სამოქალაქო აქტივისტის მიმართ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ წინასწარი ინფორმირების გარეშე ყადაღა გამოიყენა

სამოქალაქო აქტივისტი ანა ინგოროყვა სოციალურ ქსელში წერს, რომ აქტივისტ დათა ჩაჩუას მიმართ დაიწყო აღსრულების პროცედურები და მას ყადაღა დაედო ისე, რომ ჯარიმის შესახებ წინასწარ ინფორმაცია არ მიუღია. მისივე ინფორმაციით, დეტალების დაზუსტების მიზნით განხორციელებული კომუნიკაციისას განემარტა, რომ დათა ჩაჩუა 2025 წლის მარტში ადმინისტრაციულად იყო დაჯარიმებული გზის გადაკეტვის საფუძვლით. დაკისრებული ჯარიმის ოდენობა შეადგენს 5,350 ლარს.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსის გამო დაკისრებული ჯარიმის საფუძველზე სამოქალაქო აქტივისტ ნათია გაბრავას ანგარიშები დაუყადაღეს

სამოქალაქო აქტივისტ ნათია გაბრავას განცხადებით, მის მიმართ დაიწყო აღსრულების პროცედურები და ანგარიშები დაუყადაღეს იმ ჯარიმის გამო, რომელიც მას სოციალურ ქსელში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მაღალჩინოსანის, ლაშა სალუქვაძის მიმართ გამოქვეყნებული სტატუსის საფუძველზე დაეკისრა.

საქმის მასალების მიხედვით, გაბრავამ სოციალურ ქსელში სალუქვაძე შეურაცხმყოფელი ფორმით მოიხსენია, რის შემდეგაც თავად სალუქვაძემ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მეორე ნაწილით იქნა განხილული, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას გულისხმობს. 2025 წლის ნოემბერში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა გაბრავას 5000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

ჯარიმის გადაუხდელობის გამო გაბრავას მიმართ დაიწყო აღსრულების პროცედურები და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაადო. გაბრავას ინფორმაციით, დაყადაღებული თანხების საერთო ოდენობა 5 350 ლარს შეადგენს. მისივე განცხადებით, დაყადაღებულ თანხებს შორის აღმოჩნდა თანხაც, რომელიც ერთ-ერთი პატიმრის ოჯახის მხარდასაჭერად იყო შეგროვებული.მოგვიანებით მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საჭირო თანხა მოქალაქეების მხარდაჭერით შეგროვდა.

პროკურატურა საქველმოქმედო ფონდებზე ყადაღის გაგრძელებას ითხოვს

სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, რომ სასამართლოდან მიიღო განჩინება, რომლის მიხედვითაც პროკურორმა ანი ხუბეჯიშვილი საქველმოქმედო ფონდებზე ყადაღის გაგრძელება მოითხოვა.

საქმე ეხება 2025 წლის მარტში სასამართლოს განჩინებით, პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე დაყადაღებულ საბანკო ანგარიშებს, რომლებიც შეეხო რამდენიმე საქველმოქმედო და არასამთავრობო ორგანიზაციას, მათ შორის „ნანუკას ფონდს“.  საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ფონდებს ყადაღა საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების კვალიფიკაციით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაედო, რომელიც ვატო შაქარიშვილის მიერ დაფუძნებული მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიმართვის საფუძველზე დაიწყო. აღნიშნული მოძრაობა 2024 წლის 10 ივლისს დაფუძნდა და მათი განცხადებები ხშირად ვრცელდება ხელისუფლებასთან დაკავშირებულ მედიასაშუალებებში. ორგანიზაცია მიიჩნევა „ქართული ოცნებისთან“ აფილირებულად და ხშირად იმეორებს მის გზავნილებს. „ნანუკას ფონდი“ წარმოადგენს 2020 წელს დაარსებულ საქველმოქმედო ორგანიზაციას, რომელიც სხვადასხვა პერიოდში ეხმარებოდა სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, მძიმე დიაგნოზის მქონე პირებს, ასევე 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში აქტიურად იყო ჩართული პროევროპულ აქციებთან დაკავშირებული ჰუმანიტარული და სოციალური მხარდაჭერის საქმიანობაში.

სამოქალაქო აქტივისტის მიმართ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ წინასწარი ინფორმირების გარეშე ყადაღა გამოიყენა

სინდისის პატიმრის, ირაკლი ქერაშვილის და და სამოქალაქო აქტივისტი ქეთი ქერაშვილი, სოციალურ ქსელში წერს, რომ მას  საქართველოს აღსრულების ეროვნული ბიუროდან დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე 5000 ლარის ჯარიმა ეკისრება.

მისი თქმით, აღნიშნული ჯარიმის არსებობის შესახებ მანამდე ინფორმაცია არ ჰქონია და, შესაბამისად, არც გადახდილი ჰქონდა. მისივე განცხადებით, ეს არ არის ერთადერთი ჯარიმა, რომელიც პროტესტში მონაწილეობის გამო აქვს დაკისრებული. 

მოგვიანებით ქეთი ქერაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მის მიმართ დაიწყო აღსრულების პროცედურები და ბიურომ მის მიმართ ყადაღა გამოიყენა. მისი თქმით, საქმე აღსრულების ბიურომდე ისე მივიდა და პროცესები ისე წარიმართა, რომ მას არც კი ჰქონდა ინფორმაცია არსებული ჯარიმის შესახებ.

პროტესტის მონაწილეებს, მაგდა მამუკაშვილსა და მაკო ქაფიანიძეს 5000-5000 ლარის ჯარიმა დააკისრეს

9 მარტს, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ საპროტესტო აქციის მონაწილეებს, მაგდა მამუკაშვილსა და მაკო ქაფიანიძეს, 5 000-5 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ 31 იანვარს გამართული საპროტესტო აქციის დროს საავტომობილო გზის “ხელოვნურად გადაკეტვას” ედავებოდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მათ მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობა არ იქნა გამოყენებული, რაც იმ გარემოებით განიმარტა, რომ ორივე მათგანს 12 წლამდე ასაკის შვილი ჰყავს.

2025 წლის 16 ოქტომბერს „ქართული ოცნებამ” მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში, რომლებიც მნიშვნელოვნად ზღუდავს დემონსტრანტების მიერ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის ფორმებს. ცვლილებების მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174¹ მუხლს დაემატა მე-10 ნაწილი, რომლის მიხედვითაც შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილე რიგი ქმედებების ჩადენის შემთხვევაში უალტერნატივოდ ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება. ასეთ ქმედებებს შორისაა, მათ შორის, სახის ნიღბით ან სხვა საშუალებით დაფარვა, ცრემლმდენი ან სხვა მსგავსი ნივთიერებების ქონა, ტრანსპორტის ან ქვეითთა გადაადგილებისთვის განზრახ დაბრკოლების შექმნა, დროებითი კონსტრუქციის მოწყობა ან ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვა.

აღნიშნული მუხლის დარღვევა ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია – 20 დღემდე ვადით. ამავე ცვლილებებით სისხლის სამართლის კოდექსშიც შევიდა ცვლილებები, რომლის თანახმადაც  ზემოთ აღწერილი ქმედებების განმეორებით, ერთი წლის განმავლობაში ხელმეორედ დარღვევის შემთხვევაში ქმედება სისხლის სამართლის წესით დაისჯება.

 სამოქალაქო აქტივისტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, თემურ ბერიანიძე, ტროტუარზე პროტესტისთვის სამართალდამრღვევად სცნეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მაკარიძემ, ტროტუარზე პროტესტის გამო, სამოქალაქო აქტივისტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, თემურ ბერიანიძე   სამართალდამრღვევად ცნო და 5000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

თემურ ბერიანიძე აფხაზეთის ომის ვეტერანია და მას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი აქვს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ბერიანიძეს 2025 წლის 17 დეკემბერს, თბილისში, საქართველოს პარლამენტთან ტროტუარზე ქვეითთა გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნას ედავებოდა.

ტროტუარზე პროტესტის გამო, მოქალაქეების წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართულმა ოცნებამ”, 2025  წლის 12 დეკემბერს,  თავისუფლების შემზღუდველი მორიგი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებამიიღო. ამ ცვლილებით, ფაქტობრივად, პროტესტი ტროტუარზეც აიკრძალა. პირველ შემთხვევაში გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით (ორგანიზატორისთვის – 20 დღემდე), ხოლო განმეორებით შემთხვევაში შესაძლებელია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება.  “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” შეფასებით, “ტროტუარზე დგომის გამო პირის პატიმრობა, თუნდაც ადმინისტრაციული წესით, რომ არაფერი ვთქვათ სისხლისსამართლებრივ სასჯელზე, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს ვერც საქართველოს კონსტიტუციით და ვერც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტებით უზრუნველყოფილ შეკრების თავისუფლების სტანდარტებიდან გამომდინარე”. ე.წ. “ტროტუარის საქმეზე” უკვე 20-ზე მეტი აქტივისტის სასამართლო პროცესი იყო. მათგან, ნაწილს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, ნაწილს კი (უმეტესად ქალებს) სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადეს. არაერთი აქტივისტის წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება დაწყებულია, სასამართლო კი ჯერ არ ჩანიშნულა.

 ირანის საელჩოსთან მიმდინარე აქციაზე დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი, ნუცა მახარაძე 4 500 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ, სამოქალაქო აქტივისტი ნუცა მახარაძე, რომელიც 2026 წლის 14 იანვარს, თბილისში, ირანის საელჩოსთან გამართულ აქციაზე  დააკავეს, სამართალდამრღვევად ცნო და 4500 ლარით დააჯარიმა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო  აქტივისტს პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა (173-ე მუხლის პირველი ნაწილი) და სიტყვიერ შეურაცხყოფას (173-ე მუხლის მეორე ნაწილი) ედავებოდა.  აღნიშნული მუხლები ითვალისწინებს ჯარიმას 2 000-დან 5 000 ლარამდე, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას, 60 დღემდე ვადით. ამ ორი ნაწილის განმეორებით ჩადენა იწვევს დაჯარიმებას 3 500 ლარიდან 6 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღიდან 60 დღემდე ვადით.

14 იანვარს, თბილისში, ირანის საელჩოსთან, ირანელი ხალხის სოლიდარობის აქცია იმართებოდა.  რადიო “თავისუფლების” ცნობით, ნუცა მახარაძის დაკავებამდე, დემონსტრანტები ირანის საელჩოსთან მდებარე შუქნიშანზე მწვანე ფერის ანთების დროს გზის ერთი მხრიდან მეორეზე გადასვლით გამოხატავდნენ პროტესტს. მოგვიანებით, როგორც პოლიციამ განმარტა, „მწყობრიდან გამოვიდა შუქნიშანი“, მახარაძემ კი სწორედ ამ დროს დაიწყო გზის გადაკვეთა.

ნუცა მახარაძის საქმეზე პირველი სასამართლო პროცესი 16 იანვარს გაიმართა. ამ პროცესზე ის შეუძლოდ გახდა. ნუცა მახარაძე წინასწარი დაკავების იზოლატორში არასათანადო მოპყრობაზეც საუბრობდა.

ადმინისტრაციული ჯარიმის გადაუხდელობის გამო, აქტივისტ მარიამ ცომაიას ანგარიშები დაუყადაღეს

2026 წლის 6 თებერვალს, სამოქალაქო აქტივისტმა ლაშა ჯანჯღავამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციული ჯარიმის გადაუხდელობის გამო, აქტივისტ მარიამ ცომაიას ანგარიშები დაუყადაღეს.

დოკუმენტებიდან, რომელიც ამ პოსტს აქვს დართული, ირკვევა, რომ 2025 წლის 5 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა, მარიამ ცომაია სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის 1-ელი ნაწილისა (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე მუხლის პირველი ნაწილის (სამართალდამცველისადმი დაუმორჩილებლობა) საფუძველზე და ადმინისტრაციული სახდელის სახით განუსაზღვრა ჯარიმა 2500 ლარი. “ადმინისტრაციული დაკავების შემდეგ დადგენილება არ ჩააბარეს და შემთხვევით გაიგო რომ დაყადაღებული იყო”, – წერს ლაშა ჯანჯღავა. 


მარიამ ცომაია, სხვა 18 დემონსტრანტთან ერთად, პოლიციამ 2025 წლის 2 სექტემბერს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე დააკავა. ამ დღეს პარლამენტში “ქართული ოცნების” წევრის თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის ანგარიშს ისმენდნენ. კომისიამ შეისწავლა 2003–2012 წლებში მმართველი პარტია “ნაციონალური მოძრობის”პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების საქმიანობა. მოქალაქეები ჯერ პარლამენტის შენობასთან და შემდეგ უკვე რუსთაველის გამზირზე აპროტესტებდნენ საგამოძიებო კომისიის დასკვნის შედეგებს.

პროტესტში ჩართული მოქალაქეების ნაწილს ანგარიშები დაუყადაღეს  

2026 წლის 5 თებერვალს, პროევროპული პროტესტის მონაწილე 20-მა ადამიანმა საბანკო ანგარიშების დაყადაღების შესახებ მიიღო შეტყობინება. მიზეზი – ჯარიმების გადაუხდელობაა. ისინი სოციალურ ქსელში წერენ, რომ ამ დრომდე, დაჯარიმების შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობდნენ. აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადამოწმების შემდეგ კი გაარკვიეს, რომ დაჯარიმებული არიან 2025  წელს, საპროტესტო აქციებზე “გზის ხელოვნური გადაკეტვისთვის”.

დაყადაღების შესახებ, სოციალურ ქსელში 20 მოქალაქის პოსტი გავრცელდა. ესენი არიან:

  1. აჩი გოჩიტაშვილი
  2. მარიამ პაიჭაძე 
  3. ბექა ბერიკაშვილი 
  4. გიორგი მელითაური
  5. მარი ლორთქიფანიძე
  6. მიშა სამხარაძე
  7. თათია მექვაბიშვილი
  8. ლაშა დგებუაძე
  9. თიკა პატარაია
  10. დავით გოგიჩა
  11. საბა ჯაფარიძე
  12. სანდრო ლიპარტელიანი
  13.  მარიამ ღვინიანიძე
  14.  სანდრო ტუღუში
  15.  ნუკრი ალბუთაშვილი
  16.  ელენე ბერიკაშვილი
  17.  ქეთი ქანთარია
  18. მარიკო ცომაია
  19. ნინო რამიშვილი
  20. ლაშა ბაქრაძე

“გზის ხელოვნურად გადაკეტვა”, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლის შესაბამისად, შეკრებისა და მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევად ითვლება. გასული წლის 7 თებერვლიდან „გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის“ დაკისრებული ჯარიმა გაათმაგდა და 5000 ლარი გახდა. ასეთი ჯარიმა პროევროპული პროტესტის მონაწილე ასობით ადამიანს აქვს და ჯარიმების ჯამური ოდენობა რამდენიმე მილიონ ლარს აღწევს.

“ქართული ოცნების” დეპუტატზე დაწერილი პოსტის გამო, სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე 4 000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ, სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე,  “ქართული ოცნების” დეპუტატნინო წილოსანზე დაწერილი პოსტის გამო  4 000 ლარით დააჯარიმა.

“ნინო წილოსანის ჯიში’ – ამ სტატუსისთვის უჩივლა დეპუტატმა წილოსანმა ნატა ფერაძეს. ნატა ფერაძეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173​-ე მუხლის მე-16 ნაწილის დარღვევას ედავებოდნენ,  რაც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა თუ საჯარო მოხელის სიტყვიერ შეურაცხყოფას, ლანძღვა-გინებას, მასზე შეურაცხმყოფელ გადაკიდებას ან/და მის მიმართ სხვაგვარ შეურაცხმყოფელ ქმედებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას 1 500 ლარიდან 4 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 45 დღემდე ვადით.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მოქალაქეებს სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტისთვის უჩივიან და შემდეგ  სასამართლო აჯარიმებს.  27 იანვარს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ფატი ფურცხვანიძემ ასევე სამართალდამრღვევად ცნო და 4000 ლარით დააჯარიმა, პროევროპული საპროტესტო აქციების მონაწილე, ზუგდიდში მცხოვრები თაკო გვილია,  Facebook-ზე პოლიციელის შესახებ დაწერილი პოსტის გამო. 

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო მოქალაქეების სასამართლოში დაბარება მას შემდეგ დაიწყეს, რაც 2025 წლის ივნისში “ქართულმა ოცნებამ” დაჩქარებული წესით მიიღო “ოცნებამ” ცვლილებები სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონში. ეს ცვლილებები ძირითადად ცილისწამების ნაწილს შეეხო. კერძოდ, შეიცვალა ცილისწამების განმარტება – ზიანის კომპონენტი, რომელიც აქამდე აუცილებელი იყო რომ განცხადება ცილისწამებად შეფასებულიყო, განმარტებიდან ამოიღეს. ამ ცვლილებების ამოქმედებიდან მალევე, სოციალურ ქსელში გამოთქმული მოსაზრებების გამო ექვსი ჟურნალისტი დააჯარიმეს.  “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” ეს ცვლილებები შეაფასა, როგორც ”გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვა, რომელიც ქმნის მსუსხავ ეფექტს და მიზნად ისახავს საზოგადოებაში შიშის დანერგვას, რათა ადამიანებმა თავი შეიკავონ “ქართული ოცნების” ქმედებებისა და პოლიტიკოსების კრიტიკული შეფასებისგან”.