კომუნიკაციების კომისიამ ოთხი ტელეკომპანია  წერილობით გააფრთხილა

კომუნიკაციების კომისიამ ოთხი ტელეკომპანია, მათ შორის, ორი პროსამთავრობო არხიც, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო, წერილობით გააფრთხილა. საუბარია ხელისუფლებისადმი კრიტიკულ არხებზე – „ფორმულა“ და  „TV პირველი“ და ასევე, პროსამთავრობო მაუწყებლებზე –  POSTV  და „იმედი“. კომუნიკაციების კომისიამ ტელევიზიები იმ მუხლების დარღვევის გამო გააფრთხილა,  რომლებიც შინაარსობრივი რეგულირების საკითხებს შეეხება. 

ComCom-ის ინფორმაციით, საკითხი დღის წესრიგი მის მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგის საფუძველზე დადგა. ტელევიზიებს ედავებოდნენ ისეთ საკითხებს, რაც ეხება – მიუკერძოებლობას, ბალანსს, პირადი დამოკიდებულების/მოსაზრების საფუძველზე გაშუქებას და ფაქტის ჯეროვან სიზუსტეს.   მაგალითად, კომისიამ მიიჩნია, რომ ფრაზების: „ოცნების პროკურატურა“, „ოცნების პარლამენტი“, „ივანიშვილის პრემიერ-მინისტრი“, „რაჟდენ კუპრაშვილის უწყება“, „ოცნების მთავრობის წევრებთან“, „სასამართლო კლანი“, და სხვ. გამოყენებით „ფორმულამ“ ახალი ამბების პროგრამაში საკითხი მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე გააშუქა, რითაც კანონი დაარღვია.


ComCom-ის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტმა მონიტორინგის დროს ყველაზე მეტი შესაძლო დარღვევა სწორედ დამოუკიდებელ  არხებს – „ფორმულას“ და ”TV პირველს” “აღმოუჩინა”, “ფორმულას” – 20, “TV პირველს” კი – 18, ყველაზე ცოტა კი, პროსამთავრობო, რუსული დეზინფორმაციის გავრცელებისთვის დასანქცირებულ “იმედსა” (4 დარღვევა) და “POSTV”-ს (7).


კომუნიკაციების კომისია ამჯერად მხოლოდ წერილობითი გაფრთხილებით იმ მოტივით შემოიფარგლა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ამ ტელევიზიების მიმართ მსგავსი ხასიათის დარღვევისთვის სანქცია გამოყენებული არ ყოფილა.

შეგახსენებთ, მარტის დასაწყისში, პროსამთავრობო “იმედისა” და “POSTV”-ის დასანქცირების შემდეგ, ComCom-მა გაავრცელა მუქარის შემცველი განცხადება, რომ ის მარტიდან მაუწყებლების შინაარსის მონიტორინგს დაიწყებდა. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში, გასულ წელს „ქართულმა ოცნებამ“  რეპრესიული ცვლილებები მიიღო. ეს ცვლილებები მაუწყებლების შინაარსის რეგულირებას უკავშირდება.

„ქართული ოცნება” ე.წ. რუსული კანონის აღსრულებასაც აუდიტის სამსახურს ავალებს

„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში წარადგინა საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც ე.წ. “რუსული კანონის” („უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“) კანონის აღსრულება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეცემა.

განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ აუდიტის სამსახური უკვე ახორციელებს „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტისა“(ე.წ. FARA) და გრანტების შესახებ კანონის მონიტორინგსა და აღსრულებას, რის გამოც მიზანშეწონილად მიიჩნევა, რომ ამავე უწყებამ განახორციელოს აღნიშნული კანონის შესრულებაც. ცვლილებების ავტორები არიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე.

ე.წ. „რუსული კანონი“, რომელიც პირველად 2023 წელს იქნა ინიცირებული, დასავლური დაფინანსების მქონე სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის სპეციალურ რეესტრში რეგისტრაციას ითვალისწინებს და კრიტიკოსების მიერ „რუსულ კანონად“ მოიხსენიება მისი მსგავსების გამო რუსეთში მოქმედ „უცხოეთის აგენტების“ კანონთან. კანონპროექტს საქართველოში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები და საერთაშორისო კრიტიკა მოჰყვა, რის გამოც 2023 წელს მისი მიღება შეჩერდა. თუმცა 2024 წლის აპრილში მმართველმა პარტიამ პროექტი ხელახლა წარადგინა პარლამენტში და 2024 წლის 28 მაისს, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ, საბოლოოდ მიიღო.კანონი ავალდებულებს უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციებს ყოველწლიურად წარადგინონ ფინანსური დეკლარაციები და ითვალისწინებს სანქციებს მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში. აღნიშნული კანონი იქცა საფუძვლად შემდგომი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებების სერიისთვის, რომელიც მიმართულია ქვეყანაში კრიტიკული აზრის ჩახშობისა და სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის საქმიანობის შეზღუდვისკენ.

“ქართულმა ოცნებამ” უცხოურ დაფინანსებასა და „ხელისუფლების არაღიარებასთან“ დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

2026 წლის 28 იანვარსა და 16 თებერვალს „ქართულმა ოცნებამ“ დააინიციირა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც შეეხებოდა „გრანტების შესახებ“ კანონს, სისხლის სამართლის კოდექსს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონს. 4 მარტს, ქართულმა ოცნებამ, პლენარულ სხდომაზე აღნიშნული ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო. 

მიღებული ცვლილებები მნიშვნელოვნად ამკაცრებს უცხოურ დაფინანსებასთან დაკავშირებულ რეგულაციებს და აფართოებს გრანტის ცნებას, რაც მოიცავს როგორც ფინანსურ, ისე ნატურალურ რესურსებსა და ტექნიკურ დახმარებას, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას საქართველოს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოსახდენად. კანონპროექტი ასევე აწესებს დამატებით შეზღუდვებს პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით, მათ შორის კრძალავს პოლიტიკური პარტიის წევრობას იმ ორგანიზაციების თანამშრომლებისთვის, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებენ, და ამკაცრებს პასუხისმგებლობას ე.წ. „გარე ლობიზმისთვის“.

საკანონმდებლო პაკეტში ასევე შევიდა ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში, რომლის მიხედვითაც დასჯადი ხდება ხელისუფლების სისტემური არაღიარება და საჯარო, სისტემატური მოწოდებები კანონმდებლობის მასობრივად დარღვევის, ხელისუფლების ორგანოებისადმი დაუმორჩილებლობის ან ალტერნატიული ხელისუფლების ორგანოების შექმნისკენ. კანონი ძალაში  მისი ოფიციალური გამოქვეყნებისთანავე შევა.

პარლამენტში ერთჯერადი სპეციალური აკრედიტაციის წესის ცვლილება და მისი გავლენა მედიის საქმიანობაზე

2026 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა ერთჯერადი სპეციალური აკრედიტაციის გაცემის ახალი წესი რომლის თანახმად, სპეციალური აკრედიტაციის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას აპარატის უფროსი იღებს განაცხადის მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.  ერთჯერადი სპეციალური აკრედიტაცია წარმოადგენს მექანიზმს, რომლის საშუალებითაც იმ ჟურნალისტებს, რომლებიც არ ფლობენ საპარლამენტო აკრედიტაციას, ეძლევათ საქართველოს პარლამენტის სასახლეში შესვლისა და პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა კონკრეტული მიზნის ფარგლებში. მედიის საქმიანობის ოპერატიული ხასიათის გათვალისწინებით, აღნიშნული ვადა შესაძლოა ქმნიდეს პრაქტიკულ სირთულეებს ჟურნალისტებისთვის პარლამენტში მიმდინარე აქტუალური მოვლენების დროული გაშუქების თვალსაზრისით. საკითხი დამატებით მნიშვნელობას იძენს იმ პირობებში, როდესაც მოქმედი რეგულაციით უკვე განსაზღვრულია აკრედიტებული საპარლამენტო ჟურნალისტების რაოდენობრივი შეზღუდვები მედიასაშუალებების ტიპების მიხედვით. მაგალითად, ონლაინგამოცემებისთვის საპარლამენტო აკრედიტაციის მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრება 4 ჟურნალისტით. აღნიშნული ცვლილება ნეგატიურად აისახება მედიის საქმიანობის ეფექტიანობაზე და ქმნის დამატებით ბარიერებს პარლამენტში ინფორმაციის ხელმისაწვდომობისთვის. 

“ქართული ოცნების” მხრიდან, პარლამენტის შენობაში ჟურნალისტებისათვის დამატებითი შეზღუდვების დაწესება 2023 წლის 6 თებერვლის საქართველოს პარლამენტში მედიისთვის აკრედიტაციის წესის დამტკიცებას უკავშირდება. აკრედიტაციის წესი, სხვა საკითხებთან ერთად, ადგენს, რომ სხდომების ვიდეო- და ფოტოგადაღება დასაშვებია მხოლოდ სხდომის თავმჯდომარის თანხმობით, ჟურნალისტი ვალდებულია შეწყვიტოს ინტერვიუ რესპონდენტის უარის შემთხვევაში, ხოლო აპარატის უფროსს ენიჭება უფლებამოსილება „ღონისძიების სპეციფიკურობის“ ან „უსაფრთხოების რეჟიმის“ საფუძველზე შეზღუდოს აკრედიტებული ჟურნალისტების დაშვება, გადაადგილება ან ტექნიკის განლაგება. დოკუმენტში აღნიშნული კრიტერიუმები დაკონკრეტებული არ არის, რაც აჩენს ფართო დისკრეციის რისკს. წესების დარღვევისთვის გათვალისწინებულია აკრედიტაციის შეჩერება ერთი თვიდან ექვს თვემდე. აღნიშნულ რეგულაციებს კრიტიკა მოჰყვა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მხრიდან, შეფასებით, მსგავსი ნორმები უარყოფითად აისახება ინფორმაციის მოპოვებისა და საზოგადოებისთვის მიწოდების შესაძლებლობაზე. პრაქტიკამ აჩვენა, რომ   მედიის აკრედიტაციის წესები არაერთხელ იქნა გამოყენებული დამოუკიდებელი ჟურნალისტების საქმიანობის შეზღუდვის კონტექსტში.

„ქართული ოცნება“ ახალ რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებებს აანონსებს

28 იანვარს, „ქართული ოცნების” უმრავლესობის სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ  პარტია საგაზაფხულო სესიაზე ახალი საკანონმდებლო პაკეტის ინიცირებას გეგმავს, რომელიც მოიცავს „გრანტების შესახებ“ კანონის, სისხლის სამართლის კოდექსის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონის ცვლილებებს.  

ბრიფინგზე გაჟღერებული ინფორმაციის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ დაგეგმილი ცვლილებები მიზნად ისახავს უცხოურ დაფინანსებაზე სახელმწიფო კონტროლის გამკაცრებას და არსებითად ზღუდავს სამოქალაქო, პოლიტიკური, მედია და ბიზნეს სექტორების საქმიანობას.

ცვლილებები „გრანტების შესახებ“ კანონში

დაგეგმილი ცვლილებებით მკვეთრად ფართოვდება გრანტის ცნება. გრანტად ჩაითვლება პრაქტიკულად ნებისმიერი ფულადი ან ნატურალური რესურსი, რომელიც გამოიყენება ან შესაძლოა გამოყენებულ იქნას საქართველოს შიდა პოლიტიკაზე, სახელმწიფო ინსტიტუტებზე ან საზოგადოებრივ პროცესებზე გავლენის მოსახდენად, მათ შორის უცხო ქვეყნის პოლიტიკური ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარე საქმიანობისთვის. ასეთი გრანტის მიღება შესაძლებელი იქნება მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობით.

კანონპროექტი შემოაქვს ასევე სხვა სახელმწიფო იურიდიული პირის ცნებას, რომლის საქმიანობა „არსებითად მოიცავს საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტივობას“. ასეთ ორგანიზაციებს, მათ შორის არარეზიდენტი იურიდიული პირების ფილიალებსა და წარმომადგენლობებს, დაფინანსების მიღება მხოლოდ მთავრობის წინასწარი თანხმობით შეეძლებათ. მთავრობის თანხმობის გარეშე გრანტის მიღება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იურიდიული პირებისთვის,  ხოლო ფილიალებისა და წარმომადგენლობებისთვის ადმინისტრაციულ ჯარიმას უკანონოდ მიღებული გრანტის ორმაგი ოდენობით.

ცვლილებები ასევე ვრცელდება ტექნიკურ დახმარებაზე: ცოდნის, გამოცდილების, ექსპერტიზის, კონსულტაციის ან ტექნოლოგიების გაზიარება, მათ შორის, უსასყიდლოდ, უცხოური დაფინანსებით გრანტად ჩაითვლება და დაექვემდებარება მთავრობის თანხმობას. მათ შორის, უცხოელი ექსპერტების დაქირავებაც ამ რეგულირების ფარგლებში მოექცევა.

მასთან, ცვლილებები უკუძალით ვრცელდება უკვე მიღებულ, მაგრამ ჯერ გამოუყენებელ გრანტებზე და გრანტის მიმღებებს ავალდებულებს 1 თვის ვადაში მიმართონ მთავრობას თანხმობის მისაღებად, რის მიღებამდე გრანტის გამოყენება აკრძალულია, ხოლო მოთხოვნის შეუსრულებლობა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს.

ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში

მნიშვნელოვნად ფართოვდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი დანაშაული, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევისთვის, მათ შორის უცხოურ ორგანიზაციებთან ან უცხოელ პირებთან არამართლზომიერი თანამშრომლობისთვის. „გრანტების შესახებ“ კანონის წესების დარღვევა დასჯადი ხდება ჯარიმით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. 

ფულის გათეთრების მუხლს ემატება დამამძიმებელი გარემოება, თუ ქმედება უკავშირდება საქართველოს პოლიტიკურ საკითხებზე გავლენის მოხდენის მიზანს, მსგავსი ქმედება გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას  9-დან 12 წლამდე.

სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა წესდება ასევე პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელი პირებისთვის უცხოური დაფინანსების მიღების შემთხვევაში და ე.წ. გარე ლობიზმისთვის, იწვევს 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას.

ცვლილებები“მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების” შესახებ კანონში

პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის ვადით ეკრძალება პირს, რომელიც დასაქმებულია ორგანიზაციაში, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური წყაროდან არის მიღებული. კანონპროექტში, განმარტებულია, როგორც „უცხოური ძალა“, ისე „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“, მათ შორის არასამეწარმეო ორგანიზაციები და მედიასუბიექტები, რომელთა არაკომერციული შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოურ წყაროებზე მოდის. შეცვლილებების შედეგად, პოლიტიკური პარტიის წევრობა ფაქტობრივად ეკრძალება სამოქალაქო სექტორსა და მედიაში დასაქმებულ პირთა მნიშვნელოვან ნაწილს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ეძლევა პოლიტიკური პარტიის წევრების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის უფლება, რაც ნიშნავს, რომ პარტიის რიგითი წევრის ანგარიშებზეც კი ექნება წვდომა სახელმწიფოს. ცვლილებები გავრცელდება იმ პირებზე, ვისაც ხელისუფლება „განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონედ“ მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი პარტიის წევრი, რაც ნიშნავს, რომ პრაქტიკულად ნებისმიერი სამოქალაქო აქტივისტი შესაძლოა ამ რეგულაციების ქვეშ მოექცეს.  

ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში

დგინდება ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა მეწარმე სუბიექტის მიერ ისეთი საჯარო პოლიტიკური აქტივობის განხორციელებისთვის, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან. ამ სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში სახელმწიფო აუდიტის სამსახური მეწარმე სუბიექტს დააჯარიმებს 20,000 ლარის ოდენობით, ხოლო ქმედების განმეორებით და ყოველი შემდგომი ჩადენის შემთხვევაში – 40,000 ლარის ოდენობით.

კანონპროექტში განმარტებული პოლიტიკური აქტივობა გულისხმობს,  პრაქტიკულად ნებისმიერ სამოქალაქო ქმედებას ან ხელისუფლების მიმართ კრიტიკას, რაც ქმნის რისკს, რომ  ნებისმიერი სამოქალაქო აქტივობა სამართლებრივ შეზღუდვებს დაექვემდებაროს.

საბოლოოდ, გრანტის ცნების უკიდურესი და ბუნდოვანი გაფართოება, მთავრობის წინასწარი თანხმობის სავალდებულო მოთხოვნა, სისხლისსამართლებრივი და ადმინისტრაციული სანქციების მკვეთრი გამკაცრება, ასევე რეგულაციების გავრცელება განუსაზღვრელი კრიტერიუმებით განსაზღვრულ სუბიექტებზე, ქმნის სამართლებრივ ჩარჩოს, რომელიც სახელმწიფოს ანიჭებს ფართო და არაკონტროლირებად დისკრეციას. აღნიშნული ცვლილებები არა მხოლოდ ზღუდავს სამოქალაქო, პოლიტიკური, მედია და ბიზნეს სექტორების საქმიანობას, არამედ არსებითად აზიანებს გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას, პოლიტიკურ მონაწილეობას და სამოქალაქო აქტივობას, რაც მკვეთრად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სტანდარტებით დაცულ დემოკრატიულ პრინციპებს.

აღნიშნული კანონპროექტი წარმოადგენს “ქართული ოცნების” მხრიდან ბოლო ორი წლის განმავლობაში დაწყებული რეპრესიულ კანონმდებლობის სერიის გაგრძლებას, რომელიც ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით მათ შორის მედიის თავისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და აქტივიზმის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებია.

შეკრების თავისუფლების შემზღუდველი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებები

2025  წლის 12 დეკემბერს „ქართულმა ოცნებამ“ შეკრების თავისუფლების შემზღუდველი კიდევ ერთი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილება მიიღო, რომელიც დაჩქარებული წესით, 3 დღეში განიხილა. “ქართულმა ოცნებამ” 2024 წლის დეკემბრიდან დღემდე 5-ჯერ შეიტანა ცვლილება შეკრებისა და მანიფესტაციის მარეგულირებელ კანონმდებლობაში. ყოველ ჯერზე ცვლილებები უფრო მეტად რეპრესიულ შინაარსს ატარებს  და  მიზნად ისახავს ერთი მხრივ  დემონსტრანტების დასჯას, ხოლო, მეორე მხრივ, პრევენციულად მათ დაშინებას.

საკანონმდებლო ცვლილებები შევიდა „შეკრებისა და მანიფესტაციიის შესახებ“ საქართველოს კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. ცვლილებები მნიშვნელოვნად აძლიერებს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტროლს შეკრებებსა და მანიფესტაციებზე. ახალი წესით, აქციის ჩატარებამდე ორგანიზატორები ვალდებულნი არიან წინასწარ გააფრთხილონ შინაგან საქმეთა სამინისტრო არა მხოლოდ მაშინ, როცა იკეტება ტრანსპორტის სავალი ნაწილი, არამედ მაშინაც, როცა შეკრება ხალხის სავალ ადგილზე ტარდება. ეს ვალდებულება ვრცელდება სპონტანურ შეკრებებზეც და მიმართვის ადრესატი არა მუნიციპალიტეტი არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროა.  გარდა ამისა, შსს-ს უფლებამოსილია გასცეს სავალდებულო მითითება აქციის ადგილის, დროის ან მარშრუტის შეცვლასთან დაკავშირებითაც.

ხალხის სავალი ნაწილის მასობრივი გადაკეტვისას შსს უფლებამოსილია მისცეს მონაწილეებს 15 წუთიანი ვადა ტერიტორიის გასათავისუფლებლად, რომლის ამოწურვის შემდეგ შეკრება შეიძლება უკანონოდ გამოცხადდეს და შეწყდეს. ამასთან, აღნიშნული ვადის ფარგლებში მოთხოვნის შესრულება მონაწილეებს სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს. დარღვევები ისჯება ადმინისტრაციული პატიმრობით 15 დღემდე ვადით (ორგანიზატორისთვის – 20 დღემდე), ხოლო განმეორებით შემთხვევაში შესაძლებელია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებებს აფასებს, როგორც შეკრების თავისუფლების კრიმინალიზების ახალ ეტაპს. ორგანიზაციის შეფასებით, ტროტუარსა და ხალხის სავალ ნაწილზე შეკრების შეზღუდვა წარმოადგენს არაკონსტიტუციურ და გაუმართლებელ ზღუდავს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას. მათივე შეფასებით, მიღებილი ცვლილებების მიზანი ყოველგვარი შეკრების გაუქმებაა.

ქართული ოცნების მიერ მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა მნიშველოვნად შეზღუდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება როგორც მოქალაქეებისთვის, ისე ჟურნალისტებისთვის. სხვადასხვა დროს არაერთი ჟურნალისტი იქნა დაკავებული რეპრესიული კანონმდებლობის საფუძველზე, მათ შორის ისეთ შემთხვევებში, როდესაც ისინი პროფესიულ საქმიანობას ახორციელებდნენ.

ანტიკორუფციული ბიურო გამოცემა “ინდიგოსგან” გრანტების შესახებ ინფორმაციას ითხოვს

2025 წლის 11 ნოემბერს გამოცემა “ინდიგომ” გამოაქვეყნა განცხადება, რომლიდანაც ირკვევა, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ, “ქართული ოცნების” მიერ მიღებული ე.წ. გრანტების შესახებ კანონის საფუძველზე, მათ მიმართ საქმის წარმოება დაიწყო. “რადგან მთელი ჩვენი საქმიანობა ღია კომუნიკაციასა და მხოლოდ თქვენს ნდობაზე დგას, გვინდა ეს ამბავიც იცოდეთ. ცხადია, ჩვენ ისევ ვაგრძელებთ და ვემსახურებით მისიას, რომელმაც შეგვქმნა – თავისუფალი სიტყვისა და გამოხატვისთვის, თავისუფალი აზრისა და იდეებისთვის ვაგრძელებთ მუშაობას”, – წერს გამოცემა. 

ცვლილებები “გრანტების შესახებ” კანონში ერთ-ერთია იმ რეპრესიული ცვლილებებიდან, რომელიც “ქართული ოცნების” პარლამენტმა, მედიის შესაზღუდად, ბოლო თვეებში მიიღო. კანონი აპრილიდან შევიდა ძალაში. ამ ცვლილებებით, აიკრძალა უცხოური გრანტების გაცემა მთავრობის ნებართვის გარეშე.  თანხმობის გარეშე მიღებული გრანტი იწვევს მიღებული გრანტის ორმაგი ოდენობით ჯარიმას. 

გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგს ანტიკორუფციული ბიურო ახორციელებს. აღნიშნულმა უწყებამ ამ კანონის საფუძველზე საქმის წარმოება უკვე დაიწყო რამდენიმე მედიის წინააღმდეგ, მათ შორის არიან: “პროექტი 64”, საგამოძიებო მედია “აი ფაქტი”, გამოცემა “მთის ამბები”, GMC, რომელიც მართავს გამოცემებს “რეალპოლიტიკა” და “ფლანგვის დეტექტორი”, ქართული მედია ჯგუფი და ასევე, მედიის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაცია “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია”. 

მედიების გარდა, ანტიკორუფციული ბიურო გრანტების შესახებ ინფორმაციას უთხოვს სამოქალაქო და არასამთავრობო ორგანიზაციებისგანაც, ჯამში, უწყების წერილი მიღებული აქვს 60-ზე მეტ ორგანიზაციას, მათ შორის, არიან “მედიის ადვოკატირების კოალიციის” წევრი ორგანიზაციებიც.

“ქართულმა ოცნებამ”  დამოუკიდებელი მედიის შემზღუდავი კანონები მიიღო

“ქართული ოცნების” პარლამენტმა დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის წინააღმდეგ დაჩქარებული წესით ახალი, შემზღუდავი კანონები მიღო. ესენია, “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“ [FARA] და ცვლილებები “მაუწყებლობის” და  “გრანტების შესახებ” კანონებში. აღნიშნული კანონები მიღებულია რეპრესიების და ძალადობის ფონზე, რომელიც მიმდინარეობს აქტივისტებისა და მედიის წინააღმდეგ. 

რას ითვალისწინებს შემზღუდავი კანონები: 

“გრანტების შესახებ” კანონში ცვლილება

2025 წლის 16 აპრილს, “ქართულმა ოცნებამ” მესამე მოსმენით მიიღო “გრანტების შესახებ” კანონში ცვლილება. ცვლილებების თანახმად:

  • გრანტის გამცემმა (დონორმა) გრანტის გაცემაზე თანხმობის მისაღებად უნდა მიმართოს საქართველოს მთავრობას;
  • გრანტის მიმღები, თანხმობის გარეშე გრანტის მიღების შემთხვევაში დაჯარიმდება გრანტის ორმაგი ოდენობით;
  • ანტიკორუფციულ ბიუროს ენიჭება დამატებითი უფლებამოსილება, როგორიცაა – პირისგან ფინანსური ანგარიშის მოთხოვნა, ასევე ფიზიკური პირის გამოკითხვის უფლება; 
  • ანტიკორუფციული ბიურო საჯარო დაწესებულებისგან, ფიზიკური პირისგან, იურიდიული პირისგან შეძლებს გამოითხოვოს “განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემი”.

“გრანტების შესახებ” კანონში ცვლილებას არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურნენ

აღნიშნული კანონი თავისი არსით და მოსალოდნელი შედეგით არის ხალხის დევნის აქტი და მიზნად ისახავს მოქალაქეების მმართველი პარტიის სადამსჯელო სისტემის პირისპირ დატოვებას და საერთაშორისო საზოგადოებისთვის მათი თანადგომის აკრძალვას“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

“უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი” [FARA]

2025 წლის 1 აპრილს, “ქართული ოცნების” პარლამენტმა “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“ [FARA] დაამტკიცა

ახალი კანონით, შემოდის ტერმინი “უცხოური პრინციპალის აგენტი”. ასეთი კი, კანონის განმარტებით, შეიძლება იყოს მათ შორის საინფორმაციო სამსახურის თანამშრომელი, რომელიც “უცხოური პრინციპალის სასარგებლოდ ან მისი ინტერესის გამო საქართველოში მოქმედებს”. 

კანონის მოთხოვნით, რეგისტრაციის განცხადება უნდა წარედგინოს ანტიკორუფციულ ბიუროს, რომელსაც კანონი ანიჭებს, ფართო უფლებამოსილებას. მათ შორის, ნებისმიერი ინფორმაციის მოთხოვნის უფლებას “ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე”. 

განსხვავებით მედიის შემზღუდავი სხვა კანონებისგან, რომელიც “ქართული ოცნების” პარლამენტმა მიიღო, FARA-ს მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს, როგორც ფინანსურ სანქციებს, ასევე ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

FARA-ს მიღება შეფასდა, როგორც დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის შემზღუდავი კანონი. 

“ქართულ ოცნებას“, ერთი შეხედვით, საზოგადოებრივი და მედიაორგანიზაციების კონტროლისთვის აშკარად შეუსაბამო FARA-ს გადმოღება კანონში გათვალისწინებული მკაცრი სისხლის სამართლებრივი მექანიზმების და ინდივიდუალურ დონეზე კანონის სელექციური და პოლიტიკური მოტივებით გამოყენების გამო სურს. ამაზე ღიად მიუთითებენ მმართველი გუნდის წარმომადგენლები, მათ შორის, ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი და მამუკა მდინარაძე. მმართველ გუნდს FARA-ს კანონის გამოყენება საქართველოში, ამერიკული რეალობისგან განსხვავებით, დამოუკიდებელი სასამართლოს და გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების დაცვის მყარად დამკვიდრებული გარანტიების გარეშე ესახება და წარმოუდგენია, რომ ამერიკული სახელდების კანონის ინსტრუმენტალიზებას სამოქალაქო საზოგადოების დაზიანებისთვის გამოიყენებს” – ნათქვამია სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებაში.

“მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებები

FARA-ს მიღების დღესვე, 2025 წლის 1 აპრილს, “ქართულმა ოცნებამ” მიიღო ცვლილებები “მაუწყებლობის შესახებ” კანონში. 

ცვლილების თანახმად სრულად აიკრძალა მაუწყებლების უცხოური დაფინანსება, მნიშვნელოვნად გაიზარდა მარეგულირებელი ორგანოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოილება, კერძოდ  ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობა რეგულირების სფეროში მოექცა. 

  • კანონში შესული ცვლილებების თანახმად იკრძალება ე.წ. “უცხოური ძალისგან” მაუწყებლის მიერ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება და უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა, გარდა რეკლამისა ან პროდუქტის განთავსებისა.
  • ცვლილების თანახმად მაუწყებლებს ეკრძალებათ სოციალური რეკლამის განთავსების სანაცვლოდ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება.

კანონის თანახმად, უცხოურ ძალად განიხილება: ა) უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი; ბ) ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე; გ) იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე არ არის დაფუძნებული; დ) ისეთი ორგანიზაციული ერთეული ან პირთა სხვა სახის ისეთი გაერთიანება, რომელიც უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზეა დაფუძნებული.

  • ცვლილებით  შემოდის ასევე დეტალური რეგულაციები,  ტელე და რადიო მაუწყებლობის სტანდარტებთან დაკავშირებით, ფაქტის ჯეროვანი სიზუსტის და პასუხის უფლების შესახებ. აგრეთვე ემატება რეგულაციები ფაქტის სამართლიანობის და მიუკერძოებლობის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, ფარული მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვების და გადაცემის, შეიარაღებული დაპირისპირების, უბედური შემთხვევის და სხვა საგანგებო ვითარების გაშუქების და არასრულწლოვან პირთა დაცვის ცალკეული საკითხების შესახებ.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” აცხადებს, რომ აღნიშნული კანონები საფრთხეს უქმნის კრიტიკულად განწყობილი დამოუკიდებელი მედიის არსებობას.

ამ კანონებთან ერთად საქართველოში 2024 წლიდან მოქმედებს კანონი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”, იგივე “რუსული კანონი”, რომელიც გასულ წელს “ქართულმა ოცნებამ” ფართო საზოგადოებრივი წინააღმდეგობის და საერთაშორისო კრიტიკის მიუხედავად მიიღო და რომელიც მიზნად ისახავს იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების “უცხოური ძალის” ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად რეგისტრაციას, რომელთა შემოსავლების 20% უცხოური ორგანიზაციებიდან არის მიღებული. 

ახალი საკანონმდებლო ცვლილებები შეკრებისა და  გამოხატვის თავისუფლებას კიდევ უფრო ზღუდავს

16 ოქტომბერს, ქართულმა ოცნებამ” დაჩქარებული წესით, ორ დღეში მიიღო მორიგი საკანონმდებლო ცვლილებები, რაც კიდევ უფრო ამკაცრებს სანქციებს საპროტესტო გამოსვლებში მონაწილე მოქალაქეების მიმართ და მნიშვნელოვნად ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას. ცვლილებები შევიდა, როგორც საქართველოს სისხლის სამართლის, ისე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.

ცვლილებების თანახმად, ჯარიმის გარეშე, პირდაპირ 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობაა გათვალისწინებული, აქციაზე ნიღბის ტარების, ცრემლმდენი საშუალების ფლობისა და გზის გადაკეტვისთვის. ამასთანავე, მოსამართლეს აღარ ექნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებში ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის გამოყენების უფლება და დემონსტრანტს პირდაპირ 60 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობა ემუქრება,  თუ:

  • აქციაზე ცეცხლსასროლ იარაღს, ადვილად აალებად ნივთიერებას, ცივ იარაღს ან პიროტექნიკას აღმოუჩენენ;
  • თუ პოლიცია შეკრების დაშლის გადაწყვეტილებას მიიღებს, დემონსტრანტი კი არ დაემორჩილება.

გარდა ამისა, ცვლილება შევიდა სისხლის სამართლის კოდექსშიც, რომლის თანახმადაც ამგვარი ქმედებების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისგებასა და თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე, ხოლო ყოველ შემდეგ შემთხვევაში, ორ წლამდე ვადით. 

ამასთან, კანონში შეტანილი ცვლილებებით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდა სამართალდამცველის განმეორებითი შეურაცხყოფის შემთხვევაშიც. კერძოდ, თუ მოქალაქე პოლიციელს არაერთხელ მიაყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას ან არ დაემორჩილება მის კანონიერ მოთხოვნას, ეს ქმედება ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. განმეორების შემთხვევაში კი სასჯელი უფრო მკაცრდება და შესაძლოა ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დასრულდეს.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა აღნიშნული ცვლილებები მკაცრად გააკრიტიკეს და მიიჩნიეს, რომ ის საფრთხეს უქმნის დემოკრატიის ძირითად პრინციპებს. მათი განცხადებით, ახალი რეგულაციები არა მხოლოდ ზღუდავს მშვიდობიანი პროტესტის უფლებას, არამედ ქმნის შიშისა და თვითცენზურის ატმოსფეროს საზოგადოებაში, სადაც მოქალაქეები შესაძლოა მხოლოდ საკუთარი მოსაზრების გამოხატვისთვის დაისაჯონ.

აღნიშნული ცვლილებები გაგრძელებაა ბოლო პერიოდში “ქართული ოცნების” მხრიდან რეპრესიული ხასიათის კანონმდებლობის მიღებისა

“ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” წელს ვერ დაამონიტორინგებს არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებას

“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” აცხადებს, რომ პირველად, 2012 წლის შემდეგ,  ვერ დაამონიტორინგებს საარჩევნო პერიოდში მედიასაშუალებების მიერ არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებას. ქარტიის განცხადებაში, მიზეზად, ი “ქართული ოცნების” მიერ მიღებული რეპრესიული კანონმდებლობაა დასახელებული.

პროევროპული საპროტესტო აქციების მიმდინარეობის პარალელურად, “ქართულმა ოცნებამ” არაერთი კანონი მიიღო, რომელიც ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, მნიშვნელოვნად ზღუდავს დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციებს.