სამოქალაქო აქტივისტები თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო და ერთი წლით პატიმრობა მიუსაჯა


ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 2025 წლის აგვისტოში დაკავებული სამოქალაქო აქტივისტები, თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე,  მოსამართლემ დამნაშავედ ცნო და ორივე მათგანს ერთი წლის ვადით  თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ელენე გოგუაძემ 1 აპრილს გამოაცხადა. სასჯელის მოხდის ვადა დაკავების დღიდან აითვლება.

37 წლის თორნიკე თოშხუა და 33 წლის მინდია შერვაშიძე, რუსთაველზე მიმდინარე პროევროპული პროტესტის მონაწილეები არიან. ისინი 16 აგვისტოს დააკავეს. ინციდენტი კი 1-ელ აგვისტოს მოხდა. ამ დღეს აქტივისტებმა რუსთაველის გამზირზე დანით შეიარაღებული ადამიანის – “ქართული ოცნების” მხარდამჭერის ბექა გოცირიძის ადგილიდან გაყვანა სცადეს, რომელიც ადგილზე პროვოკაციის მოწყობას ცდილობდა. მცდელობას ინციდენტი მოჰყვა. მოგვიანებით, აქტივისტების წინააღმდეგ პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის მუხლით აღძრა საქმე (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პირველი პრიმა მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი). სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის მოსაზრება, რომ ბრალდებულებული აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდნენ. იურისტებმა ეს საშიშ პრეცენდენტად შეაფასეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გიორგი მინდაძის 5-წლიანი განაჩენი ძალაში დატოვა

9 მარტს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა გიორგი მინდაძის მიმართ გამოტანილი 5-წლიანი თავისუფლების აღკვეთის განაჩენი. გადაწყვეტილება მოსამართლე თეა ლეონიძემ მიიღო.

გამოძიების მიხედვით, გიორგი მინდაძეს ბრალი ედებოდა 29 ნოემბერს გამართულ პროევროპულ აქციაზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) თანამშრომლის მიმართულებით პიროტექნიკის სროლაში, რის შედეგადაც, ბრალდების ვერსიით, სამართალდამცველმა ფეხის არეში დამწვრობა მიიღო. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით არის აღძრული, რაც სამართალდამცველზე თავდასხმას გულისხმობს.

მინდაძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო გალუსტაშვილმა, 2025 წლის 3 ივლისს მიუსაჯა.დაცვის მხარის განცხადებით, საქმეში ერთ-ერთ ძირითად მტკიცებულებას წარმოადგენს სოციალური ქსელიდან აღებული შვიდწამიანი ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ჩანს პირი, რომელიც ფეიერვერკს ისვრის, თუმცა კადრი უწყვეტი არ არის და პირის იდენტიფიცირება რთულია. ასევე, დაცვის მხარე მიუთითებს დაზარალებულის ჩვენებაში არსებულ შეუსაბამობებზე: მისი თქმით, დაზიანება 29 ნოემბერს მიიღო, თუმცა სასწრაფო სამედიცინო დახმარება 1 დეკემბერს გამოიძახა, რაც ადვოკატის შეფასებით აჩენს კითხვას, უკავშირდება თუ არა აღნიშნული დაზიანება სწორედ 29 ნოემბრის მოვლენებს.

 თბილისის სააპელაციო სასამართლომ სინდისის პატიმრის დავით ხომერიკის განაჩენი ძალაში დატოვა


თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე პაატა სილაგაძემ ძალაში დატოვა 2024 წლის დეკემბერში, პროევროპული საპროტესტო აქციების დროს დაკავებული დავით ხომერიკის განაჩენი. 

დავით ხომერიკს, აფეთქების მომზადების ბრალდებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურის ვერსიით, ხომერიკს ცეცხლგამჩენი მოწყობილობა ჰქონდა თან. დაცვის მხარე ამ ბრალდებას უარყოფს, ის საპელაციო სასამართლოში დავით ხომერიკის უდანაშაულოდ ცნობას მოითხოვდა.

დავით ხომერიკის საქმეზე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს სასამართლოს მეგობრის მოსაზრება აქვს გამოქვეყნებული. სახალხო დამცველის აპარატი მიიჩნევს, რომ დეკემბერში აქციების დროს დაკავებული დავით ხომერიკის გამამტყუნებელი განაჩენი ემყარება სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებს.