამოქალაქო აქტივისტი ვასო ბერიძე, Facebook პოსტის გამო, 2 000 ლარით დააჯარიმეს

სამოქალაქო აქტივისტი ვასო ბერიძე, ორი ათასი ლარით დააჯარიმეს, სოციალურ ქსელ  Facebook-ში გამოქვეყნებული პოსტის გამო. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქტივისტის წინააღმდეგ საქმის წარმოება დაიწყო პოსტის გამო, რომელშიც ვასო ბერიძე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელეწამყვანს, ვახო ხუზმიაშვილს მიმართავდა. უწყებამ ეს პოსტი შეურაცხმყოფელად მიიჩნია. 

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის დარღვევის საბაბითაც დაეკისრა ვასო ბერიძეს ჯარიმა, სახდელის სახით 500-დან 3000 ლარამდე ჯარიმას ან 20 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.

ეს ვასო ბერიძის დაჯარიმების მეორე შემთხვევაა. აქტივისტი სასამართლომ პირველად  2026 წლის 28 ივლისს დააჯარიმა, თბილისის საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავების შემდეგ. მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ მას 5000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.

ვასო ბერიძის საქმე უკავშირდება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული კომენტარების გამო დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებებს, რომლებიც შსს-ში ახლად შექმნილი „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს“ პრაქტიკის ნაწილია. აღნიშნული სამმართველოს მიერ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებების ფარგლებში, საქართველოში უკვე ასობით ადამიანი დააჯარიმეს. ათობით ადამიანს კი ადმინისტრაციული პატიმრობები შეუფარდეს.

სამოქალაქო აქტივისტი, დუტა ჯავახიშვილი, 5 000 ლარით დააჯარიმეს აქციაზე ფერადი კვამლის გაშვების გამო

სამოქალაქო აქტივისტი, შშმ პირი, დუტა ჯავახიშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კობა ჩაგუნავამ 5 000 ლარით დააჯარიმა, 26 მაისის აქციაზე კვამლის გაშვების გამო. 

დუტა ჯავახიშვილი,სამართალდამრღვევად ცნეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-9 ნაწილით. აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით 60 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.ვინაიდან დუტა ჯავახიშვილს შშმ პირის სტატუსი აქვს,  სასამართლომ მას პატიმრობის სანაცვლოდ ფინანსური სანქცია –  ჯარიმა დააკისრა.

სამოქალაქო აქტივისტის თქმით, ამგვარი გადაწყვეტილებებით, სახელმწიფო შშმ პირებზე “რეპრესიებს ახორციელებს”.

აქტივისტი სერგეი ყანჩელი ამბობს, რომ პოლიციის მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორების, სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მუქარის მსხვერპლი გახდა

საპროტესტო აქციების მონაწილე სერგეი ყანჩელი ამბობს, რომ 27 სექტემბერს პოლიციის მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორების, სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მუქარის მსხვერპლი გახდა. მისი თქმით, პოლიციელებმა კუკიის სასაფლაოს მიმდებარედ გააჩერეს, შემდეგ კი სასაფლაოს ტერიტორიაზე გადაიყვანეს, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ და ემუქრებოდნენ ცეცხლსასროლი იარაღითა და დანით. აქტივისტის განცხადებით, მას ასევე აიძულებდნენ სექსუალური ხასიათის ქმედების შესრულებას.

სერგეი ყანჩელი პოლიციის მხრიდან ძალადობას თავის სამოქალაქო პოზიციას უკავშირებს. მომხდარის გამო აქტივისტი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა.

8 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პროკურატურამ სერგეი ყანჩელის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

თეონა ბაღდავაძე სოციალურ ქსელში ნათია ბერიძის შეურაცხყოფის გამო 1,500 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ თეონა ბაღდავაძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 1,500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. საქმე სოციალურ ქსელში ნათია ბერიძის მიმართ სავარაუდო სიტყვიერ შეურაცხყოფას ეხება.

გავრცელებული ინფორმაციით, საქმე ეხება თეონა ბაღდავაძის მიერ Facebook-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოს, რომელშიც POSTV-ის წარმომადგენელი ნათია ბერიძე მას კითხვებს უსვამს და საუბრისას ბაღდავაძის გარდაცვლილ დას ახსენებს. ბაღდავაძემ ვიდეოს თან დაურთო კომენტარი, რომელშიც ბერიძის ქცევა „ამაზრზენად“ შეაფასა და განაცხადა, რომ ის მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის სახელით მანიპულირებდა.

საქმე შსს-ს „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ“ აღძრა. სამმართველომ მასალები სასამართლოს გადასცა, რის შემდეგაც სასამართლომ ქმედება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიიჩნია.