სამოქალაქო აქტივისტს, ნინო კალანდიას, მეორედ დაუყადაღეს ანგარიში

2026 წლის 7 ივლისს, სამოქალაქო აქტივისტს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვის დედას, ნინო კალანდიას, საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო, მეორედ დაუყადაღეს პირადი ანგარიში. როგორც ნინო კალანდია წერს, აღსრულების ეროვნულ ბიუროში მის მიმართ გამოწერილი კიდევ 5 ჯარიმაა შესული. 

საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო, ნინო კალანდიას ანგარიშები პირველად 29 მაისს დაუყადაღეს. მაშინ ყადაღა დაედო როგორც მის პირად ანგარიშს, ისე მის სახელზე გახსნილ 13 წლის შშმ შვილის საპენსიო ანგარიშსაც.

სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ დაფიქსირებული ინციდენტები – 2024 წლის სექტემბერი

კონტექსტი

2024 წლის სექტემბერში დოკუმენტირებული ინციდენტები მიუთითებს სამოქალაქო აქტივიზმთან და კრიტიკული პოზიციის გამოხატვასთან დაკავშირებული პირების მიმართ ზეწოლის სხვადასხვა ფორმის გამოყენებაზე. თვის განმავლობაში დაფიქსირდა როგორც ადმინისტრაციული დაკავებებისა და ფინანსური სანქციების, ისე ირიბი ზეწოლის შემთხვევები, რომლებიც შეეხო აქტივისტებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს.

სექტემბერში განსაკუთრებულად გამოიკვეთა ადმინისტრაციული და ეკონომიკური ბერკეტების გამოყენება აქტივისტების მიმართ. ამასთან, დაფიქსირდა სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევებიც, რაც უფლებადამცველი ორგანიზაციების შეფასებით, შესაძლოა დაკავშირებული ყოფილიყო ე.წ. „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით გამოხატულ კრიტიკულ პოზიციებთან.

ამავე პერიოდში, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათი ხელმძღვანელების მიმართ განხორციელებულმა სამართლებრივმა და ადმინისტრაციულმა ნაბიჯებმა გააჩინა კითხვები სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის შესაძლო შეზღუდვის შესახებ. ჯამში, სექტემბერში დაფიქსირებული შემთხვევები აჩვენებს, რომ კრიტიკული და საპროტესტო აქტივობის მიმართ ზეწოლის პრაქტიკა სხვადასხვა ფორმით გრძელდებოდა და მოიცავდა როგორც ინდივიდუალურ აქტივისტებს, ისე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს.

ინციდენტები:

2024 წლის 4 სექტემბერს, „TV პირველის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით რამდენიმე საჯარო სკოლის დირექტორი გაათავისუფლეს. მათ შორის არიან: სოფელ ნოქალაქევის სკოლის დირექტორი შორენა შამათავა, ჭიათურის მე-7 საჯარო სკოლის დირექტორი ხათუნა ბრეგვაძე და სოფელ ნამაშევის სკოლის ხელმძღვანელი მინდია გველებიანი. აღნიშნულ შემთხვევებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც“, რომელმაც ყურადღება გაამახვილა სავარაუდო დისკრიმინაციულ მოტივებზე და აღნიშნა, რომ დირექტორების გათავისუფლება შესაძლოა უკავშირდებოდეს მათ მიერ ე.წ. „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით გამოხატულ კრიტიკულ პოზიციას.

2024 წლის 9 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააჯარიმა  აქტივისტი ლექსო სამხარაძე, რომელმაც რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატს, ვიქტორ ჯაფარიძეს, მონა ეძახა.

2024 წლის 14 სექტემბერს, პოლიციამ გორში ბიზნესმენი და სამოქალაქო აქტივისტი სოსო ბაბაევი დააკავა. მას სამართალდამცავებისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ. ბაბაევი გორში ფლობს ბარს. ამ ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სამზადისი „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის დასახვედრად. გადაადგილებისას შექმნილ დისკომფორტს ბაბაევი ღიად აპროტესტებდა და სოციალურ ქსელში საპროტესტო აქციის ჩატარების შესახებაც იუწყებოდა. 14 სექტემბრის დილით კი სამსახურში მიმავალი ბაბაევი დააკავეს. მან იზოლატორში 48 საათი გაატარა. 

2024 წლის 24 სექტემბერს,  ბორის ჩელე ყურუას საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს – ამის შესხებ კოალიცია „ცვლილებისთვის” წევრი სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, აქციებზე 500 ლარით დააჯარიმეს, თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილება მას არ ჩაბარებია. ჩელე ყურუას თანხა არ გადაუხდია, რასაც ანგარიშების დაყადაღება მოჰყვა. 

2024 წლის 24 სექტემბერს,  საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა ორგანიზაციები „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და „აირჩიე ევროპა“ გაცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად გამოაცხადა. ბიურომ მათ, აგრეთვე მათ ხელმძღვანელებს — ეკა გიგაურსა და ხათუნა ლაგაზიძეს, 5 დღის ვადაში ფინანსური ანგარიშგებების წარდგენა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამართლებრივი ზომების გამოყენებით დაემუქრა.

ეს გადაწყვეტილება არასამთავრობო ორგანიზაციებმა სასამართლოში გაასაჩივრეს და უკანონოდ მიიჩნიეს, რადგან აღნიშნული სტატუსი მათზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონის გავრცელებასა და საქმიანობის შეზღუდვას გულისხმობდა. შექმნილი კრიზისის ფონზე, 2 ოქტომბერს, ანტიკორუფციულმა ბიურომ პრემიერ-მინისტრის მოწოდების საფუძველზე გადაწყვეტილება შეცვალა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ორგანიზაციებს საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის სტატუსი ოფიციალურად მოუხსნა.

სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ დაფიქსირებული ინციდენტები – 2024 წლის ოქტომბერი

კონტექსტი

2024 წლის ოქტომბერში დოკუმენტირებული ინციდენტები მიუთითებს სამოქალაქო აქტივიზმთან და კრიტიკული პოზიციის გამოხატვასთან დაკავშირებული პირების მიმართ ზეწოლის გაგრძელებაზე. თვის განმავლობაში დაფიქსირდა როგორც ფიზიკური თავდასხმების, ისე საგამოძიებო და ადმინისტრაციული მექანიზმების გამოყენების შემთხვევები, რომლებიც შეეხო მკვლევრებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან დაკავშირებულ პირებს.

ოქტომბერში განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო მკვლევარებისა და ანალიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულმა ქმედებებმა, მათ შორის ჩხრეკებმა და საბანკო ანგარიშებზე წვდომის შეზღუდვამ. აღნიშნულ პროცესებს ადგილობრივი და საერთაშორისო აქტორების ნაწილი სამოქალაქო საზოგადოების და კრიტიკული კვლევითი საქმიანობის მიმართ ზეწოლის ფორმად აფასებდა.

ამავე პერიოდში, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ, არ შეეჩერებინა ე.წ. „რუსული კანონის“ მოქმედება, კიდევ უფრო გაამძაფრა შეშფოთება ქვეყანაში სამოქალაქო სივრცისა და დამოუკიდებელი ორგანიზაციების საქმიანობაზე შესაძლო გავლენის შესახებ.

ინციდენტები:

2024 წლის 10 ოქტომბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ე.წ. „რუსული კანონის“ მოქმედება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე არ შეაჩერა. მიუხედავად შუამდგომლობისა, სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელეების მოთხოვნა სადავო ნორმების შეჩერების თაობაზე, თუმცა წარდგენილი კონსტიტუციური სარჩელები არსებითად განსახილველად ნაწილობრივ დასაშვებად ცნო.

სასამართლო პლენუმის მიღებული გადაწყვეტილება უწყების ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

2024 წლის 19 ოქტომბერს,  “სოვლაბის” მკვლევარს ბადრი ოყუჯავას ბარნოვისა და მაჭავარიანის ქუჩების კუთხეში თავს ჯგუფურად დაესხნენ. ოყუჯავა ამბობს, რომ სამსახურისკენ მიმავალ გზაზე მას თავს 10-მდე ადამიანი დაესხა. დამნაშავეებს შორის იყვნენ ქალებიც. მკვლევარი დარწმუნებულია, რომ თავდასხმა წინსაწარ დაგეგმილი და პოლიტიკურად მოტივირებული იყო. მისი თქმით, მოძალადეები მას ზურგში ურტყამდნენ, შემდეგ კი საღებავი გადაასხეს. 

2024 წლის 24-29 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაატარეს ამერიკული ორგანიზაციის, “ატლანტიკური საბჭოს” ორი თანამშრომლის, ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლებში. მათი სახლიდან ამოღებულ იქნა კომპიუტერული ტექნიკა. ფინანსური პოლიციის საგამოძიებო სამსახური ასევე იმყოფებოდა ძმებ ონისე და სანდრო ცხადაძეების სახლშიც. ონისე ცხადაძის ოჯახის წევრების განცხადებით, გამომძიებლებმა ჩხრეკის მიზეზად საერთაშორისო კომპანიაში მისი დასაქმება დაასახელეს. 

29 ოქტომბერს კი სასამართლოს გადაწყვეტილებით, სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო. ფინანსური პოლიციის გავრცელებული ინფორმაციით, ამ შეზღუდვაზე სასამართლომ ე.წ. “ქოლცენტრების საქმის” ფარგლებში იმსჯელა. რუსულ დეზინფორმაციაზე მომუშავე ორივე მკვლევარს საკუთარ საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდათ. აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა აშშ-ის ჰელსინკის კომისიაც, რომელმაც საბანკო ანგარიშების გაყინვა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასა და „ატლანტიკურ საბჭოზე“ ზეწოლის მცდელობად შეაფასა.

სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ დაფიქსირებული ინციდენტები – 2025 წლის მარტი

კონტექსტი

2025 წლის მარტში დოკუმენტირებული ინციდენტები აჩვენებს, რომ სამოქალაქო აქტივისტების მიმართ ზეწოლის პრაქტიკა კვლავ სისტემურ ხასიათს ინარჩუნებს და სხვადასხვა ფორმით ვლინდება. საანგარიშო პერიოდში დაფიქსირებული ინციდენტები ასახავს ადმინისტრაციულ დაკავებებს, ფიზიკური ძალადობის ფაქტებს, ფინანსური სანქციების აქტიურ გამოყენებას, ასევე სისხლისსამართლებრივი მექანიზმების გამოყენებას, მათ შორის – აქტივისტებთან დაკავშირებული ორგანიზაციების ფინანსური საქმიანობის შეზღუდვას.

დოკუმენტირებული შემთხვევების მნიშვნელოვანი ნაწილი უკავშირდება მოქალაქეების საპროტესტო აქციებში მონაწილეობას და საჯარო პოზიციის გამოხატვას. განსაკუთრებით თვალშისაცემია ფინანსური სანქციების მასშტაბი და ინტენსივობა – ჯარიმები ხშირ შემთხვევაში უკავშირდება გზის გადაკეტვის ბრალდებას და რიგ შემთხვევებში დაყრდნობილია სადავო ან არასაკმარის მტკიცებულებებზე. ამასთან, დაფიქსირებულია შემთხვევები, როდესაც სამართალდამცავი ორგანოების ქმედებები და სასამართლო გადაწყვეტილებები არ ითვალისწინებს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ გარემოებებს.

საანგარიშო პერიოდში განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს აქტივისტებისა და საპროტესტო მოძრაობის მხარდამჭერი საქველმოქმედო ფონდების ანგარიშების დაყადაღება, რაც მიუთითებს, რომ ზეწოლის პრაქტიკა ვრცელდება არა მხოლოდ ინდივიდუალურ აქტივისტებზე, არამედ იმ ორგანიზაციებზეც, რომლებიც უფლებადარღვეული მოქალაქეების მხარდაჭერას უზრუნველყოფენ. აღნიშნული ტენდენციები, ერთობლიობაში, მნიშვნელოვნად ზღუდავს სამოქალაქო აქტივობის სივრცეს და უხეშად არღვევს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას. 

ინციდენტები

2025 წლის 3 მარტს, მუსიკოსსა და სამოქალაქო აქტივისტს, დავით (ტორნადო) გაბუნიას ქუჩაში ფიზიკურად გაუსწორდნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გაბუნიას თავს მომღერალ სოფო ბედიას ქმარი, მიშა მესხი, დაესხა. ეს ინფორმაცია მიშა მესხმა, ერთ-ერთი ფეისბუქმომხმარებლის მიერ გავრცელებული პოსტის ქვეშ, კომენტარის სახით დაადასტურა.

2025 წლის 5 მარტს, „კრაბ კოფის“ დაფუძნებლებსა და სამოქალაქო აქტივისტებს – ბარბარე როკიტასა და ქრისტინე პირველს, ახალგაზრდა მამაკაცმა გვიან ღამით, საცხოვრებელ სახლთან, ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდა. ინციდენტის შედეგად, ბარბარემ ცხვირის მოტეხილობა მიიღო და მას ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა. “კრაბ კოფის” დამფუძნებელი გოგონები 2024 წლის 28 ნოემბრის აქციიდან მოყოლებული, პროევროპული აქციის მონაწილეებს უსასყიდლოდ უზიარებდნენ ყავას და ჩაის. სამოქალაქო აქტივისტები დარწმუნებულები არიან, რომ თავდასხმის მოტივი, სწორედ პროევროპულ აქციებში მათი აქტიური ჩართულობა გახდა.  

2025 წლის 7 მარტს, შს სამინისტროს საპატრულო პოლიციამ, „ძლიერი საქართველოს“ წევრები: ბექა ბერიძიშვილი, ჯუბა ლოლაძე და ოთო ფარულავა დააკავა. მათთან ერთად იმყოფებოდა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძეც. ვიდეომასალიდან, რომელიც დაკავების მომენტს ასახავს, ირკვევა, რომ რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციიდან “ძლიერი საქართველოს” წევრები სახლში ბრუნდებოდნენ, როდესაც ისინი საპატრულო პოლიციამ გააჩერა. ირაკლი კუპრაძემ საპატრულო პოლიციას სთხოვა განემარტათ შეჩერების მიზეზი, რა დროსაც, ის ძალის გამოყენებით პოლიციის მანქანაში ჩასვეს და დააკავეს. 

2025 წლის 11 მარტს,  ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მარიანა ფომაევამ 5-5 ათასი ლარით, პროევროპული აქციების 18 მონაწილე დააჯარიმა. აქტივისტებს შსს ზებრა-გადასასვლელზე “ინტენსიური მოძრაობით ხელოვნურად ბარიერის შექმნას” ადმინისტრაციული კოდექსის 174-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძვლით ედავებოდა. დაჯარიმებულებს შორის არიან: დიანა ბოლქვაძე, თამარ სურმანიძე, ბადრი კოჩალიძე, არჩილ ბერიძე, ნათია ლეთოდიანი, დავით რობაქიძე, მანუჩარ ხოზრევანიძე, ქეთი პაქსაძე, მარიამ საგინაძე, ნუგზარ თაფლაძე, თათია აბულაძე, ლინდა ცინცაძე, არჩილ შოთაძე, გიორგი ჩხაიძე, ელიზბარ ჩხიკვაძე, გოჩა სურგულაძე და ანა ვაჩეიშვილი.

2025 წლის 12 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ პროევროპული აქციების მონაწილეები: მსახიობი მალხაზ ირემაძე, მარიამ გოგოლიშვილი, მარი ცეცხლაძე და ნიკო მირცხულავა ადმინისტრაციული კოდექსის 174-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისთვის 5-5 ათასი ლარით დააჯარიმა. აქტივისტებს 31 იანვრის ღამეს, ბათუმში ზებრა-გადასასვლელზე ინტენსიური მოძრაობით ხელოვნურად ბარიერის შექმნას ედავებოდნენ. 

2025 წლის 12 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ „ზებრაზე მოძრაობის საქმეზე“ სამოქალაქო აქტივისტი გუბაზ ლამპარაძე 5000 ლარით დააჯარიმა. აქტივისტს შს სამინისტრო ადმინისტრაციული კოდექსის 174-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძვლით, ზებრა გადასასვლელზე “ინტენსიური მოძრაობით ხელოვნურად ბარიერის შექმნას ედავებოდა”. 

2025 წლის 17 მარტს, საქართველოს პროკურატურის მოთხოვნით, თბილისის საქალაქო სასამართლომ 17 მარტს დააყადაღა იმ საქველმოქმედო ფონდების ფინანსური ანგარიშები, რომლებიც პროევროპული აქციების მონაწილეობისას უკანონოდ დაჯარიმებულ მოქალაქეებს ჯარიმების გადახდაში ეხმარებოდნენ და ასევე ფინანსურ დახმარებას უწევდნენ ე.წ „სინდისის პატიმრებსა“ და მათ ოჯახებს. 

დაყადაღებულ ორგანიზაციათა სიაში მოხვდნენ:

  • საქველმოქმედო ფონდი „ნანუკას ფონდი“; 
  • საქველმოქმედო ფონდი „ფროსფერითი“; 
  • საქველმოქმედო ფონდი „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“;
  • არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“ 
  • არასამთავრობო ორგანიზაცია „სირცხვილია“ 

პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ფონდები დაყადაღდა იმ გამოძიების ფარგლებში, რომელიც „ქართული ოცნების“ სატელიტი “საზოგადოებრივი მოძრაობის” ერთიანი ნეიტრალური საქართველოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ფონდების დაყადაღების უფლება მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა გასცა. ის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ 2024 წლის დეკემბერში დაინიშნა. 

2025 წლის 18 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბათუმის აქციების მედროშის, თემურ ქათამაძის მოთხოვნა, მისთვის მიენიჭებინათ ლტოლვილის სტატუსი და ასევე ჰუმანიტარული ან დამატებითი დაცვის სტატუსი, 18 მარტს გამართულ სხდომაზე არ დააკმაყოფილა.

2025 წლის 19 მარტს, სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის ოჯახი მეცხრედ დააჯარიმეს. ცეცხლაძის დედამ, ნარგიზი დავითაძემ “TV პირველის” ეთერში განაცხადა, რომ შსს გზის სავალი ნაწილის “ხელოვნურად გადაკეტვას” (ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლი) ედავება. ნარგიზ დავითაძის თქმით, არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როცა რუსთაველის გამზირზე საერთოდ არ ყოფილან, თუმცა შსს-ს თანამშრომლებს ფინანსური სანქცია მათთვის მაინც დაუკისრებიათ. 

2025 წლის 19 მარტს, სინდისის პატიმრის, თორნიკე გოშაძის, დედა მარიზი კობახიძე მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 5 ათასი ლარით დააჯარიმა. შსს მას  23 იანვარს რუსთაველის გამზირზე გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა (ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლი). თუმცა, აღსანიშნავია, რომ რუსთაველის გამზირი ამ დღეს ხალხის რაოდენობის გამო ბუნებრივად გადაიკეტა.  

2025 წლის 19 მარტს, 5 ათასი ლარით დააჯარიმა მოსამართლე კობა ჩაგუნავამ გიდი ალექსანდრე გიორგაძე. შსს აქციების აქტიურ მონაწილეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის საფუძველზე, 3 იანვარს გზის გადაკეტვას ედავება, თუმცა სხდომაზე ამის დამადასტურებელი ვერც ერთი მტკიცებულება შსს-მ ვერ წარადგინა. 

2025 წლის 19 მარტს, მოსამართლე კობა ჩაგუნავამ მსახიობი სანდრო სამხარაძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. შსს მას 2024 წლის 25  ნოემბერს აქციაზე უკანონო ნივთის ტარებას ედავებოდა. 

2025 წლის 21 მარტს, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, პოლიციამ სამი აქტივისტი – თაკო გვილია, თათია აფრიამაშვილი და ლუკა გოგია დააკავა.  პარლამენტთან პოლიციამ აქტივისტების დაკავება მას შემდეგ დაიწყო, რაც ძლიერ წვიმაში მყოფი ახალგაზრდებისთვის მოქალაქეებმა პლასტიკის სკამები მიიტანეს, თუმცა შსს-ს წარმომადგენლებმა სტუდენტებს სკამები წაართვეს. თაკო გვილია “პირველებთან” ამბობს, რომ თავდაპირველად, პოლიციასთან სკამების სკამების საკითხს განიხილავდა, რა დროსაც მოულოდნელად ხელი სტაცეს და თათია აფრიამაშვილთან ერთად, დაკავების მანქანაში იძულებით ჩასვეს. აღსანიშნავია, რომ ლუკა გოგია, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია, მას შემდეგ დააკავეს, რაც გოგონების დაკავების შემდეგ პოლიციას ტაში დაუკრა. თათია აფრიამაშვილი და თაკო გვილია მოგვიანებით, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. რაც შეეხება ლუკა გოგიას, მან წინასწარი დაკავების იზოლატორი 22 მარტს დატოვა.

2025 წლის 21 მარტს, კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრი, ცოტნე კობერიძე სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა. პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლება“ წერს, რომ „ქართული ოცნება“ ცოტნე კობერიძეს სხვის დაკავებაში ხელის შეშლას და პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფას ედავებოდა.

სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ დაფიქსირებული ინციდენტები – 2025 წლის აგვისტო

კონტექსტი

2025 წლის აგვისტოში დოკუმენტირებული ინციდენტები საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი რეაგირების გამკაცრებაზე მიუთითებს. თვის განმავლობაში, თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციის დაკავებული მონაწილეების პროცესების განხილვა დასკვნით ფაზაში გადავიდა. მოსამართლეებმა ე.წ “სინდისის პატიმრები” დამნაშავედ სცნეს და თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ცალკეულ შემთხვევებში სასამართლომ თავდაპირველი ბრალდებები შედარებით მსუბუქ მუხლებზე გადააკვალიფიცირა. ბრალდებულთა უმეტესობა ბრალს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ საქმეები პოლიტიკურად მოტივირებული იყო, ხოლო ადვოკატების შეფასებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფების წინააღმდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებები სანდოობას მოკლებული იყო.

ამავე პერიოდში გაძლიერდა ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზეც – სასამართლოს გადაწყვეტილებით, რამდენიმე ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციას საბანკო ანგარიშები დაუყადაღდა, რასაც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები კრიტიკული და უფლებადამცველი ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვის მცდელობად აფასებდნენ.

ჯამში, აგვისტოში დაფიქსირებული შემთხვევები აჩვენებს, რომ საპროტესტო პროცესებთან დაკავშირებული სამართლებრივი და ინსტიტუციური ზეწოლის პრაქტიკა კვლავ ინტენსიურად გრძელდებოდა და ის შეეხებოდა როგორც ინდივიდუალურ აქტივისტებს, ისე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს.

ინციდენტები

2025 წლის 12 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ პროევროპული აქციების დროს დაკავებულ ანატოლი გიგაურს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ნაჭყებიამ გიგაურის ბრალდება, რაც „პოლიციელზე თავდასხმას“ ითვალისწინებდა, გადაუკვალიფიცირა სისხლის სამართლის 353-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რაც პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობას გულისხმობს, ჩადენილს ძალადობით ან ძალადობის მუქარით. გიგაური 2024 წლის 24 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მომხდარი ინციდენტის გამო დააკავეს – პოლიციელ ვახტანგ გაბუნიასთვის ხელის დარტყმის გამო. გიგაურის დაცვის მხარე ამბობდა, რომ ამ ფაქტს წინ უძღოდა ამავე პოლიციელის მხრიდან ძალადობა – სახეში დარტყმა – გიგაურის თქმით, სანამ ის ხელს მოიქნევდა, მანამდე პოლიციელმა თავად დაარტყა ხელი და შესაბამისად ის აუცილებელი მოგერიების პირობებში მოქმედებდა. 

2025 წლის 12 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2024 წლის 9 დეკემბერს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ბრალდებულების საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. საქმე ეხებოდა საპროტესტო აქციის მონაწილეების მცდელობას, უნივერსიტეტის შენობაზე ბანერი განეთავსებინათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამის შესაძლებლობა მათ უნივერსიტეტის ლექტორმა თეა ცაგურიამ არ მისცა, რასაც მოგვიანებით მისი მეუღლისა და თანმხლები პირის მიმართ ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. აღნიშნულ ფაქტზე სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტს ანრი კაკაბაძეს 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. კაკაბაძე გადაწყვეტილების გამოცხადების დროისთვის უკვე დაახლოებით 7 თვის განმავლობაში იმყოფებოდა წინასწარ პატიმრობაში და სასჯელის მოხდის მიზნით პატიმრობაში კიდევ 2 თვის გატარება მოუწევს.

ამავე საქმეზე ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანს, მამუკა ჯორბენაძეს, 20 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, თუმცა წინასწარ პატიმრობაში გატარებული პერიოდის გათვალისწინებით, გადასახდელი თანხა 18 000 ლარით განისაზღვრა.

სასამართლომ ფინანსური სანქციები დააკისრა ასევე უნივერსიტეტის სტუდენტებს — გურამ მიქელაძეს, დავით გვიანიძეს და გიორგი დავითაძეს. თითოეულ მათგანს 17 000-ლარიანი ჯარიმა შეეფარდა, ხოლო წინასწარ პატიმრობაში გატარებული პერიოდის გათვალისწინებით, გადასახდელი თანხა 15 000 ლარამდე შემცირდა.

2025 წლის 15 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა პროევროპული აქციების დროს დაკავებულ დავით ხომერიკს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურა ხომერიკს აფეთქების მომზადებას ედავებოდა (სსკ-ის 18-229 მუხლი), რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ხომერიკი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ საქმეში არსებული ნივთები/ნივთიერებები მას არ ეკუთვნოდა.

2025 წლის 22 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ პროევროპული აქციების დროს დაკავებულ არჩილ მუსელიანცს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მუსელიანცს ედავებოდნენ აქციების დროს პარლამენტთან დამონტაჟებული სამეთვალყურეო კამერების კაბელების დაზიანებას, რამაც 534 ლარის ზიანი გამოიწვია. არჩილ მუსელიანცს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ცეცხლის წაკიდებით და სასჯელის სახედ 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

2025 წლის 27 აგვისტოს, პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ 7 ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები დააყადაღა. დაყადაღებულია „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის”,  ISFED-ის, IDFI-ის, GDI-ის, „დემოკრატიის მცველების”, „საფარის” და „სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ანგარიშები.

პროკურატურის განცხადებით, ორგანიზაციებისთვის ყადაღის დადება იმ სისხლის სამართლის გამოძიებებს უკავშირდებოდა, რომლებიც ვატო შაქარიშვილის ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. უწყება ამტკიცებდა, რომ აღნიშნული ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული იყო სხვადასხვა დამცავი საშუალების, მათ შორის აირწინაღების, დამცავი სათვალეების, პირბადეების, სახის ნიღბებისა და წიწაკის სპრეის, შეძენა, რომელსაც უწყების მტკიცებით, თითქოსდა „საპროტესტო აქციების მონაწილეები პოლიციასთან დაპირისპირების დროს იყენებდნენ.“

სამოქალაქო აქტივისტს, ნინო კალანდიას, დაუყადაღეს 13 წლის შშმ შვილის ანგარიში

სამოქალაქო აქტივისტი ნინო კალანდია ამბობს, რომ დააყადაღეს მისი 13 წლის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილის საპენსიო ანგარიში. დაყადაღების საფუძველი გახდა ის ჯარიმები, რომელიც თავად ნინო კალანდიას აქვს საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო, გზის გადაკეტვის საფუძვლით. 

„გუშინ მომივიდა მესიჯი „ლიბერთიდან“, რომ რაღაც დავალიანება მაქვს. ვერ გავიგე, რა დავალიანება შეიძლება მქონოდა. დღეს მივედი „ლიბერთიში“ გასარკვევად და მითხრეს, რომ ანგარიში დაყადაღებულია“, – ამბობს ნინო კალანდია “პუბლიკასთან”.

ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილს ანგარიშები დაუყადაღეს


ყოფილ სახელმწიფო მინისტრს ევროინტეგრაციის საკითხებში, ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილს, საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს. ამის შესახებ მან მას შემდეგ შეიტყო, რაც 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ, დროებითი მოტავსების იზოლატორი დატოვა. „გამოვედი და ანგარიში დაყადაღებული დამხვდა”, – დაწერა მან სოციალურ ქსელში 16 მაისს.

14 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ალექსი პეტრიაშვილს, ტროტუარზე დგომის გამო 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო პეტრიაშვილს 17 დეკემბერს პარლამენტის წინ ტროტუარზე ქვეითთა გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნას ედავებოდა.

აქტივისტების მიმართ ყადაღის გამოყენების პრაქტიკა გრძელდება

სამოქალაქო აქტივისტი გიორგი ახობაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას და აქვეყნებს ფოტოს, რომლის მიხედვითაც აღსრულების ეროვნული ბიურო მას ატყობინებს, რომ მის საბანკო ანგარიშებზე ყადაღაა დადებული. დოკუმენტის თანახმად, ყადაღის ოდენობა 5350 ლარს შეადგენს. 

აქტივისტს დამატებითი განმარტება არ გაუვრცელებია, თუმცა არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, სავარაუდოა, რომ საქმე ეხება გზის გადაკეტვის ბრალდებასთან დაკავშირებულ ჯარიმებს. ბოლო პერიოდში არაერთი მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც აქტივისტები ჯარიმების შესახებ წინასწარ ინფორმირებული არ იყვნენ და ამის შესახებ მხოლოდ ანგარიშებზე ყადაღის დადების შემდეგ შეიტყვეს.

ამავე კონტექსტში, სოციალურ ქსელში წერს მწერალი ბექა ქურხულიც: „ჩვენმა “ღირსეულმა მთავრობამ” უკრაინის ომში, დონეცკის ოლქში, საბრძოლო ზონაში მყოფს დამიყადაღა საბანკო ანგარიში! ჯერ საკუთარ ქალაქში, საკუთარ რუსთაველის პროსპექტზე დგომისა და მათგან უღმერთოდ გამეტებული და დალეწილი ბავშვების გამოსარჩლების გამო, 35 000 ლარით დამაჯარიმეს, მერე როგორც კი გაიგეს რომ ომში ვარ, მაშინ დამაყადაღეს“, – წერს ქურხული.

სამოქალაქო აქტივისტი ნინო სვანიძე აცხადებს, რომ  ათობით ჯარიმის გადაუხდელობის გამო დააყადაღეს

საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე სოციალურ ქსელში წერს, რომ მას ფოსტის კურიერმა ყადაღის დადგენილებების ნაწილი ჩააბარა, რაც მის მიმართ დაკისრებული ჯარიმების გადაუხდელობას უკავშირდება.

მისი ინფორმაციით, ერთ დღეში 6 დადგენილება მიიღო, თუმცა, მისი თქმით, საერთო რაოდენობა 21-ს აღწევს, თითოეული 5000 ლარის ოდენობის ჯარიმას შეეხება. აქტივისტის განცხადებით, სანქციები, სავარაუდოდ, დაკავშირებულია საპროტესტო აქციებში მონაწილეობასა და გზის გადაკეტვის ბრალდებებთან.

სამ სამოქალაქო აქტივისტს ანგარიშები დაუყადაღეს იმ ჯარიმების გადაუხდელობისთვის, რომელთა შესახებ შეტყობინება არ მიუღიათ

15 აპრილს, სამ სამოქალაქო აქტივისტს – ნათია მეგრელიშვილს, ნათია ართმელაძეს და თამთა ჩხაიძეს საბანკო  ანგარიშები დაუყადაღეს იმ ჯარიმების გადაუხდელობისთვის, რომელთა შესახებ არცერთ მათგანს შეტყობინება არ ჰქონდა მიღებული. დაყადაღების შესახებ აქტივისტებმა სოციალურ ქსელში დაწერეს. 

თამთა ჩხაიძე სინდისის პატიმრის, გიორგი ოკმელაშვილის მეუღლე და აქციების აქტიური მონაწილეა. მას ჯამში 25 000 ლარის ჯარიმა აქვს.  “ბათუმელებთან” იგი ამბობს, რომ ჯარიმის გადახდას არ აპირებს და ყადაღა გაასაჩივრა. რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილე გიორგი ოკმელაშვილს 2024 წლის 17 მაისს 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პოლიციისთვის შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებით. 

“გზის ხელოვნურად გადაკეტვა”, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლის შესაბამისად, შეკრებისა და მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევად ითვლება. 2025 წლის 7 თებერვლიდან „გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის“ დაკისრებული ჯარიმა გაათმაგდა და 5000 ლარი გახდა. ასეთი ჯარიმა პროევროპული პროტესტის მონაწილე ასობით ადამიანს აქვს.  ჯარიმების ჯამური ოდენობა რამდენიმე მილიონ ლარს აღწევს. იმ აქტივისტებს, რომელთაც ჯარიმები არ აქვთ გადახდილი, ანგარიშებს უყადაღებენ. ასეთი უკვე არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა.